ნერწყვის მჟავიანობა (გერდ) - გასტროენტეროლოგია

კითხვა: გამარჯობა გთხოვთ დამეხმაროთ ვარ ემიგრანტი აქ ვერ მივდივარ ექიმთან რამდენიმე დღეა მაქვს პირის გრუში საშინელი მჟავე ნერწყვის მომატება არ ვგულისხმობ გულძმარვას. მაქვს უსიამოვნო შეგრძნება მუცლის არეში ნაღვლის ბუშტი არ მაქვს ოპერაცი მაქვს გაკეთებული იქნებ რამე მედიკამენტი დამინიშნოთ, გთხოვთ.
პასუხი:

მოგესალმებით,
მაღალკვალიფიციური ექიმების მიერ, თქვენთვის ინდივიდუალურად გაცემულ პასუხში გაეცნობით ისეთ ინფორმაციას როგორიცაა:

  • რა იწვევს მჟავიანობის მომატებას;
  • რა არის გერდ;
  • გასტროეზოფაგური რეფლუქსის სიმპტომები;
  • გასტროეზოფაგური რეფლუქსის დიაგნოსტირება;
  • დიეტოთერაპია;
  • გერდის მკურნალობა;
  • მედიკამენტური რეკომენდაცია.

როგორც წესი, ნერწყვის მჟავიანობას იწვევს გასტროეზოფაგური რეფლუქსი (გერდ), რომელიც საჭმლის მომნელებელი სისტემის ქრონიკული დაავადებაა და ხასიათდება კუჭის შიგთავსის (საკვები, საჭმლის მომნელებელი წვენები) ამოსვლით საყლაპავში, რაც იწვევს მჟავიანობის მომატებას, საყლაპავის ლორწოვანის გაღიზიანებას და უსიამოვნო სიმპტომებს, განსაკუთრებით კი გულძმარვას, თუმცა, საწყის ეტაპზე შესაძლოა, იგი არ იყოს მკვეთრად გამოხატული სიმპტომი.
სხვა თანმდევ სიმპტომებს შორისაა:

  • მოჭერითი ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში;
  • საყლაპავის ანთება (ეზოფაგიტი);
  • უსიამოვნო გემო პირში;
  • მუცლის შებერილობა;
  • ტკივილი გულმკერდის არეში;
  • გულისრევა;
  • ღებინება;
  • ყლაპვის გაძნელება;
  • ოდონოფაგია (მტკივნეული ყლაპვა);
  • მსტვენავი სუნთქვა;
  • წონაში კლება.

გერდ-თან შეიძლება, ასოცირებული იყოს კარდიის უკმარისობა და დიაფრაგმის ხვრელის თიაქარი.
ამ დროს კუჭის ნაწილი დიაფრაგმის დეფექტური ხვრელის საშუალებით აღმოჩნდება გულმკერდის ღრუში. კლინიკურად იშვიათად არის სიმპტომური, თუმცა, ამ მდგომარეობამ შესაძლოა, გამოიწვიოს საყლაპავის ქვედა სფინქტერის სისუსტე და ამ უკანასკნელმა თავის მხრივ კუჭის მჟავე შიგთავსის საყლაპავში „ამოტყორცნა“.

გასტროეზოფაგური რეფლუქსის დიაგნოსტირება

გასტროეზოფაგური რეფლუქსის დიაგნოსტირებისთვის ინიშნება ისეთი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები როგორიცაა:

  • გასტროსკოპია;
  • ბიოფსია (საჭიროების შემთხვევაში);
  • კუჭის რენტგენოკონტრასტული კვლევა;
  • PH - მონიტორინგი;
  • ჰელიკობაქტერ პილორი (H. pylori) საწინააღმდეგო IgG, IgM, IgA კლასის ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში;
  • ქრომატოგრაფია.

GERD

იქიდან გამომდინარე, რომ გასტროეზოფაგური რეფლუქსი მართვადი დაავადებაა, რა თქმა უნდა, აუცილებელია დიეტოთერაპია – სწორი კვება:

  • მცირე ულუფის საკვების ხშირი მიღება;
  • ცხარე, მჟავე და მარილიანი საკვების გამორიცხვა რაციონიდან;
  • უარის თქმა ალკოჰოლზე, თამბაქოზე, ყავასა და შოკოლადზე.
  • ანტაციდების (კუჭის წვენის სიმჟავის დამაქვეითებელი საშუალებები).

საყლაპავისა და კუჭის მოტორიკის მარეგულირებელი პრეპარატების დანიშნვნის შემდეგ, განკურნება შესაძლებელია, მძიმე შემთხვევებში კი, საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა.

გასტროეზოგაფური რეფლუქსის მედიკამენტური მკურნალობა

კონსერვატიული მკურნალობის თვალსაზრისით ინიშნება:

  • ანტაციდები;
  • ჰისტამინის H2 რეცეპტორების ინჰიბიტორები;
  • პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორები;
  • პროკინეტიკური საშუალებები;
  • Helicobacter pylori-ის ერადიკაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • პროსტაგლანდინ E1-ის რეცეპტორების აგონისტები.

რაც შეეხება ჰელიკობაქტერიას, მისი ერადიკაციული მკურნალობა გულისხმობს ამ ბაქტერიის სრულ აღმოფხვრას, რისთვისაც გამოიყენება კომბინირებული მკურნალობა სხვადასხვა ჯგუფის ორი, სამი ან ოთხი დასახელების წამლით, რომელიც ძირითადად ანტიბიოტიკურია და მათი არადანიშნულებისამებრ, შესაბამისი სპეციალისტის ინდივიდუალურად შერჩეული კურსის გარეშე, იწვევენ სოკოვან ინფექციას.
რადგან იმყოფებით ემიგრაციაში და სავარაუდოდ, ვერ სარგებლობთ სამედიცინო მომსახურებით, გამონაკლისის სახით გაძლევთ რეკომენდაციას კონსერვატიული მკურნალობის შემდეგ მეთოდზე:

  • ომეპრაზოლი (საერთაშორისო სახელწოდება Omeprazole) – მიიღეთ დილით და საღამოს, ჭამამდე 30 წუთით ადრე;
  • მაალოქსი (Algeldrate; Magnesium Hydroxide.) ან ფოსფალუგელი (ALUMINIUM PHOSPHATE) 1 პაკეტი 3-ჯერ დღეში, ჭამიდან 1 საათის შემდეგ.

აღნიშნული მკურნალობა უნდა გააგრძელოთ 2 კვირის განმავლობაში, ვიმედოვნებთ, შედეგი დადგება, თუმცა, თუ ასე არ მოხდა, აუცილებლად უნდა მოახერხოთ და მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას, რათა დადგინდეს ჩივილის გამომწვევი ზუსტი მიზეზი და დაგენიშნოთ სათანადო მკურნალობა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა