აბაქტალი 400მგ #10ტ

აბაქტალი
(pefloxacin)

ფორმა, შეფუთვა: თეთრი ან მოყვითალო გარსით დაფარული, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები (400 მგ) ან საინექციო სითხე (400 მგ/500 მლ). იყიდება 10-ტაბლეტიანი ფირფიტის სახით მუყაოს კოლოფით.

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება - პეფლოქსაცინი (pefloxacin)

მწარმოებელი: LEK D.D. სლოვენია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფთორქინოლონების ჯგუფის სინთეტიკური ანტიბაქტერიული პრეპარატი

საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება: პეფლოქსაცინი

სინონიმები: პელოქს-400; პერფლოქსი; პეფლაცინი; პეფლობიდი; პეფლოქსაფერი; პეფლოქსაცინი; იუნიკპეფი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: აქვს ფართო სპექტრის ანტიბაქტერიული და ბაქტერიოციდული მოქმედება. აქტიურია შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ: Staphylococcus aureus, Escherichia coli, Klebsiella spp., Enterobacter spp., Serratia spp., Proteus mirabilis, Proteus spp., Nitrobacter spp., Salmonella spp., Shigella spp., Haemophilus influenzae, Neisseria gonorrhoeae.
პრეპარატის მიმართ ზომიერად მგრძნობიარეა  Streptococcus spp. (მათ შორის - Streptococcus pneumoniae), Pseudomonas spp., Acinetobacter spp., Clostridium perfringens, Mycoplasma spp., Chlamydia spp.
მდგრადია გრამუარყოფითი ანაერობები, Spirochaeta spp., Mycobacterium tuberculosis.

ფარმაკოკინეტიკა: კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. კონცენტრაცია მაქსიმუმს აღწევს 1,5 საათი შემდეგ. პრეპარატი სწრაფად აღწევს ქსოვილებში, ორგანოებსა და სითხეებში (აორტის სარქველი, მიტრალური სარქველი, გულის კუნთი, ძვლები, მუცლის ღრუ, პერიტონეული სითხე, ნაღვლის ბუშტი, წინამდებარე ჯირკვალი, ნერწყვი, ნახველი). ყველაზე დიდი კონცენტრაციით არის სისხლის პლაზმაში.
პრეპარატი ბიოტრანსფორმირდება ღვიძლში. ღვიძლისა და თირკმელების ნორმალური ფუნქციონირების შემთხვევაში  მიღებული დოზის დაახლოებით ნახევარი შეუცვლელი და მეტაბოლიტების სახით შარდთან ერთად 48 საათში გამოიყოფა, ხოლო 20-30% გამოიდევნება ნაღვლის მეშვეობით.

ჩვენება:

  • პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციური დაავადებები;
  • თირკმელებისა და საშარდე გზების ინფექცია;
  • მცირე მენჯის ორგანოების ინფექცია (მათ შორის - ადნექსიტი, პროსტატიტი);
  • ქვედა სასუნთქი გზების ინფექცია;
  • ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოთა ინფექციები (მათ შორის - ქრონიკული სინუსიტი, მძიმედ მიმდინარე გარეთა ოტიტი);
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მძიმე ბაქტერიული ინფექციები (მათ შორის - სალმონელოზი, მუცლის ტიფი);
  • ღვიძლისა და სანაღვლე გზების ინფექციები;
  • მუცლის ღრუს ორგანოთა ინფექციები (ინტრააბდომინალური აბსცესი, პერიტონიტი);
  • ძვლების, სახსრებისა და შემაერთებელი ქსოვილების ინფექცია (მათ შორის ოსტეომიელიტი);
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექცია (მათ შორის პენიცილინისადმი მდგრადი სტაფილოკოკით გამოწვეული);
  • მენინგეალური ინფექცია;
  • სეფსისი;
  • ბაქტერიული ენდოკარდიტი;
  • გონორეა.

