თუ ამ 7 წესს დაიცავთ, ვარიკოზული ვენებისთვის ზღვა წამლად იქცევა

თუ ამ 7 წესს დაიცავთ, ვარიკოზული ვენებისთვის ზღვა წამლად იქცევა

ივლისი და აგვისტო წელიწადის ის თვეებია, როცა მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, ყველაზე მეტი ტურისტი თუ ადგილობრივი სტუმრობს ზღვის კურორტებს.

საქართველოში ვარიკოზული ვენებით ბევრი ადამიანი ავადობს. ვარიკოზი, ანუ ვენების ვარიკოზული გაგანიერება ვენების დაავადებაა, რომელიც იწვევს სანათურის გაფართოებას და ვენური კედლის გათხელებას. როგორც წესი ამ დაავადებით ქალები მამაკაცებთან შედარებით სამჯერ უფრო ხშირად ავადდებიან.

ცნობილია, რომ ზაფხულში საცურაო კოსტუმსა თუ ქვედაბოლოში ვარიკოზული ვენების მქონე ზოგიერთი ქალი თავს კომფორტულად ვერ გრძნობს, ბევრი მათგანისთვის სისხლძარღვოვანი ვარსკვლავებით „მოხატული“ ფეხები ნამდვილი თავსატეხია და ფიქრობს, რომ მას რუჯით დაფარავს, თუმცა ვარიკოზის დროს სანაპიროზე ნებივრობა ნამდვილად ცუდი არჩევანია, რადგან მზე სახიფათოა ვარიკოზისთვის!

ცურვა კი უაღრესად სასარგებლოა ვენური უკმარისობისა და ვარიკოზის მქონე ადამიანებისთვის. წყლის ზემოქმედებით ვენური შეგუბება აღარ ხდება, მაგრამ როგორც კი ზღვიდან ამობრძანდებით და თქვენს ვენებს მზის სხივი მოხვდება, ის ყველა დადებითი თვისება, რასაც ზღვის წყალი გთავაზობთ დაიკარგება. მცირე ხნითაც კი მზის სხივი და მაღალი ტემპერატურა კვლავ აფართოებს კვანძებს.

ამ თემაზე გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლძარღვთა, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტის უფროსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ირაკლი ფერაძე.

ოქროს წესი:

  • ისე შეიმოსეთ, რომ ფეხი მზის სხივებისგან დაცული იყოს. როცა ვარიკოზი გაქვთ და თვალნათლივ ჩანს ქვემო კიდურებზე ვენური „ობობები“ ან შეშუპებები, მაქსიმალურად უნდა მოერიდოთ მზის გულზე ყოფნას;
  • ძვალ–სახსროვანი სისტემის დაავადებებისთვის მაგნიტური ქვიშა კარგია და შესაბამისად, თბილ ქვიშაში კიდურების ჩაფვლა სამკურნალო პროცედურაა;
  • დაუშვებელია ვარიკოზის დროს ქვემო კიდურების ქვიშით დაფლობა. ნებისმიერი სახის სიცხე ქვიშა იქნება თუ სხვა, ვარიკოზული დაავადებისთვის არის დამღუპველი. წარმოიდგინეთ, რომ მაგნიტური ქვიშის დადებითი თვისებებიც კი უმალ ქრება, როცა ვარიკოზის დროს ფეხები ქვიშაშია ჩამალული;
  • თუ მაინც გსურთ, რომ ქვემო კიდურები ქვიშით დაფაროთ იზრუნეთ იმაზე, რომ ქვიშა იყოს გრილი, ნოტიო;
  • დაუშვებელია შუადღის მზის გულზე რუჯის მიღება. ვენებზე მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედება ათჯერ აჩქარებს დაავადების განვითარებას;
  • სასარგებლოა ზღვის გრილი წყალი;
  • ვარიკოზული ვენების მქონე ადამიანები სანაპიროზე უნდა გახვიდეთ დილით ადრე 11:00 საათამდე და საღამოს 18:00 საათის შემდეგ. დროის სწორედ ამ ინტერვალში შეგიძლიათ ისიამოვნოთ ზღვაში ცურვით და გაიუმჯობესოთ ქვემო კიდურების მდგომარეობა.  

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლძარღვთა, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტის უფროსს ირაკლი ფერაძეს ნომერზე 577 32 77 55.

გისურვებთ ჯანმრთელობას!