ქირურგიის ეროვნულ ცენტრს მიმართა 65 წლის მამაკაცმა.
პაციენტი მარჯვენა ქვემო კიდურში გაუსაძლისი ტკივილის გამო ვერ ამოძრავებდა ტერფს და უჭირდა სიარული. ამასთან, მარჯვენა ტერფი იისფერი იყო, მეოთხე თითი კი გაშავებული, ასევე ფიქსირდებოდა თითთაშორისი წყლულები გამონადენით, ქუსლის არის ჩირქმდენი დეფექტი.
რა ტიპის კვლევები ჩატარდა?
პაციენტს ჩაუტარდა ქვემო კიდურების სისხლძარღვების დუპლექს სკანირება და ქვემო კიდურების სისხლძარღვების კომპიუტერული ტომოგრაფია ანგიოგრაფიით, ასევე ყველა საჭირო ლაბორატორიული ტესტი.
დიაგნოზი
დიაგნოსტიკური კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ პაციენტს აქვს ქვემო კიდურების არტერიების ათეროსკლეროზი, მარჯვენა ქვემო კიდურის არტერიების თრომბოზი, მარჯვენა ბარძაყ–მუხლქვედა ბაიპასის თრომბოზი, მარჯვენა ქვემო კიდურის იშემიური განგრენა.
მკითხველისთვის, რომელსაც სამედიცინო განათლება არ აქვს, განვმარტავთ თითოეულ დაავადებას:
- ქვემო კიდურების ათეროსკლეროზი ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც არტერიის კედლები სქელდება და ეშვება, სანათური ვიწროვდება, სისხლის მიმოქცევა კი ფერხდება. ყოველივე ამის შემდეგ ვითარდება სისხლის შედედება;
- თრომბოზი ეწოდება დაავადებას, რომლის დროსაც ვენებში ვითარდება თრომბები, რის გამოც იზღუდება სისხლის თავისუფალი მიმოქცევა;
- ბაიპასი ხელოვნური ან ბუნებრივი სისხლძარღვია, რომლითაც ქირურგები ახორციელებენ „შემოვლით“ სისხლის მიწოდებას;
- ბაიპასის თრომბოზი კი ამ ხელოვნური სისხლძარღვის დახშობაა, რაც იწვევს სისხლის მიწოდების შეწყვეტას და განგრენას;
- იშემიური განგრენა ხასიათდება ძლიერი ტკივილით. პათოლოგიის დროს ზიანდება სისხლძარღვები, ირღვევა სისხლის მიმოქცევა, ვითარდება ათეროსკლეროზი. საბოლოოდ ჩნდება განგრენა, რაც ქსოვილის სიკვდილს იწვევს.
კიდურის შემანარჩუნებელი ურთულესი ოპერაცია
„პაციენტის მდგომარეობის სიმძიმეზე მეტყველებდა ის ფაქტი, რომ სხვა კლინიკებში სპეციალისტებმა აღდგენით ოპერაციაზე თავი შეიკავეს და გადაწყვიტეს, რომ ერთადერთი გამოსავალი კიდურის ამპუტაციაა. აღსანიშნავია, რომ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მომართვამდე, სხვა კლინიკაში, პაციენტს ჩაუტარდა სხვადასხვა ოპერაცია კიდურისკენ სისხლის მიწოდების გაუმჯობესების მცდელობის მიზნით, კერძოდ, ბარძაყ–მუხლქვედა ბაიპასი (ხელოვნური სისხლძარღვით დახშული არის შემოვლა), თუმცა ჩვენთან შემოსვლისას ბაიპასი უკვე დახშული იყო. ასევე ჩატარებული იყო განმეორებითი ოპერაციები და მათ შორის თეძოსა და ბარძაყის არტერიის სტენტირება, ბაიპასის სტენტირება, თუმცა ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. პაციენტის მდგომარეობა სწრაფად უარესდებოდა და განგრენული ცვლილებები პროგრესირებდა“.
