ლიკაცინი
(ამიკაცინი)
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
ამიკაცინი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
გამჭვირვალე, უფერო ხსნარი;
შემადგენლობა:
საინექციო ხსნარის 1 მლ შეიცავს:
ამიკაცინის სულფატს, რომელიც 50 მგ ან 250 მგ ამიკაცინის ეკვივალენტურია.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, დინატრიუმის ედეტატი (100 მგ/2 მლ), პროპილენგლიკოლი (500 მგ/2 მლ).
გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი, 100 მგ/2 მლ ან 500 მგ/2 მლ.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი. ათქ-კოდი: J01GB06.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ლიკაცინი-ავერსი პარენტერული გამოყენებისათვის განკუთვნილი მესამე თაობის ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ნახევრადსინთეზური ანტიბიოტიკია. პრეპარატს ანტიმიკრობული მოქმედების ფართო სპექტრი ახასიათებს. ამიკაცინის ბაქტერიციდული მოქმედება განპირობებულია მისი უნარით, მიკრობის უჯრედში დაუკავშირდეს რიბოსომების 30S სუბერთეულს, რაც ხელს უშლის სატრანსპორტო და მატრიცული რნმ-ების კომპლექსის წარმოქმნას, ბლოკავს ცილის სინთეზს და არღვევს ბაქტერიის უჯრედული მემბრანის მთლიანობას.
პრეპარატი ხასიათდება მაღალი აქტივობით გრამუარყოფითი აერობული ბაქტერიების – Pseudomonas aeruginosa, Escherichia coli, Klebsiella spp., Proteus spp. (ინდოლპოზიტიური და ინდოლნეგატიური შტამები), Serratia spp., Providencia spp., Enterobacter spp., Salmonella spp., Shigella spp., Citrobacter freundii, Acinetobacter spp. მიმართ, ზოგიერთი გრამდადებითი მიკროორგანიზმის – Staphylococcus spp.-ს (მათ შორის, პენიცილინის, მეტიცილინისა და ზოგიერთი ცეფალოსპორინისადმი რეზისტენტული შტამები) მიმართ; ზომიერად აქტიურია Staphylococcus spp.-ს მიმართ.
ბენზილპენიცილინთან ერთდროული გამოყენებისას ლიკაცინი-ავერსი სინერგიულად მოქმედებს Enterococcus faecalis შტამებზე.
ამიკაცინი არ კარგავს აქტივობას იმ ფერმენტების ზემოქმედებით, რომლებიც სხვა ამინოგლიკოზიდების ინაქტივაციას იწვევს, და ინარჩუნებს აქტივობას ტობრამიცინის, გენტამიცინისა და ნეტილმიცინისადმი რეზისტენტული Pseudomonas aeruginosa-ს შტამების მიმართ.
პრეპარატი არ მოქმედებს ანაერობულ მიკროორგანიზმებზე.
ფარმაკოკინეტიკა:
შეწოვა: ინტრამუსკულარული ინექციის შემდეგ ლიკაცინი-ავერსი სწრაფად და მთლიანად შეიწოვება. მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში 7.5 მგ/კგ სხეულის მასაზე ამიკაცინის კუნთში შეყვანისას მიიღწევა დაახლოებით 1.5 სთ-ში (21 მკგ/მლ), ინტრავენური ინფუზიის შემდეგ – 0.5 სთ-ში (38 მკგ/მლ).
განაწილება: ამიკაცინის დაახლოებით 0–11% უკავშირდება პლაზმის ცილებს. იგი კარგად ნაწილდება უჯრედგარე სითხეებში (აბსცესის შიგთავსის, პლევრული, ასციტური, პერიკარდიული, სინოვიური, ლიმფური და პერიტონეალური სითხეების ჩათვლით); მისი მაღალი კონცენტრაცია აღინიშნება შარდში, დაბალი კონცენტრაცია – ნაღველში, დედის რძეში, თვალის ნამში, ბრონქულ სეკრეტში, ნახველსა და თავ-ზურგ-ტვინის სითხეში. ამიკაცინი კარგად აღწევს ორგანიზმის ყველა ქსოვილში და გროვდება უჯრედებში. პრეპარატის მაღალი კონცენტრაცია აღინიშნება იმ ორგანოებში, რომლებიც კარგად მარაგდება სისხლით, – ფილტვებში, ღვიძლში, მიოკარდიუმში, ელენთაში და, განსაკუთრებით, თირკმლებში, სადაც იგი ქერქოვან ნივთიერებაში გროვდება. ამიკაცინის შედარებით დაბალი კონცენტრაცია აღინიშნება კუნთებში, ცხიმოვან ქსოვილსა და ძვლებში.
