გული სისხლის მიმოქცევის სისტემის ცენტრალური ორგანოა – მას გაფრთხილება სჭირდება.
მთელ მსოფლიოში გულის დაავადებისგან გამოწვეული სიკვდილის მაჩვენებელი პირველ ადგილზეა. ამასთან, მიოკარდიუმის ინფარქტი გულის ყველაზე გავრცელებული და სახიფათო დაავადებაა. ინფარქტის რისკ–ჯგუფში შედიან ის ადამიანები, რომლებიც დიდი რაოდენობით ალკოჰოლს და თამბაქოს მოიხმარენ, ეტანებიან ქოლესტერინით მდიდარ საკვებს და ჰიპოდინამიურ ცხოვრებას ეწევიან, ანუ ცოტას მოძრაობენ. რისკის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია სტრესული ფაქტორები, არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბი წონა, ჰიპერქოლესტერინემია, კვების დარღვევები, მემკვიდრეობა, შრომისა და დასვენების არაჯანსაღი პირობები, ასაკი. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია თამბაქოს მოხმარება - მისი წილი 35,7%-ია. 32,5%-ით მეორე ადგილს იკავებს ფსიქოსოციალური ფაქტორები - სტრესი, ფინანსური სირთულეები, დეპრესია. დანარჩენი 31,8% კი სხვა ფაქტორების - ჭარბი წონის, ასაკის, შრომისა და დასვენების პირობების, მემკვიდრეობისა და ჰიპოდინამიის წილად მოდის.
რა უნდა ვიცოდეთ ინფარქტის შესახებ, როგორ ამოვიცნოთ ინფარქტის სიმპტომები, რა ასაკში ვლინდება ინფარქტი, როგორი კვების რაციონია სასარგებლო გულის ჯანმრთელობისთვის?
ამ თემებზე გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის კარდიოლოგი, ხათუნა ბერინაშვილი.
– რას გვეტყვის ინფარქტის შესახებ, რა არის ინფარქტი?
– მიოკარდიუმის ინფარქტი ყალიბდება გულის კუნთის მცირე ან დიდი უბნის მკვებავი გვირგვინოვანი არტერიის ან მისი რომელიმე ტოტის სანათურის დახშობით თრომბის მეშვეობით ან ხანგრძლივი სპაზმით, რასაც მოჰყვება გულის კუნთის შესაბამის უბანში სისხლის მიმოქცევის შეწყვეტა, ჟანგბადით მომარაგების მოშლა და მწვავე იშემიური ნეკროზი - გულის კუნთის კვდომა. გულის კუნთის ნეკროზული კერის სიდიდე დახშული სისხლძარღვის კალიბრზეა დამოკიდებული. ინფარქტული უბნის ზომას, მის ლოკალიზაციასა და გულის კუნთის ფუნქციურ მოშლილობას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან სწორედ ეს ფაქტორები განსაზღვრავს პაციენტის მდგომარეობას და ინფარქტის შედეგს.
– როგორ ამოვიცნოთ ინფარქტის სიმპტომები?
– მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტისთვის დამახასიათებელია უეცარი და ძლიერი, აუტანელი ტკივილი გულის არეში, განსაკუთრებით - მკერდის ძვლის უკან, ირადიაციით ზურგის, მხრების,ზოგ შემთხვევაში – ქვედა ყბის და კბილების მიმართულებით. ტკივილის კუპირება ვერ ხერხდება ნიტროგლიცერინის, ვალიდოლის და ანტისპაზმური საშუალებების ფონზე, რომლებიც აფართოებს კორონარულ სისხლძარღვებს და დადებით ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს ავლენს სტენოკარდიული შეტევისას. ინფარქტის დროს ძლიერი ტკივილის პარალელურად ვლინდება ქოშინი, ცივი ოფლი, პაციენტს სიკვდილის შიში, უიმედობა და სასოწარკვეთილება იპყრობს. ერთი შეხედვით ინფარქტი კლინიკურად ძლიერ წააგავს სტენოკარდიულ შეტევას, იმ განსხვავებით, რომ ინფარქტის დროს ტკივილი გაცილებით ხანგრძლივი, ძლიერი და ინტენსიურია. ზოგჯერ იმდენად, რომ რეფლექსურად კოლაფსურ-შოკურ მდგომარეობასაც კი იწვევს, რასაც კარდიოგენულ შოკს უწოდებენ. მიოკარდიუმის ინფარქტი ყოველთვის უეცრად და ელვისებურად არ იწყება. ზოგჯერ მას წინ უძღვის ხშირი სტენოკარდიული შეტევა. მწვავე ინფარქტი ყველაზე ხშირად იწყება ღამით, ძილის დროს. ფიზიკურ დატვირთვასთან კავშირი იშვიათად აქვს.
