ქირურგიის ეროვნულ ცენტრს 15 მაისს ახალი სამედიცინო სერვისი შეემატა. სისხლის ბანკი გაიხსნა.
დღეს ჩვენს კლინიკაში გაიხსნა სისხლის ბანკი, რომელიც ქირურგიის ეროვნული ცენტრისთვის სტრატეგიულ ობიექტს წარმოადგენს. დღევანდელ ღონისძიებას უმასპინძლა ქირურგიის ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზმა. ავსტრიელი სტუმრებისთვის პრეზენტაცია წარმოადგინა ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ჩადუნელმა.
სისხლის ბანკის ფუნქციებში შედის დონორული სისხლის მიღება, გადამუშავება, სკრინინგული (ჰეპატიტი, B, C, AIV ინფექცია, სიფილისი) და კლინიკური (სისხლის საერთო, ჯგუფი, რეზუს კუთვნილება, ფენოტიპირება და KeLL ფაქტორი) კვლევა, შემდგომ კი სისხლის კომპონენტებით კლინიკის უზრუნველყოფა. სისხლის ბანკში დასაქმებული იქნება 3–5 ადამიანი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სამსახურის უწყვეტ და სრულფასოვან ფუნქციონირებას.
სისხლის ბანკი იფუნქციონირებს ჩვენი კლინიკის მე–6 სართულზე. სისხლის ბანკისთვის განკუთვნილ სივრცეში შედის შემდეგი სტრუქტურული ერთეულები:
• მოსაცდელი და სარეგისტრაციო ოთახი სავარძლებითა და სანიტარული კვანძით.
• ლაბორატორია.
• დონორების სელექციის ოთახი, სადაც ექიმი დონორებთან ატარებს გასაუბრებას და გამოკვლევებს.
• დონაციის ოთახი.
• სისხლის კომპონენტების შესანახი და გასაცემი ოთახი.
სტუმრებმა ქირურგიის ეროვნული ცენტრის მმართველ გუნდთან ერთად, დაათვალიერეს სისხლის ბანკი.
სისხლის ბანკის ძირითად შენაძენს წარმოადგენს „ფრეზენიუსის“ წარმოების სისხლის სეპარირების აპარატი სახელწოდებით „ამიკუსი“. ეს არის მაღალტექნოლოგიური თანამედროვე მოწყობილობა, რომელიც საშუალებას იძლევა უწყვეტი მეთოდით მივიღოთ და მოვახდინოთ დონორის სისხლის სეპარირება, ანუ დანაწევრება და კომპონენტებად გამოყოფა, კერძოდ შესაძლებელია დამზადდეს:
• სისხლის ერითროციტები.
• თრომბოკონცენტრატი.
• პლაზმა.
ასევე შესაძლებელია დამზადდეს სხვა კომპონენტებისგან შემდგარი სისხლის პრეპარატები.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ შესაძლებელია სისხლის ღეროვანი უჯრედების დამზადება, რაც საშუალებას გვაძლევს უახლოეს მომავალში კლინიკაში განვითარდეს ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის სერვისი.
ამ აპარატის საშუალებით აგრეთვე შესაძლებელია ჩატარდეს პლაზმოფერეზი თერაპიული მიზნებისთვის.
ცხადია, დიდი მნიშვნელობა ენიჭება დონორთა მობილიზებას. სისხლის სეპარატორის ტესტრეჟიმში ჩვენი კლინიკის ბევრმა თანამშრომელმა უკვე უანგაროდ გაიღო სისხლი – პროცედურები ჩატარდა კომფორტულად და სრულიად უსაფრთხოდ.
გაიღეთ სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად!
გისურვებთ ჯანმრთელობას!