მოზრდილებში თერაპიული კონცენტრაციით ლიკაცინი-ავერსი არ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს, თუმცა მენინგეალური გარსების ანთების დროს მათი გამავლობა რამდენადმე გაზრდილია. ახალშობილებში, მოზრდილებთან შედარებით, თავ-ზურგ-ტვინის სითხეში პრეპარატის უფრო მაღალი კონცენტრაცია აღინიშნება. ამიკაცინი გადის პლაცენტურ ბარიერს, აღინიშნება ნაყოფის სისხლსა და ამნიონურ სითხეში. მოზრდილებში პრეპარატის განაწილების მოცულობაა (Vd) 0.26 ლ/კგ, ბავშვებში – 0.2–0.4 ლ/კგ, 1 კვირამდე ასაკისა და 1.5 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე ახალშობილებში – 0.68 ლ/კგ-მდე, 1 კვირამდე ასაკისა და 1.5 კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე ახალშობილებში – 0.58 ლ/კგ-მდე, მუკოვისციდოზით დაავადებულ ავადმყოფებში – 0.30–0.39 ლ/კგ.
ამიკაცინის კუნთში ან ვენაში შეყვანისას ორგანიზმში მისი საშუალო თერაპიული კონცენტრაცია შენარჩუნებულია 10–12 სთ-ის განმავლობაში.
მეტაბოლიზმი: პრეპარატი ღვიძლში არ მეტაბოლიზდება.
გამოყოფა: თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე მოზრდილებში ლიკაცინი-ავერსის ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) ტერმინალურ (β) ფაზაში 2–4 სთ-ია, ახალშობილებში – 5–8 სთ, უფროსი ასაკის ბავშვებში – 2.5–4 სთ. T1/2 საბოლოო მაჩვენებელი 100 სთ-ზე მეტია (პრეპარატის გამოთავისუფლება უჯრედშიდა დეპოდან). პრეპარატი ძირითადად უცვლელი სახით გამოიყოფა თირკმლებით გორგლოვანი ფილტრაციის გზით (65–94%). თირკმლის კლირენსია 79–100 მლ/წთ. ექსკრეციის სიჩქარე დამოკიდებულია ავადმყოფის ასაკზე, თირკმლის ფუნქციაზე ან/და თანმხლები პათოლოგიის არსებობაზე.
ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ კლინიკურ შემთხვევებში: თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში მოზრდილებში ამიკაცინის T1/2 დარღვევის ხარისხის შესაბამისად 100 სთ-მდე ვარირებს. მუკოვისციდოზით დაავადებულებში T1/2 1–2 სთ-ია. დამწვრობისა და ჰიპერთერმიის დროს T1/2 საშუალო მაჩვენებელთან შედარებით შეიძლება შემცირდეს კლირენსის გაზრდის გამო. პრეპარატი გამოიყოფა ჰემოდიალიზის დროს (50% 4–6 სთ-ში), პერიტონეალური დიალიზი ნაკლებად ეფექტურია (25% 48–72 სთ-ში).
ჩვენება:
გრამუარყოფითი მიკროორგანიზმებით (მათ შორის, გენტამიცინის, სიზომიცინისა და კანამიცინის მიმართ რეზისტენტული შტამები) ან გრამდადებითი და გრამუარყოფითი ასოციაციებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:
• სასუნთქი სისტემის ინფექციები: ბრონქიტი, პნევმონია, ფილტვის აბსცესი, პლევრის ემპიემა;
• სეფსისი (ნეონატალური სეფსისის ჩათვლით);
• სეპტიკური ენდოკარდიტი;
• ცნს-ის ინფექციები (მენინგიტის ჩათვლით);
• ინტრააბდომინალური ინფექციები (მათ შორის, პერიტონიტი);
• შარდსასქესო სისტემის ინფექციები (პიელონეფრიტი, ცისტიტი, ურეთრიტი, პროსტატიტი, გონორეა);
• კანისა და რბილი ქსოვილების ჩირქოვანი ინფექციები (მათ შორის, ინფიცირებული დამწვრობა, სხვადასხვა გენეზის ინფიცირებული წყლულები და ნაწოლები);
• სანაღვლე გზების ინფექციები;
• ძვლებისა და სახსრების ინფექციები (მათ შორის, ოსტეომიელიტი);
• ინფიცირებული ჭრილობები;
• პოსტოპერაციული ინფექციები;
• ოტიტი.
