ქირურგიის ეროვნული ცენტრი გილოცავთ ახალ წელს!

ქირურგიის ეროვნული ცენტრი გილოცავთ ახალ წელს!

მიიწურა 2017 წელი.

მთელი ეს პერიოდი ჩვენი კლინიკა და მისი თითოეული წევრი სრული შემართებით იდგა თქვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე. ამის თვალსაჩინო დადასტურებაა კლინიკის მიერ წლის განმავლობაში მიღებული და გატარებული 33 000–ზე მეტი პაციენტი, 3 000–ზე მეტი წარმატებული ოპერაცია.

გაიზარდა მადლიერი პაციენტების რიცხვი. კლინიკისთვის და ექიმისთვის ყველაზე დიდი ჯილდო სწორედ მადლიერი და გამოჯანმრთელებული პაციენტია. ჩვენი კლინიკა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სამედიცინო მომსახურება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობისთვის. ქირურგიის ეროვნული ცენტრი კვირაში რამდენიმე დღე რეგულარულად აწარმოებს უფასო კონსულტაციის აქციებს. ეს მომსახურება, რომელიც კლინიკაში 2012 წლიდან დაინერგა, წელსაც წარმატებით მიმდინარეობდა. შემოთავაზებულ უფასო კონსულტაციებთან ერთად, კლინიკა გთავაზობდათ სხვადასხვა სამედიცინო კვლევას უპრეცედენტო ფასდაკლებით. მთელი წლის განმავლობაში ამ აქციებით ბევრმა ადამიანმა ისარგებლა.


ამასთან, ქირურგიის ეროვნული ცენტრი სამედიცინო გასინჯვების აქციას სთავაზობს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასაც – „ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე!“ სწორედ ამ ლოზუნგით ერთიანდებიან ქირურგიის ეროვნული ცენტრის მაღალკვალიფიციური ექიმები და რეგულარულად ჩადიან რეგიონებში, სადაც აქციაზე მისულ ადამიანებს უფასო სამედიცინო გასინჯვას უტარებენ. რეგიონებში აქციების მნიშვნელოვანი ბენეფიტია მედიკამენტები, რასაც უსასყიდლოდ გვაწვდის „ავერსი ფარმა“. შესაბამისად, უფასო გასინჯვებზე მისული რეგიონის მოსახლეობა სრულიად უსასყიდლოდ იღებს მისთვის საჭირო მედიკამენტს. 2017 წელს ამ სერვისით ისარგებლეს ქარელის, გურჯაანის, მესტიის რაიონების სოფლების და ასევე მარტყოფის მოსახლეობამ.


2017 წელს ქირურგიის ეროვნულ ცენტრს ახალი სამედიცინო სერვისი შეემატა, კლინიკაში გაიხსნა სისხლის ბანკი. ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლის ბანკი აღჭურვილია „ფრეზენიუსის“ წარმოების მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე სისხლის სეპარირების აპარატით სახელწოდებით „ამიკუსი“. ჩვენს კლინიკაში დონაცია სასარგებლოა როგორც რეციპიენტისთვის, ასევე თავად დონორისთვის, რასაც უზრუნველყოფს აღნიშნული აპარატის ულტრათანამედროვე ფუნქციები.


2017 წელს ქირურგიის ეროვნული ცენტრის შემადგენლობაში გადავიდა კლინიკა „ახალი სიცოცხლე“, რომელიც მრავალპროფილურ კლინიკად გარდაიქმნა. კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მთავარ პროფილს წარმოადგენდა მეანობა და ნეონატოლოგია და ამ მიმართულებით ფუნქციონირებას კვლავ განაგრძობს. ჩატარდა სარემონტო სამუშაოები, გაიხსნა ახალი თანამედროვე ტიპის განყოფილებები, მაგალითად, ქირურგია, მულტიპროფილური დეპარტამენტი, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი. „ახალ სიცოცხლეში“ მისულ პაციენტს ყველა პროფილის პროფესიონალი ექიმი ემსახურება.


ქირურგიის ეროვნული ცენტრი 2018 წელს სიახლით ეგებება. ჩვენს კლინიკაში სულ მალე იფუნქციონირებს ულტრათანამედროვე ტექნიკით და პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტი. ამ პროექტის მეშვეობით, პაციენტებს შევთავაზებთ მაღალი სტანდარტის მკურნალობას, რაც სამედიცინო თვალსაზრისით უკვე მიღებული პრაქტიკაა განვითარებულ ქვეყნებში. ჩვენს კლინიკაში სამომავლოდ ონკოლოგიურ პაციენტებს საშუალება ექნებათ მზრუნველ გარემოში მიიღონ ინდივიდუალიზირებული, უმაღლესი ხარისხის ონკოლოგიური მკურნალობის სრული სერვისი, მათ შორის, თანამედროვე ტიპის ლაბორატორიული კვლევები და სხვა სადიაგნოზო საშუალებები, ხოლო მკურნალობისთვის გამოვიყენებთ ყველა მეთოდს მათ შორის ქირურგიას, ქიმიოთერაპიას, ჰორმონოთერაპიას, იმუნო და ტარგეტულ თერაპიას. რადიოთერაპია განხორციელდება Varian–ის ფირმის სხივური ამაჩქარებლით.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი მაქსიმალურად ცდილობდა თქვენი ნდობისა და პატივისცემის დამსახურებას, იგივე გაგრძელდება მომავალშიც. ჩვენ კვლავ 24 საათის განმავლობაში ვიზრუნებთ თქვენს ჯანმრთელობასა და რეაბილიტაციაზე. კვლავ დიდი გულისყურით მოვეკიდებით თქვენს სურვილებს.

გილოცავთ ახალ 2018 წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და კეთილდღეობას!
მადლობას გიხდით ნდობისთვის!

გისურვებთ ჯანმრთელობას!