ადრენალინი 0.1% 1მლ #10ა

ადრენალინი 0.1% 1მლ #10ა

ფორმა, შეფუთვა: საინექციო ხსნარი  0,1%. 1 ამპულაში 1 მლ ხსნარია და შეიცავს 1 მგ ადრენალინს. კოლოფში მოთავსებულია 10 ამპულა.

შემადგენლობა: Epinephrine

მწარმოებელი: პოლონეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:ადრენერგული და დოფამინერგული აგენტი

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ადრენალინი წარმოადგენს ორგანიზმში წარმოებულ თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი შრის ჰორმონს. მისი ზემოქმედებით ხდება კანისა და ვისცერული სისხლძარღვების შევიწროება, იმატებს გულის შეკუმშვის ძალა, იზრდება გულის გამტარობისა და შეკუმშვების სიხშირე, ჟანგბადზე გულის კუნთის მოთხოვნის მომატება. დაბალი დოზებით მიღებისას საერთო პერიფერიული რეზისტენტობის შემცირებას იწვევს. გულის ფუნქციის სტიმულაცია და პერიფერული რეზისტენტობის მომატება იწვევს სისტოლური წნევის მომატებას. ადრენალინი იწვევს ბრონქების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და სანაღვლე გზების გლუვი კუნთების რელაქსაციას და გავლენას ახდენს ნახშირწყლების მეტაბოლიზმზე. იგი ასევე ზრდის სისხლში გლუკოზის კონცენტრაციას.

ჩვენება:

  • გულის უეცარი გაჩერების დროს ინოტროპული საშუალების სახით (როდესაც სხვა მსგავსი საშუალებები არაეფექტურია);
  • ანაფილაქსიური შოკის და სხვა ალერგიული რეაქციების დროს;
  • ბრონქული ასთმის შეტევისას ბრონქოსპაზმის მოსახსნელად;
  • ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების ადიუვანტის სახით, მათი შეწოვის შენელების მიზნით.

დოზირებისა და მიღების რეჟიმი: პრეპარატი გამოიყენება ექიმის მითითებების შესაბამისად. რაიმე ეჭვის შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაციაც. მოზრდილებში ადრენალინი ინიშნება ამგვარად:

  • გულის უეცარი გაჩერების დროს: ვენებში კეთდება სწრაფი ინექცია (ბოლუსური) დოზით 0,5-1,0 მგ ყოველ 3-5 წუთში. საჭიროებისას ადრენალინი მიიღება ინტრატრაქეალურად პაციენტის ინტუბაციის შემდეგ. ამ მიზნით 1 მგ უნდა განზავდეს 10 მლ 0,9%-იან ნატრიუმის ქლორიდში ან გამოხდილ წყალში.
  • ინოტროპული საშუალების სახით მიღებისას: 5 მგ ადრენალინი (5 მლ) უნდა გაზავდეს 500 მლ 5%-იან გლუკოზაში. ინექციის გაკეთება იწყება სწრაფად - 2-8 მკგ/წთ, ხოლო შემდეგ ინფუზია 1-20 მკგ/წუთში.
  • ანაფილაქსიური შოკის და სხვა ალერგიული რეაქციების დროს: ჰიპოტენზიის შემთხვევაში ვენებში კეთდება 0,1 მგ (0,1 მლ). ნორმალური არტერიული წნევის შემთხვევაში კანქვეშ ან კუნთებში კეთდება 0,3-0,5 მგ. ანაფილაქსიური შოკის დროს კანქვეშ დოზების გამეორება შეიძლება ყოველ 10-15 წუთში.
  • ბრონქული ასთმის შეტევისას ბრონქოსპაზმის მოსახსნელად: კანქვეშ ან კუნთებში: 0,3-0,5 მგ. დოზების გამეორება შეიძლება 20 წთ-4 სთ ინტერვალებით.
  • ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების ადიუვანტის სახით: ხსნარი 1:200000-1:100000 უნდა შეერიოს ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებას (0,1 მგ ადრენალინი უნდა განზავდეს 20 მლ ანესთეზიურ საშუალებასთან, რის შედეგადაც მიიღება ხსნარი 1:200000 ან 5 მკგ/მლ). მაქსიმალური დოზა 250 მკგ (3-5 მკგ/კგ).

ბავშვებში გამოყენებული  დოზირება:

კანქვეშ და კუნთებში: ახალშობილები და ჩვილები 3 თვემდე: 0,005-0,1 მლ ერთჯერადი დოზა. 4 თვიდან 14 წლამდე: 0,2-0,3 მლ ერთჯერადი დოზა. 15-დან 18 წლამდე: 0,4 მლ ერთჯერადი დოზა. ანაფილაქსიური შოკის დროს კანქვეშ და კუნთებში ინექციის გამეორება შეიძლება 3-ჯერ ყოველ 5-20 წუთში.

