შეიძლება თუ არა ორსულისთვის ზღვაში, მდინარეში, აუზსა ან ტბაში ცურვა?

შეიძლება თუ არა ორსულისთვის ზღვაში, მდინარეში, აუზსა ან ტბაში ცურვა?

ცხოვრების ჯანსაღი რეჟიმი, ადეკვატური კვება და ჰიგიენური ნორმების დაცვა მეტად მნიშვნელოვანია ორსულის ჯანმრთელობისა და ნაყოფის სწორი განვითარებისთვის.

დედის ნებისმიერი ემოცია გადადის მუცლადმყოფ პატარაზე. ორსულობა ავადმყოფობა არ არის.  ის ერთ–ერთი ლამაზი და სასიამოვნო პერიოდია ქალის ცხოვრებაში. ორსულობით გამოწვეული სიმპტომები, მაგალითად გულისრევა, ღებინება, გულძმარვა, გუნება–განწყობის ცვლილება, ეს ყველაფერი ზოგჯერ დისკომფორტს უქმნის ქალბატონს, თუმცა სწორი მიდგომით და რჩევებით სრულიად შესაძლებელია ამ მცირედი პრობლემების დაძლევა.

ერთგულ მკითხველს ემახსოვრება რჩევები ორსულობასა და უსაფრთხო მოგზაურობასთან დაკავშირებით.

თუ გსურთ, შეიტყოთ რა რეკომენდაციის გათვალისწინებაა სასურველი თვითმფრინავით, მატარებლითა თუ ავტომობილით მგზავრობისას, იხილეთ ვრცლად!

ამ ინტერვიუში კი ორსულები გაეცნობიან ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით თუ რა ეზღუდებათ ან რა აქტივობაა მათთვის უსაფრთხო ზღვისა თუ მთის კურორტებზე დასვენებისას.

გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ამბულატორიული დეპარტამენტის უფროსი და მეან–გინეკოლოგი თათია ცხომელიძე.  

„დასვენება, განტვირთვა, მზე და ზღვა ორსულებს ნამდვილად ესაჭიროებათ. ორსულობა ბუნებრივი მდგომარეობაა, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება, შესაბამისად, ორსულისთვის ზღვაში, მდინარეში, აუზსა თუ ტბაში ცურვა აკრძალული არ არის, თუმცა გასათვალისწინებელია უსაფრთხოების წესები“, – აცხადებს ქალბატონი თათია.

                                                                  ორსული და ცურვა

როგორც ქალბატონი თათია განმარტავს, ცურვა დაშვებულია ეკოლოგიურად სუფთა წყალსაცავსა და აუზში.

აღსანიშნავია, რომ ცურვა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხსნის შეშუპებას, ამცირებს წნევასა და ქოშინს, ასევე სხეულს ამზადებს მშობიარობისთვის.

„თუ თქვენი ექიმი ზღვაზე გამგზავრების ნებას დაგრთავთ, არც ჩვენ დაგაკავებთ. მარილიანი წყალი ორგანიზმს ამდიდრებს სასარგებლო ნივთიერებებით და ორსულს დადებითი ემოციებით ტვირთავს. ცურვის დროს არ არსებობს დაცემის, გადახურების, გაუწყლოვების რისკი. დიდი დატვირთვა არ ადგება სახსრებს. ამიტომ თუ ცურვა იცით, შეგიძლიათ დაკავდეთ ამ აქტივობით მთელი ფეხმძიმობის განმავლობაში, ხოლო თუ ცურვა არ იცით, შეგიძლიათ შეასრულოთ სავარჯიშოები აუზის იმ კუთხეში, სადაც წყალი ღრმა არ არის ან ინებივროთ ზღვის ნაპირზე. უნდა გახსოვდეთ, რომ ორსულთა ჰიპოდინამიამ შესაძლოა გამოიწვიოს გაცხიმოვნება, ყაბზობა, სამშობიარო მოქმედების სისუსტე და ასევე ტონუსის დაქვეითება და ამიტომ ცურვა ერთ–ერთი სასიამოვნო და სასარგებლო სპორტია ორსულებისთვის“, – აცხადებს მეან–გინეკოლოგი.  

რა უნდა გაითვალისწინოს ორსულმა, რომელიც ზღვის კურორტზე ისვენებს

რასაკვირველია, არსებობს რიგი უსაფრთხოების წესები, რაც არამარტო ორსულმა უნდა გაითვალისწინოს.

თუ ზღვის კურორტზე თბილისიდან მიემგზავრებით უმჯობესია, მატარებლით იმგზავროთ.

