ნიფედიპინი
NIFEDIPINE
NIFEDIPINE
საერთაშორისო დასახელება - nifedipine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ანტიჰიპერტენზიული საშუალებები; კალციუმის არხების ბლოკატორები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
40 ტაბ. 10 მგ
ნიფედიპინის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - ნიფედიპინის 10 მგ-ს.
მოქმედების მექანიზმი
დიჰიდროპირიდინიდან წარმოებული კალციუმის არხების სელექციური ბლოკატორი (II კლასის). ნიფედიპინი აფერხებს კალციუმის იონების შეღწევას კარდიომიოციტებსა და სისხლძარღვთა გლუვი კუნთების უჯრედებში. ახასიათებს ანტიანგინალური მოქმედება. აქვეითებს სისხლძარღვთა გლუვი კუნთების ტონუსს. აფართოებს კორონარულ და პერიფერიულ არტერიებს, აქვეითებს საერთო პერიფერიულ სისხლძარღვოვან წინააღმდეგობას, არტერიულ წნევას და უმნიშვნელოდ მიოკარდიუმის კუმშვადობას, ამცირებს მიოკარდიუმის მიერ ჟანგბადის ხარჯვას. აუმჯობესებს კორონარულ სისხლმომარაგებას. პრაქტიკულად არ ახასიათებს ანტიარითმული აქტივობა. არ თრგუნავს მიოკარდიუმის გამტარობას. პრეპარატი სწრაფად და პრაქტიკულად მთლიანად (დაახლოებით 90%) აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. Cmax მიიღწევა 0.5-2 სთ-ში. პლაზმის ცილებს უკავშირდება ნიფედიპინის 92-98%. ნიფედიპინი ღვიძლში “პირველადი გავლის” დროს განიცდის მეტაბოლიზმს. დოზის 70-80% გამოიყოფა არააქტიური მეტაბოლიტების სახით შარდთან და ფეკალურ მასებთან ერთად.
ჩვენებები
- სტაბილური სტენოკარდია;
- სტენოკარდიული შეტევების პროფილაქტიკა, მათ შორის ვაზოსპასტიური მოსვენების (პრინცმეტალის) სტენოკარდია;
- სხვადასხვა გენეზის არტერიული ჰიპერტონია, ჰიპერტონული კრიზი;
- რეინოს სინდრომი.
მიღების წესები და დოზები
დოზირება ხდება ინდივიდუალურად. რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ-ს 3-4-ჯერ დღეში, საჭიროებისას დოზას თანდათანობით უმატებენ 20 მგ-მდე 3-4-ჯერ დღეში, განსაკუთრებულ შემთხვევებში ხანმოკლე დროით დასაშვებია დოზის გაზრდა 30 მგ-მდე 3-4-ჯერ დღეში. ჰიპერტონული კრიზის და სტენოკარდიული შეტევის კუპირების დროს შესაძლებელია ნიფედიპინის სუბლინგვალური გამოყენება დოზით 10-20 მგ (იშვიათად 30 მგ). პრეპარატის მიღება დამოკიდებული არ არის საკვების მიღებაზე.
გვერდითი მოვლენები
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: კანის ჰიპერემია, წამოწითლება, წამოხურება, ტაქიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია, პერიფერიული შეშუპება, ზოგჯერ: ბრადიკარდია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, ასისტოლია, სტენოკარდიული შეტევების გაძლიერება. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, გულძმარვა, დიარეა, პირის სიმშრალე, შესაძლებელია ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მატება, ქოლესტაზი (დიდი დოზით ხანგრძლივი გამოყენებისას). ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კიდურების პარესთეზია, ტკივილი კუნთებში, ტრემორი, მხედველობის მსუბუქი დარღვევა, ძილის დარღვევა (დიდი დოზით ხანგრძლივი გამოყენებისას). სისხლმბადი სისტემის მხრივ: ერთეულ შემთხვევაში - ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია. ალერგიული რეაქციები: შესაძლებელია კანზე გამონაყარი.
უკუჩვენება
პრეპარატის დანიშვნის უკუჩვენებებია - არტერიული ჰიპოტენზია (სისტოლური ა/წ ნაკლები 90 მმ.ვწყ. სვ.), QRS კომპლექსის გაფართოებით მიმდინარე პარკუჭოვანი ტაქიკარდია; სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი; WPW და LGL სინდრომი; II და III ხარისხის AV ბლოკადა; კარდიოგენული შოკი; გულის უკმარისობა დეკომპენსაციის ფაზაში, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი (პირველი 4 სთ), აორტის სტენოზი, ნიფედიპინისადმი მაღალი მგრძნობელობა.
განსაკუთრებული მითითებები
ნიფედიპინის მიღება ორსულობის დროს არ არის რეკომენდებული. ნიფედიპინი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად, ამდენად პრეპარატით მკურნალობის დროს ლაქტაციის პერიოდში მიზანშეწონილია ძუძუთი კვების შეწყვეტა. მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის, ტვინის სისხლმომარაგების მძიმე დარღვევების, შაქრიანი დიაბეტის, ღვიძლის და/ან თირკმლების ფუნქციური უკმარისობის, ავთვისებიანი ჰიპერტენზიისა და ჰიპოვოლემიის დროს, ასევე ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში ნიფედიპინი ინიშნება ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. ნიფედიპინით მკურნალობის ფონზე გულმკერდში ტკივილის შეგრძნებისას პრეპარატი უნდა მოიხსნას. “მოხსნის სინდრომის” განვითარების თავიდან ასაცილებლად საჭიროა პრეპარატის თანდათანობითი მოხსნა (განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ). მკურნალობის დროს დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება და თამბაქოს მოწევა. ბეტა-ადრენობლოკატორები, დიურეტიკები, სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები აძლიერებენ ნიფედიპინის ჰიპოტენზიურ ეფექტს. ნიტრატებთან ერთად ძლიერდება ნიფედიპინის ანტიანგინალური ეფექტი. ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ციმეტიდინი, რანიტიდინი აძლიერებენ ნიფედიპინის მოქმედებას. ნიფედიპინისა და დიგოქსინის ან თეოფილინის ერთდროული დანიშვნისას შესაძლებელია უკანასკნელთა კონცენტრაციის შემცირება სისხლის პლაზმაში. კალციუმის პრეპარატები ასუსტებენ ნიფედიპინის მოქმედებას.
ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბებისას: შესაძლებელია გვერდითი მოვლენების გამოხატულების გაძლიერება.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-25ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტის მიხედვით!
მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
ჯი-ემ-პი
საქართველო