ძუძუს კიბო ავთვისებიანი დაავადებაა, რომელიც ძირითადად სარძევე ჯირკვლებში კვანძოვანი წარმონაქმნის სახით ვლინდება და ადგილობრივი გავრცელების გარდა ახასიათებს გენერალიზება, ანუ პროცესის გავრცელება სხვა ორგანოებში, მაგალითად, ძვლებში, ღვიძლში, ფილტვში, თავის ტვინში.
ზოგადად ითვლება, რომ 40 წლიდან ქალბატონებმა უნდა ჩაიტარონ მამოგრაფია, სკრინინგული თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყნის პროტოკოლით, 2 წელიწადში ერთხელ, თუმცა ეს ასაკი (40 წელი) არ არის მკაცრი მაჩვენებელი მამოგრაფიული კვლევის ჩასატარებლად, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ადრეულ ასაკშიც ჩატარდეს კვლევა ისეთივე ეფექტური შედეგით, როგორც უფროსი ასაკის ქალბატონებში.
ამ გამოკვლევით შესაძლებელია ავთვისებიანი პროცესის გამოვლენა ადრეულ ეტაპზე, კიბოსწინარე მდგომარეობის დაფიქსირება. მამოლოგთან კონსულტაცია მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ სარძევე ჯირკვალი წარმოადგენს მთელი რიგი ჰორმონებისთვის სამიზნე ორგანოს, ამიტომ მისი სტრუქტურის და მდგომარეობის მიხედვით შესაძლებელია ეჭვი მივიტანოთ სხვა პათოლოგიებზეც.
რენტგენმამოგრაფიული გამოკვლევა წარმოადგენს მეთოდს, რომელიც ყველაზე მაღალი სპეციფიურობით გამოირჩევა ძუძუს ავთვისებიანი პროცესის დიაგნოსტირებისთვის. ამიტომაც ეს კვლევა აღიარებულია ე.წ. „ოქროს სტანდარტად“, მაგრამ არსებობს გარკვეული ფაქტორები, მაგალითად, სარძევე ჯირკვლის სტრუქტურული თავისებურება, რაც განაპირობებს აღნიშნული მეთოდის სენსიტიურობის დაქვეითებას, ანუ დიაგნოსტირების ეფექტურობის დაქვეითებას.
აღნიშნული ფაქტორის მინიმიზირება შესაძლებელია ციფრულ მამოგრაფზე, ტომოსინთეზის ფუნქციის დამატებით. სწორედ ამ უნიკალური ფუნქციითაა აღჭურვილი კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მამოგრაფი.
თუ გსურთ, მეტი შეიტყოთ კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მამოგრაფის შესახებ, იხილეთ ვრცლად!
კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ მამოგრაფია ტარდება Planmed Clarity 3D ციფრული ტომოსინთეზის ფუნქციის მქონე მამოგრაფზე, რომელიც ახალი სიტყვაა სარძევე ჯირკვლების სიმსივნეების ადრეულ დიაგნოსტირებაში.
აღსანიშნავია, რომ ტომოსინთეზი კომპიუტერული ტომოგრაფიის ანალოგიურ გამოსახულებას იძლევა. ამ დროს ხდება სარძევე ჯირკვლების გაცილებით დეტალური დათვალიერება – 1მმ სისქის ჭრილში სხვადასხვა გრადუსიანი კუთხით საშუალოდ 50 კადრის გამოსახვა. პრაქტიკულად, სარძევე ჯირკვლების შეფასება ხდება 50 სურათზე, ნაცვლად 1 ან 2 გამოსახულებისა, თოთოეულ სტანდარტულ პროექციაში.
მსგავსი უნიკალური თვისებებით აღჭურვილი მამოგრაფი მთელ საქართველოში ერთადერთია და მხოლოდ კლინიკა „ახალ სიცოცხლეშია“.
სამწუხაროდ, საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში ძუძუს კიბოს დიაგნოზი ხშირია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მკითხველისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია ამ დაავადების შესახებ.
ძუძუს კიბოზე გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მამოლოგი, ონკო–ქირურგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი თამილა როინიშვილი.
– როდის უნდა მივიტანოთ ეჭვი ძუძუს კიბოზე, რა სიმპტომებით ხასიათდება?
– როგორც აღვნიშნეთ, წარმონაქმნი ძუძუში, ნებისმიერი ტიპის გამკვრივება ძუძუში, ძუძუს ფორმის შეცვლა, ძუძუს კანზე ცვლილებები-დეფორმაცია, შეშუპება, სიწითლე, დვრილის ჩაბრუნება, მუქი გამონადენი დვრილიდან, იღლიაში კვანძების გაჩენა. თუმცა აღნიშნული სიმპტომების გამოვლენა ხდება არც თუ ადრეული შემთხვევების დროს. შესაძლებელია ამ დაავადების არსებობა სიმპტომების და ჩივილის გარეშე, ამიტომ პრინციპულად მნიშვნელოვანია პერიოდული, რეგულარული გამოკვლევა შესაბამის სპეციალისტთან.
