მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის ენდოპროთეზირება;
- პოსტოპერაციული შეზღუდვები;
- რეაბილიტაციის პერიოდი.
ენდოპროთეზირება მკურნალობის მაღალტექნოლოგიური მეთოდია, რომელიც დაზიანებული სახსრის თანამედროვე მასალით (იმპლანტით) ჩანაცვლებას გულისხმობს, თუმცა სახსრის იოგოვანი აპარატი შენარჩუნებულია და შესაბამისად, ის სრულყოფილად ფუნქციობს.
ენდოპროთეზირების შემდგომი რეაბილიტაცია იწყება მესამე დღიდან. სრულ რეაბილიტაციას სჭირდება დაახლოებით 3 თვე, პირველი თვენახევარი პაციენტი დადის ორი ყავარჯნით ან ჭოჭინით, შემდეგ გადადის ერთ ყავარჯენზე და საბოლოოდ დამოუკიდებლად გადაადგილდება.
უნდა გაითვალისწინოთ გარკვეული შეზღუდვები:
- არ შეიძლება ნაოპერაციევი კიდურის მოხრა 90 გრადუსზე მეტით;
- შიგნით მოზიდვა;
- გარეთა როტაცია.
ორი კვირის ვადაში ოპერაციის შემდგომ დარჩენილ ჭრილობაზე იხსნება ნაკერები და იწყება მეთოდური ვარჯიში, რომელიც პაციენტისთვის ინდივიდუალურად არის შედგენილი. ვარჯიში გრძელდება ერთიდან სამ თვემდე. მიზანშეწონილია, პაციენტის ასაკის, ზოგადი მდგომარეობისა და პოსტოპერაციული პერიოდის მიმდინარეობის გათვალისწინებით რეაბილიტაცია დაწყებულ უნდა იქნეს მაქსიმალურად ადრე.
ეს უნდა მოხდეს თქვენს მკურნალ ექიმთან შეთანხმებით.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/travmatologia/27
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით, გისურვებთ ჯანმრთელობას!