პანიკური შეტევა ფსიქო–ნევროლოგიური დარღვევაა.
პანიკური შეტევა ინტენსიური შიშის ან დისკომფორტის დისკრეტული ეპიზოდია. შეტევებს შორის ადამიანი წუხს, შფოთავს მოსალოდნელი შეტევის გამო. სწორედ ეს უსაფუძვლო შიში ზრდის შეტევათა განმეორების ალბათობას.
ფსიქო–ნევროლოგიური დარღვევა, რომელიც მსოფლიო მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის კარგად ნაცნობია, პაციენტის ყოველდღიურ ცხოვრებაზე ნეგატიურად აისახება, მაგალითად, გაურბის ისეთ ადგილებს, სადაც მისი აზრით, შეტევა დაეწყება, ეშინია მარტო დარჩენის, შესაძლოა სახლიდან გასვლის სურვილიც დაკარგოს.
პანიკური აშლილობის დაწყების საშუალო პერიოდი 20–24 წელია – მცირე რაოდენობის შემთხვევები ფიქსირდება ბავშვობის ასაკშიც. პანიკური შეტევით ქალები უფრო ხშირად იტანჯებიან.
პანიკური შეტევის შესახებ გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თათული გუბელაძე.
– ქალბატონო თათული, რა სიმპტომები ახასიათებს პანიკურ შეტევას?
– პანიკური შეტევის ნიშნებია:
- გულისცემის გახშირება/გაძლიერება;
- ოფლიანობა;
- შინაგანი სიმხურვალე;
- დაბუჟების/ჩხვლეტის, სისუსტის, ძალის გამოცლის შეგრძნება კიდურებში;
- შემცივნება, შინაგანი კანკალი, ტრემორი;
- სიმშრალე პირის ღრუში (მიზეზი არ უნდა იყოს დეჰიდრატაცია ან პრეპარატების მიღება);
- სუნთქვის გაძნელება, ქოშინი;
- მოხრჩობის შეგრძნება;
- ტკივილი/დისკომფორტი გულმკერდის არეში;
- გულისრევა/აბდომინალური სტრესი (მაგალითად, წვის შეგრძნება კუჭის არეში);
- თავბრუსხვევა, წონასწორობის დაკარგვა;
- შეგრძნება, რომ საგნები არარეალურია ან განცდა, თითქოს საკუთარი „მე“ შორს არის ან „მე, მე არ ვარ“;
- კონტროლის დაკარგვის, გაგიჟების, სიკვდილის შიში.
– რა იწვევს პანიკურ შეტევებს?
– პანიკური შეტევების საფუძველია ქრონიკული, ხშირად გაუცნობიერებელი ძლიერი შფოთვა, რომელიც პირველ რიგში განპირობებულია არა გარეგანი, არამედ შინაგანი მიზეზებით, შინაგანი კონფლიქტებით. პანიკური შეტევების საძირკველს პიროვნების ე.წ. ნევროტული შტრიხები წარმოადგენს, ამიტომ მიზეზთან მუშაობა გულისხმობს საკუთარი ნევროტული მექანიზმების გაცნობიერებასა და პიროვნულ ცვლილებებს.
– აქვს თუ არა კავშირი პანიკურ შეტევას ფსიქიკურ აშლილობასთან?
– პანიკური შეტევა შეიძლება გამოიხატოს რამდენიმე განსხვავებულ ფსიქიკურ აშლილობასთან ერთად, მათ შორის, შფოთვითი დარღვევები, კვებითი აშლილობა და დეპრესია. თუმცა პანიკური შეტევა შეიძლება გამოვლინდეს მაშინაც, როცა გარკვეული ფსიქოპათოლოგია არ არსებობს, მაგალითად, ის არ არის უჩვეულო ადამიანებისთვის, რომლებსაც გამოუცდიათ პანიკური შეტევა სტრესული სიტუაციების დროს.
– ექვემდებარება, თუ არა მკურნალობას პანიკის შეტევა და რა მეთოდით მკურნალობთ/მართავთ ამ მდგომარეობას ქირურგიის ეროვნულ ცენტრში?
– მედიკამენტური მკურნალობა ძალიან იშვიათად არის საჭირო, უმეტესწილად მედიკამენტების გარეშე ხდება სასურველი შედეგის (პანიკური შეტევებისგან გათავისუფლება) მიღწევა. მედიკამენტებით ხდება ამ პრობლემის დროებითი შემსუბუქება, თუმცა რეალური მიზეზის აღმოსაფხვრელად აუცილებელია ფსიქოთერაპია.
პანიკური შეტევის დიაგნოსტირებისთვის აუცილებელია ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან მინიმუმ 4–ის არსებობა.
გისურვებთ ჯანმრთელობას!