მეტრონიდ(მეტრისოლი)500მგ#20ტ

მეტრონიდ(მეტრისოლი)500მგ#20ტ
მეტრისოლი
(METRYSOL)



ზოგადი დახასიათება:

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: მეტრონიდაზოლი;

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:

ყვითელი ფერის, მრგვალი ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე შემოგარსული ტაბლეტები ჭდით;

შემადგენლობა:

1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
მეტრონიდაზოლს _ 500 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი, შემომგარსავი ნივთიერებების ნარევი Coating premix yellow (ჰიპრომელოზა, პროპილენგლიკოლი, გასუფთავებული ტალკი, საღებავები: ტიტანის დიოქსიდი (E 171), ტარტრაზინი (E 102), Quinoline yellow (E 104)).

გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები, 500 მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიპროტოზოული საშუალება. ათქ-კოდი: P01AB01.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
მეტრისოლი წარმოადგენს ანტიპროტოზოულ საშუალებას, რომელიც ხასიათდება ასევე ანტიბაქტერიული აქტივობით. იგი 5-ნიტროიმიდაზოლის წარმოებულია და მისი მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ანაერობული ბაქტერიებისა და უმარტივესების უჯრედშიდა ტრანსპორტული პროტეინების მიერ მეტრონიდაზოლის 5-ნიტროჯგუფის ბიოქიმიური აღდგენის პროცესთან. აღდგენილი 5-ნიტროჯგუფი ურთიერთქმედებს მიკროორგანიზმის უჯრედის დნმ-თან და ახდენს ნუკლეინის მჟავების სინთეზის ინჰიბირებას, რაც იწვევს ბაქტერიების სიკვდილს.
მეტრისოლი აქტიურია უმარტივესების Trichomonas vaginalis, Gardnerella vaginalis, Entamoeba histolytica, Lamblia spp. (მათ შორის Giardia intestinalis) და ასევე ობლიგატური ანაერობული ბაქტერიების მიმართ, როგორც გრამუარყოფითი (Bacteroides spp. (Bacteroides fragilis, Bacteroides distasonis, Bacteroides ovatus, Bacteroides thetaiotaomicron, Bacteroides vulgatus), Fusobacterium spp., Veilonella spp.), ასევე გრამდადებითი ბაქტერიების (Clostridium spp., Eubacterium spp., Peptococcus spp., Peptostreptococcus spp.) მიმართ.
ფაკულტატური ანაერობები და ობლიგატური აერობები მდგრადები არიან მეტრონიდაზოლის მიმართ, ხოლო შერეული ფლორის (აერობები და ანაერობები) არსებობისას პრეპარატი სინერგიულად მოქმედებს იმ ანტიბიოტიკებთან ერთად, რომლებიც ეფექტურია ჩვეულებრივი აერობების მიმართ. ამოქსიცილინი თრგუნავს მეტრონიდაზოლის მიმართ რეზისტენტობის განვითარებას და მათი ერთობლივი გამოყენებისას ვლინდება ასევე მეტრონიდაზოლის აქტივობა Helicobacter pylori-ს მიმართ.
მეტრონიდაზოლი ზრდის სიმსივნეების მგრძნობელობას დასხივებისადმი, იწვევს ალკოჰოლის მიმართ სენსიბილიზაციას (დისულფირამისმაგვარი მოქმედება), ასტიმულირებს რეპარაციულ პროცესებს.

