ატენოლოლ(რატენალი) 50მგ #50ტ

ატენოლოლ(რატენალი)  50მგ #50ტ

რატენალი 50მგ
(Ratenal 50mg)


ზოგადი დახასიათება:
არაპატენტირებული საერთაშორისო დასახელება:
  ატენოლოლი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის, ორმხრივ ამობურცული ზედაპირის მქონე შემოგარსული ტაბლეტები ჭდით.
შემადგენლობა:   
1 ტაბლეტი შეიცავს:
ატენოლოლს – 25, 50 ან 100 მგ;
დამხმარე ნივთიერებები:
სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, საღებავი.

გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები 25, 50 ან 100 მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სელექტიური ბეტა-ადრენობლოკატორი. C07 AB03.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
რატენალი წარმოადგენს კარდიოსელექტიურ ბეტა1-ადრენობლოკატორს. ახასიათებს ანტიჰიპერტენზიული, ანტიანგინალური და ანტიარითმული მოქმედება. მას არ გააჩნია შინაგანი სიმპატომიმეტური აქტივობა და მემბრანომასტაბილიზირებელი თვისებები.
სტენოკარდიით შეპყრობილ პაციენტებში პრეპარატი ამცირებს გულის შეკუმშვათა ძალას და სიხშირეს, მიოკარდიუმის ჟანგბადისადმი მოთხოვნილებას.
რატენალი ავლენს ჰიპოტენზიურ მოქმედებას გულის მიერ გადმოსროლილი სისხლის მოცულობის შემცირების ხარჯზე და აგრეთვე თირკმელების მიერ რენინის სეკრეციის შემცირების გამო.

ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატი პერორალურად მიღების შემდეგ სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 50 %.
ატენოლოლი პრაქტიკულად არ განიცდის მეტაბოლიზმს ღვიძლში.
პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი სისხლის პლაზმიდან შეადგენს 6-7 სთ-ს.
ატენოლოლი გამოიყოფა ძირითადად თირკმელების საშუალებით უცვლელი სახით.

ჩვენება:
არტერიული ჰიპერტონია; სტენოკარდიული შეტევების პროფილაქტიკა; გულის რითმის დარღვევები; მიოკარდიუმის ინფარქტი.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი ინიშნება ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს, მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად.
არტერიული ჰიპერტონია: რეკომენდებული ერთჯერადი დოზა მოზრდილებისათვის შეადგენს 25-50 მგ-ს დღეში ერთხელ, აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია საწყისი დოზის გაზრდა 100 მგ-მდე დღეში ერთხელ.
სტენოკარდია: რეკომენდებული ერთჯერადი დოზა შეადგენს 25-50 მგ-ს დღეში ერთხელ, აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია საწყისი დოზის გაზრდა 100 მგ-მდე დღეში ერთხელ.
გულის რითმის დარღვევები: რეკომენდებული ერთჯერადი დოზა შეადგენს 50-100 მგ-ს დღეში ერთხელ. 
მიოკარდიუმის ინფარქტი: მწვავე ფაზაში ადრეული მკურნალობისას ბეტა-ბლოკატორის ინტრავენურად შეყვანიდან 15 წთ-ში პერორალურად ინიშნება რატენალი 50 მგ დოზით, შემდგომ - 50 მგ ყოველ 12 სთ-ში ერთხელ (6-9 დღის განმავლობაში), შემდეგ კი 100 მგ დღეში.

