მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში, გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას, თუ როგორ ვიკვებოთ ქოლეცისტექტომიის შემდეგ:
- რომელი საკვებია რეკომენდებული;
- რომელი საკვები გეკრძალებათ;
- რა გართულება შეიძლება, გამოიწვიოს კვების რაციონის დარღვევამ.
რეკომენდებულია:
- გამომშრალი (წინა დღის) პური - ხორბლის, უფრო მეტად კი ჭვავის, ასევე ორცხობილა, ხილის კომპოტი, ბოსტნეულის წვნიანი, მოხარშული მჭლე ხორცი - როგორც ფრინველის (ქათამი, ინდაური), ისე საქონლის.
- თევზეული – უცხიმო ძეხვი და შაშხი, ბურღულის ფაფა - ძირითადად წყალზე მომზადებული, კვერცხი - არა უმეტეს ერთისა დღეში (თუ კარგად ინელებთ, შეიძლება ორიც), უმჯობესია თოხლოდ მოხარშული, ახალი ხაჭო (არა მჟავე), უცხიმო არაჟანი და ყველი, ასკილის ნახარში, ბაცი ჩაი, თაფლი, მურაბა, ჯემი.
- ხილი და ბოსტნეული – შეგიძლიათ მიირთვათ უმი და ორთქლზე მოხარშული. ცხიმი (მცენარეული თუ ცხოველური) უმჯობესია მზა კერძს დაემატოს. მცენარეული ზეთი საერთო ცხიმების 30%-ზე ნაკლებს არ უნდა შეადგენდეს.
გეკრძალებათ ახალგამომცხვარი პური, ფენოვანი და საფუარზე მოზელილი ცომეული, ღვეზელები, ტორტები, ცხიმიანი ხორცი და თევზი, შებოლილი ცხიმიანი ძეხვეული, ღვიძლი, ტვინი, კონსერვები, შემწვარ-მოხრაკული კერძები, მარილიანი და ცხიმიანი ყველი, ცხიმიანი ხაჭო და არაჟანი, ერბოკვერცხი, ღორისა და ცხვრის ხორცი, მარგარინი, მწნილი, ბოლოკი, თევზის, სოკოსა და ხორცის ნახარშები, მდოგვი, პირშუშხა, ცხარე კერძები, შოკოლადი, ყავა, მაგარი ჩაი, კაკაო, ცივი, გაზიანი და ალკოჰოლური სასმელები.
ყოველდღიური რაციონის შედგენისას გაითვალისწინეთ აგრეთვე ამა თუ იმ საკვებისადმი პირადი, ინდივიდუალური აუტანლობა.
კვების დარღვევის შემთხვევაში ნაღველი არასრულფასოვნად იდენს და საჭმლის მონელება დაირღვევა, შესაბამისად გაუარესდება საკვების მონელება, რაც გამოიწვევს ტკივილებს.
პაციენტთა უმრავლესობა ერთ თვეში უბრუნდება კვების ნორმალურ რეჟიმს, თუმცა აუცილებელია ექიმთან მუდმივი კონტაქტი და მკურნალობის მიმდინარეობის კურსში ჩაყენება.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/rchevebi/41
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით, გისურვებთ ჯანმრთელობას!