მიღების წესი და დოზირება:
ლიკაცინი-ავერსით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პროცესში საჭიროა თირკმლის ფუნქციის გამოკვლევა შრატში კრეატინინის კონცენტრაციის ან კრეატინინის კლირენსის განსაზღვრით.
თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებისთვის (მოზრდილები და ბავშვები) პრეპარატის კუნთში ან ვენაში შეყვანა:
ლიკაცინი-ავერსი შეყავთ კუნთში ან ვენაში (ნაკადურად 2 წთ-ის განმავლობაში ან წვეთოვნად) 5 მგ/კგ სხეულის მასაზე ყოველ 8 სთ-ში ან 7.5 მგ/კგ სხეულის მასაზე ყოველ 12 სთ-ში.
საშარდე გზების გაურთულებელი ბაქტერიული ინფექციების დროს ინიშნება 250 მგ ამიკაცინი ყოველ 12 სთ-ში, ჰემოდიალიზის სეანსის შემდეგ შეიძლება დაინიშნოს დამატებითი დოზა – 3–5 მგ/კგ სხეულის მასაზე.
დამწვრობის დროს პრეპარატი შეიძლება დაინიშნოს 5–7.5 მგ/კგ სხეულის მასაზე ყოველ 4–6 სთ-ში შემოკლებული ნახევარგამოყოფის პერიოდის (1–1.5 სთ) გამო.
მოზრდილებში პრეპარატის მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 15 მგ/კგ სხეულის მასაზე, რომელიც ამავე დროს არ უნდა აღემატებოდეს 1.5 გ-ს (მაგალითად, სხეულის დიდი მასის მქონე პაციენტებში). მკურნალობის კურსის მაქსიმალური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 15 გ-ს.
ახალშობილებში ამიკაცინის საწყისი დოზაა 10 მგ/კგ სხეულის მასაზე, მომდევნო – 7.5 მგ/კგ სხეულის მასაზე ყოველ 12 სთ-ში; დღენაკლულ ახალშობილებში რეკომენდებული საწყისი დოზაა 10 მგ/კგ სხეულის მასაზე, მომდევნო – 7.5 მგ/კგ სხეულის მასაზე ყოველ 18–24 სთ-ში.
დასაშვებია პრეპარატის მთლიანი სადღეღამისო დოზის ერთჯერადად მიღება (გამონაკლისია ენდოკარდიტის, მენინგიტის მკურნალობა, ახალშობილობის პერიოდი). ერთჯერადი ინტრავენური სადღეღამისო დოზა მოზრდილებში (კრეატინინის კლირენსი > 50 მლ/წთ) შეადგენს 15 მგ/კგ სხეულის მასაზე, 4 კვირაზე მეტი ასაკის ბავშვებში – 20 მგ/კგ სხეულის მასაზე (ბავშვებში გაზრდილი განაწილების მოცულობის (Vდ) გამო ინიშნება პრეპარატის შედარებით მეტი დოზა კგ სხეულის მასაზე გადაანგარიშებით).
მკურნალობის ხანგრძლივობა ამიკაცინის ვენაში შეყვანისას 3–7 დღეა, კუნთში შეყვანისას – 7–10 დღე.