გვერდითი მოვლენები:
რატენალი ჩვეულებრივ ხასიათდება კარგი ტოლერანტობით. შესაძლებელია განვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები: ბრადიკარდია, სიცივის შეგრძნება კიდურებში, ორტოსტატიული ჰიპოტენზია, თავბრუსხვევა, დაღლილობა, ძილის დარღვევა, დეპრესია, ჰალუცინაციები, გულისრევა, დიარეა, გამონაყარი კანზე, თვალების სიმშრალე, იშვიათად – ტკივილი გულის არეში, ცნობიერების დაბინდვა.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მასში შემავალი კომპონენტების მიმართ; II და  III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა; კარდიოგენული შოკი; გულის მწვავე ან ქრონიკული უკმარისობა; გამოხატული ბრადიკარდია (გულის შეკუმშვათა სიხშირე 50 დარტყმაზე ნაკლები წთ-ში); არტერიული ჰიპოტონია; ბრონქული ასთმა და სასუნთქი გზების სხვა ობსტრუქციული დაავადებები; პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
რატენალის კომბინაციით ნიფედიპინთან, კლონიდინთან შესაძლებელია ბრადიკარდიის და/ან ჰიპოტენზიის განვითარება.
რატენალისა და კლონიდინის ერთდროული გამოყენებისას კლონიდინის მოხსნა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რატენალის მიღება შეწყდა რამდენიმე დღით ადრე.
რატენალის გამოყენებისას კალციუმის არხის ბლოკატორებთან ან სხვა ანტიარითმიულ საშუალებებთან ერთად საჭიროა სიფრთხილე უარყოფითი ინოტროპული ეფექტის გამო.
რატენალის საგულე გლიკოზიდებთან, რეზერპინთან, გუანეტიდინთან ერთდროული გამოყენებისას მომატებულია ბრადიკარდიისა და გამტარებლობის დარღვევის განვითარების რისკი.
რატენალის და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების (იბუპროფენი, ინდომეტაცინი) კომბინაციით მცირდება პრეპარატის ეფექტურობა.
რატენალი აძლიერებს ინსულინისა და სხვა პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების მოქმედების ეფექტს. 

ჰიპერდოზირება:
სიმპტომები: ბრადიკარდია, II და III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, გულის უკმარისობა, ჰიპოტენზია, ჰიპოგლიკემია.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის მიღება.
გამოხატული ბრადიკარდიის კუპირებისათვის გამოიყენება ატროპინი (1-2 მგ ვენაში), აუცილებლობის შემთხვევაში ვენაში შეჰყავთ ბეტა-ადრენორეცეპტორების სტიმულატორი (იზოპრენალინი – 25 მკგ) ან ორციპრენალინი დოზით 0,5 მგ. შესაძლებელია საგულე გლიკოზიდებისა და გლუკაგონის გამოყენება.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის დროს რატენალის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის, რადგანაც ატენოლოლი აღწევს დედის რძეში.

გამოყენების თავისებურებები:
რატენალი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში გულის ქრონიკული უკმარისობით,
პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევით, როგორიცაა რეინოს სინდრომი.
პაციენტებში გულის იშემიური დაავადებით პრეპარატის მიღების უეცარი შეწყვეტა დაუშვებელია.
მიუხედავად იმისა, რომ რატენალი წარმოადგენს მაღალსელექტიურ ბეტა1-ადრენორეცეპტორების მაბლოკირებელ საშუალებას, იგი სიფრთხილით გამოიყენება სასუნთქი გზების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების დროს; აგრეთვე სისხლში გლუკოზის მკვეთრი ცვლილებებით მიმდინარე შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.
ფეოქრომოციტომით დაავადებულ პაციენტებში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ ალფა-ბლოკატორებთან კომბინაციაში.
რატენალის გამოყენებისას ავადმყოფებში ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციით შეიძლება მოხდეს თირეოტოქსიკოზით გამოწვეული ტაქიკარდიის შენიღბვა.
პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ რატენალს, საინჰალაციო ნარკოზის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა რატენალის მიღების შეწყვეტა ნარკოზამდე რამოდენიმე დღით ადრე, ან მინიმალური უარყოფითი ინოტროპული მოქმედების საანესთეზიო საშუალების შერჩევა.
პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ავტოტრანსპორტის მართვის ან იმ სამუშაოების შესრულების დროს, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას. აგრეთვე არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება რატენალით მკურნალობის პერიოდში.

შეფუთვა:
50 ტაბლეტი ფლაკონში, თითო ფლაკონი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 30ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა :
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა რეცეპტით.

მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).
მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.