სარძევე ჯირკვლების სიმსივნეების განვითარების ეტიო-პათოგენეზი, ანუ მიზეზები საკმაოდ რთულია. კიბო უცებ არ ჩნდება, ის სიმპტომები რაც ზემოთ მოვიხსენიეთ, არის იმ ცვლილებების შედეგი, რაც ამ დროს ორგანიზმში ხდება. თუმცა არსებობს მთელი რიგი ე.წ. რისკ-ფაქტორების, რომელთა არსებობის შემთხვევაში შედარებით მაღალია ამ დაავადების განვითარების ალბათობა და ესენია: ადრეული მენარხე, გვიანი მენოპაუზა, ლაქტაცია, ჰორმონული დისბალანსი, გარემო ფაქტორები, ცხოვრების სტილი და სხვა.
– რა არის სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების წინაპირობა?
– ეს საინტერესო საკითხია, ერთის მხრივ ყველა კიბო შეიძლება განვიხილოთ როგორც გენეტიკური, რადგან ცვლილებები უჯრედში გენების დონეზე ხდება. აღსანიშნავია, რომ არა ერთი ან ორი კონკრეტული, არამედ სხვადასხვა გენის მუტაცია ხდება ამ დროს, ანუ გენეტიკური პოლიმორფიზმით ხასიათდება. ასეთი ცვლილებები ადამიანის ორგანიზმში მთელი ცხოვრების მანძილზე მიმდინარეობს მეტ-ნაკლები ინტენსივობით. ამიტომ ცოტა რთულია გამოიყოს ის კონკრეტული გენი, რომლის მუტაციაც ნამდვილად იწვევს კიბოს განვითარებას. თუმცა არსებობს ე.წ. მემკვიდრული, ანუ ოჯახური ძუძუს კიბო, რომლის დროსაც BRCA გენების მუტაციას აქვს ადგილი, თუ ერთი ხაზის ნათესავებში 3 და მეტ შემთხვევაში დაფიქსირდა ამ დაავადების გამოვლინება, მომდევნო თაობის ქალბატონებში გაცილებით მაღალია კიბოს განვითარების რისკი პოპულაციურ რისკთან შედარებით. ასეთ შემთხვევებში ცოტა განსხვავებულია სკრინინგის და დაკვირვების რეჟიმი.
– რა როლს თამაშობს ტრავმა?
– ლიტერატურულ წყაროებში ძუძუს ტრავმა აღწერილია როგორც ერთ-ერთი შესაძლო ეტიოლოგიური ფაქტორი კიბოს განვითარების პროცესში, მინდა აღვნიშნო, რომ პაციენტებიც არც თუ ისე იშვიათად, აღნიშნავენ მანამდე ტრავმის არსებობას. ასე, რომ არა ერთმნიშვნელოვნად, მაგრამ ტრავმა შესაძლოა გახდეს ძუძუს კიბოს განვითარების მაპროვოცირებელი ფაქტორი.
– როდის უნდა მივმართოთ მამოლოგს და პროფილაქტიკის მიზნით, რა ასაკიდანაა მოწოდებული მამოლოგთან კონსულტაცია?
– ძუძუსთან დაკავშირებული ნებისმიერი ჩივილის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, მიუხედავად ასაკობრივი კატეგორიისა. პროფილაქტიკის მიზნით სასურველია 25 წლიდან 1-2 წელიწადში ერთხელ ექიმთან ვიზიტი.
– ხომ არ შეინიშნება ძუძუს კიბოს გაახალგაზრდავების ტენდენცია?
– შეინიშნება როგორც ჩვენთან, ასევე მსოფლიოშიც.
– რა უნდა ვიცოდეთ დიაგნოზის – ფიბროზული მასტოპათიის შესახებ და შეიძლება თუ არა დროთა განმავლობაში კვანძოვანი წარმონაქმნი ჩამოყალიბდეს ავთვისებიან სიმსივნურ დაავადებად?
– ფიბროზულ–ცისტური მასტოპათია სარძევე ჯირკვლების მდგომარეობაა და ასახავს ძუძუს სტრუქტურული კომპონენტების პასუხს–ცვლილებებს ნეირო–ენდოკრინულ რეგულაციაზე. აღნიშნული ცვლილებები სხვადასხვა სიმპტომით ვლინდება და შესაძლოა იყოს დიფუზური ხასიათის ან შეიძინოს ტენდენცია ლოკალიზებისკენ, ანუ კვანძის ჩამოყალიბებისკენ. კვანძოვანი წარმონაქმნი ძუძუში რა თქმა უნდა შეიძლება ჩამოყალიბდეს ავთვისებიან დაავადებად. ამ პროცესის რისკები და ალბათობა სხვადასხვაა სხვადასხვა ტიპის კვანძოვანი წარმონაქმნების დროს. ამიტომაც აუცილებელია ძუძუში ნებისმიერი წარმონაქმნის სრულყოფილი შეფასება, ბუნების დადგენა.
