ამოქსიცილინ(არსოჯილი)250მგ#50კ

ამოქსიცილინ(არსოჯილი)250მგ#50კ
არსოჯილი
(ARSOGIL)


ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ამოქსიცილინი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
ყვითელი ფერის გაუმჭვირვალე მყარი ჟელატინის კაფსულა # 2 (არსოჯილი 250 მგ) და # 0 (არსოჯილი 500 მგ), შევსებული თეთრიდან კრემისფრამდე ფხვნილით;
შემადგენლობა:            
1 კაფსულა შეიცავს:
ამოქსიცილინის ტრიჰიდრატს, 250 მგ ან 500 მგ ამოქსიცილინის ეკვივალენტურს.
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა;
კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, საღებავები – ტიტანის დიოქსიდი (E 171), რკინის ოქსიდი ყვითელი (E 172).
 
გამოშვების ფორმა:
კაფსულები, 250 მგ ან 500 მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ფართო სპექტრის მქონე პენიცილინების ჯგუფის ანტიბიოტიკი. ათქ-კოდი:
J01CA04.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
არსოჯილი – მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ნახევრადსინთეზური პენიცილინების ჯგუფის ანტიბიოტიკია. მოქმედებს ბაქტერიციდულად. მჟავაგამძლეა. აინჰიბირებს ტრანსპეპტიდაზას, არღვევს პეპტიდოგლიკანის (უჯრედული კედლის საყრდენი პოლიმერი) სინთეზს გაყოფისა და ზრდის პერიოდში, იწვევს ბაქტერიების ლიზისს.
არსოჯილი აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ. ამოქსიცილინის მიმართ მგრძნობიარე კლინიკურად მნიშვნელოვანი გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები არიან:
Escherichiacoli, Proteus mirabilis, Shigella spp., Salmonella spp., Campilobacter, Haemophilus influenzae, Bordetella pertussis, Leptospira, Chlamydia.
ამოქსიცილინი აქტიურია ასევე პენიცილინი G-ს მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმების მიმართ, მაგ., A, B, C, G, H, L, M ჯგუფის სტრეპტოკოკები,  Streptococcus pneumoniae, პენიცილინაზას არამაპროდუცირებელი სტაფილოკოკები და Neisseria spp., Erysipelothrix rhusiopathiae, Corynebacterium, Bacillus anthracis, Actinomycetes, Streptobacilli, Spirillium minus, Pasteurella multocida, Listeria, სპიროქეტები (Leptospira, Treponema, Borrelia და სხვა); ასევე სხვადასხვა ანაერობული მიკროორგანიზმები (მათ შორის პეპტოკოკები, პეპტოსტრეპტოკოკები, კლოსტრიდიები და ფუზობაქტერიები).            
პენიცილინაზას მაპროდუცირებელი მიკროორგანიზმები რეზისტენტულია ამოქსიცილინის მოქმედების მიმართ.                    
ამოქსიცილინსა და ამპიცილინს შორის არსებობს ჯვარედინი რეზისტენტობა.  

