რა საერთო აქვს საახალწლო პიროტექნიკით მიყენებულ დაზიანებას აფეთქებით მიღებულ ჭრილობასთან?

რა საერთო აქვს საახალწლო პიროტექნიკით მიყენებულ დაზიანებას აფეთქებით მიღებულ ჭრილობასთან?

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად აქტუალური ხდება საახალწლო პიროტექნიკასთან ურთიერთობა.

პიროტექნიკას, რომელიც ბევრი ადამიანისთვის ახალი წლის განუყოფელ ატრიბუტს წარმოადგენს, არასწორი გამოყენების შემთხვევაში ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლია.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი რეკონსტრუქციული ქირურგიის აკვანია. კლინიკის რეკონსტრუქციული ქირურგიის ფუძემდებელია ბატონი ტრისტან ფერაძე. ადამიანი, რომელმაც კიდურის მიკერების პირველი ოპერაცია შეასრულა. ის მეთოდები და წესები, რომლითაც მკურნალობენ ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლძარღვთა, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტში ეტალონურია მსოფლიოში.

ჩვენი რესპონდენტია ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლძარღვთა, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგი ლევან გოგლიაშვილი. 

– ხშირად რა ასაკის ადამიანები ზარალდებიან საახალწლო პიროტექნიკით?

ძირითადად ზარალდებიან ბავშვები და ასაკოვანი ადამიანები. შუახნის ასაკის პაციენტებიც მოჰყავთ, მაგრამ პროცენტულად სჭარბობენ 12 წლამდე პატარები და ხანდაზმულები. ბებიები, ბაბუები, რომლებიც როგორც ჩანს შვილიშვილებს პიროტექნიკის გაშვებაში ეხმარებოდნენ. გავიხსენებ ერთ შემთხვევასაც, როცა კლინიკაში შემოიყვანეს ახალგაზრდა მამაკაცი. მან ბავშვს ხელიდან გამოსტაცა პიროტექნიკა და სწორედ ამ დროს აუფეთქდა.

– ბატონო ლევან, საახალწლო პიროტექნიკის გამო, ახალი წლის პერიოდში რამდენად მძიმე დაზიანებით მოგმართავენ პაციენტები?

პიროტექნიკით მიღებული დაზიანება, აფეთქებითი დაზიანება ყველაზე მძიმე მექანიკურ დაზიანებად ითვლება. ეს არ არის ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა, როდესაც გაჭრისას მხოლოდ ის ქსოვილები ზიანდება, სადაც დანა გაივლის. პიროტექნიკის შემთხვევაში ჭრილობის ირგვლივ მდებარე ქსოვილები იჭეჭყება. ამ დაზიანების მართვა ჯერ კიდევ დენთის გამოგონების შემდეგ გახდა მედიცინის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა. აღსანიშნავია, რომ ნახეთქის ირგვლივ მდებარე ქსოვილები შეიძლება გახდეს სრულიად უსიცოცხლო, შესაბამისად, მსგავსი ჭრილობის უბრალოდ გაკერვა ან სტრუქტურების აღდგენა ხშირად არ არის საკმარისი. ეს პაციენტები ხშირად დიდხანს არიან ექიმზე მიჯაჭვულები, რადგან ქსოვილთა დიდი ნაწილის კვდომის გამო მათ ჩანაცვლებას, აღდგენას ბევრი ოპერაცია სჭირდება. პაციენტის მართვა ხანდახან 1 წელიც კი მიმდინარეობს, მაგალითად, ჩემს ერთ–ერთ პაციენტს ჰქონდა ნახეთქი, მაგრამ მისი მთელი მტევნის კუნთები მთლიანად იყო გაგლეჯილი, მტევანში არაფერი ფუნქციობდა. პაციენტს ბევრი ოპერაცია დასჭირდა.

მსგავსი დაზიანების თვითნებურად მკურნალობა დაუშვებელია! ძალიან ხშირად რასაც ადამიანი პიროტექნიკის აფეთქების შემდეგ ხედავს არის მხოლოდ კანის ნახეთქი, ზოგჯერ მცირე რამდენიმე ნახეთქი, მაგრამ ეს მხოლოდ გარედან. მკითხველისთვის გასაგები რომ იყოს თუ რაზე ვსაუბრობ, თქვენი ნებართვით, მარტივ მაგალითს მოვიყვან. წარმოიდგინეთ ნივთებით სავსე ტომარას ძლიერად რომ დაარტყათ და შემდეგ მხოლოდ გარეგანი, ვიზუალური მდგომარეობით იმსჯელოთ შიგნით მდებარე საგნები დაზიანდა თუ არა.

ყველაზე მნიშვნელოვნად კანი კი არ ზიანდება, არამედ იმ კონკრეტულ ადგილში მდებარე კუნთები, ძვლები. ხანდახან ძვალი რამდენიმე ადგილზეა დახეთქილი. ყველაზე მეტად ძვლები ზიანდება, ის რაც როგორც წესი დიდ წინააღმდეგობას უწევს დამრტყმელ ტალღას. გახსოვდეთ, რომ ეს არის აფეთქება, აფეთქების ტალღა კი გარშემო ყველაფერს აზიანებს!

გთხოვთ, მოერიდოთ პიროტექნიკას და განსაკუთრებით მოარიდოთ ბავშვები! თუ მაინც შეიძენთ, გაითვალისწინეთ რეკომენდაციები! ეცადეთ, რომ საახალწლო პიროტექნიკა ააფეთქოთ დისტანციურად, ვინაიდან მისი ხელში დაკავება შეიცავს გარდაუვალ რისკს და სახიფათოა ჯანმრთელობისთვის! ფოიერვერკი და სიხარული უნდა იყოს თქვენს გულებში!  

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლძარღვთა, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგს  ლევან გოგლიაშვილს ნომერზე 596 909 696.

გისურვებთ ჯანმრთელობას!


რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად