არიქსტრა
ARIXTRA
ARIXTRA
საერთაშორისო დასახელება - fondaparinux
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - B01AX05
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ანტითრომბოზული და შედედების საწინააღმდეგო საშუალებები; პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
საინექციო ხსნარი: მზა შპრიცში 0.5 მლ (2.5 მგ.) 10 ც.
საინექციო ხსნარი: ერთჯერად შპრიცში 0.5 მლ, შეფუთვაში 10 ც. 1 შპრიცი
ნატრიუმის ფონდაპარინუქსი...... 2.5 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის ქლორიდი, მარილმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი
ფარმაკოლოგიური თვისებები
არიქსტრა წარმოადგენს აქტიური X ფაქტორის (Xa) სინთეზურ სელექციურ ინჰიბიტორს, რომლის ანტითრომბოზული აქტივობა უკავშირდება ანტითრომბინ III-ის მეშვეობით სისხლის შედედების Xa ფაქტორის სელექციურ დათრგუნვას. ნატრიუმის ფონდაპარინუქსი ანტითრომბინ III-თან შერჩევითი შეკავშირების საფუძველზე ზრდის (დაახლოებით 300-ჯერ) ანტითრომბინ III-ით Xa ფაქტორის ინჰიბიციას; Xa ფაქტორის ბლოკირება წყვეტს კოაგულაციის ჯაჭვს და აინჰიბირებს როგორც თრომბინის, ისე თრომბის ფორმირებას. ნატრიუმის ფონდაპარინუქსი არ ახორციელებს თრომბინის (გააქტივებული IIა ფაქტორი) ინაქტივაციას და არ მოქმედებს თრომბოციტებზე.
არიქსტრის გამოყენება 2.5 მგ დოზით არ მოქმედებს ზოგადი კოაგულაციური ტესტების (აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დრო, შედედების დრო, პროთრომბინის დრო, სისხლდენის დრო) შედეგებსა და ფიბრინოლიზურ აქტივობაზე.
ფონდაპარინუქსის ფარმაკოდინამიკა და ფარმაკოკინეტიკა განისაზღვრება პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაციით, გამოხატული ანტი -Xa- ფაქტორის მიმართ აქტივობით. ფონდაპარინუქსის ანტი -Xa- აქტივობა ინდივიდუალურად ისაზღვრება და სტანდარტული ჰეპარინის, დაბალმოლეკულური ჰეპარინების საერთაშორისო სტანდარტები მას არ მიესადაგება
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა: კანქვეშ ინექციის შემდეგ ნატრიუმის ფონდაპარინუქსი ინექციის ადგილიდან სწრაფად და სრულად შეიწოვება (აბსოლუტური ბიოშეღწევადობა, 100 %). ჯანმრთელ მოხალისეებში ფონდაპარინუქსის 2.5 მგ. ერთჯერადი დოზის კანქვეშ ინექციის შემდეგ პრეპარატის C max სისხლის პლაზმაში აღინიშნა 2 სთ-ის შემდეგ და საშუალოდ შეადგინა 0.34 მგ/ლ. ზემოთ აღნიშნული C max კონცენტრაციის ნახევარი პლაზმაში მიიღწა კანქვეშ შეყვანიდან 25 წთ-ში.
ხანშიშესული ასაკის ჯანმრთელ ადამიანებში ფონდაპარინუქსის ფარმაკოკინეტიკა ხაზობრივია 2-8მგ დოზის დიაპაზონში, კანქვეშ.
გადანაწილება: ჯანმრთელ მოზრდილებში ფონდაპარინუქსის კანქვშ ან ინტრავენური შეყვანისას, პრეპარატი გადანაწილება ხდება ძირითადად სისხლში და მხოლოდ მცირე მოცულობით - ექსტრავენურ სითხეში. in vitro ფონდაპარინუქსი სპეციფიურად, მაღალი ხარისხით (არანაკლებ 94%) უკავშირდება ცილა ანტითრომბინ III-ს. ფონდაპარინუქსის შეკავშირება პლაზმის სხვა ცილებთან (მათ შორის თრომბოციტული ფაქტორი IV და ერითროციტები) უმნიშვნელოა.
მეტაბოლიზმი: In vivo პირობებში ფონდაპარინუქსის მეტაბოლიზმი შესწავლილი არ არის. თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში პრეპარატის შეყვანილი დოზის დიდი ნაწილი შეუცვლელი სახით შარდში გამოიყოფა.
გამოყოფა: ფონდაპარინუქსი ორგანიზმიდან ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა შეუცვლელი სახით. ჯანმრთელ ინდივიდებში დოზის 64-77% გამოიყოფა შარდში 72 სთ-ის განმავლობაში. T 1/2 ახალგაზრდა ჯანმრთელ ადამიანებში შეადგენს 17 სთ-ს, ხოლო ხანშიშესულ ჯანმრთელ ინდივიდებში - 21 სთ-ს. თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში ფონდაპარინუქსის კლირენსი საშუალოდ 7.82 მლ/წთ-ს შეადგენს.
ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ კლინიკურ შემთხვევებში
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ორგანიზმიდან ფონდაპარინუქსის გამოყოფა ხდება ნელა. მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროტეზირების ან მენჯ-ბარძაყის ძვლების მოტეხილობის მქონე პაციენტებში, ფონდაპარინუქსით პროფილაქტიკის დროს, პრეპარატის საერთო კლირენსი თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით იყო 25%-ით უფრო დაბალი თირკმლის მსუბუქი ხარისხის (KK 50-80 მლ/წთ) უკმარისობის მქონე პაციენტებში, ზომიერი ხარისხის (KK 30-50 მლ/წთ) უკმარისობის მქონე პაციენტებში - 40%-ით უფრო დაბალი, ხოლო მძიმე ხარისხის (KK > 30 მლ/წთ) მქონე პაციენტებში - 55%-ით უფრო დაბალი. T 1/2 მაჩვენებელმა თირკმლის ზომიერი ხარისხის უკმარისობის დროს შეადგინა 29 სთ, ხოლო მძიმე ხარისხის დროს - 72 სთ.
ნატრიუმის ფონდაპარინუქსის გამოყენების შემსწავლელი კვლევები ბავშვებსა და 17 წლამდე მოზარდებში არ ჩატარებულა.
75 წელს გადაცილებულ პაციენტებში ფონდაპარინუქსის ორგანიზმიდან გამოყოფა შენელებულია. მენჯ-ბარძაყის ენდოპროტეზირების ან მენჯ-ბარძაყის ძვლების მოტეხილობის გამო 2.5 მგ. ფონდაპარინუქსით პროფილაქტიკისას ფონდაპარინუქსის საერთო კლირენსი 75 წელს გადაცილებულ პაციენტებში დაახლოებით 25%-ით უფრო დაბალი იყო, 65 წლამდე ასაკის პაციენტებთან შედარებით. სხეულის წონის შესაბამისად პრეპარატის დოზის კორექციისას არ გამოვლენილა ცვლილებები ფარმაკოკინეტიკაში ორივე სქესის პაციენტებში.
პაციენტებში, < 50 კგ. სხეულის წონით, ფონდაპარინუქსის კლირენსი დაახლოებით 30%-ით არის დაქვეითებული.
ჩვენებები
- ვენური თრომბოემბოლიური გართულებების პროფილაქტიკა ქვედა კიდურებზე მსხვილმასშტაბური ორთოპედიული ჩარევების შემდეგ (მათ შორის, ბარძაყის ძვლის მოტეხილობის დროს, პოსტოპერაციულ პერიოდში გახანგრძლივებული პროფილაქტიკის ჩათვლით, ასევე მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსრების ენდოპროტეზირების დროს);
- ვენური თრომბოემბოლიური გართულებების პროფილაქტიკა თრომბოემბოლიური გართულებების რისკის მქონე პაციენტებში მუცლიხ ღრუს ორგანოებზე ოპერაციების ჩატარების შემდეგ;
- ვენური თრომბოემბოლიური გართულებების პროფილაქტიკა დაავადების მწვავე ფაზის შემდეგ მოძრაობის ხანგრძლივად შეზღუდვის გამო თრომბოემბოლიური გართულებების მაღალი რისკის მქონე სამედიცინო პაციენტებში;
- ღრმა ვენების მწვავე თრომბოზის მკურნალობა;
- ფილტვის არტერიის მწვავე თრომბოზის მკურნალობა;
- მწვავე კორონარული სინდრომის, არასტაბილური სტენოკარდიისა და შთ სეგმენტის ელევაციის გარეშე მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტის, მკურნალობა სიკვდილიანობის, მიოკარდიუმის ინფარქტისა და რეფრაქტერული იშემიის პროფილაქტიკის მიზნით;
- ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობა სიკვდილიანობისა და განმეორებითი მიოკარდიუმის ინფარქტის პროფილაქტიკის მიზნით იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ თრომბოლიზური პრეპარტებით ან პაციენტებში, რომლებსაც პირველადი რეპერფუზიული თერაპია არ ჩატარებიათ.
მიღების წესები და დოზები
კანქვეშ ინექცია: პრეპარატი შეჰყავთ მონაცვლეობით მუცლის მარჯვენა და მარცხენა წინალატერალურ და უკანა ლატერალურ კედელში, კანქვეშ. პრეპარატის დანაკარგის თავიდან აცილების მიზნით ინექციის წინ არ არის რეკომენდებული მზა შპრიციდან ჰაერის ბუშტების გამოშვება. ნემსი შეჰყავთ პერპენდიკულარულად კანის ნაკეცის მთელ სიღრმეში, რომელიც ფიქსირებულია დიდ და საჩვენებელ თითებს შორის ხსნარი ს შეყვანის ბოლომდე.
ინტრავენური ინექცია: (ინტრავენურად ინიშნება მხოლოდ პირველი დოზა ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობის დროს) კეთდება უშუალოდ ინტრავენურ სისტემაში განზავების გარეშე ან მცირე მოცულობის (25 ან 50 მლ) 0.9% ფიზიოლოგიურ ხსნარში განზავებით. პრეპარატის დანაკარგის თავიდან აცილების მიზნით, არ არის საჭირო წინასწარ ავსებული შპრიციდან ჰაერის ბუშტუკების გამოდევნა ინექციამდე. ინექციის შემდეგ უნდა მოხდეს ფიზიოლოგიური ხსნარით სისტემისა და კათეტერის საფუძვლიანი გარეცხვა იმაში დასარწმუნებლად, რომ პრეპარატი სრულად იყო ორგანიზმში შეყვანილი. არიქსტრის ფიზიოლოგიური ხსნარით განზავებისას, პრეპარატის ინტრავენური შეყვანა რეკომენდებულია 1-2 წუთის განმავლობაში.
პრეპარატი ინიშნება მოზრდილებში.
ვენური თრომბოემბოლიური გართულებების პროფილაქტიკა:
ორთოპედიული და მუცლის ღრუს ქირურგია: არიქსტრის რეკომენდებული დოზა შეადგენს 2.5 მგ.-ს, ერთხელ დღეში, ოპერაციის შემდეგ. საწყისი დოზა შეჰყავთ ოპერაციიდან 6 სთ-ის შემდეგ, ჰემოსტაზის შენარჩუნების პირობებში.
პროფილაქტიკური მკურნალობის კურსი გრძელდება თრომბოემბოლიური გართულებების გაზრდილი რისკის არსებობის პერიოდში ჩვეულებრივ, პაციენტის ამბულატორულ რეჟიმში გადაყვანამდე, არანაკლებ 5-9 დღის განმავლობაში. გამოცდილება ადასტურებს, რომ პაციენტებში, რომელთაც ჩაუტარდათ ქირურგიული ოპერაცია მენჯ-ბარძაყის სახსრის ძვლების მოტეხილობის გამო, თრომბოემბოლიური გართულებების გაზრდილი რისკის პერიოდი 9 დღეს აჭარბებს. აღნიშნული კონტიგენტის პაციენტები საჭიროებენ არიქსტრით 24 დღემდე გახანგრძლივებულ პროფილაქტიკას.
სამედიცინო პაციენტები, თორმბოემბოლიური გართულებების მაღალი რისკით
არიქსტრის რეკომენდებული დოზა შეადგენს 2.5 მგ ერთხელ დღეში, კანქვეშ, 6 დღიდან 14 დღემდე.
ღრმა ვენების მწვავე თრომბოზისა და ფილტვის არტერიის მწვავე თრომბოემბოლიის მკურნალობა
არიქსტრა ინიშნება ერხელ დღეში, კანქვეშ რეკომენდებული დოზით: პაციენტებში, სხეულის წონით < 50 კგ - 5 მგ; პაციენტებში, პაციენტებში, სხეულის წონით 50-100 კგ - 7.5 მგ; პაციენტებში, > 100 კგ სხეულის წონით - 10 მგ.
მკურნალობა გრძელდება არანაკლებ 5 დღის განმავლობაში და წყდება, როგორც კი, შესაძლებელი ხდება პაციენტის პერორალურ ანტიკოაგულაციურ თერაპიაზე გადაყვანა (INღ-ის მაჩვენებელი 2-დან 3-მდე). აუცილებელია, რაც შეიძლება ადრე მკურნალობაში K ვიტამინის ანტაგონისტების დამატება, როგორც წესი, არაუგვიანეს 72 სთ-მდე. ჩვეულებრივ არიქსტრით მკურნლობის ხანგრძლივობა შეადგენს 5 დღიდან 9 დღემდე.
არასტაბილური სტენოკარდია და მიოკარდიუმის ინფარქტი, ST სეგმენტის ელევაციის გარეშე
არიქსტრის რეკომენდებული დოზა არის 2.5 მგ ერთხელ დღეში, კანქვეშ ინექციის სახით. რეკომენდებულია მკურნალობა დაიწყოს დიაგნოზის დასმის შემდეგ, რაც შეიძლება ადრე და გაგრძელდეს 8 დღემდე ან პაციენტის სტაციონარიდან გაწერამდე.
ავადმყოფებს, რომელთაც არიქსტრის მკურნალობის ფონზე ესაჭიროებათ პერკუტანური კორონარული ინტერვენცია, აღნიშნული მანიპულაციის დროს სასურველია არაფრაქციული ჰეპარინის დამატებითი გამოყენება სისხლდენის განვითარების პოტენციური რისკის გათვალისწინების გამო. არიქსტრის კანქვეშ ინექციებით გამოყენების განახლების დრო კათეტერის მოცილების შემდგომ უნდა ეფუძნებოდეს კლინიკურ დასკვნას. კლინიკურ კვლევებში არასტაბილური სტენოკარდიისა და ST სეგმენტის ელევაციის გარეშე მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტის დროს არიქსტრით მკურნალობის განახლება ხდებოდა კათეტერის ამოღებიდან 2 საათის შემდეგ.
პაციენტებს, რომელთაც უტარდებათ აორტოკორონარული შუნტირება, არიქსტრა, სადაც შესაძლებელია, არ უნდა იყოს გამოყენებული ოპერაციამდე 24 საათით ადრე, ხოლო არიქსტრით მკურნალობის განახლება შესაძლებელია ოპერაციიდან 48 საათის შემდეგ.
მიოკარდიუმის ინფარქტი ST სეგმენტის ელევაციით
არიქსტრის რეკომენდებული დოზა არის 2.5 მგ ერთხელ დღეში. არიქსტრის პირველი დოზა ინიშნება ინტრავენურად, მომდევნო დოზები – კანქვეშ ინექციების სახით. რეკომენდებულია არიქსტრით მკურნალობის დაწყება დიაგნოზის დასმიდან რაც შეიძლება ადრე და მკურნალობის გაგრძელება 8 დღემდე ან პაციენტის სტაციონარიდან გაწერამდე.
პაციენტებს, რომელთაც ესაჭიროებათ არაპირველადი პერკუტანური კორონარული ჩარევა არიქსტრით მკურნალობის ფონზე, მიესადაგებათ იგივე რეკომენდაციები, რომელიც მოწოდებულია არასტაბილური სტენოკარდიისა და ST სეგმენტის ელევაციის გარეშე მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტის დროს. არიქსტრის კანქვეშ ინექციებით გამოყენების განახლების დრო კათეტერის მოცილების შემდეგ უნდა ეფუძნებოდეს კლინიკურ დასკვნას. კლინიკურ კვლევებში არასტაბილური სტენოკარდიისა და ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე პაციენტებში არიქსტრით მკურნალობის განახლება ხდებოდა კათეტერის ამოღებიდან 3 საათის შემდეგ.
პაციენტებს, რომელთაც უტარდებათ აორტოკორონარული შუნტირების ოპერაცია, არიქსტრა, თუ შესაძლებელია, არ უნდა იყოს გამოყენებული ოპერაციამდე 24 საათით ადრე, ხოლო არიქსტრით მკურნალობის განახლება შესაძლებელია ოპერაციიდან 48 საათის შემდეგ.
