40 წუთში გადარჩენილი გული!

  • 05 სექტემბერი 2016

გულის იშემიური დაავადება სიკვდილის  ნომერ პირველი მიზეზი არის თანამედროვე კარდიოლოგიასა და

მედიცინაში. კორონარული ინტერვენცია დაავადების დიაგნოსტიკის და მკურნალობის ოქროს სტანდარტად არის აღიარებული მთელს სამედიცინო სამყაროში. აღნიშნული დამზოგველი და ნაკლებტრავმული ჩარევა  მნიშვნელოვნად ამცირებს უეცარი კარდიული სიკვდილის ალბათობას. კორონარულ ინტერვენციას  წარმატებით ახორციელებს ქირურგიის ეროვნული ცენტრის ინტერვენციული კარდიოლოგიის დეპარტამენტი. აღნიშნული პრობლემური საკითხის ირგვლივ  პაციენტთა დიდი ინტერესის გათვალისწინებით, ინფორმაციისა და კომპეტენტური რჩევების მიღების მიზნით გავესაუბრეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ინტერვენციულ კარდიოლოგს ბატონ ზურაბ ლელაძეს.


ბატონო ზურაბ, რას წარმოადგენს კორონარული სტენტირება და კორონაროგრაფია?
კორონაროგრაფია არის რენტგენკონტრასტული კვლევა, რომლის დროსაც ხდება კორონარული სისხლძარღვის (გულის მკვებავი სისხლძარღვის) დათვალიარება.
კორონარული ინტერვენცია  მოიცავს სტენოზირებული (შევიწროებული) ან ოკლუზირებული (დახშული) სისხლძარღვის გამავლობის აღდგენას სპეციალური ენდოპროთეზით (სტენტით). ჩვენს კლინიკაში მიდგომა ხორციელდება ტრანსრადიალურად (ხელიდან), რაც მნიშვნელოვანწილად ამცირებს პროცედურასთან დაკავშირებულ გართულებებს, როგორიც არის სიხლდენა, ჰემატომის განვითარება, ასევე კომფორტულია პაციენტისათვის, აღარ უწევს 8 საათის მანძილზე წოლითი რეჟიმის დაცვა.
ღია გულზე ოპერაციასთან შედარებით  კორონარული სტენტირება ნაკლებ ტრავმულია პაციენტისთვის, არ საჭიროებს ხანგრძლივ ჰოსპიტალიზებას, სტენტირება გრძელდება დაახლოებით 30–40წთ.  მანიპულაცია მიმდინარეობს ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ, არ არის მტკივნეული და არ საჭიროებს ზოგად ნარკოზს.  


რა სიახლეებს გვთავაზობს ქირურგიის ეროვნული ცენტრის ინტერვენციული კარდიოლოგიის დეპარტამენტი და რა ტექნიკური ბაზით არის აღჭურვილი თქვენი მიმართულება?
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ინტერვენციული კარდიოლოგიის დეპარტამენტი აღჭურვილია  თანამედროვე იაპონური წარმოების ორმკლავიანი ანგიოგრაფით Shimadzu Trinias B12, რომელიც ექსკლუზიური გახლავთ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს ამიერკავკასიაში და მისი პირველი მყიდველები იაპონიის საზღვრებს გარეთ ჩვენი კლინიკა გახლავთ. აღნიშნული აპარატი, მე როგორც ინტერვენციულ კარდიოლოგს დელიკატური ოპერაციების მკვეთრი სიზუსტით შესრულების და მაქსიმალური რეზულტატის მიღების საშუალებას მაძლევს. ორმკლავიანი ანგიოგრაფი საშუალებას მაძლევს ჩავატარო ნებისმიერი სირთულის კორონარული ინტერვენცია, როგორიც არის: მიოკარდიუმის ინფარქტის შემთხვევაში გადაუდებელი სტენტირება, მარცხენა კორონარული ღეროს სტენტირება, ბიფურკაციული სტენტირება, ქრონიკული ტოტალური  ოკლუზიის რეკანალიზება ანტრეგრადული და რეტროგრადული მიდგომით.

