ლაზერული აბლაცია – ვარიკოზული ვენების განკურნების მეთოდი

ლაზერული აბლაცია – ვარიკოზული ვენების განკურნების მეთოდი

ვარიკოზი ანუ ვენების ვარიკოზული გაგანიერება ეს არის ვენების დაავადება, რომელიც იწვევს მათი სანათურის გაფართოებას და ვენური კედლის გათხელებას.

აღსანიშნავია, რომ ამ დაავადებით ქალები მამაკაცებთან შედარებით სამჯერ ხშირად ავადდებიან. ოფიციალური სტატისტიკით, ვარიკოზი აქვს 40 წელს გადაცილებულ ყოველ მესამე ქალსა და ყოველ მეათე მამაკაცს.

დაავადების ხელშემწყობი ფაქტორებია:
•           ორსულობა.
•           სიმსუქნე.
•           ფეხზე დიდხანს დგომა ან ჯდომა – არააქტიური ცხოვრების წესი.  

ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ ცხელი აბაზანები, კიდურებზე მზისა და სითბოს ზემოქმედება კიდევ უფრო მეტად აფართოვებს ვენებს. ზოგჯერ მდგომარეობას ართულებს ზოგიერთი პრეპარატი, მაგალითად, კონტრაცეპტივები.  

ძირითადად, ვენური უკმარისობა ვლინდება სიმძიმის შეგრძნებით, რომელიც ძლიერდება დიდხანს დგომისა და/ან ჯდომისას, მოგვიანებით თავს იჩენს გამბრჯენი ტკივილები წვივებში, კანის ქავილი და წვა, ღამის კრუნჩხვები. საგულისხმოა, რომ ვენური კვანძების რაოდენობა და სიდიდე არ არის დაავადების სიმძიმის მაჩვენებელი, მცირედ გამოხატული კვანძები და უმნიშვნელო შეშუპებაც მძიმე გართულებების წინამორბედია. პაციენტი შეიძლება არც უჩიოდეს ძლიერ დისკომფორტს და ტკივილებს.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში დაინერგა ვარიკოზის მკურნალობა ლაზერული ტექნიკის გამოყენებით. ეს არის მეთოდი, რომლის დროსაც განაკვეთების საჭიროება აღარ არის. მას ეწოდება “ლაზერული აბლაცია”.
მეთოდის არსი მდგომარეობს იმაში, რომ დაზიანებული ვენა, რომელიც განაკვეთის მეშვეობით უნდა ამოკვეთილიყო, სპეციალური ლაზერით პატარა ჩხვლეტის გზით ნადგურდება.
რამდენიმე დღეში შემოგთავაზებთ ვიდეო ჩანაწერს, სადაც ასახული იქნება ლაზერული აბლაციის პროცედურა. ოპერაციას გაუძღვება ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლძარღვთა პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი ფერაძე. ლაზერული აბლაციის უპირატესობაზე გვესაუბრა ბატონი ირაკლი ფერაძე.

„ლაზერული აბლაციის შედეგად კიდურებზე ნაწიბურები არ რჩება. მაღალტექნოლოგიური შუქგამტარი შედის დაზიანებულ ვენაში და „აუქმებს“ მას ჭრილობის გარეშე, ამასთან, ეს ლაზერის სხივი ისეთი სიხშირისაა, რომ სხვა ქსოვილებს არ აზიანებს. ამიტომ ოპერაციისგან განსხვავებით ეს პროცედურა ტარდება ადგილობრივი გაყუჩებით, აღარ არის საჭირო “დაძინება” ზოგადი ან სპინალური “წელს ქვემოთ” ანესთეზია. პაციენტი პროცედურის შემდეგ დგება და მიდის სახლში. შემცირებულია რეაბილიტაციის პერიოდი და ა. შ.
ლაზერული აბლაციის ის თანამედროვე ტექნოლოგია რასაც ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ვფლობთ, უმეტეს შემთხვევებში იგივე ეფექტურობით აღმოფხვრის პათოლოგიას, როგორც ოპერაცია. ამავე დროს კი ოპერაციისგან განსხვავებით უაღრესად კომფორტულია პაციენტისთვის. უნდა ითქვას ისიც, რომ ამ ჩარევების მიზანი სისხლის მიმოქცევის ნორმალიზება და აღწერილი გართულებების თავიდან აცილებაა. ვენური გამობერილობების გაქრობა ხდება თავისთავად, ვინაიდან ნადგურდება პათოლოგიურად შეცვლილი ვენა, მისი შენაკადებიც “იფუშება” და იმ კოსმეტიკური პრობლემების 95% თავისთავად ქრება“, – განაცხადა ბატონმა ირაკლიმ.

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლძარღვთა პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტის უფროსს, ირაკლი ფერაძეს ნომერზე 577 32 77 55

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ავტორი   ეკატერინე ციცხვაია