ქირურგიის ეროვნულ ცენტრში სისტემური თრომბოლიზისისა და თრომბექტომიის კომბინაცია წარმატებული შედეგით დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ინსულტის მკურნალობის ეს მეთოდი ინოვაციაა და ერთად, კომბინაციაში პირველად ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ შარშან, თბილისის მასშტაბით, პირველი წარმატებული თრომბოლიზისი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ჩატარდა.
კლინიკის ექიმებმა უმკურნალეს 80 წლის პაციენტს. კლინიკაში შემოყვანისას პაციენტს აღენიშნებოდა მარცხენამხრივი ჰემიპლეგია (სხეულის ერთი ნახევრის დამბლა), მეტყველების მკვეთრი მოშლა, სახის ნერვის უხეში მარცხენამხრივი დეფიციტი, თვალის კაკლების დევიაცია, ნეგლექტი.
შესაბამისი ინსტრუმენტული კვლევებით დადასტურდა იშემიური ინსულტი.
გამოყენებულ იქნა (NIHSS) შკალა და ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე დადასტურდა თრომბოლიზისური თერაპიის ჩვენება.
პროტოკოლის სრული დაცვით დაწყებულ იქნა ალტეპლაზას გამოყენება.
თრომბოლიზისთან ერთად პაციენტს ასევე ჩაუტარდა თრომბექტომია, სრული რეკანალიზებით, რის შედეგადაც ნევროლოგიური დეფიციტის ხარისხი მნიშვნელოვნად რეგრესირდა.
მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ ამ ეტაპისთვის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
რატომ გახდა საჭირო თრომბოლიზისისა და თრომბექტომიის კომბინაცია?
როდესაც კომპიუტერული ტომოგრაფია ანგიოგრაფიით ან მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიული გამოკვლევით იდენტიფიცირდება ოკლუზირებული (დახშული) სისხლძარღვი და განისაზღვრება თრომბული მასის მასშტაბი, განიხილება თრომბექტომიის საკითხი. თრომბექტომია ტარდება მსხვილი კალიბრის სისხლძარღვთა ოკლუზიის დროს. თუმცა სისხლძარღვთა სრული რეკანალიზებისთვის ზოგჯერ მხოლოდ თრომბოლიზური თერაპია საკმარისი არ არის და საჭირო ხდება კომბინირებული მკურნალობა. სწორედ ასეთი მდგომარეობა იყო ამ კლინიკურ შემთხვევაში.
ცნობისთვის, უკანასკნელი მონაცემებით, მსოფლიოში ყოველ 2 წამში ერთ ადამიანს ემართება ინსულტი, ხოლო ყოველ 5 წამში ამ პათოლოგიით ერთი ადამიანი იღუპება.
ინსულტი თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა, შრომისუუნარობის ყველაზე ხშირი მიზეზია, სიკვდილის მიზეზებს შორის კი მეორე ადგილს იკავებს.
ინსულტის დროს უმნიშვნელოვანესია დროული დახმარება. ქირურგიის ეროვნული ცენტრის ინსულტის ერთეული უნიკალურია თავისი შესაძლებლობებით. აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით, დაკომპლექტებულია ახალგაზრდა პროფესიონალი ნეიროქირურგებითა და ნევროლოგებით.
კლინიკის ინსულტის ცენტრი პაციენტებს სთავაზობს მკურნალობას იმ თანამედროვე მეთოდებით, რაც დანერგილია ამერიკისა და ევროპის წამყვან კლინიკებში.
ინსულტის ცენტრს საფუძველი ჩაეყარა მას შემდეგ, რაც კლინიკა აღიჭურვა SHIMADZU-ს წარმოების ორმკლავიანი ანგიოგრაფით Trinias B12. მსგავსი აპარატი ექსკლუზიურია რეგიონში და უნიკალური ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. ეს არის უახლესი ტექნოლოგია, რომელიც პირველად გაიყიდა იაპონიის ფარგლებს გარეთ.
პაციენტის ცენტრში მიყვანისთანავე პროფესიონალთა გუნდი ადგენს ინსულტის ტიპსა და გენეზს. იშემიური ინსულტის სამკურნალოდ, თანამედროვე გაიდლაინების დაცვით, ტარდება სისტემური ინტრავენური თრომბოლიზისი ან ენდოვასკულური თრომბექტომია. მეთოდს, პაციენტის მდგომარეობისა და სათანადო ჩვენების მიხედვით, ექიმები ინდივიდუალურად არჩევენ.
თრომბოლიზისი
თრომბოლიზისი თრომბის დაშლას ნიშნავს. ამ მეთოდით იშლება თავის ტვინის სისხლძარღვში ჩაჭედილი თრომბი, ხდება სისხლძარღვის რეკანალიზება, ანუ სისხლის მიმოქცევის აღდგენა თავის ტვინის დაზიანებულ უბანში, რაც იწვევს ინსულტის შედეგად განვითარებული სიმპტომების სრულ ან ნაწილობრივ უკუგანვითარებას. მკურნალობისთვის გამოიყენება საერთაშორისო პრაქტიკაში დანერგილი ქსოვილოვანი პლაზმინოგენის აქტივატორი – აქტილიზეს (ალტეპლაზა) სახელწოდებით, რომელსაც ინსულტის განვითარებიდან პირველ 4,5 საათის განმავლობაში შეუძლია თრომბის დაშლა, შემდეგ მისი გამოყენების მიზანშეწონილობა მცირდება. ამიტომ აუცილებელია, პაციენტი რაც შეიძლება მალე მოხვდეს ინსულტის ცენტრში. რაც უფრო ადრე დაიწყება თრომბოლიზისი, მით უკეთესი იქნება შედეგი.
თრომბექტომია
სისხლძარღვშიდა მანიპულაციაა, რომლის საშუალებითაც ქირურგს სისხლძარღვიდან თრომბული მასები გამოაქვს. ოპერაცია დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გრძელდება, ოპერაციის შემდეგ კი პაციენტი კლინიკაში მხოლოდ 3–4 დღე რჩება. თრომბექტომიის საჭიროება დგება იმ შემთხვევაში თუ პაციენტს განუვითარდა მწვავე იშემიური ინსულტი, რომლის ძირითადი გამომწვევი მიზეზიცაა თრომბი, რომელიც ახშობს სისხლძარღვს, რის გამოც აღარ ხდება სისხლის მიდინება თავის ტვინში და აღნიშნულის გამო ვითარდება ინსულტი. ქირურგებს თრომბული მასები გარეთ გამოაქვთ, ანუ სისხლძარღვს ათავისუფლებენ. ეს არის მინი ინვაზიური ჩარევა, რომელსაც სჭირდება ადგილობრივი ანესთეზია. ბარძაყის მიდამოდან ჩხვლეტით ხდება სისხლძარღვშიდა მანიპულაცია. ოპერაცია კეთდება ანგიოგრაფის კონტროლით.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ინსულტის ცენტრის თითოეული თანამშრომელი, ერთ გუნდად შეკრული ნევროლოგები და ნეიროქირურგები 24–საათიან რეჟიმში ზრუნავენ თქვენს ჯანმრთელობაზე და მზად არიან ემსახურონ ამ დიდ საქმეს, მართონ სამედიცინო სფეროში არსებული ერთ–ერთი დიდი გამოწვევა – ინსულტი.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გისურვებთ ჯანმრთელობას!