ქირურგიის ეროვნულ ცენტრს იშვიათი პათოლოგიის მქონე პაციენტმა მიმართა.
65 წლის პაციენტი კლინიკაში შემოვიდა თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლის დიაგნოზით. შესაბამისი კვლევების საფუძველზე დიაგნოსტირდა ინსულტის დიაგნოზი და თავის ტვინის მაგისტრალური სისხლძარღვის შუა არტერიის სრული ოკლუზია (არტერიის დახშობა).
ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ერთობლივი კონსილიუმის საფუძველზე გადაწყდა თრომბექტომიის ჩატარება.
საკმაოდ იშვიათი პათოლოგია კლინიკის დიგიტალურ ანგიოგრაფზე გამოვლინდა.
გული იშვიათი ანატომიით
წარმოიდგინეთ, რომ გული ყველა თავისი სისხლძარღვით არის შებრუნებული, ნორმალურ ანატომიურ სურათთან შედარებით საპირისპირო მხარეს.
გულის ასეთი იშვიათი მდგომარეობა თანდაყოლილია და რომელიმე დაავადებას არ იწვევს. უბრალოდ ენდოვასკულური ჩარევის დროს ქირურგის სათანადო მომზადებასა და კვალიფიკაციას საჭიროებს.
კლინიკის გამოცდილმა ქირურგებმა უჩვეულო ანატომიური სურათის ფონზეც კი შეძლეს თავის ტვინის სისხლძარღვში შესვლა და დახშული სისხლძარღვის რეკანალიზება.
პაციენტი ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით უკვე გაეწერა ბინაზე.
კიდევ ერთი პაციენტი უჩვეულო სისხლძარღვით
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს თანდაყოლილი პათოლოგიით კიდევ ერთმა პაციენტმა მიმართა.
ამ შემთხვევაში გამოვლინდა მარჯვენა შიგნითა საძილე არტერიის თრომბოზი. ნორმალურ ანატომიურ სურათში აორტის რკალიდან ამომავალი სისხლძარღვი, ანუ მხართავის არტერია მარჯვენა მხრიდან ამოდის, ხოლო ამ შემთხვევაში მარჯვენა საძილე არტერია გამოდიოდა მარცხენა ლავიწქვეშა არტერიიდან.
ეს ის შემთხვევაა, რომელიც შეიძლება მთელი კარიერის მანძილზე ბევრმა ქირურგმა ვერც კი ნახოს.
თანდაყოლილი პათოლოგიის მიუხედავად, ქირურგებმა თრომბექტომიის ჩატარება შეძლეს და პაციენტი ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით გაწერეს კლინიკიდან.
რა არის თრომბექტომია
ენდოვასკულური თრომბექტომია მცირე ინვაზიური ჩარევაა. ბარძაყის არტერიიდან მიდგომით, კაროტიდული აუზიდან აცილებენ თრომბს, რომლითაც კონკრეტული სისხლძარღვია დახშული. ამის შემდეგ სისხლის მიმოქცევა სრულფასოვნად აღდგება.
ამ მეთოდით მკურნალობა ინსულტის განვითარებიდან პირველი 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი, თუმცა ოქროს პერიოდად 6–8 საათი მიიჩნევა.
პროცედურა SHIMADZU–ს ორმკლავიანი ანგიოგრაფით Trinias B12-ით ტარდება, გამოიყენება Penumbra-ს სისტემა, რომელიც მთელ მსოფლიოშია აღიარებული.
გისურვებთ ჯანმრთელობას!