ფარმაკოკინეტიკა:
შეწოვა: პერორალურად მიღების შემდეგ ამოქსიცილინი სწრაფად და პრაქტიკულად მთლიანად (93%) აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება გავლენას არ ახდენს პრეპარატის აბსორბციაზე. არ ირღვევა კუჭის მჟავე გარემოში. მაქსიმალური კონცენტრაცია (
Cmax) სისხლის პლაზმაში მიიღწევა 1-2 სთ-ის შემდეგ.
განაწილება: გააჩნია განაწილების ფართო მოცულობა: მაღალ კონცენტრაციებში ვლინდება პლაზმაში, ნახველში, ბრონქულ სეკრეტში, პლევრალურ და პერიტონეალურ სითხეში, შარდში, კანის ბუშტუკების შიგთავსში, ფილტვის ქსოვილში, ნაწლავის ლორწოვან გარსში, ქალის სასქესო ორგანოებში, წინაბდებარე ჯირკვალში, შუა ყურის სითხეში, ცხვირის ღრუს დანამატების ლორწოვან გარსში, ძვლებში, ცხიმოვან ქსოვილში, ლიმფურ ჯიკვლებში, ნაღვლის ბუშტში (ღვიძლის ნორმალური ფუნქციისას), ნაყოფის ქსოვილებში. დოზის 2-ჯერ გაზრდისას კონცენტრაცია აგრეთვე 2-ჯერ იზრდება. კონცენტრაცია ნაღველში 2-4-ჯერ აღემატება პლაზმაში კონცენტრაციას. ამოქსიცილინის კონცენტრაცია ამნიონურ სითხესა და ჭიპლარის სისხლძარღვებში შეადგენს ორსული ქალის პლაზმაში მისი დონის 25-30%-ს. მცირე რაოდენობით აღწევს დედის რძეში. ცუდად აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში, მენინგიტის დროს თავ-ზურგ-ტვინის სითხეში კონცენტრაცია დაახლოებით 20%-ია.
პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს დაახლოებით 17-20%-ს.
მეტაბოლიზმი: ამოქსიცილინი ნაწილობრივ მეტაბოლიზდება არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით.
გამოყოფა: ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) შეადგენს 1-2 სთ-ს. ამოქსიცილინის 50-70% გამოიყოფა თირკმლებით უცვლელი სახით მილაკოვანი ექსკრეციისა (80%) და გორგლოვანი ფილტრაციის (20%) გზით, ნაღველთან ერთად – 10-20%. დღენაკლულებში, ახალშობილებში და 6 თვემდე ბავშვებში თ1/2 შეადგენს 3-4 სთ-ს.
ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ კლინიკურ შემთხვევებში:Lთირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში (კრეატინინის კლირენსი ≤ 15 მლ/წთ) ამოქსიცილინის თ1/2  იზრდება 8.5 სთ-მდე. ამოქსიცილინი გამოიყოფა ჰემოდიალიზის დროს.