ფარმაკოკინეტიკა:
შეწოვა: პერორალური მიღებისას მეტრონიდაზოლი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბიოშეღწევადობა შეადგენს 80%-ს. მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში მიიღწევა 1-3 სთ-ს შემდეგ და მიღებული დოზის მიხედვით 6-40 მკგ/მლ-ს შეადგენს.
განაწილება: მეტრონიდაზოლი აღწევს ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილებსა და სითხეებში, როგორიცაა ნაღველი, ნერწყვი, პლევრული და პერიტონეალური სითხეები, საშოს სეკრეტი, სათესლე სითხე, დედის რძე, ასევე აბსცესის ღრუ, ძვლოვანი ქსოვილი, ღვიძლი, თირკმლები, კანი, ერითროციტები; იგი გადის ჰემატოენცეფალურ და პლაცენტარულ ბარიერებს და, შესაბამისად, აღინიშნება ცერებროსპინალურ და ამნიონურ სითხეებში.
მეტრონიდაზოლის განაწილების მოცულობა (Vd) მოზრდილებში შეადგენს 0.55 ლ/კგ, ხოლო ახალშობილებში – 0.54-0.81 ლ/კგ. პლაზმის ცილებს უკავშირდება 10-20%.
მეტაბოლიზმი: პრეპარატის 30-60% მეტაბოლიზდება ღვიძლში ჰიდროქსილირების, ჟანგვისა და გლუკურონის მჟავასთან შეკავშირების გზით. ძირითადი მეტაბოლიტი (2-ოქსიმეტრონიდაზოლი) ასევე ავლენს ანტიპროტოზოულ და ანტიმიკრობულ აქტივობას.
გამოყოფა: 60-80% გამოიყოფა შარდით (20% – უცვლელი სახით), 6-15% – ფეკალურ მასასთან ერთად. ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) შეადგენს დაახლოებით 8 სთ-ს. ჰემოდიალიზის დროს მეტრონიდაზოლი და მისი ძირითადი მეტაბოლიტები სწრაფად გამოიყოფა ორგანიზმიდან (T1/2  შეადგენს 2.6 სთ-ს), ხოლო პერიტონეალური დიალიზის დროს – უმნიშვნელო რაოდენობით.
ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ კლინიკურ შემთხვევებში: თირკმლის ფუნქციის დარღვევისას T1/2  არ იცვლება, თუმცა განმეორებითი მიღების დროს შესაძლებელია მეტრონიდაზოლის კუმულაცია სისხლის შრატში.
ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანებისას T1/2  შეადგენს დაახლოებით 18 სთ-ს (10-29 სთ).

ჩვენება:
• პროტოზოული ინფექციები: უროგენიტალური ტრიქომონიაზი, ამებიაზი, ლამბლიოზი;
• ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციები (გინეკოლოგიური და აბდომინალური ინფექციები, ცნს-ის ინფექციები, რესპირატორული ინფექციები, სეპტიცემია, ენდოკარდიტი, კანის, ძვლოვანი ქსოვილისა და შემაერთებელი ქსოვილის ინფექციები), ოპერაციის შემდგომი ინფექციების პროფილაქტიკა (განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე და მცირე მენჯის ორგანოებზე ჩატარებული ოპერაციების შემდეგ) და შერეული ფლორით (აერობები და ანაერობები) გამოწვეული ინფექციები, რომელთა მკურნალობისას გამოყენებულია ასევე შესაბამისად შერჩეული ანტიბიოტიკი.
• Helicobacter pylori-ს ერადიკაცია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ქრონიკული გასტრიტის დროს (ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში);
• ქრონიკული ალკოჰოლიზმი;
• წყლულოვანი სტომატიტი.

მიღების წესი და დოზირება:

