საახალწლო სუფრის რომელი საკვები აღიზიანებს კუჭ–ნაწლავის ტრაქტს?

საახალწლო სუფრის რომელი საკვები აღიზიანებს კუჭ–ნაწლავის ტრაქტს?

დღესასწაული, რომელსაც მთელი წელი ველით, რთული გამოცდაა ჩვენი ორგანიზმისთვის.

რთულია უარი თქვათ საახალწლო სუფრის გემრიელ კერძებზე, მაგრამ გარკვეული რეკომენდაციების წყალობით ცხარე, მჟავე, ცხიმიანი და კალორიული საკვებით გამოწვეული დისკომფორტისგან თავის დაცვა შესაძლებელია.

სასიამოვნო განწყობა კუჭ–ნაწლავის პრობლემებმა რომ არ გაგიფუჭოთ გაითვალისწინეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის გასტროენტეროლოგის ეკა ზალიკიანის სასარგებლო რეკომენდაციები.


– ქალბატონო ეკა, საახალწლო სუფრის კერძების გამო კუჭ–ნაწლავის სისტემიდან განსაკუთრებით რომელი დაავადებები მწვავდება?
– გადატვირთული საახალწლო ქართული სუფრის ფონზე კუჭ–ნაწლავის მრავალმა დაავადებამ შეიძლება იჩინოს თავი. მათ შორის განსაკუთრებით ხშირია: გასტრიტი, ქოლეცისტიტი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი. ხშირია კვებითი ინტოქსიკაციები, რომლის დროსაც ვლინდება ფაღარათი, გულისრევა, ღებინება და სხვა. ყველა ეს სიმპტომი უსიამოვნოა და საახალწლო განწყობის გაფუჭება შეუძლია.
– ცხიმიანი კერძი რომელ ორგანოს ვნებს და ჭარბი დოზა რა საფრთხეს გვიქმნის?
– ცხიმიანი კერძი ვნებს როგორც კუჭ–ნაწლავს, ასევე ამ ტიპის საკვების მიღება არ არის სასურველი გულ–სისხლძარღვთა სისტემისთვის. როცა კუჭ–ნაწლავის სისტემის გაღიზიანებაზე ვსაუბრობთ, ცხიმიანი კერძი პირველ რიგში ნაღვლის ბუშსტს ემუქრება. თუ სახეზეა ნაღვლის ბუშტის პრობლემა ნალექისა თუ კენჭოვანი დაავადების სახით, სწორედ ახალი წლის დღესასწაულების ფარგლებში იზრდება იმის რისკი, რომ გამწვავდეს ქოლეცისტიტი. ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელია ყრუ ან შეტევითი ხასიათის ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, შებერილობა, ტკივილი აპიგასტრიუმის არეში და სხვა.
– სადღესასწაულო განწყობა რომ არ გაგვიფუჭდეს და განსაკუთრებით მაშინ, როცა თითქმის წარმოუდგენელია უარი ვთქვათ გემრიელ კერძებზე, რას გვირჩევთ, რა მოვიმოქმედოთ კუჭ–ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანებას რომ ავარიდოთ თავი?
– რასაკვირველია, ახალი წლის დღესასწაულის დროს რთულია დიეტის დაცვა და გემრიელ კერძებზე უარის თქმა. თუმცა ზემოაღნიშნული დაავადებების თავიდან აცილება შესაძლებელია თუ დავიცავთ კვების ჯანსაღ, სწორ ფორმას. გირჩევთ მიირთვათ ხშირად და მცირე ულუფებით, კვების რაციონში ჩართოთ ხილი და ბოსტნეული, რომელიც საუკეთესო ხერხია ცხიმიანი და მძიმედ მოსანელებელი საკვებისგან განსატვირთვად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლსა და გაზიან სასმელებს. დღის განმავლობაში დალიეთ ორგანიზმისთვის საჭირო რაოდენობის წყალი. თუ მაინც შეგექმნათ დისკომფორტი, დროულად მომართეთ კლინიკას.