ჩვენება:
არსოჯილი გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ:
•    ზედა სასუნთქი გზების და ლორ-ორგანოების ინფექციები (მათ შორის რინიტი, სინუსიტი, ფარინგიტი, ტონზილიტი, მწვავე შუა ოტიტი);
•    ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, მაგ., მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, პნევმონია, ფილტვის აბსცესები, ყივანახველა (ინკუბაციის პერიოდი და საწყისი სტადიები);
•    შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები (მწვავე და ქრონიკული პიელონეფრიტი, პიელიტი, პროსტატიტი, ეპიდიდიმიტი, ცისტიტი, ურეთრიტი, უსიმპტომო ბაქტერიურია ორსულობის დროს, გონორეა);
•    გინეკოლოგიური ინფექციები (სეპტიკური აბორტი, ადნექსიტი, ენდომეტრიტი და ა.შ.);
•    კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (წითელი ქარი, იმპეტიგო, მეორადად ინფიცირებული დერმატოზები);
•    კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები (მუცლის ტიფი, პარატიფი, განსაკუთრებით გართულებული სეპტიცემიით (ამინოგლიკოზიდებთან კომბინაციაში); სალმონელმტარებლობა; შიგელოზი; ქოლანგიტი, ქოლეცისტიტი;
•    ლეპტოსპიროზი;
•    მწვავე და ლატენტური ლისტერიოზი;
•    ხანმოკლე (24-48 სთ) პროფილაქტიკური თერაპია ქირურგიული ჩარევებისას (მაგ., პირის ღრუს ქსოვილებზე);
•    ინფექციური ენდოკარდიტი, მაგ., ენტეროკოკული ენდოკარდიტი (იზოლირებულად ან ამინოგლიკოზიდებთან კომბინაციაში);
•    ბაქტერიული მენინგიტი (მგრძნობელობის განსაზღვრის შედეგების მიხედვით, განსაკუთრებით ბავშვებში);
•    სეფტიცემია, გამოწვეული ამოქსიცილინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით.
პენიცილინი G-ს მიმართ დამტკიცებული მგრძნობელობის მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობისას უპირატესობა ენიჭება პენიცილინ G-ს.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატს მიიღებენ პერორალურად, საკვების მიღებამდე ან მიღების შემდეგ, სითხის დიდი რაოდენობის მიყოლებით.  
მიღების წესი და დოზირება დგინდება ინდივიდუალურად ინფექციის ლოკალიზაციის,  მიმდინარეობის სიმძიმის, პრეპარატის მიმართ გამომწვევის მგრძნობელობის, პაციენტის ასაკის მიხედვით. ზოგადად სადღეღამისო დოზა უნდა გადანაწილდეს 2 (3-4-მდე) მიღებაზე.
ბავშვებში კგ სხეულის მასაზე გათვლილი დოზირება არ უნდა აღემატებოდეს მაქსიმალურ დოზირებას მოზრდილთათვის.
საშუალო დოზირებები: ბავშვები – 30-60 მგ/კგ/დღეში; მოზარდები და მოზრდილები – 1500-2000 მგ/დღეში.
სპეციფიკური რეკომენდაციები:
ბავშვები (10 წლამდე ბავშვებში რეკომენდებულია პრეპარატის მიღება სუსპენზიის სახით):
1 წლამდე ასაკის ბავშვები – 125 მგ 2-ჯერ დღეში;
1-6 წლის ასაკის ბავშვები – 250 მგ 2-ჯერ დღეში;
6-10 წლის ასაკის ბავშვები – 375 მგ 2-ჯერ დღეში;
10-14 წლის ასაკში – 500 მგ 2-ჯერ დღეში;
მოზარდები – 750 მგ 2-ჯერ დღეში;
მოზრდილები – 1000 მგ 2-ჯერ დღეში.
არსოჯილი მაღალეფექტური პრეპარატია და ძალიან კარგად შეიწოვება, ამის გამო მძიმე ინფექციებიც კი ექვემდებარება პერორალურ თერაპიას. მაგრამ დაავადების მძიმე მიმდინარეობისას სადღეღამისო დოზები უნდა გაიზარდოს: ბავშვებში 100 მგ/კგ/დღეში, ხოლო მოზრდილებში – 6000 მგ-მდე დღეში.
ლეპტოსპიროზის დროს: მოზრდილები – 500-750 მგ 4-ჯერ დღეში 6-12 დღის განმავლობაში.
ქრონიკული სალმონელმტარებლობის დროს: მოზრდილები – 1500-2000 მგ 3-ჯერ დღეში 2-4 კვირის განმავლობაში.
ენდოკარდიტის პროფილაქტიკის მიზნით კბილების ექსტრაქციისას მოზრდილებში ინიშნება 3000-4000 მგ პროცედურის ჩატარებამდე 1 სთ-ით ადრე. აუცილებლობის შემთხვევაში  8-9 სთ-ის შემდეგ ინიშნება განმეორებითი დოზა. ბავშვებში არსოჯილის დოზას 2-ჯერ ამცირებენ.
კლინიკური სიმპტომატიკის გაქრობის შემდეგ მკურნალობა გრძელდება 2-5 დღის განმავლობაში. გართულებების თავიდან ასაცილებლად სტრეპტოკოკური ინფექციების მკურნალობა უნდა გრძელდებოდეს არანაკლებ 10 დღისა (ჯმო-ს რეკომენდაცია).
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ), ასევე დღენაკლულებსა და ახალშობილებში საჭიროა დოზირების ან/და მიღების ჯერადობის შეცვლა თირკმლებით გამოყოფის შემცირების ხარისხის შესაბამისად. კრეატინინის კლირენსისას 15-40 მლ/წთ-ის ფარგლებში საჭიროა მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდა 12 სთ-მდე. ანურიის შემთხვევაში მაქსიმალური დოზა შეადგენს 2000 მგ/დღეში. საშარდე გზების ინფექციების დროს დოზა არ იცვლება.
 
გვერდითი მოვლენები:
ალერგიული რეაქციები: შესაძლებელია ქავილი, ჭინჭრის ციება, კანის ჰიპერემია, ერითემა, ანგიონევროზული შეშუპება, რინიტი, კონიუნქტივიტი; იშვიათად – ცხელება, ართრალგია, ეოზინოფილია, ექსფოლიატური დერმატიტი, პოლიფორმული ექსუდაციური ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი; შრატისმიერი დაავადების მსგავსი რეაქციები; ერთეულ შემთვევებში – ანაფილაქსიური შოკი;
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დისბაქტერიოზი, გემოვნების ცვლილება, ღებინება, გულისრევა, დიარეა, სტომატიტი, გლოსიტი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის ზომიერი მომატება, ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტი;
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: აგზნება, შფოთვა, უძილობა, ატაქსია, ცნობიერების დაბინდვა, ქცევის ცვლილება, დეპრესია, პერიფერიული ნევროპათია, თავის ტკივილი, თავბრუ, კრუნჩხვითი რეაქციები;
ლაბორატორიული მაჩვენებლები: ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, ანემია;
სხვა: სუნთქვის გაძნელება, ტაქიკარდია, ინტერსტიციული ნეფრიტი, ბაქტერიოლიზის რეაქცია (იარიშ-ჰერქსჰაიმერის რეაქცია), საშოს კანდიდოზი, სუპერინფექცია (განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებების ან ორგანიზმის დაბალი რეზისტენტობის მქონე პაციენტები).  

იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა (მათ შორის სხვა პენიცილინების, ცეფალოსპორინების, კარბაპენემების მიმართ); ალერგიული დიათეზი; ბრონქული ასთმა; პოლინოზი; ინფექციური მონონუკლეოზი; ლიმფოლეიკოზი; ღვიძლის უკმარისობა; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები ანამნეზში (განსაკუთრებით ანტიბიოტიკების გამოყენებასთან დაკავშირებული კოლიტი).  
მუდმივი დიარეით ან ღებინებით მიმდინარე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მძიმე ინფექციების დროს ცუდი შეწოვის შესაძლებლობის გამო არ არის რეკომენდებული ამოქსიცილინის პერორალურად დანიშვნა.
სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის უკმარისობის დროს, ანამნეზში სისხლდენების არსებობისას.
 
ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
ერთდროული გამოყენებისას არსოჯილი ამცირებს ესტროგენის შემცველი პერორალური კონტრაცეპტივების, ეთინილესტრადიოლის (შუალედური მენსტრუალური სისხლდენის განვითარების რისკი) ეფექტურობას, ასევე სამკურნალო საშუალებების, რომელთა მეტაბოლიზმის პროცესში წარმოიქმნება პარაამინობენზოისმჟავა.
ანტაციდები, გლუკოზამინი, საფაღარათო საშუალებები, ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები, საკვები ანელებენ და ამცირებენ ამოქსიცილინის აბსორბციას; ასკორბინის მჟავა ზრდის მის აბსორბციას.
ბაქტერიციდული ანტიბიოტიკები (მათ შორის ამინოგლიკოზიდები, ცეფალოსპორინები, ციკლოსერინი, ვანკომიცინი, რიფამპიცინი) ავლენენ სინერგიზმს ამპიცილინთან ერთად,  ბაქტერიოსტატული ანტიბიოტიკები (მაკროლიდები, ქლორამფენიკოლი, ლინკოზამიდები, ტეტრაციკლინები, სულფანილამიდები) – ანტაგონიზმს.  
ერთდროული გამოყენებისას ამოქსიცილინი ზრდის არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების ეფექტურობას (ნაწლავის მოკროფლორის დათრგუნვით ამცირებს ვიტამინ K-ს სინთეზს და პროთრომბინულ ინდექსს).
ერთდროული გამოყენებისას არსოჯილთან პრობენეციდი, დიურეტიკები, ალოპურინოლი, ოქსიფენბუტაზონი, ფენილბუტაზონი, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები და მილაკოვანი სეკრეციის მაბლოკირებელი პრეპარატები აქვეითებენ მილაკოვან სეკრეციას და ამის შედეგად ზრდიან ამოქსიცილინის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში. პირიქით, არსოჯილის განაწილება ქსოვილებში და დიფუზია პრობენეციდის ზემოქმედებით მცირდება.
ალოპურინოლთან ერთად გამოყენების დროს იზრდება კანის გამონაყარის განვითარების რისკი.
ამოქსიცილინი ამცირებს მეტოტრექსატის კლირენსს და ზრდის მის ტოქსიკურობას.
პრეპარატი ზრდის დიგოქსინის შეწოვას.
ამოქსიცილინის და კლავულანის მჟავას ერთდროული დანიშვნა აძლიერებს ამოქსიცილინის ეფექტს.
პრეპარატი ფარმაცევტულად შეუთავსებელია ამინოგლიკოზიდებთან (ურთიერთინაქტივაციის გამო შერევა არ შეიძლება).
სისხლში გლუკოზის გამოვლენისთვის გამოყენებული არაფერმენტული სინჯები შესაძლებელია იყოს ცრუდადებითი.
შესაძლებელია  არსოჯილის ზემოქმედება ურობილინოგენის განსაზღვრის შედეგებზე.
შეუთავსებლობა: მონაცემები პერორალური მიღებისათვის განკუთვნილი ამოქსიცილინის პრეპარატების  შეუთავსებლობაზე სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ არსებობს.