მეტრისოლი მიიღება პერორალურად საკვების მიღების დროს ან მის შემდეგ, საკმარისი რაოდენობის წყალთან ან რძესთან ერთად. ტაბლეტი არ უნდა დაიღეჭოს.
ტრიქომონიაზის დროს მოზრდილებში ინიშნება 250 მგ 2-ჯერ დღეში 10 დღის განმავლობაში ან 250 მგ 3-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში. ქალებში მეტრონიდაზოლი დამატებით ინიშნება ვაგინალური სანთლების ფორმით. მკურნალობის კურსის დასრულებისას საჭიროა ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარება და, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მკურნალობის კურსის განმეორება 3-4 კვირის შემდეგ.
შესაძლებელია ასევე 2000 მგ-ის ერთჯერადად მიღება, თუმცა ამ სქემით მკურნალობა უკუნაჩვენებია მთელი ორსულობის განმავლობაში, რადგან აღინიშნება პრეპარატის მაღალი კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში. მკურნალობა ერთდროულად უტარდება ორივე სექსუალურ პარტნიორს.
2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 250 მგ, 5-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებში – 250-375 მგ, ხოლო 10 წლის ასაკის ზევით – 500 მგ დღეში. სადღეღამისო დოზა უნდა გაიყოს 2 მიღებაზე. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 10 დღეს. ბავშვებში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ პერორალურად.
უსიმპტომოდ მიმდინარე ამებიაზის დროს (კისტების ფეკალურ მასასთან ერთად გამოყოფისას) მოზრდილებში ინიშნება 500 მგ 2-3-ჯერ დღეში 5-7 დღის განმავლობაში, ქრონიკული ამებიაზის დროს – 500 მგ 3-ჯერ დღეში 5-10 დღის განმავლობაში, ხოლო მწვავე ამებური დიზენტერიის დროს – 750 მგ 3-ჯერ დღეში სიმპტომების სრულ გაქრობამდე. ღვიძლის აბსცესის შემთხვევაში ინიშნება მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 2500 მგ, რომელიც მიიღება ერთჯერადად ან იყოფა 2-3 მიღებაზე. პრეპარატით მკურნალობა ტარდება ანტიბიოტიკებთან (პირველ რიგში გამოიყენება ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკები) და მკურნალობის სხვა მეთოდებთან ერთად კომბინაციაში. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 3-5 დღეს.
10 წლამდე ასაკის ბავშვებში სადღეღამისო დოზაა 35-50 მგ/კგ სხეულის მასაზე გაყოფილი 3 მიღებაზე 10 დღის განმავლობაში.
ლამბლიოზის დროს მოზრდილებსა და 10 წლის ასაკის ზევით ბავშვებში ინიშნება 500 მგ 2-ჯერ დღეში 5-7 დღის განმავლობაში. 6-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 375 მგ, 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში – 250 მგ, ხოლო 1 წლამდე ასაკის ბავშვებში – 125 მგ დღეში. სადღეღამისო დოზა უნდა გაიყოს 2 მიღებაზე. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 5 დღეს. მკურნალობის კურსის დასრულებისას საჭიროა ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარება და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის კურსის განმეორება 3-4 კვირის შემდეგ.
ანაერობული ინფექციების სამკურნალოდ დოზირების რეჟიმი დგინდება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, ინფექციის ლოკალიზაციასა და სიმძიმეზე. სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 1500-2000 მგ-ს. მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში ინიშნება 750-1500 მგ არა უმეტეს 7 დღის განმავლობაში. სადღეღამისო დოზა უნდა გაიყოს 3 მიღებაზე. 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 7.5 მგ/კგ სხეულის მასაზე 3-ჯერ დღეში.
ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისათვის მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში ინიშნება 750-1500 მგ დღეში გაყოფილი 3 მიღებაზე 3-4 დღით ადრე ოპერაციამდე ან, თუ შესაძლებელია პრეპარატის პერორალურად მიღება, ინიშნება 1000 მგ ერთჯერადად ოპერაციიდან რამოდენიმე საათის შემდეგ. ოპერაციიდან 2 დღის შემდეგ, როდესაც უკვე ნებადართულია პრეპარატის პერორალურად მიღება, ინიშნება 750 მგ დღეში 7 დღის განმავლობაში. 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 3.7-7.5 მგ/კგ სხეულის მასაზე 3-ჯერ დღეში.
Helicobacter pylori-ს ერადიკაციისათვის ინიშნება 500 მგ 3-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში, მაგ. ამოქსიცილინთან ერთად (2.25 გ დღეში)).
ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს ინიშნება 500 მგ დღეში არა უმეტეს 6 თვის განმავლობაში.
წყლულოვანი სტომატიტის სამკურნალოდ მოზრდილებში ინიშნება 500 მგ 2-ჯერ დღეში 3-5 დღის განმავლობაში. ბავშვებში წყლულოვანი სტომატიტის სამკურნალოდ მეტრისოლი არ გამოიყენება.
თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევისას (კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 10 მლ/წთ) სადღეღამისო დოზა უნდა შემცირდეს 2-ჯერ.
ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევისას საჭიროა პრეპარატის დოზირების რეჟიმის კორექცია, რადგან შესაძლებელია მეტრონიდაზოლის კუმულაცია სისხლის შრატში.

