ჰარტილი 2.5მგ #28ტ

ჰარტილი
HARTIL


საერთაშორისო დასახელება - ramipril
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - C09A A05

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ანგიოტენზინ-გარდაქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები



შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
2.5მგ ტაბლეტი #28
5მგ ტაბლეტი #28
10მგ ტაბლეტი #28

ჰარტილი 1,25 მგ: ყოველი ტაბლეტი შეიცავს რამიპრილის 1,25 მგ-ს.
ჰარტილი 2,5 მგ: ყოველი ტაბლეტი შეიცავს რამიპრილის 2,5 მგ-ს.
ჰარტილი 5 მგ: ყოველი ტაბლეტი შეიცავს რამიპრილის 5 მგ-ს.
ჰარტილი 10 მგ: ყოველი ტაბლეტი შეიცავს რამიპრილის 10 მგ-ს.
არააქტიური ინგრედიენტები
ჰარტილი 1,25 მგ ტაბლეტები: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პრეჟელატინიზირებული სახამებელი 1500, ნატრიუმის სტეარილფუმარატი.
ჰარტილი 2,5 მგ ტაბლეტები: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პრეჟელატინიზირებული სახამებელი 1500, ნატრიუმის სტეარილფუმარატი, რკინის ყვითელი ოქსიდი.
ჰარტილი 5 მგ ტაბლეტები: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პრეჟელატინიზირებული სახამებელი 1500, ნატრიუმის სტეარილფუმარატი, რკინის წითელი ოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი.
ჰარტილი 10 მგ ტაბლეტები: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პრეჟელატინიზირებული სახამებელი 1500, ნატრიუმის სტეარილფუმარატი.

ჩვენებები
პრეპარატი განკუთვნილია არტერიული ჰიპერტონიის, გულის და თირკმლის ზოგიერთი დაავადების, აგრეთვე, მათი გართულებების სამკურნალოდ (მაგალითად: მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის დროს).

