12 მაისი ექთნების საერთაშორისო დღეა!

  • 11 მაისი 2017

როგორია ექთნის ერთი დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრში?



ექთანს ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის სამედიცინო სისტემაში განსაკუთრებულად საპატიო ადგილი უკავია.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის წარმატებულ ფუნქციონირებაში დიდი წვლილი მიუძღვის საექთნო სამსახურს. საექთნო საქმე წარმოადგენს დამოუკიდებელ საქმიანობას, რომლის ძირითადი მიზანია ყველა ასაკობრივი ჯგუფის პაციენტთა კვალიფიციური მოვლა და სამკურნალო ღონისძიებათა შესრულება.

როგორც ქირურგიის ეროვნული ცენტრის მთავარმა ექთანმა, ქეთევან ქოქიაურმა ჩვენთან ინტერვიუში განმარტა, ექთნები თითოეულ პაციენტზე ისევე ზრუნავენ, როგორც საკუთარი ოჯახის წევრზე. ინტერვიუს მსვლელობისას, ქალბატონმა ქეთევანმა გაიხსენა საინტერესო შემთხვევა, როდესაც პაციენტმა წლების შემდეგ სწორედ იმ ექთანს მოანათვლინა შვილი, რომელიც მკურნალობის პროცესში მასზე ზრუნავდა.

12 მაისს მსოფლიო ექთნების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

ექთნების საერთაშორისო დღე აღინიშნება 1974 წლიდან. ექთნების საერთაშორისო საბჭომ (ICN)  მიიღო გადაწყვეტილება, რომ ექთნების საერთაშორისო დღედ ფლორენს ნაითინგელის დაბადების დღე, 12 მაისი ყოფილიყო. ეს არის ქალბატონი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საექთნო საქმის, როგორც პროფესიის ჩამოყალიბებას და განვითარებას.

პროფესიული დღესასწაული აღინიშნება ქირურგიის ეროვნულ ცენტრში.
ექთნებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს ქირურგიის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ბატონი ლაშა ბაზაძე.

„ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კლინიკისთვის და ზოგადად, სამედიცინო საზოგადოებისთვის. ვამაყობ ქირურგიის ეროვნული ცენტრის საექთნო სამსახურით და ვფიქრობ, რომ ერთ–ერთი სერიოზული სეგმენტია კლინიკის საქმიანობაში. მსოფლიო 1974 წლიდან აღნიშნავს ექთნების საერთაშორისო დღეს. ქირურგიის ეროვნული ცენტრი არაერთი საინტერესო ღონისძიებით უერთდება ამ თარიღს – ყველა ექთანს ვულოცავ პროფესიულ დღესასწაულს“, – განაცხადა ბატონმა ლაშამ.   

ჩვენი რესპონდენტია ქირურგიის ეროვნული ცენტრის მთავარი ექთანი, ქეთევან ქოქიაური. ქალბატონი ქეთევანი მოგვითხრობს თუ როგორია ექთნის ერთი დღე ჩვენს კლინიკაში – მისი წყალობით „ვიმოგზაურებთ“ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში.

– ქალბატონო ქეთევან, გილოცავთ ექთნების საერთაშორისო დღეს! ქირურგიის ეროვნული ცენტრი ყოველთვის იყო და არის ფლაგმანი სამედიცინო სფეროში, საქართველოში. რა შეგრძნებასთან/პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული და დიდი ისტორიის მქონე კლინიკის მთავარი ექთნის თანამდებობა?
– ყველა ექთანს ვულოცავ პროფესიულ დღესასწაულს და ვუსურვებ წარმატებას, პროფესიულ ზრდას და ბევრ მადლიერ პაციენტს. როგორც თქვენთვის ცნობილია,  ქირურგიის ეროვნული ცენტრი ძველი ტრადიციების მქონე კლინიკაა.
დღეისათვის, ჩვენი მიზანია, ღირსეულად გავაგრძელოთ ტრადიციები მუდმივად ცვლად და მზარდი საჭიროებების გარემოში. სამედიცინო მიღწევები და თანამედროვე ტექნოლოგიები ექთნისგან მოითხოვს მაღალი დონის პროფესიულ ცოდნას, უნარებს, დარგობრივ და  ზოგად კომპეტენციებს. ვცდილობთ, რომ ვიყოთ ნოვატორები და ვთქვათ ახალი სიტყვა სამედიცინო სფეროში.
კლინიკის მთავარი ექთნის თანამდებობა დიდი პასუხისმგებლობაა. კლინიკა დღითიდღე იზრდება, ვითარდება და ბედნიერი ვარ, რომ ამ მოვლენების ეპიცენტრში ვარ.

– როგორია ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექთნის ერთი დღე?
– კლინიკა არის მრავალპროფილური, ფუნქციონირებს უამრავი სერვისი. აქედან გამომდინარე, ყველა ექთნის დღე იწყება ერთნაირი სისტემით და შემდეგ მათი მოვალეობიდან და დეპარტამენტის სპეციფიკიდან გამომდინარე იცვლება, ხდება მრავალფეროვანი. ექთანი ვალდებულია დილის 9:00 საათზე გამოცხადდეს კლინიკაში – თუმცა ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექთნების სამუშაო გრაფიკი იწყება გაცილებით ადრე, რადგან 9 საათისთვის მზად იყვნენ პაციენტთან ურთიერთობის დასაწყებად. ვფიქრობ, ჩვენი კლინიკის წარმატება გუნდური მუშაობის პრინციპშია და სწორედ ამ მეთოდიდან გამომდინარე, წინა ცვლის გუნდი კოლეგებს უზიარებს ინფორმაციას გავლილი მორიგეობის შესახებ: ხდება თითოეული პაციენტის განხილვა/გადაბარება – საუბრობენ პაციენტის როგორც ფიზიკურ, ასევე სულიერ მდგომარეობაზე. ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტმა იგრძნოს ექთნის გულისხმიერება, კეთილგანწყობა, რადგან სულიერი განწყობა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია გამოჯანმრთელების პროცესში. ჩემი აზრით, ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექთნების ერთ–ერთი მთავარი ღირსება პროფესიონალიზმთან ერთად, მათი პაციენტისადმი დამოკიდებულებაა – ჩვენი ექთნებისთვის პაციენტი არა მხოლოდ მოვლისა და მკურნალობის ობიექტია, არამედ ადამიანი, რომელსაც მძიმე წუთებში სჭირდება არამარტო ფიზიკური ზრუნვა, არამედ სულიერი თანადგომა. ახალი ცვლა უშუალოდ ეცნობა ჩაბარებულ პაციენტს, აცნობს მას მოვლის გეგმას, ითვალისწინებს მის განცდებს, გეგმავს მორიგეობას. მორიგეობაზე ექთანი ექიმის მიერ შერჩეულ დანიშნულებას ზედმიწევნით ასრულებს. 

– გთხოვთ, მკითხველს გააცნოთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის დეპარტამენტების უფროსი ექთნები.
– ქირურგიის ეროვნულ ცენტრთან პაციენტის ურთიერთობა იწყება გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტიდან. გაიცანით ჩვენი გუნდის წევრები:
გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსი ექთანი – ხათუნა პაპაშვილი.
ამბულატორიული დეპარტამენტის უფროსი ექთანი – ქეთევან ქვრივიშვილი.
ქირურგიის დეპარტამენტის უფროსი ექთანი – ნათია კაციაშვილი.
მულტიპროფილური და გინეკოლოგიის დეპარტამენტის უფროსი ექთანი – მაია ცისკარიშვილი.
ნევროლოგია–ნეიროქირურგიის დეპარტამენტის უფროსი ექთანი – მალინა სიხუაშვილი.
კლინიკური კარდიოლოგიის დეპარტამენტის უფროსი ექთანი – ვერიკო მეტრეველი.
სისხლის დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ექთანი – ინგა ჯამაკაშვილი.
მულტიპროფილური დეპარტამენტის – თერაპიული და ტოქსიკოლოგიური მიმართულების უფროსი ექთანი – ნანა ხარშილაძე.
ნეფროლოგიის, თირკმლის ტრანსპლანტაციის და ჰემოდიალიზის დეპარტამენტის უფროსი ექთანი – მაკა თოფჩიშვილი.
კრიტიკური მედიცინის დეპარტამენტის უფროსი ექთანი – ელისო აბაშიძე.
ანესთეზიოლოგიის დეპარტამენტის უფროსი ექთანი – ნათია მელუა.
ენდოვასკულური საოპერაციოს უფროსი ექთანი - თინათინ ბიჩინაშვილი.
საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი ექთანი – ლალი ჩადუნელი.
ჰემოფილიის დეპარტამენტის უფროსი ექთანი – თამილა კაცელაშვილი.

– დღეის მონაცემებით, რამდენი ექთანი ირიცხება ჩვენს კლინიკაში?
– დღეის მონაცემებით, კლინიკაში დასაქმებულია 350 ექთანი.

– ქირურგიის ეროვნულ ცენტრს ჰყავს უამრავი მადლიერი პაციენტი – ექიმებთან ერთად ლომის წილი ექთნებზეა...
– როგორც ამბობენ, ექიმები კლინიკის ტვინია, ექთნები – კლინიკის გული! ქირურგიის ეროვნული ცენტრის საექთნო სამსახური თავისი პროფესიონალიზმით, საკუთარი საქმისადმი დიდი სიყვარულით, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით, პაციენტებისა და კოლეგებისადმი კეთილგანწყობით ქმნის წარმატებული საქმიანობის გარანტიას.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში წარმატებით ხორციელდება ექთნების სასწავლო კურსები. ხარისხიანი და ეფექტური სამედიცინო სერვისების უზრუნველსაყოფად კლინიკაში შექმნილია „უწყვეტი საექთნო სწავლების სამსახური“. პროექტის კურატორია, ნინო ჩუბინიძე. ქალბატონი ნინო, სასწავლო კურსის მნიშვნელობაზე საუბრობს.

„მუდმივად მიმდინარეობს პროექტის განახლება, სასწავლო მასალის მომზადება (აუდიო და ვიდეო მასალის გამოყენება, სიტუაციური შემთხვევების განხილვა, როლური თამაში და სხვა). სასწავლო პროცესისთვის, კლინიკაში ფუნქციონირებს სასწავლო ოთახი, სადაც შესაძლებელია მულაჟზე ჩატარდეს პრაქტიკული მეცადინეობები, პრატიკული უნარ–ჩვევების დახვეწა (ყველა სახის ინექცია, სანირება, კათეტერიზება და სხვა). მნიშვნელოვანია, რომ უწყვეტი პროგრამის მასალები შედგენილია სტანდარტის სრული დაცვით და თანხვედრაშია მსოფლიოში აპრობირებული სწავლების სტილთან. ამისთვის, კლინიკაში ყველა პირობაა შექმნილი“, – განმარტავს ქალბატონი ნინო.   

ქირურგიის ეროვნული ცენტრი გილოცავთ ექთნების საერთაშორისო დღეს!

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ავტორი ეკატერინე ციცხვაია



კლინიკის სიახლეები

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ექთნების საერთაშორისო დღე ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“

ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექთნების საერთაშორისო დღე არაერთი საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია

„ავერსის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს მიეძღვნა.