– ინფარქტის დროს ზოგჯერ გული არ სტკივათ. ეს რით შეიძლება იყოს გამოწვეული და გულის ტკივილის გარდა რა სახის ჩივილებს უნდა მიაქციოს ადამიანმა ყურადღება?
– აღსანიშნავია, რომ პაციენტთა გარკვეულ კონტიგენტში, უმთავრესად, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში შეიძლება გამოვლინდეს მიოკარდიუმის ინფარქტის უმტკივნეულო ფორმა. ამის მიზეზი გახლავთ შაქრიანი დიაბეტის გამო გულის კუნთის ქსოვილის მგრძნობელობის დარღვევა. გარდა ამისა, არსებობს ინფარქტის სხვა ატიპიური ფორმებიც, აბდომინური ფორმა. ამ დროს ტკივილი ლოკალიზებულია მუცლის ზედა ნაწილში, პაციენტი უჩივის სლოკინს, მუცლის შებერვას, გულისრევის შეგრძნებასა და ღებინებას. სიმპტომები ძლიერ წააგავს მწვავე პანკრეატიტს. ასთმური ფორმის დროს ვითარდება მზარდი სულხუთვა და ქოშინი – სურათი ძლიერ წააგავს ბრონქული ასთმის შეტევას. ცერებრული ფორმა – აღინიშნება თავბრუსხვევა, ცნობიერების დარღვევა და ნევროლოგიური სიმპტომები.
– რა ფაქტორები უწყობს ხელს ინფარქტის განვითარებას?
– უწინარეს ყოვლისა, ასაკი. ინფარქტის განვითარების რისკი, ისევე როგორც ათეროსკლეროზისა, იზრდება 50 წლის შემდეგ. მეორე მიზეზია - არტერიული ჰიპერტენზია. მაღალი არტერიული წნევა აზიანებს გვირგვინოვანი არტერიების ენდოთელურ შრეს და ხელს უწყობს თრომბოზის განვითარებას. თამბაქოს წევა – ამ დროს სისხლში იმატებს ნახშირჟანგის დონე, რის შედეგადაც ზიანდება გვირგვინოვანი არტერიების ენდოთელიუმი, ძლიერდება თრომბოციტების აგრეგაცია, იზრდება კორონარული თრომბოზის განვითარების რისკი. სხვა ფაქტორებიდან უნდა დავასახელოთ გენეტიკური მიდრეკილება, ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი და სიმსუქნე, რომელიც ათეროსკლეროზის პროგრესირებას აჩქარებს. იშემიური დაავადების განვითარების ალბათობას ზრდის არააქტიური ცხოვრების წესი.
– რა ასაკში ვლინდება ინფარქტი?
– დაავადება უმთავრესად 45-50 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში გვხვდება, თუმცა საგრძნობლად იმატა ინფარქტის შემთხვევებმა გაცილებით ახალგაზრდებში - 35-დან 40 წლამდე, რაც დაავადებისადმი გენეტიკურ მიდრეკილებას უკავშირდება. მიოკარდიუმის ინფარქტით გაცილებით ხშირად ავადდებიან მამაკაცები.
– გთხოვთ, მკითხველს განუმარტოთ როგორ მკურნალობთ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში – რას გვეტყვით ინტერვენციული მკურნალობის შესახებ?
