ალერგია თანამედროვე გაგებით იმუნური, დაცვითი მექანიზმების ანომალიაა.
ალერგენი კი ნივთიერებაა, რომელიც იწვევს ალერგიულ რეაქციას. იმუნიტეტი დაავადების მიმართ დაცვის ან მდგრადობის მაჩვენებელია, ხოლო ალერგია იმუნური რეაქციაა, რომელსაც თან სდევს საკუთარი ქსოვილების დაზიანება. ვითარდება ჰიპერემიული ხასიათის ანთება, შეშუპება, ბრონქოსპაზმი, კანის ქავილი, შოკი, რაც სხვადასხვა რეაქციით ვლინდება.
ალერგიული დაავადებებია: წამლისმიერი ალერგია, კვებითი ალერგია, ანაფილაქსიური შოკი, შრატისმიერი დაავადება, ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება, კონტაქტური დერმატიტი, მრავალფორმიანი ექსუდაციური ერითემა, ალერგია ლატექსის მიმართ, ინსექტური ალერგია, აუტოალერგია, ფილტვის ალერგიული დაავადებები, პოლინოზები, ატოპიური დერმატიტი, ალერგიული კონტაქტური დერმატიტი.
ეს დაავადებები ხშირად მწვავე ფორმით ვლინდება და ჰოსპიტალიზებას საჭიროებს. ხშირად სწორედ ასეთი პაციენტები აკითხავენ ქირურგიის ეროვნულ ცენტრს.
რადგან გაზაფხულზე ეს თემა ძალიან აქტუალურია, მივმართეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ალერგოლოგს ქალბატონ თინა მურადაშვილს.
ქალბატონი თინა სეზონური ალერგიისა და სიმპტომების შესახებ მოგვითხრობს.
თუ სეზონური ალერგია გაწუხებთ მობრძანდით ჩვენს კლინიკაში, რომელიც მულტიპროფილურია და 24 საათის განმავლობაში ემსახურება მოსახლეობას.
პოლინოზი
პოლინოზის დაავადების გამომწვევია მტვრის მარცვლები. ვითარდება სეზონურად – დროის განსაზღვრულ მონაკვეთში (თებერვლიდან ნოემბრამდე) ის ქრონიკული, მორეციდივე ალერგიული დაავადებაა, უპირატესად თვალის და ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანის დაზიანებით. კონიუქტივიტი პოლინოზის ერთ–ერთი ყველაზე ხშირი გამოვლინებაა. იწყება თვალის კუთხეში მცირედ გამოხატული ქავილით და წვის შეგრძნებით. ქავილი ვრცელდება ზედა და ქვედა ქუთუთოებზე, ვითარდება შეშუპება, ჰიპერემია, ცრემლდენა, თვალში უცხო სხეულის არსებობის შეგრძნება, სინათლის შიში.
პოლინოზის ძირითადი გამოვლინებაა რინიტი, სინუსიტი და კონიუქტივიტი.
პოლინოზის მძიმე გართულებაა პოლინოზური ასთმა. პოლინოზის გამწვავების პერიოდში ადამიანი ხშირად უჩივის პერიოდული ხასიათის ტკივილს მუცლის არეში, არტერიული წნევის მატებას ან დაქვეითებას, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაზიანებას, საერთო სისუსტეს, ძილიანობას ან უძილობას, ოფლიანობას, თავის ტკივილს, ნერვული სისტემის ფუნქციის მოშლას და სხვა.
რინიტი
რინიტის დროს პაციენტს აღენიშნება ცხვირიდან სუნთქვის გაძნელება, ცხვირის ქავილი, თხიერი უხვი გამონადენი, შეტევითი ხასიათის ცემინება. აღსანიშნავია, რომ პოლინოზური რინიტი მეტი ინტენსიურობით ღამით ვლინდება. რინიტის სიმპტომებს მოიცავს ცხვირიდან სუნთქვის გაძნელება, მოუსვენრობა, ძილთან დაკავშირებული პრობლემები, ყნოსვის შეგრძნების მოშლა,
შესაძლოა თანდათან გართულდეს სინუსიტით (ჰაიმორიტი, ფრონტიტი) პროცესი იღებს ჩირქოვან ხასიათს.
მზის ალერგია
ფოტოალერგია მზის სხივების გამო გამოვლენილი ალერგიული რეაქციაა. ვლინდება შემდეგი სიმპტომებით: კანის სიწითლით, ქავილით, გამონაყარით, ნახეთქებით, სახის, კიდურისა და მკერდის არის დახორკლითა და გაუხეშებით. შესაძლოა გამოიხატოს ჭინჭრის ციებით, ეგზემით.
ინსექტური ალერგია
სხვადასხვა მწერთან კონტაქტით გამოწვეული ალერგიული რეაქციაა, რომელმაც შეიძლება ადამიანის დაღუპვაც გამოიწვიოს. ნაკბენის ადგილზე ვლინდება ტკივილის შეგრძნება, შეშუპება, ურტიკარიული გამონაყარი, ქავილი, რომელიც ლოკალური ხასიათისაა და გრძელდება 24 საათის განმავლობაში. შედარებით იშვიათია ანაფილაქსიური რეაქცია. ასევე ვლინდება შემდეგი სიმპტომები: ქოშინი, საერთო სისუსტე, მოუსვენრობა, აბდომინური ტკივილი, ცნობიერების დაკარგვა. სიმპტომები ვითარდება კბენიდან 10–15 წუთში ან მოგვიანებით.
კვებითი ალერგია
საკვებისმიერ ალერგიას იწვევს: ძროხის რძე, კვერცხი, თევზი, კარაქი, ფქვილი, წიწიბურა, შვრია, ქერი, ჭვავი, ნიგოზი, თხილი, ბარდა, ცერცვი, სოიო, ნუში, ქოქოსი, ნესვი, ბანანი, შოკოლადი, სპირტიანი სასმელი, მარწყვი, კვებითი მინარევები და არომატული ნივთიერებები, ციტრუსი.
ყველაზე საყურადღებოა მარწყვი!
საკვებისმიერი ალერგია ძირითადად ვლინდება გასტრიტისთვის დამახასიათებელი ტიპიური სიმპტომებით, მაგალითად, ეპიგასტრიუმში ტკივილი, გულძმარვა, ბოყინი, გულისრევა, ღებინება, უმადობა, კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ეგზემა.
ბრონქული ასთმა
სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებაა. ანთებითი პროცესი იწვევს ხიხინს, სულხუთვას, გულმკერდის შებოჭილობას, შეტევითი ხასიათის ხველას განსაკუთრებით ღამით ან დილით ადრე.
„ბრონული ასთმა არის ენდოგენური, ეგზოგენური და შერეული ფორმის, რომლის გამწვავებაც გაზაფხულზე ვლინდება და რაშიც დამნაშავეა ალერგენი, რომელიც გაზაფხულზე იჩენს თავს. ბრონქული ასთმის გამოვლენა ძირითადად ხდება განსაზღვრულ პერიოდში მოყვავილე მცენარეების მტვერთან კონტაქტის დროს, ხეების, ბალახების, რთულყვავილებიანი მცენარეების მტვრის, სოკოს სპორების მიმართ. სიმპტომი უფრო ხშირად ღამით ვლინდება“, – აცხადებს ალერგოლოგი.
რამდენიმე ოქროს რჩევა ქირურგიის ეროვნული ცენტრის ალერგოლოგისგან:
• რეკომენდებულია, რომ ალერგიულმა ადამიანმა ავეჯის რბილი ქსოვილი ტყავით შეცვალოს, ლოგინი კი ხშირად გაამზეუროს;
• ოთახი გაანიავეთ დილით ძალიან ადრე ან გვიან, რადგან შუადღეს გარეთ მტვერია;
• საჭიროა ფანჯრებისა და იატაკის სველი წესით დამუშავება;
• გამწვავებული ალერგიული ფონის მოგვარება დიეტოთერაპიითაცაა სასურველი. არ უნდა მიირთვათ მწარე, მჟავე, ტომატიანი საკვები, შემწვარი და თევზეულობა;
• კვების რაციონში მაქსიმალურად შეზღუდეთ: თხილი, სტაფილო, ფორთოხალი, მზესუმზირა, მაიონეზი, მდოგვი, ხალვა, ჩიფსი, ჰამბურგერი, ტკბილი და გაზიანი სასმელი – ყველა ის პროდუქტი, რომელიც კონსერვატებს შეიცავს.
• ძლიერ ალერგიულ საკვებად და სასმელად ითვლება: მარწყვი, პომიდორი, ყავა, შოკოლადი, თევზეულობა, ფორთოხალი.
• სასურველია მიირთვათ ფაფეულობა, მაკარონი, ვერმიშელი, სუპეული, კარტოფილის პიურე, მოხარშული ხორცი;
• რეკომენდებულია დალიოთ დიდი რაოდენობით მინერალური წყალი და ჩაი, არავითარი წვენი! ერთადერთი შეიძლება მიიღოთ ჩირის, კომშის ან ვაშლის კომპოტი;
• თავი შეიკავეთ ქარიან ამინდში ქუჩაში სეირნობისა და ვარჯიშისგან;
• მოერიდეთ იმ ადგილს, სადაც დიდი რაოდენობით ბალახეული მცენარეა;
• მზიან დღეებში მოერიდეთ ლაშქრობას;
• ისარგებლეთ მზისგან დამცავი სათვალით;
• ცხვირზე აიფარეთ დანამული ცხვირსახოცი;
• ბაღში მუშაობისას გამოიყენეთ რესპირატორული ან დამცავი ნიღაბი;
• რისკის მქონე პირები მოერიდეთ იმ ადგილებში ყოფნას, სადაც ბევრი მწერია. უარი თქვით კოსმეტიკურ საშუალებებზე, რადგან მწერს ეს სურნელი ძალიან იზიდავს. ასევე არ ჩაიცვათ მკვეთრი ფერის ტანსაცმელი.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N7;
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 2 02 25 25;
თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ალერგოლოგს, თინა მურადაშვილს ნომერზე 577 11 86 43, 599 14 45 87;
გისურვებთ ჯანმრთელობას!