„სასურველია, გაემგზავროთ 1 კვირა ან 10 დღე და არა 2–3 დღით, რადგან შორ მანძილზე 2–3 დღით გამგზავრება ორსულისთვის დამღლელი და არაკომფორტულია. რაც შეეხება გარუჯვას, შეიძლება მხოლოდ დილის 10:00–11:00 საათამდე და 16:00–17:00 საათის შემდეგ. ცურვა დაშვებულია იმავე საათებში. არ არის რეკომენდირებული გადატვირთვა. წყალი უნდა იყოს სუფთა. ინფიცირების თავიდან აცილების მიზნით ეცადეთ არ ჩაგეყლაპოთ წყალი. არ მიირთვათ არაჯანსაღი საკვები. ყველას უყვარს ზღვის ნაპირზე ჩამოტარებული სიმინდი, თხილი და ა. შ.  თუმცა ორსულისთვის ეს რეკომენდირებული არ არის. უპირატესობა მიანიჭეთ ისეთ საკვებსა და სასმელს, რომელსაც აქვს ნაჯერი და ტრანს-ცხიმების (“ტრანს” ტიპის ცხიმოვანი მჟავების შემცველი ცხიმები), ქოლესტერინის, შაქრისა და მარილის დაბალი შემცველობა. მარილის მიღება დაკავშირებულია მაღალი წნევის განვითარების რისკთან. სწორედ ამიტომ მარილის დღიური რაოდენობა დაიყვანეთ ერთ ჩაის კოვზამდე. ზაფხულობით უპირატესობა მიანიჭეთ ნაკლებცხიმიან საკვებს. მიირთვით უცხიმო ხაჭო და რძემჟავა პროდუქტები (თუ ცხადია ძროხის ცილის აუტანლობას არ უჩივით), ცხიმიან რძესა და მის ნაწარმზე კი უარი თქვით. საკვები მიიღეთ ხშირ-ხშირად და პატარ–პატარა ულუფებით. თამამად და შეუზღუდავი რაოდენობით მიირთვით ხილი და ბოსტნეული, მაგრამ არ დაგავიწყდეთ მათი საგულდაგულოდ გარეცხვა. წყალი ადამიანის ორგანიზმის მასის 70%–ს შეადგენს. წყალი ხელს უწყობს ორგანიზმის თვითგაწმენდას, არეგულირებს სხეულის ტემპერატურას გარემო ტემპერატურასთან შესაბამისობაში, აქტიურ როლს თამაშობს ცხიმების ცვლაში, გამოდევნის ცხიმს ოფლთან ერთად და ასეთი სახით ნივთიერებათა ცვლის მუდმივობას უზრუნველყოფს. წყალი აუცილებელია ორგანიზმისთვის და კიდევ უფრო მეტად ორსულობის დროს და განსაკუთრებით ზღვაზე და ზაფხულის ცხელ დღეებში - სითხის სადღეღამისო ოდენობა 2 ლიტრი უნდა იყოს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ წყალს ვერ შეცვლის სხვა სასმელი, მაგალითად ყავა, ჩაი, წვენი და ა.შ“, – აცხადებს ჩვენი რესპონდენტი.

 

                                      ორსულობა და ყავა/ცივი ყავა

ორსულებს ხშირად აინტერესებთ შეუძლიათ თუ არა ყავის მიღება და ეს შეკითხვა კიდევ უფრო აქტუალური იქნება ზაფხულის ცხელ დღეებში, დასვენების დროს!

ქალბატონ თათიას ვკითხეთ თუ რამდენად დასაშვებია ყავა ორსულობისას და ასევე რეკომენდებულია თუ არა ცივი ყავა მათთვის?

„მედიცინაზე დაფუძნებით, პროტოკოლის მიხედვით, ორსულმა, რომელიც ჭარბი რაოდენობით იღებს კოფეინის შეცველ სასმელს (>300მგ/დღეში), მიზანშეწონილია, შეზღუდოს კოფეინის დღიური მიღება, რათა შეამციროს ორსულობის შეწყვეტისა და მცირე წონის ახალშობილის გაჩენის რისკი. კოფეინი ძირითადად შედის ყავის და ნაწილობრივ ჩაის, უალკოჰოლო სასმელებისა და შოკოლადის შემადგენლობაში: 1 ფინჯანი ხსნადი ყავა შეიცავს 60მგ კოფეინს, თუმცა ზოგიერთი ყავის ბრენდის 1 ფინჯანი შეიცავს 150მგ კოფეინს, 250მლ ჩაი ან სხვა უალკოჰოლო სასმელები <50მგ კოფეინს. დანარჩენი თქვენთვის მომინდია. ასევე არ არის რეკომენდირებული ცივ წყალში გახსნილი ყავის მიღება, უმჯობესია ყავა ცოტა რაოდენობით თბილ წყალში გახსნათ და შემდეგ გააგრილოთ დამატებითი წყლით“, – აცხადებს მეან–გინეკოლოგი.