პაციენტებში, თირკმლის ფუნქციის დაქვეითებით, არიქსტრის დოზის კორექცია არ არის საჭირო. თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში არიქსტრა სიფრთხილით ინიშნება. თირკმლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებში (KK> 30 მლ/წთ) არიქსტრის დოზის კორექცია არ არის საჭირო. აღნიშნულ პაციენტებში, რომელთაც უტარდებათ ქირურგიული ჩარევა, საჭიროა არიქსტრის პირველი დოზის შეყვანის დროის მკაცრი დაცვა.
ასაკთან დაკავშირებით შესაძლებელი თირკმლის ფუნქციის დაქვეითების გამო არიქსტრა სიფრთხილით გამოიყენება ხანშიშესულ პაციენტებში (> 75 წ.). ხანშიშესულ პაციენტებში, რომელთაც უტარდებათ ქირურგიული ჩარევა, საჭიროა არიქსტრის პირველი დოზის შეყვანის დროის მკაცრი დაცვა. პაციენტებს, < 50 კგ. წონით, აღენიშნებათ სისხლდენის გაზრდილი რისკი. აღნიშნულ პაციენტებში ქირურგიული ჩარევის დროს საჭიროა არიქსტრის პირველი დოზის შეყვანის დროის მკაცრი დაცვა.
გვერდითი მოვლენები
გვერდითი მოვლენების სიხშირის აღრიცხვა: ძალიან ხშირი(1/10), ხშირი (>1/100, <1/10); ზოგჯერ (>1/1000, <1/100; იშვიათი (>1/10 000, <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10 000).
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ანემია, სისხლდენები (სხვადასხვა ლოკალიზაციის, იშვიათი ქალასშიდა/ინტრაკრანიალური და რეტროპერიტონეალური სისხლდენების ჩათვლით), პურპურა; ზოგჯერ - თრომბოციტოპენია, თრომბოციტემია, თრომბოციტების ცვლილება, კოაგულაციის დარღვევები.
ნივთიერებათა ცვლის მოშლის მხრივ: იშვიათი - ჰიპოკალემია
ცნს-ის მხრივ: ზოგჯერ - თავის ტკივილი, იშვიათი - აგზნებადობა, ცნობიერების დაბინდვა, თავბრუ, ძილიანობა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათი - არტერიული ჰიპერტენზია.
სუნთქვის ორგანოთა სისტემის მხრივ: იშვიათი - ქოშინი, ხველა.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ზოგჯერ - გულისრევა, ღებინება, ღიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება; იშვიათი - ტკივილი მუცელში, დისპეფსია, გასტრიტი, დიარეა, ბილირუბინის შემცველობის მომატება სისხლის შრატში.
დერმატოლოგიური რეაქციები: ზოგჯერ - გამონაყარი, ქავილი, ჭრილობიდან გამონადენი.
სხვადასხვა: ხშირი - შეშუპებები, იშვიათი - პოსტოპერაციული ჭრილობის ინფექცია, ტკივილი გულმკერდის არეში, ფეხების ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება, სახის ჰიპერემია (წამოხურება) ცნობიერების დაკარგვა, ალერგიული რეაქციები, რეაქციები ინექციის ადგილას.
აღნიშნული არასასურველი რეაქციები განხილულ უნდა იქნას კლინიკურ სიტუაციებში.
უკუჩვენება
- აქტიური, კლინიკურად მნიშვნელოვანი სისხლდენა; მწვავე ბაქტერიული ენდოკარდიტი; თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინს კლირენსი < 20 მლ/წთ); პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
არიქსტრა, სხვა ანტიკოაგულაციური პრეპარატების მსგავსად, სიფრთხილით ინიშნება სისხლდენის გაზრდილი რისკის მქონე პაციენტებში; მაგ., სისხლის შემადედებელი სისტემის თანდაყოლილი და შეძენილი დარღვევების დროს სისხლდენების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავების, ახლო წარსულში ქალასშიდა სისხლჩაქცევის შემდეგ, თავისა და ზურგის ტვინზე ჩატარებული ოპერაციების შემდეგ უახლეს პერიოდში, ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების დროს. ანტიკოაგულანტების გამოყენების ფონზე სისხლდენების განვითარების მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ: პაციენტები 75 წლის შემდეგ, 50 კგ-მდე წონით, თირკმლის საშუალო სიმძიმის უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი < 50 მლ/წთ). აღნიშნული რისკის ჯგუფებში არიქსტრის დანიშვნა სიფრხილით უნდა მოხდეს.