პრეპარატი გამოიყენება როგორც მონოთერაპიისთვის, ისე სხვა ანტიმიკრობულ პრეპარატებთან კომბინაციაშიც.
ეფექტურია იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში ინფექციის პროფილაქტიკის დროს.

დოზირება და მიღების რეჟიმი: შინაგანი მიღების შემთხვევაში საშუალო დოზაა 800 მგ/დღ. ინიშნება 400 მგ (1 ტაბლეტი) დღეში 2-ჯერ, 12-საათიანი ინტერვალით. მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 1,2 გ-ს. შარდსასქესო სისტემის ზოგიერთი ინფექციის მკურნალობისას შესაძლოა დაინიშნოს 400 მგ (1 ტაბ.) დღეში ერთხელ (დილით ან საღამოს).
გაურთულებელი გონორეის შემთხვევაში ინიშნება 800 მგ პრეპარატი ერთჯერადად (როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში). ღვიძლის გამოხატული უკმარისობის დროს რეკომენდებულია დაინიშნოს 400 მგ/დღ (ყოველ 24-48 საათში ერთხელ). კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივი დარღვევების თავიდან ასაცილებლად აბაქტილის ტაბლეტი მიღებულ უნდა იქნეს ჭამის დროს.
ინტრავენურად პრეპარატი ინიშნება ინფუზიის სახით 400 მგ ყოველ 12 საათში ერთხელ. გადასხმა გრძელდება 1 საათს. ერთი ამპულის (400 მგ) შიგთავსს წინასწარ ხსნიან 250 მლ 5%-იან გლუკოზის ხსნარში. აბაქტილის გახსნა არ შეიძლება ნატრიუმის ქლორიდის და ქლორის შემცველ არც ერთ სხვა ხსნარში. თერაპიული კონცენტრაციის სწრაფად მისაღწევად შესაძლოა პირველ ჯერზე შეყვანილ იქნეს 800 მგ პრეპარატი. მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 1,2 გ-ს. ინფექციური გართულებების თავიდან ასაცილებლად ქირურგიაში რეკომენდებულია ოპერაციამდე ერთი საათით ადრე 400-800 მგ პრეპარატის ვენაში შეყვანა. დაავადებული ღვიძლის მქონე პაციენტებისთვის ვენაში წვეთოვნად გადასასხმელი ერთჯერადი დოზა შეადგენს 8 მგ/კგ-ს. ინფუზიის ხანგრძლივობა 1 საათია. სიყვითლიან პაციენტებში გადასხმის სიხშირე შეადგენს 24 საათში 1-ს, ასციტიანებში - 36 საათში 1-ს, სიყვითლიან და ასციტიან პაციენტებში - 48 საათში 1-ს. ხანდაზმულებისთვის (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დარღვეულია თირკმლის ფუნქცია) დოზა დაკლებულ უნდა იქნეს როგორც ვენაში შეყვანის, ისე შინაგანი მიღების შემთხვევაში.

თანამოვლენები:

  • საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ - უმადობა, დისპეფსია, დიარეა, გულისრევა, გემოს შეცვლა, ღებინება, ღვიძლის ფერმენტების გააქტიურება, მჟავე ფოსფატაზისა და ბილირუნიბის დონის მატება, იშვიათად - ფსევდომემბრანული კოლიტი;
  • ცნს-ის მხრივ - თავის ტკივილი, მოუსვენრობა, თავბრუხვევა, აგზნებადობა, დეპრესია, უძილობა, მხედველობის დარღვევა, გონების აბნევა, ჰალუცინაციები, ტრემორი, იშვიათად - კრუნჩხვა;
  • საშარდე გზების მხრივ - კრისტალურია, იშვიათად - ჰემატურია, ინტერსტიციული ნეფრიტი;
  • ძვალკუნთოვანი სისტემის მხრივ - მიალგია, ართრალგია, ძალიან იშვიათად - აქილევსის მყესის გაწყვეტა;
  • ადგილობრივი რეაქცია - ფლებიტი;
  • ალერგიული რეაქცია - კანზე გამონაყარი, კანის ქავილი, ჭინჭრის ციება, კანის გაწითლება, იშვიათად - ბრონქოსპაზმი, ფოტოსენსიბილიზაცია;
  • სხვა - პერიფერიული სისხლის სურათის შეცვლა;

უკუჩვენება:

  • ორსულობა;
  • ლაქტაცია;
  • 18 წლამდე ასაკი;
  • ქინოლონების მიმართ მაღალი მგრძნობელობა.

სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ცნს-ის მხრივი დარღვევების (მათ შორის - დაუდგენელი ეტიოლოგიის ეპილეფსიური სინდრომის), ღვიძლ-თირკმლის უკმარისობის, ღვიძლის უკმარისობის მძიმე ფორმის შემთხვევაში.

განსაკუთრებული მითითებები: საინექციო ხსნარის გადასხმა დასაშვებია მხოლოდ სტაციონარულ პირობებში. შესაძლო ფოტოსენსიბილიზაციის გამო აბაქტილით მკურნალობის პერიოდში და მისი შეწყვეტიდან 6 დღის განმავლობაში რეკომენდებულია ულტრაიისფერის გამოსხივებისა და მზის სხივების უშუალო ზემოქმედებისთვის თავის არიდება.
ფტორქინოლონებით მკურნალობის პერიოდში ტენდინიტის (მყესის ანთება) განვითარების რისკის ფაქტორებია 60 წელზე უფროსი ასაკი, თირკმლის უკმარისობა, დიალიზი, დისლიპიდემია. პაციენტი გაფრთხილებულ უნდა იქნეს იმის თაობაზე, რომ ტენდინიტის ნიშნების შემჩნევის შემთხვევაში შეწყვიტოს პრეპარატის მიღება, დაასვენოს დაზიანებული კიდური და მიმართოს ექიმს. პრეპარატი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკებთან, მეტრონიდაზოლთან, ვანკომიცინსა და რიფამპიცინთან კომბინაციაში.
აუცილებელია სიფრთხილე რეფლოქსაცინისა და იზონიაზიდის ერთდროული დანიშვნისას.
ადამიანებმა, რომელთა საქმიანობაც მოითხოვს დიდ ყურადღებასა და სწრაფ რეაგირებას (მაგალითად, მძღოლებმა) აბაქტინით მკურნალობის დროს დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

ზედოზირება:
სიმპტომები - გულისრევა, ღებინება, გონების დაბინდვა, აგზნებადობა, მძიმე შემთხვევაში - გონების დაკარგვა, კრუნჩხვა;
მკურნალობა - კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება.
აუცილებელია პაციენტის სამედიცინო მეთვალყურეობის უზრუნველყოფა, სითხით დატვირთვა. აუცილებლობის შემთხვევაში ტარდება სიმპტომური მკურნალობა. ორგანიზმიდან ქინოლონის წარმოებულთა გამოსატანად ჰემოდიალიზის ჩატარება ეფექტური არ არის.

წამლებთან ურთიერთქმედება: პეფლოქსაცინის შეწოვა სუსტდება ალუმინის ჰიდროქსიდისა და მაგნიუმის ჰიდროქსიდის შემცველ ანტაციდებთან ერთად მიღებისას (ინტერვალი 2 საათზე ნაკლები არ უნდა იყოს). აბაქტილის არაპირდაპირ ანტიკოაგულანტებთან ერთად მიღების შემთხვევაში  შესაძლოა გაძლიერდეს უკანასკნელის მოქმედება. პეფლოქსაცინის ტეტრაციკლინსა და ქლორამფენიკოლთან კომბინაცია ხასიათდება ანტაგონისტური მოქმედებით.

შენახვის პირობები და გამოყენების ვადა: პრეპარატი უნდა ინახებოდეს მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, სადაც ტემპერატურა არ იქნება 25°C-ზე მაღალი. ვარგისია 3 წლის განმავლობაში.