ნეფროლოგიის, ტრანსპლანტაციისა და ჰემოდიალიზის დეპარტამენტი

დეპარტამენტში გეგმიურ რეჟიმში მკურნალობენ დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პაციენტები.

ყოველდღიურად ტარდება ჰემოდიალიზის სეანსები სამი ცვლის პირობებში. გადაუდებელი ჰემოდიალიზის ჩასატარებელი პირობები შექმნილია კრიტიკული მედიცინისა და გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტშიც. აღნიშნული სერვისი ექსკლუზიურია თბილისში და ხელმისაწვდომია კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში.

რა არის დიალიზი?

იგი (ხელოვნური თირკმელი) სისხლის გაწმენდაა ნახევრად გამტარი მემბრანის მეშვეობით. როდესაც თირკმელები სათანადოდ ვეღარ ფუნქციონირებს, საჭიროა დიალიზი, რომლის საშუალებითაც ორგანიზმიდან ხელოვნურად იდევნება ნივთიერებათა ცვლის შედეგად ნარჩენი პროდუქტები და სითხე. ტარდება თირკმლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობის დროს. პროცედურა გრძელდება საშუალოდ 4 საათი და არის სრულიად უმტკივნეულო.

დიალიზი თირკმლის პათოლოგიის დროს წარმოადგენს სასიცოცხლოდ აუცილებელ პროცედურას, რადგან რომ არა ე.წ. ხელოვნური თირკმელი ორგანიზმში დაგროვდება ურემიული ტოქსინები და განვითარდება თვითმოწამვლა. 

ჰემოდიალიზის დროს სისხლი იწმინდება ექსტრაკორპორულად, ანუ სხეულის გარეთ.

პერიტონეალური კი ტარდება ინტრაკორპორულად, ანუ სხეულის შიგნით – სისხლიდან ურემიული ტოქსინებისა და ჭარბი სითხის ტრანსპორტირება ხორციელდება მუცლის ფარის გავლით და პროცედურის წარმოება ნებადართულია სახლის პირობებში.  

დიალიზის გართულებები

პროცედურის დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვას და მკურნალი ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინებას.

ყველაზე მძიმე გართულებები (თუმცა ეს ყოველივე კონტროლირებადია და იშვიათად ვლინდება), რაც კი შეიძლება დიალიზმა გამოიწვიოს არის:

  • თავის ტკივილი;
  • გულისრევა;
  • კიდურების კრუნჩხვა;
  • არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება, არტერიული ჰიპოტენზია.

რომელი პათოლოგიების დროს არ ტარდება დიალიზი?

აბსოლუტური უკუჩვენებაა:

  • მწვავე სისხლდენა;
  • ჰემორაგიული ინსულტი;
  • პაციენტის ტერმინალური მდგომარეობა.

თირკმლის დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები

თირკმლის პათოლოგიის დიაგნოსტირების მეთოდებია შარდის საერთო ანალიზი, ექოსკოპია, ლაბორატორიული ტესტები.

ყურადსაღებია შემდეგი სიმპტომები:

  • დიურეზის შემცირება (შარდის შემცირება);
  • შარდის მუქი შეფერილობა;
  • შეშუპება სახისა და კიდურების არეში;
  • მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია);
  • შარდში ცილისა და ერითროციტების მაღალი მაჩვენებელი;  
  • სახსრების ტკივილი;
  • ტკივილი წელის არეში.

ამ სიმპტომების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს ქირურგიის ეროვნულ ცენტრს და ისარგებლოს ნეფროლოგის კონსულტაციით. კლინიკაში პაციენტთა ჯანმრთელობაზე ზრუნავენ გამოცდილი ნეფროლოგები. 

ნეფროლოგიური დაავადებები

თირკმელს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის. ეს ორგანო  წარმოადგენს სისხლძარღვებისა და მილაკების რთულ ქსელს, რომელიც სისხლს ნარჩენი პროდუქტებისა და ჭარბი წყლისგან ფილტრავს – არეგულირებს სითხის, ელექტროლიტებისა და მჟავა–ტუტოვან ბალანსს ორგანიზმში.  

ნეფროლოგიურ დაავადებებს მიეკუთვნება:

  1. თირკმლის სისხლძარღვების დაავადებები;
  2. თირკმლის უკმარისობა;
  3. თირკმლის ინფექციები;
  4. ტოქსინებისა და მედიკამენტებისგან გამოწვეული თირკმლების დაზიანება;
  5. ნეფრიტული და ნეფროზული სინდრომები და სხვა.

კლინიკის მაღალკვალიფიციური ნეფროლოგები თირკმლის დაავადებებს მკურნალობენ როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ რეჟიმში.

თირკმლის გადანერგვა, თირკმლის ტრანსპლანტაცია

ტრანსპლანტაციის დროს დაავადებული თირკმელი იცვლება სხვა ადამიანის (ცოცხალი ან გარდაცვლილი) ორგანიზმიდან გადანერგილი ჯანსაღი თირკმლით.

ცოცხალი დონორი შეიძლება იყოს გენეტიკური ნათესავი, მეუღლე, მეუღლის ახლო ნათესავი ან პირი, რომელიც მონაწილეობს დონორთა გაცვლის პროგრამაში.   

საერთო ჯამში ქირურგიის ეროვნულ ცენტრში თირკმლის გადანერგვის 40–მდე წარმატებული ოპერაცია ჩატარდა.

ბოლო 20 წლის განმავლობაში დეპარტამენტი მუდმივად იზრდებოდა და ვითარდებოდა. მდიდარი წარსულის მქონე დეპარტამენტის პროფესიონალთა გუნდს უამრავი მადლიერი პაციენტი ჰყავს, მათი წყალობით არაერთი ადამიანი გადაურჩა სიკვდილს.

ექიმები

სიახლეები