                                         ორსულობა და სეირნობა

„ეცადეთ სანაპიროზე ფეხით ისეირნოთ. ორსულობის დროს ჟანგბადზე მოთხოვნილება იზრდება 25-30%-ით, ამიტომ ორსულთათვის განსაკუთრებით რეკომენდირებულია სუფთა ჰაერზე სეირნობა წელიწადის ნებისმიერ დროს, 1-1,5 სთ-ით და აუცილებლად ძილის წინ. ზღვის ჰაერი სასარგებლოა. სასარგებლოა აგრეთვე სპეციალური ვარჯიშები, რომელიც ფიზიკურ ფორმასთან ერთად ამაღლებულ განწყობასაც შეგინარჩუნებთ.  გაერთეთ ორსულისთვის დასაშვებ ფარგლებში, მაგრამ არ დაგავიწყდეთ სათანადოდ გამოძინებაც (8–9 საათი ძილი), – განმარტავს ქალბატონი თათია.

                       ორსულობა და რუჯი, ორსულობა და D ვიტამინი

D ვიტამინი  ხელს უწყობს ნაწლავებში კალციუმის, რკინის, მაგნიუმის, ფოსფატისა და თუთიის შეწოვას. ადამიანისთვის ამ ნაერთების ჯგუფიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ვიტამინი D3 და ვიტამინი D. საკვებით მიღებული ან კანში ულტრაიისფერი მზის სხივების ზემოქმედებით სინთეზირებული D ვიტამინი არ არის ბიოლოგიურად აქტიური. მისი აქტივაცია საჭიროებს ფერმენტულ გარდაქმნას, რომელიც მიმდინარეობს ღვიძლსა და თირკმელებში. არ არსებობს რაიმე კონკრეტული რეკომენდაციები მზეზე ყოფნის დროსთან დაკავშირებით (რომელიც საკმარისი იქნებოდა D ვიტამინის ადეკვატური წარმოქმნისთვის და არ გაზრდიდა სიმსივნის წარმოშობის რისკს). მიუხედავად ამისა, იმ ადამიანების ორგანიზმში, რომლებიც გარკვეული დროით იმყოფებიან მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ, ვიტამინი D სინთეზირდება ადეკვატური რაოდენობით.  

„ანტენატალური პროტოკოლის მიხედვით, ორსულისთვის დამატებითი სახით ვიტამინ D–ს მიღება რეკომენდირებული არ არის. უნდა მიიღოს ჯანსაღი და ბალანსირებული საკვები.  D ვიტამინის შემცველი საკვებია მაგალითად, თევზი, რძე, კვერცხი. აქვე ასევე უნდა განვმარტოთ, რომ არ არის რეკომენდებული ორსულებში ღვიძლის და ღვიძლის პროდუქტების მიღება, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავს Vit A და ასევე, თუთიის, B6, D, E და C ვიტამინების დანამატების მიღება. ასევე    დილის საათებში, კერძოდ, 10:00–11:00 საათამდე და საღამოს 16:00-17:00–დან ისეირნოს და დატკბეს მზის სხივებით, რასაკვირველია, უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ“, – აცხადებს ის.

 

                                         ორსულობა და რუჯი

გახსოვდეთ, რომ ორსულობის დროს კანი უფრო მგრძნობიარე და ბავშვის კანივით ნაზი ხდება. პიგმენტის წარმომქნელი უჯრედები, მელანოციტები უფრო გააქტიურებულად ფუნქციონირებენ და მეტად სენსიტიურები ხდებიან გამღიზიანებლის, კონკრეტულად კი მზის ულტრაიისფერი სხივების მიმართ, შესაბამისად, ორსულობის დროს ადვილად ვითარდება კანის დამწვრობა, ორგანიზმის გაუწყლოვნება და იზრდება სითბური დარტყმის განვითარების რისკი.  

„აუცილებელია და განსაკუთრებით ორსულისთვის კანის დაცვა მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან. არ არის რეკომენდებული მათი ხანგრძლივი ექსპოზიცია მზის ქვეშ. უნდა გამოიყენოთ, როგორც სპეციალური საშუალებები, მაგალითად, ქუდი, სათვალე, ნატურალური ქსოვილის მაისურები და მზისგან დამცავი ქოლგები, ასევე სპეციალურად ადაპტირებული კრემები მზისგან დამცავი მაღალი ფილტრებით. არა მხოლოდ ორსულების, არამედ ზოგადად, დროთა განმავლობაში ულტრაიისფერი სხივების გადაჭარბებული ზემოქმედება და დამწვრობები ხელს უწყობს კანის ადრეულ დაბერებას, იმუნური სისტემის დაცვითი მექანიზმების შესუსტებას და მომავალში ზრდის კანის სიმსივნეების განვითარების ალბათობას“, – აცხადებს ქალბატონი თათია.