მიღების წესები და დოზები

ჰარტილი ყოველთვის უნდა იქნას მიღებული მხოლოდ ექიმის მიერ დანიშნული დოზით. ნებისმიერი საკითხის გასარკვევად აუცილებელია ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია. ტაბლეტები მიღებულ უნდა იქნას მთლიანად, დაუღეჭავად, სითხის დიდი რაოდენობის მიყოლებით (დაახლოებით ერთი ჭიქა). ტაბლეტების მიღება შეიძლება საკვებისგან დამოუკიდებლად.
თუ ექიმის მიერ არ არის დანიშნული სხვაგვარად, ჩვეულებრივი დოზებია:
მოზრდილები
ჰიპერტენზია: რეკომენდირებული საწყისი დოზაა 2,5 მგ დღეში ერთხელ (ყოველდღიურად ჰარტილის 2,5 მგ-ანი 1 ტაბლეტი). თერაპიული ეფექტის გათვალისწინებით, ექიმს შეუძლია დოზის მომატება, დღიური დოზის გაორმაგებით ყოველ 2-3 კვირაში ერთხელ. რეკომენდირებული შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 2,5 –5 მგ-ს დღეში (ყოველდღიურად 2,5 მგ-ანი ან 5 მგ-ანი ჰარტილის 1 ტაბლეტი). მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ-ს.
გულის უკმარისობა: რეკომენდირებული საწყისი დოზაა 1,25 მგ დღეში ერთხელ (ყოველდღიურად ჰარტილის 1,25 მგ-ანი 1 ტაბლეტი). თერაპიული ეფექტის გათვალისწინებით, ექიმს შეუძლია დოზის მომატება, დღიური დოზის გაორმაგებით ყოველ 2-3 კვირაში ერთხელ. პრეპარატის 2,5 მგ-ზე მეტი დოზის საჭიროებისას ამ დოზის მიღება შეიძლება ერთჯერადად ან შესაძლებელია მისი გაყოფა 2 მიღებად. მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ-ს.
მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ განვითარებული გულის უკმარისობა: პრეპარატის მიღებას, ჩვეულებრივ, იწყებენ მიოკარდიუმის ინფარქტიდან 2-9 დღის შემდეგ. რეკომენდირებული საწყისი დოზა, პაციენტის მდგომარეობისა და მიოკარდიუმის ინფარქტიდან გასული დროის გათვალისწინებით – შეადგენს 1,25 მგ-ს ან 2,5 მგ-ს დღეში ორჯერ (ჰარტილის 1,25 მგ-ანი 1 ტაბლეტი დღეში ორჯერ ან ჰარტილის 2,5 მგ-ანი 1 ტაბლეტი დღეში ორჯერ). თერაპიული ეფექტის მიხედვით, შეიძლება საწყისი დოზის გაორმაგება 2,5 მგ-მდე დღეში ორჯერ ან 5 მგ-მდე დღეში ორჯერ (2,5 მგ-ანი ჰარტილის 1 ტაბლეტი დღეში ორჯერ ან 5 მგ-ანი ჰარტილის 1 ტაბლეტი დღეში ორჯერ). თუ პაციენტი ვერ იტანს მომატებულ დოზას, ექიმს შეუძლია მისი შემცირება. მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ-ს.
მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ განვითარებული გულის მძიმე უკმარისობის დროს არსებობს პრეპარატ ჰარტილის გამოყენების მხოლოდ შეზღუდული გამოცდილება.
არადიაბეტური ან დიაბეტური ნეფროპათია: რეკომენდირებული საწყისი დოზაა 1,25 მგ დღეში ერთხელ (ყოველდღიურად 1,25 მგ-ანი ჰარტილის 1 ტაბლეტი). თერაპიული ეფექტის გათვალისწინებით, შეიძლება დოზის მომატება, დღიური დოზის გაორმაგებით ყოველ 2-3 კვირაში ერთხელ. რეკომენდირებული საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს.
მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის ან გულ-სისხლძარღვოვანი სიკვდილის პროფილაქტიკა:
რეკომენდირებული საწყისი დოზა შეადგენს რამიპრილის 2,5 მგ-ს დღეში ერთხელ (ყოველდღიურად 2,5 მგ-ანი ჰარტილის 1 ტაბლეტი). საწყისი დოზის კარგად ატანის შემთხვევაში, ექიმს შეუძლია დოზის გაორმაგება მკურნალობის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ (5 მგ-ანი ჰარტილის 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ ან 2,5 მგ-ანი ჰარტილის 2 ტაბლეტი დღეში ერთხელ). რეკომენდირებულია დოზის განმეორებითი გაორმაგება მკურნალობის დაწყებიდან 3 კვირის შემდეგ შემანარჩუნებელი დოზის მისაღწევად _ 10 მგ დღეში ერთხელ (10 მგ-ანი ჰარტილის 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ ან 5 მგ-ანი ორი ტაბლეტი დღეში ერთხელ).
ბავშვები
ბავშვებისათვის ამ პრეპარატის გამოყენების გამოცდილების სიმცირის გამო, არ არის მიზანშეწონილი მათთვის ჰარტილის დანიშვნა.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
ამ პრეპარატის გამოყენება ხანდაზმული პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ დიურეზულებს და/ან აღენიშნებათ გულის უკმარისობა, აგრეთვე, ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა, საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას. ამ შემთხვევაში მიზანშეწონილია უფრო დაბალი საწყისი დოზის გამოყენება.
თირკმლის ფუნქციის ზომიერი დაქვეითების დროს ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 1,25 მგ-ს დღეში ერთხელ. მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 5 მგ-ს. არსებობს ამ პრეპარატის გამოყენების საკმარისი გამოცდილება თირკმლის მძიმე უკმარისობის დროს.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას შეიძლება ერთნაირი სიხშირით აღინიშნოს პრეპარატ ჰარტილის შემცირებული ან გაძლიერებული ეფექტი. ამიტომ ავადმყოფები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით საჭიროებენ გულდასმით სამედიცინო მეთვალყურეობას. მკურნალობის დროს მაქსიმალური დღიური დოზა ასეთ შემთხვევებში არ უნდა აღემატებოდეს 2,5 მგ-ს.
თუ პაციენტი იღებს შარდმდენ საშუალებებს, პრეპარატ ჰარტილის მიღების დაწყებამდე ექიმს შეუძლია მათი შეწყვეტა ან 2-3 დღით ადრე შარდმდენი პრეპარატების დოზის შემცირება. ავადმყოფებისათვის, რომლებიც მცირე ხნის წინ იღებდნენ დიურეზულებს, ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 1,25 მგ-ს.
მძიმე ჰიპერტენზიის დროს და იმ შემთხვევაში, როდესაც არტერიული წნევის მომატებას შეუძლია ზიანის მიყენება ორგანიზმისათვის (მაგალითად: კორონარული ან თავის ტვინის სისხლძარღვთა შევიწროვება), ასევე, სითხისა და ელექტროლიტური ბალანსის საწყისი დარღვევის სრული კომპენსაციის შეუძლებლობის დროს, რეკომენდირებულია დაბალი საწყისი დოზის გამოყენება (1,25 მგ დღეში).