არასტაბილური სტენოკარდიისა და შთ სეგმენტის ელევაციით და მის გარეშე მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობისას არიქსტრა სიფრთხილით ინიშნება სამკურნალწამლო პრეპარატებთან, რომლებიც ზრდიან სისხლდენების განვითარების რისკს (მაგალითად, GPIIb/IIIa ინჰიბიტორები და თრომბოლიზური საშუალებები).
ორსულობა და ლაქტაცია
არასაკმარისი მონაცემები მოიპოვება ორსულებში პრეპარატის კლინიკური გამოყენების შესახებ. ორსულობის დროს არიქსტრის დანიშვნა რეკომენდებული არ არის იმ შემთხვევების გარდა, როდესაც დედის მხრიდან მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფის მხრივ პოტენციურ რისკს. უცნობია, ფონდაპარინუქსი დედის რძეში გამოიყოფა თუ არა. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების საჭიროების შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
ლაქტაციის პერიოდში მყოფ ვირთხებში ჩატარებული ექსპერიმენტული კვლევებით დადგენილია, რომ ფონდაპარინუქსი გამოიყოფა რძეში.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი არიქსტრის გამოყენება არ არის ნაჩვენები ინტრამუსკულურად. საინექციო ხსნარი გამოყენებამდე ვიზუალურად უნდა დათვალიერდეს და იგი არ უნდა შეიცავდეს ნაწილაკებს და შეფერილობაც შეცვლილი არ უნდა ჰქონდეს.
პედიატრიაში გამოყენება: არიქსტრის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებსა და 17 წლამდე მოზარდებში დღეისათვის დადასტურებული არ არის. ავტოტრანსპორტის მართვაზე გავლენა: არიქსტრა არ მოქმედებს ავტოტრანსპორტის მართვის უნარზე.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: სისხლდენა.
მკურნალობა: პრეპარატის მოხსნა, პაციენტის გამოკვლევა. შესაძლებელია ქირურგიული ჰემოსტაზის გამოყენება, სისხლის დანაკარგის შევსება, ახალი პლაზმის გადასხმა, პლაზმაფერეზი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ფონდაპარინუქსი არ აინჰიბირებს ციტოქრომ P 450 სისტემის იზოფერმენტებს (CYPA2, CYP2A6, CYP2C9, CYP2C19, CYP2D6, CYP2E1 და CYP3A4) in vitro. ამიტომ არიქსტრის დანიშვნისას იმ წამლებთან, რომელთა მეტაბოლიზმშიც მოცემული იზოფერმენტები მონაწილეობენ, ინ ვივო მოსალოდნელი არ არის წამლისმიერი ურთიერთქმედება.
ვინაიდან ფონდაპარინუქსის პლაზმის ცილებთან (ანტითრომბინ III-ის გარდა) შეკავშირება უმნიშვნელოა, არ არის მოსალოდნელი სხვა წამლებთან ურთიერთქმედება პლაზმის ცილებთან შეკავშირების დონეზე. ფონდაპარინუქსზე ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში ინახა, რომ მისი ერთდროული გამოყენება პერორალურ ანტიკოაგულანტებთან (ვარფარინი), ანტიაგრეგაციულ პრეპარატებთან (აცეტილსალიცილის მჟავა), ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდეულ საშუალებებთან (პიროქსიკამი) და საგულე გლიკოზიდთან (დიგოქსინი), არ მოქმედებს ფონდაპარინუქსის ფარმაკოკინეტიკაზე. ფონდაპარინუქსი არ მოქმედებდა ვარფარინის აქტივობაზე, აცეტილ სალიცილის მჟავასთან და პიროქსიკამთან დანიშვნისას სისხლდენის დროზე, არც დიგოქსინის ფარმაკოკინეტიკაზე.
ვინაიდან არ არსებობს მონაცემები არიქსტრის ხსნარის შეთავსებადობაზე, არ არის რეკომენდებული მისი შერევა სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 15-30ºC ტემპერატურაზე, ნუ გაყინავთ.
ვარგისიანობის ვადა – 3 წელი
აფთიაქში გაცემის წესი
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.
მწარმოებელი ქვეყანა
დიდი ბრიტანეთი