– როდესაც არის მწვავე იშემია - კლინიკური ნიშნების და ეკგ ცვლილებების გათვალისწინებით ტარდება კორონაროგრაფიული კვლევა. იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდა კორონარული არტერიის სტენოზირება (შევიწროება) ან ოკლუზია (დახშობა), ხდება დაზიანებული სისხლძარღვის სტენტირება ანუ რევასკულარიზაცია. ამით პრობლემა, შეიძლება ითქვას, გვარდება და ინფარქტი აღარ ყალიბდება. ქირურგიის ეროვნული ცენტრის კათეტერიზაციის ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე იაპონური წარმოების ანგიოგრაფით Shimadzu Trinias B12, რომელიც კორონარული ინტერვენციის მკვეთრი სიზუსტით შესრულების და მაქსიმალური რეზულტატის მიღების საშუალებას იძლევა.
– როგორი კვების რაციონია სასარგებლო გულის ჯანმრთელობისთვის?
– ევროპის ათეროსკლეროზის შემსწავლელი საზოგადოების ექსპერტთა ჯგუფმა შეადგინა სასურველი, ზომიერად ნებადართული და არასასურველი პროდუქტების სია. სასურველთა ნუსხაში შედის ის პროდუქტები, რომლებიც ნაკლები რაოდენობით შეიცავს ქოლესტერინს: მზესუმზირა, სიმინდის ზეთი, ქათამი, ინდაური, ხბო, კურდღელი, კვერცხის ცილა, ცხიმმოხდილი რძე, მაწონი, ხაჭო, უცხიმო ყველი, უცხიმო თევზი, ხილი, პარკოსნები (ლობიო, ბარდა), მოხარშული კარტოფილი, რუხი პური, შვრიის, სიმინდის ფაფები, მინერალური წყლები, ჩაი, სუსტი ყავა, ხილის წვენები, თაფლი, მწვანილი. ზომიერად ნებადართულია: კარაქი, მარგარინი (პოლიუჯერი ცხიმების მაღალი შემცველობით), ძროხის, ღორის, ცხვრის ხორცი, საშუალო ცხიმოვნობის ყველი, ზეთში შემწვარი თევზი, კარტოფილი, ნუში, თეთრი ფქვილი, ტკბილი ფაფები, ტორტები, უცხიმო შოკოლადი. არასასურველია: ზეითუნის ზეთი, ქონი, ცხიმიანი ხორცი, ძეხვი, იხვის, ბატის ხორცი, ქათმის, ინდაურის კანი, რძე, არაჟანი, ცხიმიანი ყველი, ცხიმიანი მაწონი, ქონში შემწვარი კარტოფილი, უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან გამომცხვარი პური, ფუნთუშეული და ცხოველურ ცხიმებზე დამზადებული კერძები, მაგარი ყავა.
– როგორ ავარიდოთ თავი გულის შეტევას – რას ურჩევთ ჩვენს მკითხველს?
– ინფარქტის პროფილაქტიკა ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვას გულისხმობს, რაც უწინარეს ყოვლისა მოიცავს ათეროსკლეროზის პროფილაქტიკას, ფიზიკურ აქტივობას, რაციონალურ კვებას, თამბაქოსა და ალკოჰოლის ზომიერ მოხმარებას, ემოციური სფეროს მოწესრიგებას. მძიმე შემთხვევების თავიდან ასაცილებლად საჭიროა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანი მუდმივად იმყოფებოდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ყველა 40 წელს გადაცილებულმა ადამიანმა კი წელიწადში ერთხელ მაინც ჩაიტაროს პროფილაქტიკური გამოკვლევა, რაც მოიცავს სისხლში შაქრის, ლიპიდების შემცველობის განსაზღვრას, ელექტროკარდიოგრაფიას, ექოკარდიოსკოპიას. ყოველივე ეს დროულად აგაცილებთ თავიდან გულის მუშაობის დარღვევასთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემას.
თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის კარდიოლოგს, ხათუნა ბერინაშვილს ნომერზე 599 29 00 87
გისურვებთ ჯანმრთელობას!