– რა მეთოდებით ხდება ძუძუს კიბოს დიაგნოსტირება ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“?
– კლინიკა ფლობს ყველა იმ საშუალებას, რაც გამოიყენება ძუძუს დაავადებების დიაგნოსტირების პროცესში. ესაა ულტრაბგერა ელასტოგრაფიით, ციფრული მამოგრაფი ტომოსინთეზის ფუნქციით (ამ ეტაპზე მხოლოდ ჩვენთან), ბიოფსიების ყველა სახე–მასალის შემდგომი ციტო თუ ჰისტომორფოლოგიური შესწავლით და ასევე ყველა სისტემის კტ გამოკვლევა.
– ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გაიხსნა სკრინინგის ცენტრი. რა მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს სკრინინგულ კვლევას?
– ვფიქრობ, სკრინინგულ კვლევას ძუძუს კიბოს გამოვლენაში პრინციპული მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ძუძუს კიბოს ადრეული ფორმების დიაგნოსტირებისთვის, ანუ რეგულარულ სკრინინგულ გამოკვლევას.
– სწორი დიაგნოსტირებისთვის მამოგრაფიასთან ერთად მნიშვნელოვანია ექოსკოპიური კვლევაც. რა დროს არის საჭირო მამოგრაფია და როდის ულტრაბგერითი კვლევა?
– აღსანიშნავია, რომ ორივე კვლევა ძალიან ინფორმაციულია ძუძუს კიბოს დაავადებების დიაგნოსტირების პროცესში და ერთი მეორეს არ გამორიცხავს. ეს ორი მეთოდი ავსებს ერთმანეთს. არის შემთხვევები, როცა ორივე კვლევაა საჭირო ან ერთი რომელიმე საკმარისია, ეს წყდება თითოეულ პაციენტთან ინდივიდუალურად.
– რა მეთოდებით მკურნალობთ ძუძუს კიბოს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“?
– კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ მკურნალობა ხდება თანამედროვე გაიდლაინებსა და პროტოკოლებზე დაყრდნობით. ქირურგიული მკურნალობა მოიცავს ყველა ტიპის ჩარევას როგორც კეთილთვისებიანი, ისე ავთვისებიანი დაავადებების დიაგნოზით. იქნება ეს ძუძუდან მხოლოდ პათოლოგიური უბნის ამოკვეთა, თუ რადიკალური მასტექტომია ან ე.წ. ორგანოშემანარჩუნებელი მკურნალობა, ონკოპლასტიკური ქირურგიული მიდგომებით. რაც შეეხება ძუძუს კიბოს მედიკამენტურ მკურნალობას. აქ შედის ე.წ. სისტემური თერაპია ქიმიო, ჰორმონო, თარგეტული თერაპია.
თუ მკურნალობის ქირურგიული და ასევე სხივური მეთოდებით დაავადების ადგილობრივ კონტროლს ვახორციელებთ, აღნიშნული მეთოდით ვებრძვით დაავადებას მთლიანად ორგანიზმში, რადგან კიბო მხოლოდ ორგანოს დაავადება კი არა, ორგანიზმის დაავადებაა. იყო დრო, როდესაც ძუძუს კიბოს ქირურგიულ მკურნალობად მხოლოდ ძუძუს მთლიანი მოკვეთა, ანუ რადიკალური მასტექტომია (სხვა და სხვა მოდიფიკაციებით) იყო უალტერნატივო. ბოლო ათწლეულებია მკვეთრად შეიცვალა ძუძუს კიბოს მკურნალობის მენეჯმენტი. დღეისათვის აღიარებულია, რომ ქალი ამ დიაგნოზით ძუძუს გარეშე არ უნდა დარჩეს. ადრეული ძუძუს კიბოს მკურნალობის სტანდარტად მიღებულია ე.წ ორგანოშემანარჩუნებელი მკურნალობა, რაც მოიცავს ოპერაციას+სხივური თერაპია და ასევე გარდაუვალი მასტექტომიის შემდგომ, არის რეკონსტრუქციული ოპერაციების მთელი ვარიანტებიც. განსხვავებულია იღლიის მენეჯმენტიც, ტოტალური ლიმფოდისექციების ნაცვლად სასიგნალო ლ/კვანძების განსაზღვრით.
– ძუძუს კიბოს პრევენციისთვის რა ზომების მიღება შეუძლია მკითხველს?
– პრევენციისთვის აუცილებელია ცხოვრების ჯანსაღი წესი: კვება, ზომიერი, რეგულარული ფიზიკური დატვირთვა, მოწევაზე უარი. ასევე მაქსიმალურად მოერიდეთ ნერვიულობას და ისარგებლეთ ექიმ–მამოლოგთან რეგულარული კონსულტაციით.
კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ლუბლიანას ქუჩა №21ა;
კლინიკა „ახალ სიცოცხლეს“ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 05 99 00;
თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მამოლოგს თამილა როინიშვილს ნომერზე 557 64 20 00;
გისურვებთ ჯანმრთელობას!