– თქვენი სასარგებლო რჩევა კუჭ–ნაწლავის განსატვირთად.
– ზემოაღნიშნულ რეკომენდაციებთან ერთად სასურველია, კვირაში ერთხელ განტვირთვის დღე მოიწყოთ. ამისთვის საჭიროა მიიღოთ ხილი, ბოსტნეული ან რძის პროდუქტები წყალთან ერთად. მაგალითად, მთელი დღის განმავლობაში შეგიძლიათ მიირთვათ მხოლოდ ხილი. ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკური დატვირთვა, სუფთა ჰაერზე ფეხით ისეირნეთ.
– საახალწლო სუფრის რომელი საკვები აღიზიანებს კუჭ–ნაწლავის ტრაქტს?
– აღსანიშნავია ნიგვზიანი საკვები პროდუქტები. სწორედ ნიგვზისგან მომზადებული კერძები აღიზიანებს კუჭ–ნაწლავის ტრაქტს. მოგეხსენებათ, რომ ნიგოზი ბევრი კერძის ინგრედიენტია და განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართულ საახალწლო კვების რაციონში გოზინაყის, ჩურჩხელის, საცივისა თუ ფხალეულის სახით. სწორედ ეს პროდუქტები იწვევს ქოლეცისტიტს, გასტრიტს და მათ გამწვავებას. აღსანიშნავია მაიონეზიც, რომლითაც ბევრ კერძს აზავებენ. მაიონეზი არა მარტო კუჭ–ნაწლავისთვის, არამედ სხვა სისტემებისთვისაც არ არის სასურველი.
– რომელი საკვები შეგვიძლია მივირთვათ?
– ზემოაღნიშნულ კერძებს ვერ ამოვიღებთ საახალწლო რაციონიდან, მაგრამ შეგვიძლია კვება დავაბალანსოთ ხილითა და ბოსტნეულით. მათ შორის ბოსტნეულის სალათებით, ადვილად მოსანელებელი მწვანე სალათის ფურცლებით. შეგვიძლია ჩავრთოთ რძის პროდუქტები. შევამციროთ გაზიანი სასმელის დოზა და დიდი რაოდენობით დავლიოთ წყალი, ხილის კომპოტი, ჩაი, ყავა.
– ახალი წლის დღესასწაულის ფარგლებში ძირითადად რა ჩივილებით მოგმართავენ პაციენტები?
– სწორედ ახალი წლის პერიოდში ხშირია ისეთი ჩივილები როგორიცაა: შებერილობა, საკვების მიღების შემდეგ სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი კუჭის ან მარჯვენა ფერდქვეშა არეში, გულისრევა, ღებინება, ფაღარათის ან ყაბზობის მონაცვლეობა, მდგომარეობის შესაბამისად, არტერიული წნევის ცვალებადობა. ასევე ხშირია ალკოჰოლით ან სოკოთი ინტოქსიკაციები და სხვა. ამ ჩივილებმა რომ არ შეგაწუხოთ გაითვალისწინეთ აღნიშნული რეკომენდაციები. მსურს, ყველა მკითხველს მივულოცო ახალი 2018 წელი, პირველ რიგში ვუსურვო ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და კეთილდღეობა.
ეკა ზალიკიანი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსია.

გასტროენტეროლოგიაში რეზიდენტურის კურსი გაიარა სანკტ–პეტერბურგში მეჩნიკოვის სახელობის ჩრდილო–დასავლეთ სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ექიმ გასტროენტეროლოგის თანამდებობაზე 2015 წლიდან მოღვაწეობს და უამრავი მადლიერი პაციენტი ჰყავს.

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის გასტროენტეროლოგს, ეკა ზალიკიანს ნომერზე 555 18 97 54;

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5;

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 11 91 19

გისურვებთ ჯანმრთელობას!