ქირურგიის ეროვნულ ცენტრს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ ექსპერტები აშშ–დან.
მოწვეულმა სტუმრებმა ანტიმიკრობული სტრატეგიის საკითხებზე იმსჯელეს.
ვიზიტი სამეცნიერო ცენტრის Academic Health Science Partnership–ის პროფესორის დილიფ ნათვანის პრეზენტაციით დაგვირგვინდა. პროფესორმა კლინიკებში ანტიმიკრობული მართვის ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე ისაუბრა, მიმოიხილა ადამიანებში ანტიბიოტიკური რეზისტენტობის წინასწარგანწყობის მაჩვენებელი, აქცენტი გააკეთა ანტიბიოტიკური რეზისტენტობის საწინააღმდეგო ღონისძიებებზე და სხვა.
როგორც პროფესორმა ღონისძიებაზე განაცხადა, ანტიმიკრობული სტრატეგია ეფუძნება შემდეგს:
- ინფექციურ დაავადებათა სამკურნალო ღონისძიებათა გაუმჯობესება;
- ქირურგიული ოპერაციებისას ინფექციების გავრცელების რისკის შემცირება;
- დაავადებებისა და სიკვდილიანობის რიცხვის მინიმუმამდე დაყვანა;
- პაციენტთა უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
- ანტიბიოტიკებზე რეზისტენტული ინფექციების მკურნალობა ფინანსურად დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. პროგრამის მიზანი კი ისაა, რომ მაღალი ხარისხის შენარჩუნების ფონზე ჯანდაცვის ხარჯები უკონტროლოდ არ გაიზარდოს. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ კონკრეტული კლინიკის მაგალითზე ეხილათ, თუ ეს პროგრამა რამდენად ეფექტურად მუშაობს და რომ ანტიმიკრობული სტრატეგიის გაუმჯობესება დიდი თანხის გაღების გარეშეც შეიძლება.
ამასთან, მაგალითად მოიყვანა მეტა–ანალიზი, რომელიც 77 სხვადასხვა კვლევას მიმოიხილავდა და გამოვლინდა შემდეგი:
- 91%–ში შემცირდა ანტიბიოტიკების გამოყენების მაჩვენებელი;
- 100%–ში მოხერხდა ფინანსური დანაზოგის მიღება;
- ანტიბიოტიკური თერაპიის ხანგრძლივობა 6 ნაშრომში შემცირებული იყო.
ანტიმიკრობულ პროგრამაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ლაბორატორია.
აღსანიშნავია, რომ ანტიმიკრობული რეზისტენტობა თანამედროვე მსოფლიოს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
ანტიმიკრობული რეზისტენტობა გულისხმობს იმას, რომ ანტიმიკრობული პრეპარატის მიმართ მიკროორგანიზმი მდგრადი გახდა, ანუ პრეპარატი, რომელიც თავდაპირველად ეფექტური იყო მიკროორგანიზმის მიერ გამოწვეული ინფექციის სამკურნალოდ, დღეს სასურველ შედეგს ვეღარ იძლევა.
რასაკვირველია, ანტიბიოტიკების აღმოჩენით ექიმებმა ბევრი ისეთი დაავადების განკურნება შეძლეს, რომლის გამოც წლების წინ ადამიანები იღუპებოდნენ, მაგრამ ამჟამად ბაქტერიების, სოკოების, ვირუსებისა თუ პარაზიტების ბრძოლისუნარიანობის გაზრდის და ხშირ შემთხვევაში რეზისტენტულობის გამო ბევრი ანტიბიოტიკი, შესაძლოა უსარგებლო საშუალებებად იქცეს.
ანტიბიოტიკის დანიშვნამდე აუცილებელია ბაქტერიოლოგიური გამოკვლევები, რაც მკურნალობის სწორი კურსის შერჩევისა და ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული შტამების ფორმირების პრევენციის ეფექტური საშუალებაა.
ყველა პაციენტმა უნდა გაითავისოს შემდეგი:
- ანტიბიოტიკის მიღება დასაშვებია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით;
- ანტიბიოტიკოთერაპიის (ანტიბიოტიკებით მკურნალობა) კურსის შეწყვეტა დაუშვებელია თვითნებურად;
- მკაცრად უნდა დაიცვათ ექიმის მიერ დანიშნული დოზა და ანტიბიოტიკის მიღების სიხშირე.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გისურვებთ ჯანმრთელობას!