დოენზა-სანოველი
DOENZA-SANOVEL
DOENZA-SANOVEL
სამკურნალო ფორმის აღწერა: 10 მგ-იანი შემოგარსული ტაბლეტები
შემადგენლობა:
შემოგარსული ტაბლეტები ------------------------ 1 ტაბ.
დონეპეზილის ჰიდროქლორიდი ------------------- 10 მგ
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
თავის ტვინის აცეტილქოლინესთერაზას სელექტიური ინჰიბიტორი. ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალო საშუალება.
ათქ კლასიფიკაციის კოდი – N06DA02
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა
დონეპეზილის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს თავის ტვინის ძირითადი ქოლინესთერაზის, აცეტილქოლინესთერაზის, სელექტიურ შექცევად ინჰიბიტორს. დონეპეზილი აინჰიბირებს ამ ფერმენტს 1000-ჯერ უფრო ძლიერად, ვიდრე ცენტრალური ნერვული სისტემის გარეთ აღმოჩენილ ფერმენტ ბუთირილქოლინესთერაზას.
დონეპეზილის ჰიდროქლორიდით გამოწვეული ერითროციტების აცეტილქოლინესთერაზას ინჰიბირება შეესაბამება ADAS-cog-ის შკალის ცვლილებებს (ალცჰაიმერის დაავადების კოგნიტიური ფუნქციების შეფასების მგრძნობიარე შკალა). შესაძლო გავლენა ნეიროპათოლოგიურ ცვლილებებზე შესწავლილი არ არის.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
შიგნით მიღებისას პრეპარატი კარგად შეიწოვება და მაქსიმალურ კონცენტრაციას პლაზმაში აღწევს 3-4 სთ-ში. კონცენტრაცია პლაზმაში და AUC იზრდება დოზის პროპორციულად. T1/2 შეადგენს დაახლოებით 70 საათს, ამიტომ ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ სტაბილური მდგომარეობა მიიღწევა თანდათანობით. სტაბილური კონცენტრაცია მყარდება მკურნალობის დაწყებიდან 3 კვირაში. დონეპეზილის ჰიდროქლორიდის კონცენტრაცია და ფარმაკოლოგიური აქტივობა სტაბილური მდგომარეობის მიღწევის შემდეგ დღეების განმავლობაში ძალიან უმნიშვნელოდ იცვლება. საკვების მიღება არ ახდენს გავლენას დონეპეზილის ჰიდროქლორიდის შეწოვაზე.
განაწილება
დონეპეზილის ჰიდროქლორიდი პლაზმის ცილებს უკავშირდება დაახლოებით 96%-ით. მისი აქტიური მეტაბოლიტის 6-0-დესმეთილდონეპეზილის პლაზმის ცილებთან შეკავშირება ცნობილი არ არის. დონეპეზილის განაწილება ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილებში არასაკმარისადაა შესწავლილი. დონეპეზილის ჰიდროქლორიდი და/ან მისი მეტაბოლიტები ორგანიზმში შესაძლოა დარჩეს 10 დღეზე მეტ ხანს.
მეტაბოლიზმი და გამოყოფა
დონეპეზილი მეტაბოლიზირდება ღვიძლში. მეტაბოლიზმის მთავარ პროდუქტებს წარმოადგენს M1 და M2 ნაერთები (0-დეზალკილირების და ჰიდროქსილირების პროდუქტები), M11 და M12 (შესაბამისად M1 და M2 გლუკურონირების პროდუქტების), M4 (ჰიდროლიზის პროდუქტი) და M6 (N-დაჟანგვის პროდუქტი). დონეპეზილისა და/ან მისი მეტაბოლიზმის პროდუქტების ღვიძლისშიდა რეცირკულაციის შესახებ ცნობები არ არსებობს. დონეპეზილი, ისევე როგორც მისი მეტაბოლიტები, ძირითადად გამოიყოფა შარდთან ერთად: დოზის 79% აღმოჩენილია შარდში და 21%_განავალში. შარდში ძირითადად აღმოჩენილია დონეპეზილი.
ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ კლინიკურ შემთხვევებში
სქესი, რასა და თამბაქოს მოწევა არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას პლაზმაში დონეპეზილის კონცენტრაციაზე. პრეპარატის საშუალო დონე ავადმყოფების პლაზმაში შეესაბამება იგივე მონაცემებს ჯანმრთელ ახალგაზრდა მოხალისეებში.
ღვიძლის მსუბუქი და საშუალო ხარისხის სიმძიმის ფუნქციის დარღვევა, აგრეთვე თირკმლის ფუნქციის დარღვევა, არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას დონეპეზილის კლირენსზე.
ჩვენებები:
პრეპარატი ნაჩვენებია მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ხარისხის ალცჰაიმერის ტიპის დემენციის სიმპტომური მკურნალობისათვის.
უკუჩვენებები:
პრეპარატი უკუნაჩვენებია დონეპეზილის ჰიდროქლორიდის, პიპერიდინის წარმოებულების ან პრეპარატში შემავალი სხვა დამხმარე ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.
განსაკუთრებული მითითებები:
მკურნალობა უნდა დაიწყოს და ჩატარდეს ალცჰაიმერის დემენციის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში გამოცდილი ექიმის კონტროლის ქვეშ. დიაგნოზი დგება საზოგადოდ მიღებული DSM IV და ICD 10 კრიტერიუმების შესაბამისად. დონეპეზილით მკურნალობა უნდა ჩატარდეს პირთან ერთად, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პაციენტის მიერ პრეპარატის რეგულარულ მიღებაზე. მკურნალობა გრძელდება თერაპიული ეფექტის შენარჩუნებამდე. მოქმედების შეწყვეტისას პრეპარატი უნდა შეიცვალოს. დონეპეზილით მკურნალობისას ინდივიდუალური რეაქციის გათვალისწინება შეუძლებელია. პრეპარატის ეფექტურობა ავადმყოფებში ალცჰაიმერის ტიპის დემენციის მძიმე ფორმისას, სხვა ტიპის დემენციისას, ან მეხსიერების სხვა ტიპის დარღვევისას, შესწავლილი არ არის.
ანესთეზია
წარმოადგენს რა ქოლინესთერაზას ინჰიბიტორს, ანესთეზიისას დონეპეზილი ზრდის სუქცინილქოლინის შემცველობას და აძლიერებს კუნთების მოდუნებას.
გულსისხლძარღვთა დაავადებები
ქოლინესთერაზას ინჰიბიტორებმა შესაძლოა მოახდინონ ვაგოტონური მოქმედება (ნაწილობრივ, გამოიწვიონ ბრადიკარდია). აღნიშნული ეფექტის წარმოქმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ,,სინუსური სინდრომის” პაციენტებში ან გულის გამტარებლობის ისეთი დარღვევისას, როგორიცაა სინოატრიალური ან AV-ბლოკადა. აღნიშნულია გულის წასვლისა და კრუნჩხვის განვითარების შემთხვევები.
კუჭ-ნაწლავის დაავადებები
პაციენტები, რომლებსაც ანამნეზში აქვთ წყლულოვანი დაავადება, ან იყენებენ არასტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებებს (აასს), უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ წყლულის განვითარების მაღალი რისკის გამო. დონეპეზილის მიღებისას ჩატარებული კლინიკური კვლევებისას არ აღინიშნა პეპტიური წყლულის სიხშირის მომატება ან კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა პლაცებოსთან შედარებით.
დონეპეზილმა შესაძლოა გამოიწვიოს დიარეა, გულისრევა და პირღებინება. ეს ეფექტები ძირითადად უმნიშვნელო და შექცევადია. ზოგჯერ ისინი რჩება 1-2 კვირის მანძილზე და ქრება პრეპარატის მიღების გაგრძელებისას.
ცენტრალური ნერვული სისტემა
ითვლება, რომ ქოლინომიმეტურებს შეუძლია გამოიწვიონ გენერალიზებული კრუნჩხვები. თუმცა შესაძლოა კრუნჩხვები წარმოადგენდეს ალცჰაიმერის დაავადების გამოვლინებას.
ქოლინომიმეტურებმა შეიძლება გამოიწვიონ ან გააძლიერონ ექსტრაპირამიდული სიმპტომები.
სასუნთქი სისტემა
ქოლინესთერაზას ინჰიბიტორები ქოლინომიმეტური აქტივობის გამო ფრთხილად უნდა იქნეს გამოყენებული პაციენტებში, რომელთა ანამნეზში მითითებულია ასთმის ან ფილტვების ობსტრუქციული დაავადების შესახებ.
ორსულობა
ორსულობის C კატეგორია
დონეპეზილის მიღების უსაფრთხოება ორსულობისას დადგენილი არ არის. ამიტომ პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისთვის შესაძლო სარგებელი აჭარბებს ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.
გავლენა მექანიზმების მართვის უნარზე
ალცჰაიმერის დემენცია მოქმედებს მექანიზმების მართვის უნარზე. გარდა ამისა, დონეპეზილით მკურნალობის დასაწყისში და დოზის გაზრდისას, შესაძლოა განვითარდეს დაღლილობა, თავბრუსხვევა და კრუნჩხვები.
დონეპეზილის მიღებისას პაციენტების ტრანსპორტისა და სხვა რთული მექანიზმების მართვის უნარს აფასებს მკურნალი ექიმი.
გვერდითი მოქმედება:
დონეპეზილის მიღებასთან დაკავშირებული შედარებით გავრცელებული გვერდითი ეფექტებია: გულისრევა, დიარეა, უძილობა, ღებინება, კრუნჩხვები, დაღლილობა და მადის დაკარგვა. აღნიშნული გვერდითი ეფექტები ძირითადად უმნიშვნელოა, ატარებს შექცევად ხასიათს და გაივლის მკურნალობის გაგრძელებისას დოზის კორექციის გარეშე.
პლაცებო-კონტროლირებადი გამოკვლევებისას პაციენტების 2%-ზე მეტში, რომლებიც იღებენ დონეპეზილს, აღინიშნა შემდეგი გვერდითი ეფექტები მათთან შედარებით, ვინც იღებდა პლაცებოს.
ზოგადი: თავის ტკივილი, სხვადასხვა ლოკალიზაციის ტკივილი, გადაღლა.
გულსისხლძარღვთა სისტემა: გულისწასვლა.
საჭმლისმომნელებელი სისტემა: გულისრევა, ფაღარათი, ღებინება, მადის დაკარგვა.
სისხლის სისტემა: ეკქიმოზი.
ნივთიერებათა ცვლა: სხეულის მასის შემცირება.
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა: კრუნჩხვები, ართრიტი.
ნერვული სისტემა: უძილობა, თავბრუსხვევა, დეპრესია, ანომალური სიზმრები, ძილიანობა.
შარდსასქესო სისტემა: შარდვის გახშირება.
გაუთვალისწინებელი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.
სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
რამდენადაც დონეპეზილის კლინიკური გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია, ყველა შესაძლო ურთიერთქმედება უცნობია. ექიმმა, რომელიც ატარებს დონეპეზილით მკურნალობას, უნდა გაითვალისწინოს ახალი, მანამდე უცნობი ურთიერთქმედების წარმოქმნის ალბათობა.
დონეპეზილის ჰიდროქლორიდი და/ან მისი მეტაბოლიტები არ აინჰიბირებს თეოფილინის, ვარფარინის, ციმეტიდინის და დიგოქსინის მეტაბოლიზმს. დიგოქსინთან ან ციმეტიდინთან ერთად მიღებისას დონეპეზილის მეტაბოლიზმი არ იცვლება. In vitro ჩატარებული გამოკვლევების რეზულტატების შესაბამისად დონეპეზილის მეტაბოლიზმში მნიშვნელოვანია ციტოქრომ P450-ის 3A4 იზოფერმენტი და მცირე ხარისხით _ ციტოქრომ P450-ის 2D6 იზოფერმენტი. კეტოკონაზოლი და ქინიდინი, შესაბამისად CYP3A4 და 2D6 ინჰიბიტორები, ამცირებენ დონეპეზილის მეტაბოლიზმს. ამიტომ ეს პრეპარატები, ასევე CYP3A4-ის სხვა ინჰიბიტორები, როგორიცაა იტრაკონაზოლი და ერითრომიცინი და CYP2D6-ის ინჰიბიტორები, როგორიცაა ფლუოქსეტინი, იწვევენ დონეპეზილის მეტაბოლიზმის ინჰიბირებას. ჯანმრთელ მოხალისეებში კეტოკონაზოლი იწვევს დონეპეზილის კონცენტრაციის მომატებას 30%-ით. ფერმენტების ისეთ ინდუქტორებს, როგორიცაა რიფამპიცინი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი და ალკოჰოლი, შეუძლია გამოიწვიოს დონეპეზილის დონის დაქვეითება. რამდენადაც ინჰიბიტორების და ინდუქტორების ეფექტების უმეტესობა ცნობილი არ არის, მსგავსი კომბინაციები სიფრთხილით უნდა დაინიშნოს. გარდა ამისა დონეპეზილს შეუძლია გააძლიეროს სუქცინილქოლინის, სხვა გულის გამტარებლობაზე მოქმედი მიორელაქსანტების ან ქოლინერგული რეცეპტორების და ბეტა-ბლოკატორების აგონისტების მოქმედება, თუმცა In vitro ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ დონეპეზილის ჰიდროქლორიდი ახდენს მინიმალურ მოქმედებას სუქცილინქოლინის ჰიდროლიზზე.
