ზამთარში გაზით მოწამვლის ფაქტები ხშირდება და სამწუხაროდ, ზოგჯერ შემთხვევა ფატალურად სრულდება.
ნახშირჟანგი (ნახშირბადის მონოქსიდი, მხუთავი აირი) ნახშირბადის არასრული წვის შედეგად წარმოიქმნება. გროვდება ცუდად ვენტილირებულ და უვენტილაციო შენობებში არაელექტრული გამათბობელი ხელსაწყოების (ღუმელის, ნავთქურის) ხანგრძლივი გამოყენების, დახურულ ავტოფარეხში ან ავტომანქანაში შიდაწვის ძრავის გამონაბოლქვის დაგროვების შედეგად, ხანძრის დროს და სხვა.
ბავშვები და მოხუცები მის მიმართ გაცილებით მგრძნობიარენი არიან, უფრო მალე იწამლებიან და მოწამვლაც მძიმე ფორმით მიმდინარეობს. ორსულთათვის CO ტერატოგენურია, მნიშვნელობა აქვს ორსულობის ვადას (I ტრიმესტრი). ნახშირჟანგი ორსულობის ბოლო თვეებში ნაყოფის სიკვდილს იწვევს!
მხუთავი აირის შესახებ გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმი–ტოქსიკოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ეკა ქურდაძე.
– ქალბატონო ეკა, ნახშირჟანგი უსუნო, უფერო აირია. რა სიმპტომები ვლინდება ამ აირით ინტოქსიკაციის დროს?
– პაციენტს მოწამვლის დროს არ აქვს უსიამოვნო შეგრძნება, საკმაოდ ხშირია ეიფორიის მდგომარეობა. საშიშროების სიგნალის (ჩივილის) არარსებობა, ხშირად ხდება ნახშირჟანგით ინტოქსიკაციის მსხვერპლთა დაღუპვის მიზეზი. სწორედ ამიტომ ამ მომწამლავ ნივთიერებას ხატოვნად უწოდებენ უხილავ მკვლელს.
ინტოქსიკაციის სიმძიმიდან გამომდინარე პაციენტი შეიძლება უჩიოდეს:
- თავის ტკივილს;
- თავბრუსხვევას;
- გულისრევას;
- ღებინებას;
- გულის ფრიალის შეგრძნებას;
- ტკივილს გულმკერდის არეში;
- ყურებში შუილის შეგრძნებას;
- მოსალოდნელია ცნობიერების დათრგუნვა, კრუნჩხვა, ჰალუცინაციები, მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები;
- ამ დროს პაციენტისთვის დამახასიათებელია მკვეთრი ვარდისფერი ლოყები. თუმცა ხშირად პაციენტი ამ ჩივილებს არ უკავშირებს CO–თი მოწამვლას.
– პირველი დახმარება ნახშირჟანგით ინტოქსიკაციის დროს.
– ყველაზე მნიშვნელოვანი მოწამვლის პირველივე ნიშნების დროული ამოცნობაა. როგორც ყველა ინჰალაციური მოწამვლის შემთხვევაში, ამ დროსაც აუცილებელია პაციენტის გამოყვანა მოწამლული ზონიდან, დახურული სივრცის განიავება, ბუნებრივი აირის კვების წყაროს გათიშვა. პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ საჭიროა პაციენტის გადაყვანა სპეციალიზირებულ კლინიკაში.
თუ ბოლოდროინდელ სტატისტიკას გადავხედავთ, შედარებით იკლო შემთხვევით მოწამვლათა სიხშირემ, ცხოვრების პირობების გაუმჯობესების გამო. დღეს, ბევრი ოჯახი ბინისა და წყლის გასათბობად ცენტრალურ სისტემას იყენებს. თუმცა, სამწუხაროდ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაინც მაღალია და მისი რიცხვი ცივ პერიოდსა და ქარიან ამინდში საგრძნობლად იზრდება.
მნიშვნელოვანია უსაფრთხოების რიგი წესების დაცვა, რათა თავიდან იქნას აცილებული ისეთი საშიში გართულებები, როგორიცაა:
- სუნთქვის მწვავე უკმარისობა;
- მიოკარდიუმის ინფარქტი;
- არითმია;
- თირკმლის მწვავე უკმარისობა;
- ენცეფალოპათია;
- გულყრა;
- კომა.
ბუნებრივი გაზი უნდა იწვოდეს ცისფერი ალით. ჟანგბადის ნაკლებობის შემთხვევაში ალი წითელია, რაც იმის მანიშნებელია, რომ მიმდინარეობს არასრული წვა, რის შედეგადაც გამოიყოფა მომწამვლელი აირი, ანუ ნახშირბადის მონოქსიდი.
ბუნებრივი აირის გაჟონვით გამოწვეული საფრთხე ორი ტიპისაა! შესაძლოა ადამიანი მოიწამლოს და გაიგუდოს, ასევე შეიძლება დახურულ სივრცეში დაგროვილმა აირმა აფეთქება გამოიწვიოს.
– როგორ მკურნალობთ ნახშირჟანგით მოწამვლას ქირურგიის ეროვნულ ცენტრში?
– მოგეხსენებათ, რომ ქირურგიის ეროვნული ცენტრი მრავალპროფილური კლინიკაა, შესაბამისად, ყველა სერვისი ერთ სივრცეშია გათავსებული. გვყავს სპეციალისტთა გუნდი, რომელსაც დროულად შეუძლია დიაგნოსტირება და კვალიფიციური დახმარების აღმოჩენა, რომლის წყალობითაც მინიმუმამდე მცირდება გართულების რისკი. გვაქვს შესაბამისი აღჭურვილობა (მაღალტექნოლოგიური კვლევები), რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მოსალოდნელ გართულებათა პრევენცია.
– ქალბატონო ეკა, როგორია თქვენი რეკომენდაცია?
– სადარბაზოში, ისევე როგორც ყველგან, სადაც ბუნებრივ აირზე მომუშავე აპარატურა და მილებია, ხშირად იგრძნობა ბუნებრივი აირის სუნი. ეს მაშინ ხდება, როდესაც დაზიანებულია ან გამართული არაა ის აპარატურა, რომელიც ბუნებრივ აირზე მუშაობს. ასევე შესაძლებელია, მილების გადაბმის ადგილების ან კოროზიის შედეგად დაზიანებული ადგილებიდან ჟონვადი აირის სუნი იგრძნობოდეს. ეს ერთგვარი თავდაცვაცაა, რადგან ადვილია ამ დროს რეაგირება და სპეციალისტთა ჩართვა.
პრევენციისთვის რეკომენდებულია:
- დეტექტორების გამოყენება როგორც ბუნებრივი აირის, ისე არასრული წვის პროდუქტის CO-ს ამოსაცნობად. მომწამლავი აირის საშიშ ზღვრამდე დაგროვებისას დეტექტორის ხმოვანი სიგნალი გვატყობინებს საფრთხეს. ბუნებრივია აპარატი გაუმართაობის შემთხვევაში ვერ დაგვიცავს და აქაც სიფრთხილეა საჭირო;
- ნახშირჟანგის მონოქსიდი გაცილებით საშიშია, რადგან სუნი არ აქვს, დიდი რაოდენობით გროვდება ნახშირბადის შემცველი ნებისმიერი ნაერთის წვის შედეგად და განსაკუთრებით დახურულ სივრცეში. ხშირად გაანიავეთ ოთახი. ზაფხულის ცხელ დღეებში, საცობის დროს, მანქანის გამონაბოლქვშიც ჭარბადაა და ბუნებრივია, ადამიანის ჯანმრთელობისათვის საზიანოა.