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, დიარეა, წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა (როგორც ღებინებისა და დიარეის შედეგი), კრისტალურია, ცნობიერების დაბინდვა, აგზნება, კრუნჩხვები.
მკურნალობა: სიმპტომური მკურნალობა, კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის მიღება, მარილოვანი საფაღარათო საშუალებები, წყალ-ელექტროლიტური ბალანსის შემანარჩუნებელი სამკურნალო საშუალებები, ჰემოდიალიზი.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს.
ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ალერგიული რეაქციებისკენ მიდრეკილ პაციენტებში.
ალერგიული რეაქციების გამოვლენის დროს საჭიროა პრეპარატის მოხსნა და ნორადრენალინის, ანტიჰისტამინური საშუალებების და გლუკოკორტიკოიდების დანიშვნა. მაკულოპაპულოზური გამონაყარის დროს მკურნალობის გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ სიცოცხლისათვის სახიფათო მდგომარეობების შემთხვევაში მკაცრი კონტროლის ქვეშ.
პენიცილინებისადმი მომატებული მგრძნობელობის დროს შეიძლება განვითარდეს ჯვარედინი ალერგიული რეაქციები ცეფალოსპორინულ ანტიბიოტიკებთან.
თერაპიის ჩატარებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება სითხის ადეკვატურ მოხმარებასა და საკმარისი დიურეზის შენარჩუნებას.
ქოლანგიტით და ქოლეცისტიტით შეპყრობილ ავადმყოფებში ანტიბიოტიკები ინიშნება მხოლოდ დაავადების მსუბუქი ხარისხით მიმდინარეობისას და ქოლესტაზის არარსებობისას. პრეპარატის მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების კონტროლი; შარდის ანალიზების ჩატარება და თირკმლის ფუნქციის მაჩვენებლების განსაზღვრა თირკმლის დაავადებების მქონე ავადმყოფებში და ასევე კანის გამონაყარის გამოვლენისას.
მიზანშეწონილია დინამიკაში სისხლის უჯრედების რაოდენობის განსაზღვრა ჰემოპოეზური სისტემის ანტისხეულდამოკიდებული რეაქციების და ჰემოლიზური ანემიის გამოვლენის მიზნით.
ხანგრძლივი მკურნალობისას გასათვალისწინებელია რეზისტენტული მიკროორგანიზმებისა და სოკოს ჭარბი ზრდის შესაძლებლობა. მეორადი ინფექციის ნიშნების გამოვლენისას ინიშნება შესაბამისი თერაპია. გამოხატული დიარეის შენარჩუნებისას აუცილებელია ეჭვის მიტანა ანტიბიოტიკებით გამოწვეულ ფსევდომემბრანულ კოლიტზე (წყლიანი განავალი სისხლისა და ლორწოს მინარევით; მუცლის ყრუ დიფუზური ტკივილი ან კოლიკა; ცხელება, ზოგჯერ ტენეზმები), რომელიც შეიძლება წარმოდგენდეს საშიშროებას ავადმყოფის სიცოცხლისათვის. ასეთ შემთხვევაში მიზანშეწონილია არსოჯილის დაუყონებლივ მოხსნა და გამომწვევის მიმართ სპეციფიკური მკურნალობის დანიშვნა (მაგ., ვანკომიცინი პერორალურად). პრეპარატები, რომლებიც აქვეითებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერისტალტიკას, უკუნაჩვენებია.
ბაქტერიემიის მქონე ავადმყოფებში დანიშვნისას შესაძლებელია ბაქტერიოლიზის რეაქციის განვითარება (იარიშ-ჰერქსჰაიმერის რეაქცია).
გონორეის მკურნალობის დაწყებისას რეკომენდებულია ნავარაუდევი პირველადი ათაშანგით გამოწვეული დაზიანებების მქონე ავადმყოფებში ჩატარდეს გამოკვლევა ბნელ ველში. ყველა სხვა ნავარაუდევი თანმხლები ათაშანგის მქონე პაციენტს საჭიროა დინამიკაში ჩაუტარდეს სეროლოგიური გამოკვლევა არანაკლებ 4 თვის განმავლობაში.
არსოჯილისა და ესტროგენის შემცველი პერორალური კონტრაცეპტივების ერთდროული გამოყენებისას საჭიროა სხვა ან დამატებითი კონტრაცეპციის მეთოდების შეძლებისდაგვარად გამოყენება.
პედიატრიაში გამოყენება: ბავშვებში პრეპარატს იყენებენ სხვა სამკურნალწამლო ფორმით (სუსპენზია).
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: მონაცემები პრეპარატის უარყოფითი ზემოქმედების შესახებ ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე არ არსებობს.

შეფუთვა:
10 კაფსულა ბლისტერში, 5 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა :
4 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.

მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი”.

მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.
www.aversi.ge