გულის უეცარი გაჩერებისას: ვენაში ნელა კეთდება 10 მკგ/კგ სხეულის წონაზე, ხოლო საჭიროებისას 3 წუთის შემდეგ 10-100 მკგ/კგ წონაზე. ანაფილაქსიური შოკის დროს ვენებში კეთდება ნელი ინექცია დოზით 10-30 მკგ/კგ/სხეულის წონაზე. თუ პაციენტი შენიშნავს, რომ პრეპარატის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

გვერდითი მოვლენები: არტერიული წნევის მომატება, გულის არიტმიები, ტაქიკარდია, რეტროესტერნული ტკივილები და ზოგჯერ სინკოპე. ასევე შეიძლება განვითარდეს:  ტრემორი, აგზნება, გაღიზიანება, თავის ტკივილი, უძილობა, დისპნოე, ჭარბი ნერწყვდენა, ოფლიანობა, გლუკოზის მეტაბოლიზმის დარღვევა, გლუკოზისა და შარდმჟავას კონცენტრაციის მომატება შრატში.

უკუჩვენება:

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ან სხვა რომელიმე ნივთიერების მიმართ;
  • ჰიპოვოლემიური შოკი;
  • ვიწროკუთხოვანი გლაუკომა;
  • პროსტატის ჰიპერპლაზია.
  • ლაქტაციის პერიოდი.

განსაკუთრებული მითითებები: ადრენალინი არ გამოიყენება ინტრაკარდიულად კორონარული სისხლძარღვების შესაძლო დაზიანების გამო. ორსულობისა და ლაქტაციის დროს მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია - ადრენალინის გამოყენება ორსულობისას დასაშვებია, თუ, ექიმის აზრით, მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება ნაყოფისათვის შესაძლო რისკს.

განსაკუთრებული სიფრთხილე მოეთხოვებათ ადრენალინის მიღებისას:

  • პაციენტებს, რომლებსაც აქვთ გულის იშემიური დაავადება, ჰიპერტენზია ან გულის არიტმია, ვინაიდან ეს პრეპარატი ასტიმულირებს სიმპათიკურ ტონუსს;
  • პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპერთიროიდიზმი,  თირკმლის უკმარისობა, ჰიპერკალიემია, ჰიპერკალციემია და დიაბეტი;
  • როდესაც ეს პრეპარატი გამოიყენება ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებებთან ერთად, ვინაიდან იგი ახანგრძლივებს ანესთეზიას და აფერხებს ანესთეტიკების აბსორბციას.
  • დაუშვებელია ხსნარის ინექცია სხეულის დისტალურ ნაწილებში (თითები, ყურები, ცხვირი, მამაკაცის სასქესო ორგანო);
  • პრეპარატის გამოყენებამდე უნდა შემოწმდეს ხსნარის ფერი; სითხე უნდა იყოს უფერო ან თითქმის უფერო გამჭვირვალე (პრეპარატი არ გამოიყენება, თუ ხსნარი შეიცვლის ფერს ან ამპულაში გაჩნდება ნალექები).

ადრენალინი იწვევს ფსიქოფიზიკური მდგომარეობის ხანმოკლე მოშლას და ამდენად უარყოფითად მოქმედებს ავტომობილების მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე.

ზედოზირება: ჭარბი დოზის სიმპტომებია - გულის შეკუმშვათა სიხშირის მომატება, არიტმია, არტერიული წნევის მომატება, მიდრიაზი, კანის სიფერმკრთალე, თავის ტკივილი, კუნთების ტრემორი, აგზნება, ფსიქომოტორული აგზნება. ჭარბი დოზის შედეგები ხანმოკლეა და არ საჭიროებს თერაპიას. გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს ვენებში ისეთი სწრაფმოქმედი ნივთიერების შეყვანა, რომელიც თრგუნავს ბეტაადრენერგიულ რეცეპტორებს (მაგ., პროპრანოლოლი). ასევე შესაძლებელია ნიტროგლიცერინის გამოყენება ენის ქვეშ. რეკომენდებულზე მაღალი დოზების მიღებისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: პაციენტმა ექიმს უნდა აცნობოს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომლებსაც ის ამჟამად იღებს ან წარსულში იღებდა. საინჰალაციო საანესთეზიო საშუალებებთან (მაგ., ჰალოტანი) ერთად ადრენალინის გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს გულის არიტმიები, მათ შორის ვენტრიკულური ფიბრილაცია. ადრენალინი არ გამოიყენება დიგიტალისის, საგულე გლიკოზიდებისა და ქინიდინის მაღალ დოზებთან ერთად, ვინაიდან ამ პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიონ გულის კუნთის სენსიტიზაცია ბეტაადრენერგული პრეპარატების მიმართ და გულის არიტმიები. ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, გუანეთიდინი, მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები, ანტიჰისტამინები და ლევოთიროთქსინ ნატრიუმი ზრდიან ადრენალინის ეფექტს. ადრენალინი ასუსტებს პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების ეფექტს.

შენახვის პირობები და ვადა: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე. ვადა მითითებულია შეფუთვაზე.