ორგანიზმში მოქმედი ნივთიერების ადეკვატური კონცენტრაციის შესანარჩუნებლად რეკომენდებულია სისხლის შრატში ამიკაცინის მინიმალური და მაქსიმალური კონცენტრაციების პერიოდული განსაზღვრა. აღნიშნული მაჩვენებლები პრეპარატის მიღების სიხშირეზეა დამოკიდებული. დღეში 2–3-ჯერ მიღებისას პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია (პრეპარატის მიღებიდან 30–90 წთ-ში) 35 მკგ/მლ-ს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო მინიმალური კონცენტრაცია მომდევნო დოზის შეყვანის წინ 10 მკგ/მლ-ზე ნაკლები უნდა იყოს. მთლიანი სადღეღამისო დოზის ერთჯერადად მიღებისას აქტიური კომპონენტის კონცენტრაცია შრატში შეიძლება აჭარბებდეს 35 მკგ/მლ-ს, ხოლო მინიმალური კონცენტრაცია არ უნდა აღემატებოდეს 5 მკგ/მლ-ს. ამიკაცინის თერაპიული კონცენტრაცია პლაზმაში არის 15–25 მკგ/მლ.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი < 50 მლ/წთ) საჭიროა დოზირების რეჟიმის კორექცია: პრეპარატის დოზის შემცირება ან მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდა.
თირკმლის უკმარისობის დროს არ არის რეკომენდებული მთლიანი სადღეღამისო დოზის (15 მგ/კგ სხეულის მასაზე) ერთჯერადად მიღება.
რეკომენდებული ერთჯერადი დოზა (7.5 მგ/კგ სხეულის მასაზე) მიღებებს შორის გაზრდილი ინტერვალით:
მიღებებს შორის ინტერვალი შემდეგნაირად განისაზღვრება:
ინტერვალი (სთ) = კრეატინინის კონცენტრაცია სისხლის შრატში 9.
ინტერვალის გაზრდის შემთხვევაში ერთჯერადი დოზა არ იცვლება.
შემცირებული დოზა მიღებებს შორის ფიქსირებული ინტერვალით:
საწყისი დოზაა 7.5 მგ/კგ სხეულის მასაზე. მომდევნო შემცირებული დოზები ყოველ 12 სთ-ში მიიღება და მათი განსაზღვრა შესაძლებელია შემდეგი ფორმულით:
პაციენტის კრეატინინის კლირენსი
(მლ/წთ)
მომდევნო დოზა (მგ) = ___________________________ საწყისი დოზა (მგ)
კრეატინინის კლირენსი ნორმაში
(მლ/წთ)
ვენაში შესაყვანი ხსნარების მომზადება:
ინტრავენური ინფუზიისათვის განკუთვნილი ხსნარის მოსამზადებლად იყენებენ შემდეგ გამხსნელებს:
• 5% დექსტროზის საინექციო ხსნარი;
• 5% დექსტროზისა და 0.2% ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარი;
• 5% დექსტროზისა და 0.45% ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარი;
• 0.9% ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარი;
• რინგერის ლაქტატის საინექციო ხსნარი;
• რინგერის ლაქტატისა და 5% დექსტროზის საინექციო ხსნარი.
ამიკაცინის რეკომენდებული დოზა იხსნება 100–200 მლ სტერილურ გამხსნელში. ამიკაცინის კონცენტრაცია ხსნარში არ უნდა აღემატებოდეს 5 მგ/მლ-ს. ინტრავენური ინფუზიის ხანგრძლივობაა 0.5–1 სთ, ჩვილ ბავშვებში – 1–2 სთ.
2.5–5.0 მგ/მლ კონცენტრაციით მომზადებული ლიკაცინი-ავერსის ხსნარი სტაბილურია 24 სთ-ის განმავლობაში 25ºჩ ტემპერატურაზე.
გვერდითი მოვლენები:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის გაზრდა, ჰიპერბილირუბინემია);
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ანემია, ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია;
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, ძილიანობა, ნეიროტოქსიკური მოქმედება (კუნთების ტრემორი, პარესთეზია, ეპილეფსიური კრუნჩხვები), ნერვ-კუნთოვანი გადაცემის დარღვევა (სუნთქვის შეჩერება);
გრძნობათა ორგანოების მხრივ: ოტოტოქსიკურობა – სმენის დაქვეითება, ვესტიბულური (მოძრაობის დისკოორდინაცია და სხვა) და ლაბირინთული დარღვევები, შეუქცევადი სიყრუე; ცალკეულ შემთხვევებში ამიკაცინის თვალის მინისებრ სხეულში შეყვანისას შეიძლება განვითარდეს სისხლჩაქცევა ბადურაზე ყვითელი ხალის მიდამოში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის შეუქცევადი დაკარგვა;
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ნეფროტოქსიკურობა – ოლიგურია, პროტეინურია, მიკროჰემატურია, იშვიათად – თირკმლის უკმარისობა;
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, კანის ჰიპერემია, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება;
სხვა: ჰიპოტენზია, ართრალგია, ჰიპომაგნემია.
გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი განსაკუთრებით დიდია თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.
უკუჩვენება:
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის ან ამინოგლიკოზიდების ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკების მიმართ;
• სმენის ნერვის ნევრიტი;
• თირკმლის მძიმე უკმარისობა აზოტემიით და ურემიით.
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება მიასთენიის, პარკინსონიზმის, ბოტულიზმის (ამინოგლიკოზიდებმა შეიძლება გამოიწვიოს ნერვ-კუნთოვანი ბლოკადა, რაც უფრო მეტად ადუნებს ჩონჩხის მუსკულატურას), დეჰიდრატაციის, თირკმლის უკმარისობის დროს, ასევე ახალშობილებსა (განსაკუთრებით, დღენაკლულებში) და ხანდაზმულ პაციენტებში.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ლიკაცინი-ავერსი ფარმაცევტულად შეუთავსებელია პენიცილინისა და ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკებთან, ჰეპარინთან, კაპრეომიცინთან, ამფოტერიცინ B-სთან, ჰიდროქლოროთიაზიდთან, ერითრომიცინთან, ნიტროფურანტოინთან, B და C ჯგუფის ვიტამინებთან, კალიუმის ქლორიდთან.
ამიკაცინი ავლენს სინერგიზმს კარბენიცილინთან, ბენზილპენიცილინთან, ცეფალოსპორინებთან (თირკმლის მძიმე ქრონიკული უკმარისობის დროს ბეტა-ლაქტამურმა ანტიბიოტიკებმა შეიძლება შეამციროს ამინოგლიკოზიდების ეფექტი) ურთიერთქმედებისას.
ამიკაცინის და ნალიდიქსის მჟავას, პოლიმიქსინ B-ს, ცისპლატინისა და ვანკომიცინის ერთდროული გამოყენებისას იზრდება ოტო- და ნეფროტოქსიკურობის განვითარების რისკი.
ცეფალოსპორინები, პენიცილინები, სულფანილამიდური, დიურეზული (განსაკუთრებით, ფუროსემიდი) და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები ბლოკავს ამინოგლიკოზიდების ელიმინაციას ნეფრონის მილაკებში მათთან კონკურენტული სეკრეციის გამო, ზრდის სისხლის შრატში მათ კონცენტრაციას, რითაც აძლიერებს ამ პრეპარატების ნეფრო- და ნეიროტოქსიკურობას.
ამიკაცინი აძლიერებს კურარესმაგვარი სამკურნალო საშუალებების მიორელაქსაციურ მოქმედებას.
მეტოქსიფლურანი, პარენტერული გამოყენების პოლიმიქსინები, კაპრეომიცინი და სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ბლოკავს ნერვ-კუნთოვან გადაცემას (საანესთეზიო ინჰალაციური ჰალოგენიზებული ნახშირწყალბადები, ნარკოტიკული ანალგეტიკები), ასევე ციტრატული სისხლის მასიური ტრანსფუზია ზრდის სუნთქვის გაჩერების რისკს (განსაკუთრებით, ამიკაცინის ინტრაპერიტონეალური შეყვანისას).
ინდომეტაცინის პარენტერული შეყვანა ზრდის ამინოგლიკოზიდების ტოქსიკური მოქმედების რისკს (T1/2 იზრდება, კლირენსი მცირდება).
ამიკაცინი ამცირებს ანტიმიასთენური სამკურნალო საშუალებების ეფექტს.
ჰიპერდოზირება:
სიმპტომები: ტოქსიკური რეაქციები (სმენის დაკარგვა, ატაქსია, თავბრუსხვევა, შარდვის აქტის დარღვევა, წყურვილის შეგრძნება, მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, ყურებში შუილი ან დაგუბების შეგრძნება, სუნთქვის დარღვევა).
მკურნალობა: ნერვ-კუნთოვანი ბლოკადის მოსახსნელად და მისი შედეგების კორექციისათვის მიზანშეწონილია ჰემოდიალიზის ან პერიტონეალური დიალიზის ჩატარება; ანტიქოლინესთერაზული საშუალებებისა და კალციუმის მარილების დანიშვნა, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის, სხვა სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპიის ჩატარება.