გვერდითი მოვლენები:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ნაწლავური კოლიკა, ანორექსია, დიარეა, ყაბზობა, პირის სიმშრალე, ლითონის გემო პირის ღრუში, გლოსიტი, სტომატიტი, პანკრეატიტი;
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუ, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, ატაქსია, პერიფერიული ნევროპათია, ცნობიერების დაბინდვა, სმენის დაქვეითება, ყურებში შუილი, გაღიზიანება, დეპრესია, მომატებული აგზნებადობა, დეზორიენტაცია, სისუსტე, უძილობა, კრუნჩხვები, ჰალუცინაციები;
სისხლმბადი სისტემის მხრივ: შექცევადი ლეიკოპენია, იშვიათად – შექცევადი თრომბოციტოპენია;
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, კანის ჰიპერემია, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ცხელება, ართრალგია;
შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: დიზურია, ცისტიტი, პოლიურია, შარდის შეუკავებლობა, შარდის მუქი შეფერვა, საშოს სიმშრალე, მტკივნეული სქესობრივი აქტი, ლიბიდოს დაქვეითება;
სხვა: კანდიდოზი, ეკგ-ზე T-კბილის დაქვეითება.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება:
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;
• ლეიკოპენია (მათ შორის ანამნეზში);
• ცნს-ის ორგანული დაზიანებები (მათ შორის ეპილეფსია);
• ორსულობის პირველი ტრიმესტრი და ძუძუთი კვების პერიოდი;
• ღვიძლისა და თირკმლის უკმარისობა.

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
მეტრისოლი აძლიერებს ვარფარინისა და სხვა არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების მოქმედებას, რაც ზრდის პროთრომბინის წარმოქმნის დროს. მათი ერთდროული გამოყენებისას საჭიროა პროთრომბინის დროის ზედმიწევნითი კონტროლი და ანტიკოაგულანტის შესაბამისი დოზის შერჩევა.
ეთანოლთან ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება დისულფირამისმაგვარი რეაქციის (სპასტიური ხასიათის აბდომინალური ტკივილი, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, სახის უეცარი ჰიპერემია) განვითარება, ამიტომ მეტრისოლით მკურნალობის პერიოდში ალკოჰოლის მიღება დაუშვებელია.
დისულფირამთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს სხვადასხვა ნევროლოგიური სიმპტომები (მათ შორის მწვავე ფსიქოზი, დეზორიენტაცია). შესაბამისად, დისულფირამისა და მეტრონიდაზოლის გამოყენებებს შორის უნდა იყოს დაცული 2 კვირიანი ინტერვალი.
ლითიუმის მარილების შემცველი პრეპარატებისა და მეტრისოლის ერთდროული გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია ლითიუმის კონცენტრაციის მატება სისხლის პლაზმაში და ინტოქსიკაციის განვითარება.
ციმეტიდინთან ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება მეტრონიდაზოლის მეტაბოლიზმის ინჰიბირება, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს მეტრონიდაზოლის კონცენტრაციის მატება სისხლის პლაზმაში და, შესაბამისად, გვერდითი მოვლენების განვითარების რისკის მატება.
ფენობარბიტალთან და ფენიტოინთან ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება მეტრონიდაზოლის სწრაფი გამოყოფა ორგანიზმიდან და სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის შემცირება.
სულფანილამიდები აძლიერებენ მეტრონიდაზოლის ანტიმიკრობულ მოქმედებას.
მეტრონიდაზოლის არამადეპოლარიზებელ მიორელაქსანტებთან ერთად გამოყენება რეკომენდებული არ არის.
ასტემიზოლისა და ტერფენადინის მეტრისოლთან ერთად გამოყენებისას აღინიშნება ეკგ-ს ცვლილებები, არითმიები, ბლოკადა, გულის წასვლა.