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალებას, ჰარტილსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა. ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენის განვითარებისას, შეწყვეტილ უნდა იქნას ჰარტილის ტაბლეტების მიღება (პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას ან გამოძახებულ უნდა იქნას სასწრაფო დახმარების ბრიგადა): ხელების, ფეხების, ტუჩების, პირის ან ხახის შეშუპება, სუნთქვის და ყლაპვის გაძნელებით. მათი გამოვლენა შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ პაციენტს აქვს ძალიან მძიმე, შეშუპებითი ალერგიული რეაქცია. ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი, რის თავიდან ასაცილებლად შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია. ეს გვერდითი მოვლენები ძალიან მძიმეა და იშვიათად ვითარდება. მათი გამოვლენისას უნდა შეწყდეს ყველანაირი პრეპარატის მიღება, რომელიც შეიცავს აგფ-ინჰიბიტორებს.
• ჭინჭრის ციება
ჭინჭრის ციება, ასევე, შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციის გამოვლინება. დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და შემდგომი მკურნალობა გაგრძელდეს ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
სერიოზული შედეგების თავიდან ასაცილებლად, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს მთელ ტანზე გამოხატული გამონაყრის განვითარებისას.
იშვიათად აღნიშნება მძიმე გვერდითი მოვლენები. პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს მათგან ნებისმიერის განვითარებისას:
• პრეპარატის პირველი დოზის ან მაღალი დოზის პირველი მიღების შემდეგ, ან შარდმდენი საშუალებების დამატების დროს შეიძლება განვითარდეს ძლიერი თავბრუსხვევა, უგუნებობა, გონების დაკარგვის გარდამავალი მდგომარეობა (ზოგიერთ პაციენტში, მაგალითად: მძიმე ჰიპერტენზიის, გულის უკმარისობის, სითხის ან ნატრიუმის დეფეციტის, თირკმელთა სისხლძარღვების ძლიერი შევიწროვებისა და შარდმდენი თერაპიის დროს, პრეპარატის პირველი დოზის მიღებამ ან მომატებული დოზის პირველმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მნიშვნელოვანი, შოკში გარდამავალი დაქვეითება);
• პირის და ხახის ლორწოვანი გარსების დაზიანება, მორეციდივე ინფექციები შეიძლება იყო გვერდითი მოვლენების გამოხატულება სისხლწარმომქმნელი სისტემის მხრივ;
• სიყვითლე, კანის ქავილი, თიხისფერი განავალი, შარდის გამუქება, ძლიერი ცხელება (ეს სიმპტომები შეიძლება ღვიძლის მძიმე დაზიანებასა და/ან მექანიკურ სიყვითლეზე მიუთითებდეს);
• მუცლის არეში ძლიერი ტკივილი, გულისრევა და ღებინება (ეს სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს პანკრეატიტზე).
ზემოთ ჩამოთვლილი მძიმე გვერდითი მოვლენების გარდა, პრეპარატ ჰარტილის მიღების დროს შეიძლება აღინიშნოს შემდეგი გვერდითი მოვლენები ორგანოთა ცალკეული სისტემის მხრივ:
გულ-სისხლძარღვთა სისტემა
ძირითადად, მკურნალობის კურსის დასაწყისში, სისხლძარღვთა გაფართოებისა და არტერიული წნევის დაცემის შედეგად – თუნდაც თუ ის არ არის საჭირო დონეზე ნაკლები – შეიძლება აღინიშნებოდეს მეხსიერების დაქვეითება (ზოგჯერ ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითებით), რეაქციის შენელება, დაღლილობა, სისუსტე და თავბრუსხვევა. შესაძლებელია ტაქიკარდია, გულისცემის გახშირება, ორთოსტატული ჰიპოტენზია (არტერიული წნევის დაცემა და თავბრუსხვევა ჰორიზონტალური მდგომარეობიდან ვერტიკალურში გადასვლის დროს), გულისრევა, ოფლიანობა, შუილი ყურებში, მხედველობის და სმენის დარღვევა, თავის ტკივილი, შფოთვა, უძილობა, ძილიანობა და გონების დაკარგვა. იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს გულის რითმის დარღვევა. ჰარტილის მიღების დროს შეიძლება აღინიშნოს პერეფირიულ სისხლძარღვთა ფუნქციის მორეციდივე დარღვევა.