                                           წყლის რა ტემპერატურაა სასარგებლო ორსულისთვის?

 

როგორც მეან–გინეკოლოგმა ჩვენთან ინტერვიუში განმარტა, უმჯობესია, წყალი იყოს თბილი, არც ძალიან ცხელი და არც ძალიანცივი, რადგან ძალიან ცხელმა წყალმა შესაძლოა გამოიწვიოს გულის აჩქარება, შეანელოს პლაცენტაში სისხლის მიდინება. შესაძლოა ადრეულ ვადაზე ორსულობის შეწყვეტის ერთ–ერთი რისკ–ფაქტორი გახდეს.

„წყლის ტემპერატურა უნდა იყოს სხეულის ნორმალური ტემპერატურის ტოლი. ითვლება, რომ 37C წყლის მისაღები ტემპერატურაა. თბილი წყლის აბაზანები სასარგებლოა. წყალი ადუნებს სხეულს, წყალში ყოფნის დროს ხდება ხერხემლის განტვირთვა, მკვრივდება ზურგისა და მკერდის კუნთები, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, განწყობა, მცირდება შეშუპება“, – აცხადებს მეან–გინეკოლოგი.  

 

ორსულობის რომელი თვიდან არის აკრძალული ორსულისთვის ზღვაში ცურვა?

 

აკრძალული არ არის, მაგრამ სასურველია, რეკომენდირებულია და ასევე ყველაზე კარგ პერიოდად ითვლება ორსულობის მეორე ტრიმესტრი, რადგან პირველ ტრიმესტრში, მაგალითად, მიმდინარეობს საშვილოსნოს კედელზე  ნაყოფის მიმაგრების პროცესი, ამიტომ, ამ პერიოდში, ორსულობის შეწყვეტის და სხვა რისკების თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, რათა  ორგანიზმი ზედმეტად არ გადაიტვირთოს.

ორსულმა უმჯობესია თავი შეიკავოს აქტიური ცურვისგან  მე-8 თვის ბოლოს. რასაკვირველია, მსგავსი  გადაწყვეტილება ყოველთვის უმჯობესია პირად მეან–გინეკოლოგთან შეთანხმდეს, რადგან ორსულის ზოგადი მდგომარეობა ყველაზე კარგად პირადმა ექიმმა იცის.

 

                       ორსულობა და მთის კურორტი

მთის კურორტი, ისევე როგორც ზღვის კურორტი, კარგია დასვენებისთვის.

ყველა ორსული განსხვავებულად ეგუება გარემო პირობებს. ზოგისთვის ზღვის კლიმატი შესაძლოა მიუღებელი იყოს და ზოგისთვის მთის. მთის ჰაერი განსაკუთრებული მკურნალია.

„დაბლობის ჰაერთან შედარებით, რომ აღარაფერი ვთქვათ ქალაქის დაბინძურებულ ჰაერზე, მთაში ჰაერი კრისტალურად სუფთაა. ასევე მთის ჰაერი ჟანგბადის დაბალი შემცველობითაც გამოირჩევა. ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებით სასარგებლოა შუამთის (ზღვის დონიდან 1200-1500 მეტრ სიმაღლეზე არსებული) ჰაერი.

თუ ორსულს აღენიშნება თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, ფიქრობთ, რომ თქვენი სხეული ვერ იღებს საკმარის ჟანგბადს, ასეთი სიმპტომების შემთხვევაში უმჯობესია შეიცვალოთ გარემო. ასევე მთაში დასვენება არტერიული წნევის მტებასთან ასოცირდება, თუმცა თუ ორსულობა ფიზიოლოგიურად მიმდინარეობს და გართულებები თან არ ახლავს, ასევე თუ ორსული იცავს ჯანსაღი კვების, ძილის, სეირნობის რეკომენდაციებს, ამ შემთხვევაში მთაში დასვენება რაიმე განსაკუთრებულ საფრთხეს არ წარმოადგენს. 

ნებისმიერი მგზავრობის წინ ყოველთვის კონსულტაცია გაიარეთ პირად ექიმთან, რადგან მან ყველაზე კარგად იცის თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა“, – აცხადებს ქალბატონი თათია.

კლინიკაახალი სიცოცხლისმისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ლუბლიანას ქუჩა №21

კლინიკაახალ სიცოცხლესშეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლცენტრის დახმარებით ნომერზე 577 05 99 00;

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მეან–გინეკოლოგს თათია ცხომელიძეს ნომერზე 577 11 91 00;

გისურვებთ ჯანმრთელობას!