ორსულობა და ლაქტაცია:
ადეკვატური და სათანადოდ კონტროლირებადი კლინიკური კვლევების არარსებობის გამო ორსულობის პერიოდში ამიკაცინის გამოყენება რეკომენდებული არ არის. პრეპარატის ორსულობის დროს გამოყენება დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს.
პრეპარატი მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში, მაგრამ კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ცუდად შეიწოვება, ამიტომ ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებში ამიკაცინით გამოწვეული გართულებები რეგისტრირებული არ არის. მიუხედავად ამისა, ლიკაცინი-ავერსით მკურნალობის პერიოდში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.
გამოყენების თავისებურებები:
ლიკაცინი-ავერსის გამოყენების წინ განსაზღვრავენ დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების მგრძნობელობას ამიკაცინის მიმართ. ამისათვის იყენებენ სპეციალურ დისკებს, რომლებიც შეიცავს 30 მკგ ამიკაცინს. თუ დისკზე მიკროორგანიზმის ზრდისაგან თავისუფალი ზონის დიამეტრი უდრის ან აღემატება 17 მმ-ს, მიიჩნევა, რომ მიკროორგანიზმი მგრძნობიარეა ამიკაცინის მიმართ, თუ დიამეტრი 15 მმ-დან 16 მმ-მდეა – მიკროორგანიზმი ზომიერად მგრძნობიარეა, 14 მმ-ზე ნაკლები დიამეტრის შემთხვევაში – მიკროორგანიზმი რეზისტენტულია.
მკურნალობის პერიოდში არანაკლებ კვირაში ერთხელ საჭიროა თირკმლის, სმენის ნერვისა და ვესტიბულური აპარატის ფუნქციების კონტროლი.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის სიმპტომების გამოვლენისას საჭიროა დოზის კორექცია ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა (ჰიპერაზოტემიის ან/და ოლიგურიის შემთხვევაში).
ნეფრო- და ნეიროტოქსიკურობის (მათ შორის, ოტოტოქსიკურობა) განვითარების რისკი შედარებით მაღალია თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, ასევე პრეპარატის მაღალი დოზით (დღე-ღამეში 1.5 გ-ზე მეტი) ან/და ხანგრძლივი დროით (10 დღეზე მეტი) დანიშვნისას. ავადმყოფების ამ კატეგორიას შეიძლება დასჭირდეს თირკმლის ფუნქციის ყოველდღიური კონტროლი.
არადამაკმაყოფილებელი აუდიომეტრული ტესტის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა. პაციენტებს, რომლებსაც უვითარდებათ კოხლეარული დარღვევა ამიკაცინით მკურნალობის პროცესში, ტოქსიკური ეფექტის მანიშნებელი სიმპტომები შეიძლება არ აღენიშნებოდეს. სრული ან ნაწილობრივი, შეუქცევადი, ორმხრივი სიყრუე შეიძლება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ გამოვლინდეს.
შარდგამომყოფი გზების ინფექციურ-ანთებითი დაავადების მქონე პაციენტებისათვის რეკომენდებულია სითხის დიდი რაოდენობით მიღება.
სამკურალო პრეპარატის შემადგენლობაში შემავალმა ნატრიუმის მეტაბისულფიტმა ალერგიული ანამნეზის მქონე ავადმყოფებში შეიძლება განაპირობოს ალერგიული გართულებების განვითარება (ანაფილაქსიური რეაქციების ჩათვლით).
მკურნალობის 3–5 დღის შემდეგ დადებითი კლინიკური დინამიკის არარსებობის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ამიკაცინის მიმართ დაავადების გამომწვევის მგრძნობელობის კიდევ ერთხელ განსაზღვრა (საეჭვოა მიკროორგანიზმთა რეზისტენტული შტამების განვითარება).
შეფუთვა:
2 მლ საინექციო ხსნარი გამჭვირვალე მინის ფლაკონში ყვითელი (100 მგ/2 მლ) ან იისფერი (500 მგ/2 მლ) თავსახურით; 10 ფლაკონი მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. დაუშვებელია პრეპარატის გაყინვა.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა რეცეპტით.
მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).
მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.
www.aversi.ge