ზოგიერთ შემთხვევაში, განსაკუთრებით, კორონარული არტერიების დაავადებების ან თავის ტვინის სისხლძარღვთა შევიწროვების დროს, შეიძლება განვითარდეს სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი ან თავის ტვინის სისხლმიმოქცევის მოშლა.
თირკმლოვანი გვერდითი მოვლენები
პრეპარატ ჰარტილის გამოყენებამ შეიძლება გააუარესოს თირკმელების ფუნქცია, ზოგიერთ შემთხვევაში კი გამოიწვიოს სიოცხლისათვის საშიში თირკმლის უკმარისობა. თირკმლის ფუნქციის დარღვევის გამოვლენა შეიძლება შარდის მოცულობის შემცირებისა და თირკმლის ფუნქციის ლაბორატორიული მაჩვენებლების მომატების მიხედვით (შარდოვანისა და კრეატინინის დონე). პრეპარატის მიღების დასაწყისში შეიძლება აღინიშნოს შარდის მოცულობის შემცირება.
პრეპარატ ჰარტილის მიღების დროს არსებული პროტეინურია შეიძლება გაძლიერდეს, თუმცა თირკმელებით ცილის გამოყოფა შეიძლება, ასევე, შემცირდეს.
კანი, სისხლძარღვები და ალერგიული რეაქციები :
იშვიათად სახის მძიმე, ხახის და ხორხის შეშუპების შემთხვევების გარდა, შესაძლებელია კანის შემდეგი რეაქციები: წამოხურება კანის ზოგიერთ ადგილას, კონიუნქტივიტი, კანის ქავილი, ურტიკარული ელემენტები, გამონაყარი კანზე, თმის ცვენა, რეინოს სინდრომის რეციდივი ან გამწვავება (სისხლმიმოქცევის დარღვევა თითებში). როგორც ყველა სხვა აგფ- ინჰიბიტორი, ჰარტილს შეუძლია გამოიწვიოს ფსორიაზისმაგვარი დარღვევები, კანის ფოტოსენსიბილიზაცია და ონიქოლიზი (ფრჩხილების დაშლა).
შესაძლებელია ტკივილი კუნთებსა და სასხრებში, ვასკულიტი, ცხელება და სისხლის უჯრედული შემადგენლობის ცვლილება.
სუნთქვის ორგანოების მხრივ:
ხშირად ვითარდება მშრალი ხველა. იგი ძლიერდება ღამით და მწოლიარე მდგომარეობაში, ხშირად აღინიშნება ქალებსა და არამწეველებში. გარდა ამისა, შესაძლებელია რინიტი, სინუსიტი, ბრონქიტი, ბრონქოსპაზმი და ქოშინი.
კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ
პირის სიმშრალე, პირის ლორწოვანი გარსის მაღალი მგრძნობელობა ან ანთება, საჭმლის მონელების დარღვევა, ფაღარათი, ყაბზობა, გულისრევა და ღებინება, გასტრიტისმაგვარი ტკივილი მუცლის არეში, დისკომფორტი კუჭში. უფრო მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია პანკრეატიტი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, სიყვითლე, ნაღვლის შეგუბება, ხანდახან კი სიცოცხლისათვის საშიში ჰეპატიტი.
სისხლის ფორმულა
შეიძლება მოხდეს ერითროციტების რიცხვისა და ჰემოგლობინის კონცენტრაციის შემცირება, ზოგჯერ ჰემოლიზური ანემიის შედეგად, თრომბოციტებისა და ლეიკოციტების რიცხვის შემცირება.
სხვა გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია წვივების შეშუპება, წონასწორობის დარღვევა, თავის ტკივილი, ნერვული აგზნება, შფოთვა, ტრემორი, ძილის დარღვევა, გაბრუება, უმადობა, გუნებ-განწყობის დარღვევა, არასასიამოვნო შეგრძნებები, გემოვნების შეგრძნების დაქვეითება ან დაკარგვა, კუნთების სპაზმი, იმპოტენცია, ლიბიდოს დაქვეითება.
ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილება
ამ პრეპარატის მიღების დროს თირკმლის ფუნქციის მახასიათებელმა პარამეტრებმა (სისხლის შრატის კრეატინინი და შარდოვანა) და კალიუმის დონემ სისხლის შრატში შეიძლება მოიმატოს, ნატრიუმის დონე კი სისხლის შრატში შემცირდეს. შეიძლება მოიმატოს კუჭქვეშა ჯირკვლისა და ღვიძლის ფერმენტების, ბილირუბინის დონემ; ალერგიული რეაქციების დროს შეიძლება აღინიშნოს ლეიკოციტების ზოგიერთი სახეობის (ეოზინოფილების) მომატება. ცალკეულ შემთხვევებში ვლინდება პათოლოგიური იმუნური რეაქციები (ბირთვის საწინააღმდეგო ანტისხეულები). შეიძლება შემცირდეს ერითროციტების რიცხვი, ჰემოგლობინის დონე და, ასევე, თრომბოციტებისა და ლეიკოციტების რაოდენობა.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენისას, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენება

არ შეიძლება ამ ტაბლეტების მიღება თუ:
• პაციენტს აქვს მაღალი მგრძნობელობა რამიპრილის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ.
• ამ პრეპარატის მიღების შემდეგ გამოვლინდა სახის, ტუჩების, ენის ან ფეხების შეშუპება.
• თირკმლის არტერიის მძიმე, ორმხრივი (ან ცალმხრივი, ერთი თირკმელის შემთხვევაში) შევიწროვება.
• დაბალი არტერიული წნევის დროს.
• ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.
• თუ ერთდროულად დანიშნულია მადესენსიბილიზებელი პრეპარატები მწერების ნაკბენზე ალერგიის სამკურნალოდ.
სათანადო კლინიკური გამოცდილების უქონლობის გამო არ არის მიზანშეწონილი პრეპარატ ჰარტილის დანიშვნა:
• ბავშვებში;
• ავადმყოფებში თირკმლის მძიმე დაავადებით;
• ავადმყოფებში, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე.

ორსულობა და ლაქტაცია

ჰარტილი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს, ამიტომ მისი მიღების დაწყებამდე აუცილებელია ორსულობის გამორიცხვა. პრეპარატ ჰარტილის მიღებისას საჭიროა დაორსულების პროფილაქტიკა კონტრაცეპციის ადეკვატური მეთოდის გამოყენებით. თუ დაგეგმილია ბავშვის ჩასახვა პრეპარატ ჰარტილის მიღების დროს, საჭიროა ექიმის კონსულტაცია ორსულობის დადგომამდე, რადგან აუცილებელი იქნება ანტიჰიპერტენზიული პრეპარატის შეცვლა და იმ საშუალების მიღება, რომელიც არ შეიცავს აგფ- ინჰიბიტორს.
თუ ორსულობა დადგება პრეპარატ ჰარტილის მიღების დროს, აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად (ყოველ შემთხვევაში – პირველი ტრიმესტრის დამთავრებამდე) მისი შეცვლა პრეპარატით, რომელიც არ შეიცავს აგფ-ინჰიბიტორს ნაყოფის დაზიანების რისკის თავიდან ასაცილებლად.
არ არის მიზანშეწონილი პრეპარატის მიღება ძუძუთი კვების დროს.

განსაკუთრებული მითითებები

ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა
არტერიული წნევის დაქვეითებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ყურადღების კონცენტრაციასა და პაციენტის რეაქციაზე. ეს განსაკუთრებით ვლინდება თერაპიის დასაწყისში ან ალკოჰოლის მიღების შემდეგ. ამის შესახებ საჭიროა ექიმის კონსულტაცია. შეზღუდვის ან აკრძალვის ხარისხი ტრასნპორტისა და მექანიზმების მართვაზე ექიმმა უნდა განსაზღვროს ინდივიდუალურად ყოველი პაციენტისათვის.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
ლაქტოზის აუტანლობის შემთხვევაში საჭიროა ტაბლეტებში ლაქტოზის შემადგენლობის გათვალისწინება. ჰარტილი 1,25 მგ ტაბლეტები: ყოველი ტაბლეტი შეიცავს 79,5 მგ ლაქტოზის მონოჰიდრატს. ჰარტილი 2,5 მგ ტაბლეტები: ყოველი ტაბლეტი შეიცავს 158,8 მგ ლაქტოზის მონოჰიდრატს. ჰარტილი 5 მგ ტაბლეტები: ყოველი ტაბლეტი შეიცავს 96,47 მგ ლაქტოზის მონოჰიდრატს. ჰარტილი 10 მგ ტაბლეტები: ყოველი ტაბლეტი შეიცავს 193,2 მგ ლაქტოზის მონოჰიდრატს.

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების დროს პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას. ჭარბი დოზირების სიმპტომები: გამოხატული ჰიპოტენზია, შოკი, თირკმლის უკმარისობა, ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილება.
ჰარტილის ერთი დოზის მიღების დავიწყების შემთხვევაში:
ჭარბი დოზირების თავიდან ასაცილებლად არ უნდა იქნას მიღებული ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს ექიმის დანიშნულებით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

ექიმი ან ფარმაცევტი ინფორმირებული უნდა იყოს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც პაციენტი ამჟამად იღებს ან რამდენიმე ხნის წინ იღებდა რეცეპტით თუ ურეცეპტოდ, რადგან სამკურნალო საშუალებებს შეუძლიათ ერთმანეთის ეფექტის შეცვლა.
საჭიროა ექიმის კონსულტაცია, თუ პაციენტი იღებს ნებისმიერ პრეპარატს, რომელიც შეიცავს ქვემოთ ჩამოთვლილ აქტიურ ნივთიერებებს: ალოპურინოლს; ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედ ნივთიერებებს; სტეროიდებს; პროკაინამიდს; ციტოსტატურ ნივთიერებებს; ანტიდიაბეტურ პრეპარატებს (ინსულინი ან პერორალური საშუალებები); ანტიჰიპერტენზულ საშუალებებს; შარდმდენს; ნიტრატებს; ანტიდეპრესანტებს; ანტიკოაგულანტებს; ლითიუმს; არასტეროიდულ ანთების საწინაამღდეგო საშუალებებს; პრეპარატებს ნატრიუმის მაღალი შემცველობით; ალკოჰოლს.
თუ პაციენტი იმყოფება ჰემოდიალიზზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექიმის ინფორმირება ამის შესახებ.

შენახვის პირობები და ვადები

პრეპარატი შენახულ უნდა იქნას 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას! ვარგისიანობის ვადა 2 წელი. ვარგისიანობის ვადა მითითებულია კოლოფზე. არ უნდა მოხდეს პრეპარატის გამოყენება კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი

რეცეპტით.