გრიპი და „COVID-19“

გრიპი და „COVID-19“

რა მსგავსება და განსხვავებაა გრიპსა და „COVID-19“-ს შორის

გრიპი და „COVID-19“ ორივე გადამდები რესპირატორული დაავადებაა, თუმცა, მათი გამომწვევი სხვადასხვა ვირუსია.

კორონავირუსის გამომწვევი SARS-CoV-2 ინფექციაა, გრიპს კი, A და B ვირუსით განპირობებული მწვავე ინფექციური დაავადება იწვევს. მათ შორის რამდენიმე მნიშვნელოვანი განსხვავებაა. კორონავირუსი  უფრო ადვილად ვრცელდება და ზოგიერთ ადამიანში უფრო სერიოზულ გართულებებს იწვევს. სიმპტომების გამოვლინებამდე დაავადება ჩუმად მიმდინარეობს, ამიტომ ადამიანთა უმეტესობას, სანამ სიმპტომები დაეწყება – მაგალითად, მაღალი ტემპერატურა, ის უკვე გადამდებია.

იმის გამო, რომ გრიპი და „COVID-19“ სიმპტომებით დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან, გართულებულია მათი დიფერენცირება, ამიტომ დიაგნოზის დასადასტურებლად საჭიროა პჯრ (PCR)  ტესტირება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კორონავირუსსა და გრიპს შეიძლება, ჰქონდეს სხვადასხვა ხარისხის ნიშნები და სიმპტომები.

SARS-CoV-2 და გრიპის საერთო სიმპტომებია:

  • ცხელება ან სიცხე;
  • ციების შეგრძნება;
  • ხველა;
  • ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება;
  • დაღლილობა;
  • ყელის ტკივილი;
  • გამონაყარი;
  • კუნთების ტკივილი;
  • თავის ტკივილი.

ზოგიერთს შეიძლება ჰქონდეს ღებინება და დიარეა, თუმცა, ეს ბავშვებში უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მოზრდილებში.

გრიპის სიმპტომები

იგი, როგორც წესი, მოულოდნელად ჩნდება. დაავადებული ადამიანები ხშირად გრძნობენ ზოგიერთ ან ყველა სიმპტომს:

  • სიცხე/შემცივნება;
  • ხველა;
  • ყელის ტკივილი;
  • ცხვირის დახშობა (გაჭედვა);
  • სახსრების ტკივილი;
  • თავის ტკივილი;
  • ზოგადი სისუსტე.

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ A და B ვირუსით დაავადებულ ყველა ინდივიდს არ ექნება მაღალი ტემპერატურა.

„COVID-19“-ის სიმპტომები

კორონავირუსით დაავადებულ ადამიანებს შესაძლოა, აღენიშნებოდეთ სიმპტომების ფართო სპექტრი – დაწყებული მსუბუქი სიმპტომებიდან, დამთავრებული მძიმე დაავადებით. ჩამოთვლილი სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს ვირუსის ზემოქმედებიდან 2-14 დღის შემდეგ:

  • ცხელება ან შემცივნება;
  • ხველა;
  • ქოშინი ან/და სუნთქვის გაძნელება;
  • ქრონიკული დაღლილობა;
  • სისუსტე;
  • კუნთების ან/და სახსრების ტკივილი;
  • თავის ტკივილი;
  • გემოვნების ან ყნოსვის დაკარგვა;
  • ყელის ტკივილი;
  • გულისრევა;
  • ღებინება;
  • დიარეა.

რა თქმა უნდა, სიმპტომთა ჩამონათვალი სრული არაა, რადგან SARS-CoV-2 აგრძელებს მუტაციას და ჩვენც ეტაპობრივად ვიკვლევთ მას.

ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მსუბუქი და მძიმე სიმპტომები.

ხანდაზმულები, რომლებსაც აქვთ მძიმე სამედიცინო მდგომარეობები, როგორიცაა გულის ან ფილტვის დაავადება ან დიაბეტი, უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან.

მოზრდილებისგან განსხვავებით, ბავშვებში ინფექცია უფრო მსუბუქად მიმდინარეობს.  შესაძლოა, განვითარდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა:

  • ღებინება;
  • დიარეა;
  • უგუნებობა;
  • სუნთქვის გაძნელება.

ზამთრის მოახლოვებასთან ერთად, სულ უფრო აქტუალურია კითხვა – რას გამოიწვევს გრიპითა და კორონავირუსით ერთდროული ინფიცირება? ორივე ვირუსის ერთდროული არსებობისას, მოსალოდნელია, რომ სასუნთქი სისტემის უკმარისობა უფრო მწვავე იქნება, სუნთქვის უკმარისობას კი, ამ ვირუსებით მონაცვლეობითი ინფიცირებაც გაამწვავებს. თუმცა, ზუსტი პასუხის გაცემა, ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგან  COVID-19-ის შესახებ საკმარისი კვლევები ჯერ არ ჩატარებულა.

როგორც უკვე მოგახსენეთ, დღესდღეობით, დიაგნოტირების ოქროს სტანდარტს  პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (პჯრ) მეთოდი წარმოადგენს.

იქიდან გამომდინარე, რომ სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა ჯერ-ჯერობით ოფიციალურად დამტკიცებული არ არის, კოვიდით დაინფიცირებული პაციენტების მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე. 

გართულებების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, გაითვალისწინოთ საქართველოს მთავრობისა და ჯანმოს (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის)  რეკომენდაციები.

სტანდარტული რეკომენდაციები COVID-19 ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად

  • თავი აარიდეთ რესპირაციული ინფექციის მქონე ადამიანებთან კონტაქტს;
  • ხშირად დაიბანეთ ხელები, საპნითა და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, ხოლო მათზე ხელმისაწვდომობის არქონის შემთხვევაში გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო საშუალება; 
  • თავი აარიდეთ დაუცველ კონტაქტს გარეულ ცხოველებთან;
  • დაიცავით ხველის ეტიკეტი;
  • არ გამოიყენოთ საერთო სარგებლობის ნივთები (ჭურჭელი, პირსახოცი, ნივთები, ტელეფონი);
  • გაანიავეთ ოთახი ხშირად;
  • საგულდაგულოდ გაასუფთავეთ ხშირად შეხებადი ზედაპირები;
  • არ მიიღოთ ანტიბიოტიკი ან სხვა მედიკამენტი ექიმის დანიშნულების გარეშე;
  • გრიპის ან ხველის დროს, თავი აარიდეთ ზურგზე წოლას;
  • ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების შემთხვევაში, დაუკავშირდით ოჯახის ექიმს ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს 15 05.

მსოფლიო პანდემიის დროს, თითოეული ადამიანის სოციალური პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანია.

გისურვებთ ჯანმრთელობას!