კვანძოვანი ჩიყვი და ორსულობა

კითხვა: მოგესალმებით.როდესაც არის კვანძოვანი ჩიგვის პრობლემა შაშიშია თუ არა ორსულობა?მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით! მწყობრიდან გამოსულმა ფარისებრმა ჯირკვალმა უამრავ პრობლემას შეიძლება დაუდოს სათავე, ინტელექტუალური პოტენციალის შემცირებიდან დაწყებული, ბავშვისა და თვით დედის სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნით დამთავრებული. ფარისებრი ჯირკვლის კვანძი ჯირკვლის ქსოვილისგან განსხვავებული ბუნების წარმონაქმნია, უმეტესად – არასიმსივნური, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მცირე მოცულობის წარმონაქმნიც შეიძლება ავთვისებიანი იყოს. მეტი სიცხადისთვის, კვანძოვანი ჩიყვის შემთხვევათა 80% არასიმსივნური დაავადებების წილად მოდის, 10-15% კეთილთვისებიანი სიმსივნეების, ხოლო 5% – პირველადი ავთვისებიანი სიმსივნეების წილად.ფარისებრი ჯირკვლის კვანძად მიიჩნევა ჯირკვლის შემოსაზღვრული უბნის მოცულობითი ცვლილება, რომელიც აგებულებით ჯანმრთელი ქსოვილისგან განსხვავდება. კვანძოვანი ჩიყვი შედარებით ხშირია ქალებთან, ხანდაზმულებსა და იმ რეგიონების მაცხოვრებლებთან, სადაც ნაკლებია იოდი. კვანძოვანი თუ მრავალკვანძოვანი ჩიყვის ექოსკოპიურ დადასტურებას დამოუკიდებელი სადიაგნოსტიკო მნიშვნელობა არ გააჩნია, ის მხოლოდ ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის აღწერილობას გვაძლევს.
კვანძოვან ჩიყვს მრავალფეროვანი კლინიკური სურათი არ ახასიათებს. ერთადერთი, იოდის დეფიციტის დროს შეიძლება ჩამოყალიბდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური ავტონომია, რაც თირეოტოქსიკოზის განვითარებამდე მიგვიყვანს და სწორედ ამ დროს წარმოჩნდეს ჰიპერთირეოზისთვის დამახასიათებელი სიმპტომები:
* გულის აჩქარება;
* გულისცემის მკვეთრი შეგრძნება;
* არტერიული წნევის მომატება;
* წონის კლება;
* სიცხის აუტანლობა;
* საღამოს სუბფებრილიტეტი;
* აღგზნებადობა;
* ასთენია (მოთენთილობა);
* შინაგანი თრთოლა;
* კანკალი;
* კუნთების სისუსტე;
* სახსრების ტკივილი;
* დიარეა;
* მენსტრუალური ციკლის დარღვევა.
თუ კვანძოვანი ჩიყვის დიაგნოზი ორსულობის დროს დაისვა, მისი მონიტორინგი ნაყოფისთვის უვნებელი ულტრაბგერითი გამოკვლევით უნდა მოხდეს. თუ კვანძი სწრაფად იზრდება და არსებობს ეჭვი მის ავთვისებიან ბუნებაზე, ორსულობა არ არის დამიზნებითი ასპირაციული ბიოფსიის წინააღმდეგჩვენება, ოღონდ ეს გამოკვლევა ორსულობის მეორე ტრიმესტრში უნდა მოხდეს, როცა ბავშვის ორგანოების ჩამოყალიბება უკვე დამთავრებულია. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა სრული დიაგნოსტირებისთვის, ჩვენი რჩევა იქნება, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს პირად გინეკოლოგთან და ენდოკრინოლოგთან. ალტერნატიული აზრის მოსასმენად შეგიძლიათ მობრძანდეთ "ქირურგიის ეროვნულ ცენტრში" . გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა