ლიმფური კვანძის გადიდება

კითხვა: საზარდულის ორივე მხარეს მაქვს გადიდებული ლიმფური კვანძები, თოდუასკლინიკაში მითხრეს რომარის იფექციური და ანტიბიოტიკებით მკურნალობას ექვემდებარება, ვიმკურნალე, შედეგი არ არის, თუ შეგიძლიატ დამეხმაროთ ან დამაკვალინოთ, ზოგჯერ გაუსაძლისი ტკივილები მაქვს, ფეხები მერტმევა, ხან მიბუჯდება.
პასუხი:

ლიმფური კვანძი ლიმფური სისტემის პერიფერიულ ორგანოს წარმოადგენს, ადამიანის იმუნური სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ბიოლოგიური ფილტრის ფუნქციას ასრულებს. ლიმფური კვანძები ცალკეული ორგანოებიდან და სხეულის სხვადასხვა ნაწილიდან მომავალ ლიმფას ფილტრავს. ლიმფური კვანძის გადიდება მის მიერ კონტროლირებად ზონაში პათოლოგიური პროცესის მიმდინარეობის მანიშნებელია. ეს პათოლოგიური პროცესი უმეტესად ინფექციური ხასიათისაა, ზოგჯერ კი სიმსივნური. საყურადღებოა, რომ ლიმფური კვანძის გადიდება ყოველთვის სიმსივნურ დაავადებას არ ნიშნავს. მაგალითად, კისრისა და ყბისქვეშა ლიმფური კვანძები შესაძლოა გაციების, ხახისა და ყურის ანთების დროს გადიდდეს. ყოველივე ეს ორგანიზმში ვირუსის შეჭრის საპასუხოდ განვითარებული მოჭარბებული იმუნური პასუხის შედეგია. ასეთ დროს ლიმფური კვანძები უმნიშვნელოდ დიდდება, თუმცა გასინჯვისას მტკივნეულია. ჩირქოვანი პროცესების დროს, როგორც წესი, ვითარდება მწვავე ლიმფადენიტი - ლიმფური კვანძის ანთება. ანთებას ლიმფური კვანძის მიერ კონტროლირებად ზონაში არსებული ჭრილობებიდან ან სხვა კერებიდან კვანძში მოხვედრილი მიკრობები იწვევს. მისი ძირითადი გამოვლინებაა ლიმფური კვანძის გადიდება და შეხებისას მტკივნეულობაა. თუ ლიმფური კვანძის გარშემო ჩირქოვანი პროცესი განვითარდა, ხშირად მიმდებარე კანი წითლდება. თუ ასეთ დროს პათოლოგიური ღრუ არ გაიკვეთა და ჩირქისგან არ გათავისუფლდა, შესაძლოა ლიმფური კვანძის გარსი გასკდეს, ჩირქი მიმდებარე ქსოვილებში ჩაიღვაროს და განვითარდეს ლიმფადენიტის მძიმე გართულება - ფლეგმონა (გავრცობილი ჩირქოვანი ანთება). სასქესო ორგანოთა ინფექციური პათოლოგიებისა და ვენერული დაავადებების (უმეტესად - სიფილისის) დროს, დიდდება საზარდულის ლიმფური კვანძები. რამდენიმე ჯგუფის ლიმფური კვანძის ხანგრძლივი გადიდება შესაძლოა ისეთ დაავადებებზე მიუთითებდეს, როგორიც არის ბრუცელოზი, მონონუკლეოზი, აივ-ინფექცია.
თქვენ შემთხვევაში,გირჩევთ მიმართოთ ინფექციონისტს, რომელიც ობიექტური შეფასების შემდეგ მოგცემთ შესაბამის მითითებებს ან საჭიროების შემთხვევაში გადაგამისამართებთ სხვა სპეციალისტთან. გმადლობთ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა