არითმია გულის მოქმედების ნორმალური რიტმის დარღვევაა, როდესაც გულის შეკუმშვები არარეგულარული ხდება.
არითმიის პირველი ნიშანი გულისცემის გაძლიერებაა. ხშირ შემთხვევაში პაციენტი თავადვე გრძნობს საკუთარ არარეგულარულ გულისცემას, ხოლო თუ არითმია შეუმჩნევლად მიმდინარეობს, მხოლოდ პულსის გასინჯვით ხდება მისი გამოვლენა.
არითმიის შესახებ გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის კარდიოლოგი ხათუნა ბერინაშვილი.
– ქალბატონო ხათუნა, რა იწვევს არითმიას?
– არითმიას ბევრი მიზეზი იწვევს. რისკ–ფაქტორებს მიეკუთვნება: ასაკი, არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, ზოგიერთი სახეობის გულის მანკი, გულის ინფექციური დაზიანება, გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი. ძალიან ხშირად არითმიის განვითარებას ხელს უწყობს ალკოჰოლის ჭარბი დოზა, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია და ნებისმიერი სახის ჰორმონული დარღვევები, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მემკვიდრულ წინასწარგანწყობასაც, თუმცა არითმიის გამომწვევი მიზეზის დადგენა ყოველთვის ვერ ხერხდება.
– როგორია ნორმალური გულისცემა?
– გულისცემის სიხშირე, ანუ გულის შეკუმშვათა რიცხვი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რაოდენობით სისხლი უნდა გადატყორცნოს გულმა სისხლძარღვებში. ფიზიოლოგიურად, გულისცემის სიხშირე იმატებს ფიზიკური დატვირთვის პირობებში. ზრდასრული ადამიანის ნორმალური პულსი შეიძლება იყოს წუთში 60-დან 80-მდე, სპორტსმენებში 40-დან 60-მდე, ასაკოვან და დასუსტებულ ადამიანებში გულისცემამ შეიძლება წუთში 90-100-მდე მიაღწიოს. ბავშვებს უფრო ხშირი გულისცემა აქვთ დაახლოებით, 80-130 დარტყმა წუთში, ასაკის მიხედვით.
– განგვიმარტეთ რას ნიშნავს ტაქიკარდია და ბრადიკარდია?
– ტაქიკარდია არითმიის სახეობაა, რომელსაც ახასიათებს გულის შეკუმშვების გაზრდა – წუთში 90–ზე მეტი დარტყმა. ჯანმრთელ ადამიანში ტაქიკარდია შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკურმა დატვირთვამ, სტრესულმა სიტუაციამ, ჟანგბადის უკმარისობამ, ჰაერის მომატებულმა ტემპერატურამ, წამლების, ალკოჰოლის, ყავის გავლენამ, მკვეთრმა ადგომამ საწოლიდან და ა.შ. გასათვალისწინებელია, რომ შვიდ წლამდე ასაკის ბავშვებში ტაქიკარდია ფიზიოლოგიურ ნორმად მიიჩნევა.
ბრადიკარდია ნიშნავს შენელებულ გულისცემას. თუ გულისცემის სიხშირე მოსვენებულ მდგომარეობაში 60-ზე ნაკლებია, პაციენტს აქვს ბრადიკარდია.
თუ პაციენტს არითმიის სიმპტომები აწუხებს, კარდიოლოგს უნდა მიმართოს. შესაძლებელია პირდაპირ არითმიის სპეციალისტთან – არითმოლოგთან ვიზიტი.
– როგორ ხდება არითმიის დიაგნოსტირება და მკურნალობა ქირურგიის ეროვნულ ცენტრში?
– ქირურგიის ეროვნულ ცენტრში არითმიის დიაგნოსტირება ხდება სხვადასხვა კვლევის საშუალებით:
- ელექტროკარდიოგრაფია – ეს არის გამოკვლევის მეთოდი, როდესაც ხდება გულის ელექტრული აქტივობის ჩაწერა;
- ჰოლტერის მონიტორინგი - მცირე ზომის პორტატული ჩამწერი სხეულის ზედაპირიდან იწერს უწყვეტ ელექტროკარდიოგრამას 24-48 საათის განმავლობაში;
- დატვირთვის ტესტი – ეს გამოკვლევა გამოიყენება ისეთი არითმიის დიაგნოსტირებისთვის, რომელიც ფიზიკურ დატვირთვაზე აღმოცენდება. ამ გამოკვლევით აგრეთვე შეიძლება იმის დადგენა არითმიას კავშირი აქვს თუ არა გულის კორონარული არტერიების დაავადებასთან;
- ექოკარდიოგრაფია – ამ გამოკვლევით შეიძლება დადგინდეს არითმიის მიზეზი გულის კუნთის ან სარქვლის დაავადება ხომ არ არის;
- კორონარული არტერიოგრაფია (კორონაროგრაფია) – ამ გამოკვლევის საშუალებით დგინდება გულის მკვებავი (კორონარული) არტერიების მდგომარეობა და შესაძლებელია დავადგინოთ არის თუ არა არითმია კავშირში გულის მკვებავი არტერიების დაავადებასთან.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში შესაბამისი დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარებისა და არითმიის სახეობის დადგენის შემდგომ წარმატებით ხორციელდება კონსერვატული მკურნალობა, კარდიოვერსია, მუდმივი პეისმეიკერის (კარდიოსტიმულატორის) და კარდიოვერტერ–დეფიბრილატორის იმპლანტაცია. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება არითმიების მკურნალობის თანამედროვე, უსაფრთხო და მეტად ეფექტური მეთოდის, გულის ელექტროფიზიოლოგიური კვლევისა და კათეტერული აბლაციის დანერგვა, რისი საშუალებითაც შესაძლებელია არითმიის ზუსტი დიაგნოსტირება და მისი მექანიზმის გარკვევა, არითმიის კერის (უჯრედების ჯგუფის, დამატებითი გამტარი გზის) მოშორება და ამ არითმიისგან პაციენტის საბოლოო განკურნება.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის კარდიოლოგს, ხათუნა ბერინაშვილს ნომერზე 599 29 00 87.
გისურვებთ ჯანმრთელობას!