პაციენტი, რომელიც ექიმების გულისხმიერებამ და თავდადებამ სიკვდილისგან იხსნა!

პაციენტი, რომელიც ექიმების გულისხმიერებამ და თავდადებამ სიკვდილისგან იხსნა!

სამედიცინო საქმიანობა უამრავ დრამატულ მომენტთან არის დაკავშირებული.

ეს არის ყოველდღიური ბრძოლა ამა თუ იმ ვერაგ დაავადებასთან, რომელთანაც ექიმი ზოგჯერ მარცხდება, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში იმარჯვებს. ყოველი გადარჩენილი სიცოცხლე ექიმის ბიოგრაფიაში ერთ–ერთი ნათელი წერტილი, უდიდესი სტიმულია, რომელიც მას ამ სფეროში მოღვაწეობის საშუალებას აძლევს.

საბედნიეროდ, ჩვენს გარშემო ცხოვრობენ პაციენტები, რომლებიც გამოხატავენ მადლიერებასა და დადებით ემოციას მკურნალი ექიმის, სამედიცინო პერსონალის მიმართ, რომელსაც თავის მხრივ დიდი წვლილი მიუძღვის მიღწეულ გამარჯვებაში.

კლინიკაში მკურნალობენ ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებიც, რომლებიც მუდმივად საჭიროებენ მედ–პერსონალის დახმარებას და ასევე განსაკუთრებულ ზრუნვას, ვინაიდან მათთვის მნიშვნელოვანია თავი ოჯახურ გარემოში იგრძნონ, მედიცინის მუშაკების მიმართ ნდობით აღიჭურვონ. სჭირდებათ სიყვარულით, მზრუნველობით სავსე გარემო, სადაც გულთან მიიტანენ მათ კლინიკურ და სოციალურ პრობლემებს.  

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ყველა დეპარტამენტში ნახავთ ერთ კუთხეს, რომელიც ძალიან ძვირფასია თითოეული ექიმისა და ექთნისთვის. ეს კუთხე მადლიერი პაციენტების წერილებითაა სავსე. ექიმისთვის ყველაზე დიდი ჯილდო ხომ ავადმყოფის გამოჯანმრთელება, დაავადებაზე გამარჯვებაა – სწორედ ამ ფასდაუდებელი ჯილდოებითაა სავსე კუთხე, რომლის მიღმაც მკურნალი ექიმის ცოდნა, გამოცდილება, თავდადება, პასუხისმგებლობა და გულისხმიერება იმალება.

პაციენტებს სურვილისამებრ შეუძლიათ ჩანაწერი გააკეთონ და საკუთარი შთაბეჭდილებები გაგვიზიარონ; გადავწყვიტეთ, ერთ–ერთი პაციენტის ჩანაწერის შესახებ მოგითხროთ.

ეს პაციენტი 7 წელია ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მკურნალობს. იგი მუდმივ ჰემოდიალიზზეა და თავის წერილში სრულად აღწერს განვლილ დროში დაგროვილ ემოციებს, რომელიც  შეუძლებელია გულგრილმა წაიკითხოთ.

პაციენტი მადლიერებას ნეფროლოგიის, ტრანსპლანტაციისა და ჰემოდიალიზის დეპარტამენტის, კერძოდ, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიხეილ ღონღაძისა და ნეფროლოგების ნინო შონიას, ნანა სადუნაშვილის მისამართით გამოხატავს.

თავდაპირველად დასახმარებლად სხვა კლინიკას მიმართა, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ კი სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადამ პაციენტი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მიიყვანა, სადაც პაციენტს სრულიად განსხვავებული გარემო დახვდა – კლინიკაში მისი ბედი რადიკალურად შეიცვალა, სიცოცხლე შეუნარჩუნდა.

„7 წლის წინ, აგვისტოში ძალიან ცუდად გავხდი. წამიყვანეს პრესტიჟულ საავადმყოფოში და დავიწყე მკურნალობა, მაგრამ უშედეგოდ. ერთხელ ვურეკავ ექიმს და ვთხოვ ძალიან ცუდად ვარ და მოვალ–მეთქი, ექიმმა მითხრა დღეს არ მოხვიდე ორშაბათს მიგიღებო. კვირას სასწრაფომ მომიყვანა ქირურგიის ეროვნულ ცენტრში. ასე გავიცანი 2 ექიმი – ნინო შონია და ნანა სადუნაშვილი, ანალიზების პასუხით აღმოაჩინეს, რომ სასწრაფოდ მესაჭიროებოდა დიალიზის ჩატარება. მთელი ღამე ჩემს გვერდით გაატარეს და მათი დახმარებით გადავრჩი. ასე გავხდი ქირურგიის ეროვნული ცენტრის დიალიზის განყოფილების დიდი ოჯახის წევრი. ამას მოჰყვა 3 ოპერაცია მიშა ღონღაძის ხელმძღვანელობით. მახსოვს შეშინებული თვალებით რომ ვუყურებდი როგორ მამშვიდებდა, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ“, – ასე იწყება წერილი. 

პაციენტი წერილში აღნიშნავს, რომ ნეფროლოგებმა მთელი ღამე მის გვერდით გაატარეს და რომ არა ისინი, ვერ გადარჩებოდა. დიახ, ქალბატონი სწორად აღწერს ვითარებას! ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც კრიტიკული იყო, ყოველ წამს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.

პაციენტს აღენიშნებოდა შემდეგი ჩივილები:

კლინიკაში ჩატარებული ანალიზების თანახმად, მას დაუდგინდა კრიტიკული ჰიპერკალემია (კალიუმის მაღალი შემცველობა), რაც ხშირად ხდება ასეთი პაციენტების დაღუპვის მიზეზი.

დიალიზი უნდა დაწყებულიყო სასიცოცხლო ჩვენებით. თუმცა პაციენტი იყო ძალიან შეშინებული, არ ენდობოდა ექიმებს. მართლაც მთელი ღამის განმავლობაში კლინიკის ნეფროლოგები ამშვიდებდნენ და არწმუნებდნენ, რომ ჩაეტარებინა ჰემოდიალიზი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში დაიწყებოდა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი გართულებები. ექიმების გულისხმიერებამ და თავდადებამ შედეგი გამოიღო – იგი ჩაერთო დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში.

მას შემდეგ პაციენტი აგერ უკვე მეშვიდე წელია ქირურგიის ეროვნულ ცენტრს კვირაში სამჯერ მიმართავს და დიალიზს იტარებს. ქალბატონი აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობს, ითვალისწინებს მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს.

დეპარტამენტის მედ–პერსონალი მაქსიმალურად ცდილობს დიალიზზე მყოფ პაციენტებს თბილი, კომფორტული გარემო შეუქმნას. მათი მცდელობა უშედეგო რომ არ არის, წერილის ავტორიც გვიდასტურებს.

„ამ წლების მანძილზე, რომელიც საავადმყოფოში გავატარე, პაციენტის ტკივილის შემსუბუქებას ყოველთვის ცდილობს დიალიზის განყოფილების მთელი მედ–პერსონალი. ყოველთვის ცდილობენ ცხოვრება გაგვილამაზონ იუმორითა და სხვადასხვა სიურპრიზით. მადლობა მათ ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის. ძალიან მიხარია, რომ ჩემს ქვეყანაში არის ასეთი კარგი პერსონალი, რომელიც ცდილობს ჩვენი ტკივილის შემსუბუქებას“, – ასეთი პოზიტიური ფინალი აქვს წერილს. 

გისურვებთ ჯანმრთელობას!