როდის უნდა მიმართოს პაციენტმა ინტერვენციულ კარდიოლოგს და რა სიმპტომებს უნდა მიაქციოს ყურადღება?
პაციენტმა ყურადღება უნდა მიაქციოს ისეთ სიმპტომებს როგორიც არის ტკივილი გულმკერდის  არეში ფიზიკური დატვირთვის დროს, რომლის მოხსნაც გაძნელებულია.  პაციენტმა უნდა მოგვმართოს ინტერვენციულ კარდიოლოგებს იმ შემთხვევაში თუ მიოკარდიუმის ინფარქტის  განვითარების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან, ასეთ პაციენტთა ჯგუფს მიეკუთვნება შაქრიანი დიაბეტის და დამძიმებული  გენეტიკური ანამნეზის მქონე პირები, პაციენტები, რომელთაც გადატანილი აქვთ მიოკარდიუმის ინფარქტი, პაციენტები, რომელთა შემთხვევაში საეჭვოა  გულის იშემიური დაავადება და სტენოკარდია,  პაციენტები, რომელთაც ერთხელ უკვე ჩატარებული აქვთ კორონარული ინტერვენცია(სტენტირება)და კვლავ აღენიშნებათ ტკივილი გულმკერდის არეში.


ბატონო ზურაბ, რა შემთხვევაში დგება კორონარული ინტერვენციის სასწრაფოდ ჩატარების აუცილებლობა და თუ ემსახურება თქვენი დეპარტამენტი ურგენტულ შემთხვევებს?
სასწრაფო კორონარული ინტერვენციის ჩვენებას წარმოადგენს მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის დიაგნოზი და მისი სიცოცხლისათვის საშიში გართულება –  კარდიოგენული შოკი. ასეთ შემთხვევაში ძალზედ მნიშვნელოვანია დროულად იქნას დაწყებული მიოკარდიუმის რეპერფუზიული თერაპია. ჩვენს  კლინიკაში შექმნილია კარდიოინტენსიური თერაპიის  სამსახური, შეკრებილია  პროფესიონალთა გუნდი, რომელიც საერთაშორისო გაიდლაინების და პროტოკოლების სრული დაცვით 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს  სასწრაფო კორონაროგრაფიის და კორონარული სტენტირების ჩატარების უწყვეტობას. 

როგორ მიმდინარეობს სარეაბილიტაციო პერიოდი კორონარული ინტერვენციის დროს?
კორონარული ინტერვენციის შემდეგ, როგორც ზემოთ მოგახსენეთ  სარეაბილიტაციო პერიოდი ძალზე მოკლეა, გეგმიური მანიპულაციის შემდეგ პაციენტის ბინაზე გაწერა შესაძლებელია იმავე დღეს, ხოლო გადაუდებელი ანუ ურგენტული ინტერვენციის( სტენტირების ) შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის პერიოდი შიადგენს    3–4– დღეს.


რამდენად გეგმავთ ინოვაციური იდეების გენერირებას მომავალში?
ინტერვენციული კარდიოლოგია ეს არ არის მხოლოდ კორონარული ინტერვენცია. ჩვენ სურვილი გვაქვს დავიწყოთ ინტერვენციული ჩარევები გულის შეძენილი მანკების კორექციის მიზნით და ისეთი პათოლოგიების არსებობისას როდესაც პაციენტი  მაღალი რისკის ქვეშ დგას ღია ქირურგიის შემთხვევაში, რაც ინოვაციურ მიმართულებას წარმოადგენს ჩვენს ქვეყანაში.

თქვენთვის პრობლემატურ ნებისმიერ საკითხზე კონსულტაციის მიზნით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ბატონ ზურაბ ლელაძეს ნომერზე 595 415 415




კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.