ჰიპერდოზირება:

სიმპტომები: კრუნჩხვა, პერიფერიული ნევროპათია, ატაქსია, გულისრევა, ღებინება.
მკურნალობა: ტარდება სიმპტომური თერაპია.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის პირველ ტრიმესტრში და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია. ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში პრეპარატის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს.

განსაკუთრებული მითითებები:
ღვიძლისა და/ან თირკმლის ფუნქციის უკმარისობის მქონე პაციენტებში მეტრისოლი გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით. პრეპარატით მკურნალობის პერიოდში აკრძალულია ალკოჰოლის მიღება. მეტრისოლით ხანგრძლივი თერაპიის შემთხვევაში საჭიროა სისხლის სურათის კონტროლი. ლეიკოპენიის დროს მკურნალობის გაგრძელების შესაძლებლობა დამოკიდებულია ინფექციური პროცესის განვითარების რისკზე.  
ნევროლოგიური სიმპტომების განვითარებისას (ატაქსია, თავბრუ და სხვა) პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
მეტრონიდაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს ტრეპონემების იმობილიზაცია და, შესაბამისად, ნელსონის ცრუდადებითი ტესტი. პრეპარატით მკურნალობის ფონზე სისხლის პლაზმაში ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის, ლაქტატდეჰიდროგენაზას, ტრიგლიცერიდებისა და გლუკოზის დონის განსაზღვრისას შესაძლებელია ცრუ შედეგების მიღება.
ქალებში ტრიქომონადული ვაგინიტისა და მამაკაცებში ტრიქომონადული ურეთრიტის მკურნალობისას საჭიროა სქესობრივი ცხოვრებისაგან თავის შეკავება და ორივე სექსუალური პარტნიორის ერთდროული მკურნალობა. მენსტრუაციის დროს მკურნალობას აგრძელებენ ჩვეული რეჟიმით. ტრიქომონიაზის მკურნალობის კურსის დასრულებისას საჭიროა საკონტროლო ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარება მენსტრუაციამდე და მის შემდეგ 3 მომდევნო ციკლის განმავლობაში.
პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს შარდის მუქი შეფერვა, რომელიც გამოწვეულია პიგმენტებით და მას არ აქვს კლინიკური მნიშვნელობა.
ლამბლიოზის მკურნალობის კურსის დასრულებისას, როდესაც სიმპტომები შენარჩუნებულია, 3-4 კვირის შემდეგ საჭიროა რამოდენიმე დღის ინტერვალით განავლის 3 საკონტროლო ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარება. ზოგიერთ გამოჯანმრთელებულ პაციენტს ინვაზიით გამოწვეული ლაქტოზას აუტანლობა შესაძლებელია შეუნარჩუნდეს რამოდენიმე კვირის ან თვეების განმავლობაში და ჰქონდეს ლამბლიოზის მსგავსი სიმპტომატიკა.
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ ლაქტოზა-გალაქტოზას მიმართ მემკვიდრეობითი აუტანლობის მქონე პაციენტებში მეტრისოლის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში პრეპარატის გამოყენება ამოქსიცილინთან ერთად კომბინაციაში რეკომენდებული არ არის. ამებიაზის მკურნალობის გარდა, პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება პედიატრიულ პრაქტიკაში დადგენილი არ არის.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატის მიღებისას შესაძლებელია განვითარდეს თავბრუ, ამიტომ საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა იმ ქმედებების შესრულებისას, რომლებიც მოითხოვს ყურადღებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.

შეფუთვა:
10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში, 2 კონტურული შეფუთვა მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 30ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა:
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
II ჯგუფი (გაიცემა რეცეპტით).

მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.
www.aversi.ge