კონსტანტინე ერისთავის სახელობის ექსპერიმეტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ენდოვასკულური ქირურგიის დეპარტამენტი გაიხსნა,
დეპარტამენტი აღიჭურვა ულტრათანამედროვე იაპონური ორმკლავიანი ანგიოგრაფით Shimadzu Trinias B12. მსგავსი აპარატი ექსკლუზიურია კავკასიის რეგიონში და უნიკალური ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. მისი გაყიდვა იაპონიის საზღვრებს გარეთ განხორციელდა პირველად საქართველოში. სწორედ ამიტომ დეპარტამენტის გახსნასთან დაკავშირებით ჩამობრძანდნენ: SHIMADZU-ს ვიცე პრეზიდენტის სოჯი სასაკი, ამავე კორპორაციის ევროპის ოფისის დირექტორი მასუმო კავაი და მისი იაპონელი კოლეგები, ასევე სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან ჩეხი ანგიოქირურგის მარტინ კოხერის, ბელარუსიის მთავარი ფლებოლოგი სიარჰეი კარნიევიჩი.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში საფუძველი ჩაეყარა ენდოვასკულური ქირურგიის ახალ ეტაპს. ისტორიულად კლინიკა ენდოვასკულური ქირურგიის პიონერია. სწორედ აქ ამუშავდა საქართველოში პირველი კათეტერიზების ლაბორატორია. წლების განმავლობაში ქირურგიის ინსტიტუტი გახლდათ ფლაგმანი კარდიოლოგიური ინტერვენციებისა და კარდიოქირურგიის დარგში. ბოლო ხანს ამ მხრივ საქმიანობა შეჩერებული იყო, მაგრამ უნიკალური ანგიოგრაფის შეძენის, შესაბამისი საოპერაციოს და კათეტერიზების ლაბორატორიის გამართვის შემდეგ, უკვე შესაძლებელია კარდიოქირურგიული, ენდოვასკულური ქირურგიის მიმართულების ხელახლა ამუშავება და თანამედროვე სტანდარტების დონეზე მართვა.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს, სხვა შესაძლებლობებთან ერთად მიეცა ინსულტის მართვის სრულფასოვანი ცენტრის გახსნის უნიკალური შანსი, რაც ჩვენს უამრავ მოქალაქეს დაიცავს ამ მეტად საშიში დაავადებისაგან და მისი გართულებისაგან.
ანგიოგრაფზე სამუშაოდ რამდენიმე ექიმი გადამზადდა. მათ უკვე შეუძლიათ ურთულესი მანიპულაციების ჩატარება და აპარატის შესაძლებლობათა სრულფასოვანი გამოყენება. ამ უნიკალური აპარატით შესაძლებელია ჩატარდეს შემდეგი ოპერაციები :
- თავის ტვინის ნებისმიერი ლოკალიზაციისა და ზომის ანევრიზმათა ოპერაცია;
- თავის ტვინის არტერიოვენური მალფორმაციების ებოლიზაცია;
- თავის ტვინისა და ზურგის ტვინის სიმსივნეთა ემბოლიზაცია;
- თავის ტვინის ანგიოგრაფია;
- იშემიური ინსულტის მკურნალობა ენდოვასკულურად,სისხლ ძარღვის სტენტირება და თრომბექტომია;
- ხერხემლის სისხლძარღვების არტერიოვენური მალფორმაციების მკურნალობა;
- სელექციური ანგიოგრაფია;
- აორტის სარქველის ენდოვასკულური იმპლანტაცია;
- ღვიძლის საკუთარი არტერიის ემბოლიზაცია;
- ვენების და არტერიების ნებისმიერი ტიპის სტენტირება და შუნტირება;
გახსნას ქ.თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო.
ანგიოგრაფზე დამატებით ინფორმაცია იხილეთ ბმულზე..