რატომ უნდა ისარგებლოთ აქციით?

რატომ უნდა ისარგებლოთ აქციით?

გარემო ფაქტორების, გენეტიკური განწყობისა და სხვა რიგი მდგომარეობების გამო საგრძნობლად იმატა ონკოლოგიური პათოლოგიების სიხშირემ. სამწუხაროდ, მათი დაგვიანებული გამოვლენა ხშირ შემთხვევაში მძიმე და არასაიმედო გამოსავლით სრულდება.

რა არის საშვილოსნოს ყელის პათოლოგია და როგორ ხდება მისი გამოვლენა?

საშვილოსნოს ყელის დაავადებები იყოფა კეთილთვისებიან და ავთვისებიან პათოლოგიებად. ნებისმიერი კეთილთვისებიანი პათოლოგიაც კი, მაგალითად, საშვილოსნოს ყელის ეროზია (თუ დროულად არ გამოვავლენთ და შესაბამისად, არ ვუმკურნალებთ) გარკვეული პერიოდის შემდეგ სავსებით შესაძლებელია შეუქცევად დაზიანებაში გადაიზარდოს. 

რა არის საშვილოსნოს ყელის ეროზია?

ეს საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის დაზიანებაა. ეროზიის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს სქესობრივი გზით გადამდები სხვადასხვა ინფექცია. ეროზიის დროული დიაგნოსტირებითა და შესაბამისი მკურნალობით საშვილოსნოს ყელის დაზიანებული უბნის აღდგენაა შესაძლებელი. თუმცა ეს მხოლოდ შემთხვევათა 75%–ში, დანარჩენი 25% შესაძლოა მხოლოდ მედიკამენტურ მკურნალობას აღარ დაექვემდებაროს.  

როგორ ვუმკურნალოთ ეროზიას და მის გამომწვევ მიზეზებს?

საშვილოსნოს ყელის ეროზია შემთხვევათა 75%–ში მედიკამენტურ მკურნალობას ექვემდებარება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეროზიის გამომწვევი მიზეზის (ვირუსი ან ბაქტერია) მკურნალობის შედეგად ეროზირებული უბანი ალაგდება. უდიდესი მნიშვნელობა აქვს ზუსტი გამომწვევი მიზეზის გამოვლენას. განსაზღვრული უნდა იყოს მედიკამენტებზე მგრძნობელობა.

შემთხვევათა 25%–ში, მედიკამენტური მკურნალობის მიუხედავად, შესაძლოა ეროზირებული უბანი მაინც დარჩეს და ასეთ შემთხვევაში, ასევე ხშირი რეციდივის შემთხვევაში, მიმართავენ მკურნალობის სხვა მეთოდებს, კერძოდ, საშვილოსნოს 

ყელის კრიოდესტრუქციას, ანუ მოყინვას და საშვილოსნოს ყელის დიათერმოკოაგულაციას.

რომელი მეთოდია უკეთესი

ორივე მეთოდი, საშვილოსნოს ყელის კრიოდესტრუქცია და საშვილოსნოს ყელის დიათერმოკოაგულაცია არამედიკამენტური სამკურნალო საშუალებებია. ორივე მეთოდს თავისი ჩვენება და გვერდითი მოვლენა აქვს. რასაკვირველია, მეთოდის შერჩევა დამოკიდებულია დაზიანების ხარისხზე, ზომაზე, პაციენტის ანამნეზურ მონაცემებზე, პაპ–ტესტის პასუხსა და სხვა ფაქტორებზე. 

საშვილოსნოს ყელის სხვა პათოლოგიები

საშვილოსნოს ყელის ავთვისებიანი პათოლოგიები ერთ–ერთი ყველაზე ჩუმად და უსიმპტომოდ მიმდინარე ვერაგი პათოლოგიებია. სწორედ ამიტომ საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების სკრინინგული კვლევა, კერძოდ, კოლპოსკოპიისა და პაპ–ტესტის რუტინული ჩატარება ერთ–ერთი მარტივი და უსაფრთხო მეთოდია.

გახსოვდეთ, საშვილოსნოს ყელის დისპლაზიების ადრეული გამოვლენა გადარჩენის გარანტიაა!

გისურვებთ ჯანმრთელობას!