რომ არა ქირურგიის ეროვნული ცენტრი, პაციენტი ფეხს დაკარგავდა
ანამნეზიდან გამომდინარე ქირურგიული რესურსი მწირი იყო. მრავალჯერადად ნაოპერაციები არეების ხელახალი კვეთა არაპერსპექტიული და სახიფათო ჩანდა, იმპლანტირებული სტენტები დახშული იყო, რაც რეკანალიზების მცდელობის სირთულის დონეს მკვეთრად ზრდიდა.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში კონსილიუმის შედეგად ქირურგებმა შეარჩიეს ალტერნატიული, არაორდინალური მიდგომა.
„მცირე განაკვეთიდან გამოვყავით უკვე ჩვენამდე ჩაკერებული ბაიპასი (შუნტი). ყველა დანარჩენი მანიპულაცია ჩავატარეთ ამ ბაიპასიდან და მარცხენა ხელზე ჩხვლეტით. მოვაცილეთ დიდი რაოდენობით გამკვრივებული თრომბები. მარცხენა ხელიდან აორტის გავლით თეძოს არტერიაში ჩვენამდე ჩაყენებულ (სხვა კლინიკაში ჩატარებული ოპერაცია) და შემდგომში დახშულ სტენტშივე ჩავაყენეთ ახალი სტენტი, რითაც შევძელით თეძოს არტერიაში სისხლის ნაკადის აღდგენა. სპეციალური ბალონებით გავაუმჯობესეთ ბაიპასსა და ბარძაყის საერთო არტერიას შორის შერთულის სანათური, შედეგად ბაიპასში მივიღეთ კარგი ნაკადი. სერიოზული პრობლემები დაგვხვდა ბაიპასის მუხლქვედა არტერიასთან შეერთების არეში. ამ მონაკვეთში სხვა კლინიკაში იყო სტენტის ჩაყენების მცდელობა. ეს სტენტი იყო დეფორმირებული და გამორიცხავდა მასთან რაიმე მანიპულაციას. ამ არეში ძველი სტენტის გვერდის ავლით შევძელით ახალი სტენტის ჩაყენება, რაც არაორდინალური გადაწყვეტილებაა და სწორედ ამ გადაწყვეტილებამ გაამართლა, რადგან ბაიპასიდან მუხლქვედა არტერიაში სისხლის მიწოდების პროცესი აღდგა“, – აცხადებს სისხლძარღვთა ქირურგი.
ამ მანიპულაციების შემდეგ შესაძლებელი გახდა მუხლქვედა და წვივის არტერიების სანათურის გაუმჯობესება, შესაბამისი ბალონების მეშვეობით.
შედეგი და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა
მიღებულმა ეფექტმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა, მაგალითად, შევადაროთ თუ რა იყო ოპერაციამდე და რა შედეგია ოპერაციის შემდეგ.
ოპერაციამდე პაციენტს არ ჰქონდა პულსაცია ბარძაყის არტერიაზე, ოპერაციისშემდეგ გაჩნდა პულსაცია ტერფის არტერიაზეც კი.
ოპერაციამდე ტერფი იყო იისფერი, ხოლო ოპერაციისშემდეგ მიიღო ფიზიოლოგიური შეფერილობა.
ოპერაციამდე იტანჯებოდა აუტანელი ტკივილებით, ოპერაციის შემდეგ პაციენტს ტკივილი სრულად მოეხსნა, უმტკივნეულოდ შეძლო გადაადგილება, მოძრაობა აღარ უჭირდა.
ოპერაციამდე ჩაშავებული მეოთხე თითი ოპერაციის შემდეგ გავარდისფრდა.
ასევე აღსანიშნავია, რომ ქუსლის წყლული ფუფხით დაიფარა, თითთაშორის წყლულები მოშრა.
„რთულ, გამოუვალ სიტუაციებში ჩვენი კლინიკის პრიორიტეტია არაორდინალური მიდგომების, მაღალი კლასის ქირურგიული გუნდისა და ულტრათანამედროვე აპარატურის (ამ კონკრეტულ შემთხვევაში კომპანია SHIMADZU-ს უმაღლესი დონის ანგიოგრაფი Trinias B12) ერთობლიობა. მაშინაც კი, როცა თითქოსდა მედიცინა განწირულია წაგებისთვის, ჩვენ ბრძოლას არ ვწყვეტთ და ვიმარჯვებთ“.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გისურვებთ ჯანმრთელობას!