მორფოლოგიური ლაბორატორიის გარეშე წარმოუდგენელია სამკურნალო დაწესებულება.
მორფოლოგიური სამსახურის დანიშნულებას წარმოადგენს დიაგნოზის საბოლოო ვერიფიცირება, რაც ხორციელდება ბიოფსიური და ოპერაციული მასალის გამოკვლევით ქსოვილოვან (ჰისტოლოგიურ), უჯრედულ (ციტოლოგიურ) და მოლეკულურ (იმუნოჰისტოქიმიურ) დონეზე.
საბოლოო დიაგნოზი იყო, არის და იქნება მორფოლოგიური, რაც ანბანური ჭეშმარიტებაა – პაციენტის მკურნალობის ტაქტიკა, პროგნოზი განისაზღვრება მორფოლოგიური გამოკვლევების საფუძველზე.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მორფოლოგიურ ლაბორატორიას დიდი წარსული აქვს, იგი 1956 წლიდან ფუნქციონირებს.
კლინიკის მორფოლოგიურ ლაბორატორიაში წარმოებს მასალის (ბიოფსიური, ოპერაციული) მეცნიერული დამუშავება, ციტოლოგიური გამოკვლევები.
ამასთან, ლაბორატორიაში ტარდება ინტრაოპერაციული კვლევა, რაც მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრის საფუძველს წარმოადგენს.
ინტრაოპერაციული კვლევის შესახებ გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკური პათოლოგი, ექიმი–პათოლოგანატომი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ნინო ხვიჩია.
– ქალბატონო ნინო, რას ნიშნავს ინტრაოპერაციული კვლევა, რატომ არის მნიშვნელოვანი ინტრაოპერაციული დიაგნოსტირება?
– ინტრაოპერაციული კვლევა, ანუ ექსპრეს დიაგნოსტირება გულისხმობს ოპერაციის პროცესში ამოკვეთილი ქსოვილის სასწრაფო მორფოლოგიურ გამოკვლევას, დიაგნოზის დაზუსტების მიზნით. კვლევის შედეგის მიხედვით განისაზღვრება ოპერაციული მკურნალობის ტაქტიკა, მასშტაბი, ორგანოს შენარჩუნების საკითხი. შესაძლებელია, რომ რიგ შემთხვევებში პროცესი იყოს კეთილთვისებიანი, შესაბამისად, ჩატარდება დამზოგველი ოპერაცია.
– რა ღონისძიებები ტარდება ექსპრეს დიაგნოსტირების შემდეგ?
– ექსპრეს დიაგნოსტირების შემდეგ აუცილებლად ტარდება ოპერაციული მასალის გეგმიური გამოკვლევა.
– როდის დგება ინტრაოპერაციული კვლევის საჭიროება?
– ინტრაოპერაციული გამოკვლევა ტარდება იმ შემთხვევაში, როდესაც კლინიკურად დიაგნოზი გაურკვეველია.
– კლინიკაში რომელი ორგანოდანაა შესაძლებელი მასალის აღება მორფოლოგიური დიაგნოსტირების მიზნით?
– ექსპრეს დიაგნოსტირება შეიძლება ჩატარდეს ნებისმიერი ორგანოდან აღებულ ქსოვილზე, ძვლის გარდა. აღნიშნული მეთოდი დამზოგველია პაციენტისთვის, ვინაიდან კეთილთვისებიანი სიმსივნის არსებობის შემთხვევაში იკვეთება მხოლოდ სიმსივნური წარმონაქმნი, ანუ ორგანო ნარჩუნდება.
– რა დრო სჭირდება ინტრაოპერაციულად აღებული მასალის კვლევას?
– კვლევისთვის განკუთვნილია 20–30 წუთი.
– რომელი აპარატურის დახმარებით იკვლევთ მასალას?
– ქირურგიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელების ძალისხმევით, ლაბორატორია აღიჭურვა კომპანია Leica-ს ულტრათანამედროვე აპარატურით, რაც ბუნებრივია, გამოკვლევების მაღალ ხარისხს განსაზღვრავს.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმ–პათოლოგანატომს ნინო ხვიჩიას ნომერზე 551 33 44 80.
გისურვებთ ჯანმრთელობას!