ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტს „ავერსის“ ჯგუფის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები ეწვივნენ.
სტუმრებმა იხილეს ამერიკული კომპანია Varian-ის ულტრათანამედროვე და მაქსიმალურად დახვეწილი, კლინიკურად ეკვივალენტური (ტყუპი), უახლესი სხივური ამაჩქარებლები.
კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლაშა ბაზაძემ დამსწრე საზოგადოებას აუხსნა, თუ როგორია ონკოლოგიურ პაციენტთა დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდი და რომ Tumor Board–ის ერთობლივი მსჯელობისა და დისკუსიის საფუძველზე, თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად ხდება მკურნალობის ტაქტიკის შერჩევა.
„პროცესში ჩართულია სხვადასხვა დარგის სპეციალისტი. აღსანიშნავია, რომ მკურნალობის ტაქტიკისა და დასხივების გეგმის შედგენაში მონაწილეობენ ემორის უნივერსიტეტის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის ხარისხის განყოფილების უფროსი, პროფესორი ნათია ესიაშვილი და ესპანეთის Genesis Care-ს ონკოლოგიის მულტიდისციპლინური ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტი, ESTRO-ს საერთაშორისო რადიაციულ ონკოლოგთა საზოგადოებებთან ურთიერთობის კომიტეტის წევრი, მურსიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მაია ჯუღაშვილი–ერნანდესი. ჩვენი კლინიკის სხივური ამაჩქარებლები 2019 წლის, უახლესი თაობისაა. წლების განმავლობაში ვეძებდით და მოვიძიეთ კადრები – მათ განათლება აშშ–ისა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში მიიღეს. რადიოთერაპიის დეპარტამენტის თითოეული თანამშრომელი მკაცრად გაწერილი საერთაშორისო გაიდლაინებით ხელმძღვანელობს“, – განაცხადა ბატონმა ლაშამ.
გენერალურმა დირექტორმა სტუმრებს რადიოთერაპიის დეპარტამენტში არსებულ სიახლეზე აცნობა, კერძოდ, სულ მალე ქირურგიის ეროვნული ცენტრი აღიჭურვება აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი, ციფრული პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფით (PET/CT).
როგორც ბატონმა ლაშამ განმარტა, პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფია ბირთვული მედიცინის კვლევის მეთოდია, უალტერნატივოა კიბოს დიაგნოსტირებაში და ონკოლოგიაში ოქროს სტანდარტს წარმოადგენს, შემთხვევათა 36%–ში ცვლის მკურნალობის ტაქტიკას.
სტუმრებისთვის პრეზენტაცია მოამზადეს რადიოთერაპიის დეპარტამენტის რადიაციულმა ონკოლოგებმა, ბრაქითერაპევტებმა ირინა ჯობავამ და ლაშა გოგინაშვილმა. ონკოლოგებმა პრეზენტაციაზე მიმოიხილეს რამდენიმე საინტერესო კლინიკური შემთხვევა.
სხივურ თერაპიამდე და სხივური თერაპიის შემდგომ ჩატარებული საკონტროლო გამოსახულებითი კვლევები ნათლად ცხადყოფს, თუ რამდენად ეფექტურია მკურნალობის ეს მეთოდი.
აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ონკოლოგიაში სხივური თერაპია მკურნალობის ერთ-ერთი ძირითადი მეთოდია, რომლის გამოყენებაც კიბოსთან ბრძოლის სხვადასხვა ეტაპზე დაავადებულთა სულ მცირე 50%–ს ესაჭიროება.
სხივური თერაპია სიმსივნეზე მოქმედებს ადგილობრივად კიბოს უჯრედების განადგურების მიზნით. ის პაციენტს ენიშნება როგორც რადიკალურ (განკურნების მიზნით), ისე ნეოადიუვანტურ (წინასაოპერაციო მომზადებისთვის), ადიუვანტურ (პოსტოპერაციულ პერიოდში დამხმარე თერაპიად) და პალიატიურ (სიმსივნისგან გამოწვეული სიმპტომატიკის შესამცირებლად და სიცოცხლის ხარისხის გასაუმჯობესებლად) რეჟიმში.
დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ინოვაციური მეთოდები, ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურა – ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით პაციენტებისთვის ინდივიდუალიზირებული, სამედიცინო მტკიცებულებებზე დაფუძნებული, მაღალი სტანდარტის სხივური თერაპიის ჩატარებას უზრუნველყოფს.
რადიოთერაპიის დეპარტამენტში ტარდება: ცენტრალური ნერვული სისტემის, თავ-კისრის, ფილტვის, ძუძუს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების, უროლოგიური და გინეკოლოგიური ონკოლოგიური დაავადებების, ლიმფომების და ჰემატოლოგიური სიმსივნეების, ძვლის და რბილი ქსოვილების, კანის, თავის ტვინისა და ძვლების მრავლობითი მეტასტაზების რადიოთერაპია დასხივების თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით: 3DCRT 3 განზომილებიანი კონფორმული, IMRT ინტენსივობა-მოდულირებული, მოცულობა მოდულირებული VMAT (RapidArc), RGRT სუნთქვასთან სინქრონიზებული რადიოთერაპია.
მკურნალობის ყოველდღიური პროცედურა სრულდება IGRT (გამოსახულებით მართული რადიოთერაპია) კონტროლით, რაც უზრუნველყოფს მკურნალობის გეგმის მაღალი სიზუსტით განხორციელებას. დაგეგმარება ყოველი პაციენტისთვის სრულდება უმაღლესი ხარისხით და უსაფრთხოების ნორმების დაცვით.
რადიოთერაპიის დეპარტამენტში წარმატებით ფუნქციონირებს ქიმიოთერაპიის განყოფილება, სადაც სიმსივნით დაავადებულ პაციენტებს უახლესი საერთაშორისო პროტოკოლებისა და გაიდლაინების შესაბამისად მკურნალობენ. კლინიკის ქიმიოთერაპიის განყოფილებაში ტარდება სოლიდური ავთვისებიანი სიმსივნეების მედიკამენტური მკურნალობა: ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, იმუნო და ტარგეტული თერაპია ნეოადიუვანტურ, ადიუვანტურ და პალიატიურ რეჟიმებში როგორც მონოთერაპიის, ისე პოლიქიმიოთერაპიის სახით. სიმსივნის ტიპის, დაავადების სტადიისა და პაციენტის ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით, მკურნალობა წარიმართება როგორც ამბულატორიულად, ისე სტაციონარის პირობებში. მკურნალობის ტაქტიკის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, თითოეული პაციენტისათვის მულტიდისციპლინური მიდგომით, რაც გულისხმობს პაციენტის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროცესში სხვადასხვა დარგის სპეციალისტთა ერთობლივ მონაწილეობას.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში რადიოთერაპიის დეპარტამენტის დაარსების დღიდან კვალიფიციური სამედიცინო კადრებისა და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, არაერთმა პაციენტმა ისარგებლა მაღალი ხარისხის სამედიცინო დახმარებით.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გისურვებთ ჯანმრთელობას!