რადიოთერაპიის დეპარტამენტმა „ავერსის კლინიკის“ წარმომადგენლებს ონკოლოგიის თანამედროვე მართვის პრინციპები გააცნო

რადიოთერაპიის დეპარტამენტმა „ავერსის კლინიკის“ წარმომადგენლებს ონკოლოგიის თანამედროვე მართვის პრინციპები გააცნო

ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტს სტუმრობდნენ „ავერსის კლინიკის“ წარმომადგენლები.

დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და რადიაციულმა ონკოლოგებმა სტუმრებს ონკოლოგიის თანამედროვე მართვის პრინციპები გააცნეს.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ლაშა ბაზაძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ფოტომასალა პირადი არქივიდან. ფოტოებიდან სტუმრებმა იხილეს თუ როგორ იცვლებოდა ინფრასტრუქტურა, როგორ შენდებოდა სხივური ამაჩქარებლებისთვის განკუთვნილი ბუნკერები, უცხოეთში მოღვაწე წარმატებული ონკოლოგების ვიზიტისას გადაღებული კადრები და სხვა.

გენერალურმა დირექტორმა „ავერსის კლინიკის“ ექიმებს აუხსნა ონკოლოგიურ პაციენტთა დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები. მოუთხრო Tumor Board–ის შესახებ.  განმარტა, რომ დეპარტამენტში დასაქმებულნი არიან თანამშრომლები, რომლებმაც განათლება აშშ–ისა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში მიიღეს.

„ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტის თითოეული თანამშრომელი მკაცრად გაწერილი საერთაშორისო გაიდლაინებით ხელმძღვანელობს.  რადიოთერაპიის დეპარტამენტში წარმატებით ხორციელდება ე.წ. სამედიცინო ტურიზმი. კლინიკაში ონკოლოგიურ დაავადებებს მკურნალობენ როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე უცხოელი პაციენტები. მკურნალობის ტაქტიკისა და დასხივების გეგმის შედგენაში მონაწილეობენ ემორის უნივერსიტეტის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის ხარისხის განყოფილების უფროსი, პროფესორი ნათია ესიაშვილი და ესპანეთის Genesis Care-ს ონკოლოგიის მულტიდისციპლინური ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტი, ESTRO-ს საერთაშორისო რადიაციულ ონკოლოგთა საზოგადოებებთან ურთიერთობის კომიტეტის წევრი, მურსიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მაია ჯუღაშვილი–ერნანდესი. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ სულ მალე ქირურგიის ეროვნული ცენტრი აღიჭურვება აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი, ციფრული პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფით (PET/CT)“, – განაცხადა ბატონმა ლაშამ.

სტუმრებმა დაათვალიერეს რადიოთერაპიის დეპარტამენტი, ასევე ამერიკული კომპანია Varian-ის ულტრათანამედროვე და მაქსიმალურად დახვეწილი, კლინიკურად ეკვივალენტური (ტყუპი), უახლესი სხივური ამაჩქარებლები. სპეციალურად ღონისძიებისთვის რადიოთერაპიის დეპარტამენტის რადიაციულმა ონკოლოგებმა, ბრაქითერაპევტებმა ირინა ჯობავამ და ლაშა გოგინაშვილმა წარმოადგინეს და მიმოიხილეს რამდენიმე საინტერესო კლინიკური შემთხვევა.

სხივურ თერაპიამდე და სხივური თერაპიის შემდგომ ჩატარებული საკონტროლო გამოსახულებითი კვლევები ადასტურებს, რომ რადიაციული ონკოლოგია, სხივური თერაპია კიბოს მართვის ყველაზე ეფექტური და თანამედროვე მეთოდია.  

აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ონკოლოგიაში სხივური თერაპია მკურნალობის ერთ-ერთი ძირითადი მეთოდია, რომლის გამოყენებაც კიბოსთან ბრძოლის სხვადასხვა ეტაპზე დაავადებულთა სულ მცირე 50%–ს ესაჭიროება.

ბრაქითერაპიაც (ცნობილი როგორც კონტაქტური რადიოთერაპია) სხივური თერაპიის ერთ–ერთი მიმართულებაა.

ბრაქითერაპიის დროს  რადიაციული წყარო თავსდება პირდაპირ სიმსივნით დაზიანებულ ორგანოში, ანუ შიგნით სიმსივნეში ან სიმსივნის ზედაპირზე, შესაბამისად, მოიცავს მთელ წარმონაქმნს. ამ გზით მიზანმიმართულად, ზუსტად სხივდება სამიზნე ორგანო და მაქსიმალურად დაცული რჩება სხვა ჯანმრთელი ორგანოები თუ სტრუქტურები. წარმოადგენს დასხივების  ინვაზიურ მეთოდს.

თუ გსურთ, მეტი შეიტყოთ ბრაქითერაპიის შესახებ, გთხოვთ, იხილოთ ბმული.

გისურვებთ ჯანმრთელობას!