ქირურგიის ეროვნულ ცენტრს 2–დღიანი ვიზიტით ეწვივნენ გერმანიაში მოღვაწე ნევროლოგები.
კონფერენცია მიეძღვნა ნევროლოგიური დაავადებების, მათ შორის ინსულტის მართვის თანამედროვე პრინციპებს.
კონფერენციას წარუძღვნენ:
• შტეფან შრაიბერი – პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. ASKLEPIOS-ის ჯგუფის ნევროლოგიის, ნეიროინტენსიურის და ცერებროვასკულური დაავადებების ცენტრის კლინიკური დირექტორი;
• მაია კვირიკეიშვილი – ASKLEPIOS-ის ჯგუფის ნევროლოგიის, ნეიროინტენსიურის და ცერებროვასკულური დაავადებების ცენტრის ნევროლოგი, რეანიმატოლოგი, უფროსი ექიმი.
კონფერენციას ესწრებოდნენ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმები და მოწვეული სტუმრები.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ქირურგიის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ბატონმა ლაშა ბაზაძემ, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ქალბატონმა თეა გამეზარდაშვილმა და ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა ბატონმა ნიკოლოზ ჩადუნელმა.
კონფერენცია მიმდინარეობდა 2 დღის განმავლობაში და სტუმრებმა არაერთ საინტერესო თემაზე მოისმინეს მოწვეულ სპეციალისტთა მოხსენებები, კერძოდ, ღონისძიების პირველ დღეს პროფესორმა შტეფან შრაიბერმა ისაუბრა მწვავე ნევროლოგიური დაავადებების მართვის გეგმასა და სტრუქტურაზე (ინსულტის ერთეული, ნეიროინტენსიური), წარმოადგინა მწვავე იშემიური ინსულტის რადიოლოგიური სურათები. ქალბატონ მაიას მოხსენება კი მიეძღვნა მწვავე იშემიური ინსულტების დიფერენციულ დიაგნოზებს – ტრანზიტორულ გლობალურ ამნეზიას, პოსტერიულ შექცევად ენცეპალოფათიის სინდრომსა (PRES) და STROKE MIMICS–ს. ასევე ქალბატონმა მაიამ დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია მწვავე იშემიური ინსულტის, სისტემური თრომბოლიზისისა და დეკომპრესიული კრანიექტომიის შესახებ, ავთვისებიანი მედიაინფაქტის და ნათხემის ინფაქტის დროს. თრომბექტომიის შესახებ კი ისაუბრა ბატონმა შტეფან შრაიბერმა.
კონფერენციის მეორე დღე მიეძღვნა ინტრაკრანიულ ჰემორაგიებს.
ეპილეფსიურ სტატუსსა და სუბარაქნოიდულ სისხლდენაზე ისაუბრა ქალბატონმა მაიამ. ბატონმა შტეფანმა კი განიხილა ინტრაცერებრული სისხლდენა. ასევე მისი მოხსენება შეეხო ტვინის სისხლმომმარაგებელი სისხლძარღვების დუპლექსონოგრაფიული კვლევის დემონსტრირებას.
ამასთან, მომხსენებლებმა განიხილეს საინტერესო კლინიკური შემთხვევები. კონფერენცია მიმდინარეობდა აქტიურ კითხვა/პასუხის რეჟიმში. კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებამ იხილა სხვადასხვა თემის შესაბამისი საინტერესო ვიზუალური მასალა (სქემა, ფოტო, ვიდეო). ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნევროლოგებმა ბატონ შტეფანთან და ქალბატონ მაიასთან ერთად განიხილეს კლინიკური შემთხვევები, გამოთქვეს მოსაზრებები.
კონფერენციის დასასრულს, საინტერესო მოხსენებისთვის, კლინიკის ხელმძღვანელებმა სტუმრებს მადლობა გადაუხადეს. გულთბილი მასპინძლობისთვის ასევე მადლიერება გამოხატეს გერმანიიდან მოწვეულმა ნევროლოგებმა.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5;
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25;
გისურვებთ ჯანმრთელობას!