მეოთხეული ანტიქოლინერგული პრეპარატების, როგორიცაა გლიკოპიროლატი, სხვა ქოლინომიმეტურებთან ერთდროული მიღება იწვევს არტერიული წნევის და გულის რითმის ატიპიურ ცვლილებებს.
მიღების წესი და დოზირება:
იმ შემთხვევაში თუ ექიმმა არ დანიშნა სხვა სქემა, პრეპარატი დოენზა-სანოველის 10 მგ ინიშნება შინაგანად მისაღებად უშუალოდ ძილის წინ.
ჩატარებულმა კონტროლირებადმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ 5 მგ/დღეში და 10 მგ/დღეში ერთხელ წარმოადგენს დონეპეზილის დამტკიცებული ეფექტურობის მქონე დოზირებას. სტატისტიკის მიხედვით, არ აღინიშნა მნიშვნელოვნად გამოხატული კლინიკური ეფექტი 10 მგ დოზის მიღებისას 5 მგ-თან შედარებით. თუმცა მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ ზოგიერთ პაციენტებში 10 მგ დოზას აქვს უფრო გამოხატული მოქმედება. ამიტომ 10 მგ-იანი დოზის შერჩევა წარმოადგენს მკურნალი ექიმის პრეპოგატივას. რამდენადაც მკურნალობის 10 მგ-იანი დოზით დაწყებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტების გაძლიერება, მკურნალობა უნდა დაიწყოს 5 მგ/დღეში დოზით. ადრეული კლინიკური პასუხის მიღების მიზნით და პრეპარატის სტაბილური კონცენტრაციის უზრუნველსაყოფად, პრეპარატის 5 მგ/დღეში დოზის მიღება უნდა გაგრძელდეს 4-6 კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ შეიძლება დოზა გაიზარდოს 10 მგ-მდე დღეში ერთხელ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 10 მგ-ს.
მკურნალობის შეწყვეტისას დონეპეზილის ჰიდროქლორიდის ეფექტები თანდათანობით მცირდება. მკურნალობის შეწყვეტა არ იწვევს რაიმე უარყოფითი ეფექტის განვითარებას.
პაციენტებში თირკმლის უკმარისობით დოზის კორექცია საჭირო არ არის. რამდენადაც ღვიძლის მსუბუქი და საშუალო უკმარისობის მქონე პაციენტებში შესაძლებელია პრეპარატის ბიოშეღწევადობის მომატება, აუცილებელია დოზის კორექტირება ინდივიდუალური აუტანლობის გათვალისწინებით.
დონეპეზილის ჰიდროქლორიდის გამოყენება ბავშვებში არარეკომენდებულია.
ჭარბი დოზირება:
ქოლინერგული ინჰიბიტორების ჭარბი დოზირება ვლინდება ქოლინერგული კრიზის სახით, რასაც თან სდევს გამოხატული გულისრევა, ღებინება, მომატებული ნერწყვდენა, ოფლდენა, ბრადიკარდია, ჰიპოტენზია, სუნთქვის გაძნელება, კოლაფსი და კრუნჩხვები. აღინიშნება კუნთების სისუსტე და სასუნთქი კუნთების ჩათრევისას - ლეტალური გამოსავალი.
როგორც ნებისმიერი ჭარბი დოზირებისას, აუცილებელია ჩატარდეს ზოგადი შემანარჩუნებელი თერაპია. მესამეული ანტიქოლინერგული პრეპარატები, მაგ. ატროპინი, დონეპეზილის ჰიდროქლორიდის ჭარბი დოზირებისას შესაძლოა გამოყენებულ იქნეს როგორც ანტიდოტი. რეკომენდებულია ატროპინის სულფატის ვენაში შყვანა. საწყისი დოზა შეადგენს 1.0-2.0 მგ-ს, მკურნალობის გაგრძელებისას დოზის კორექცია ხდება კლინიკური პასუხიდან გამომდინარე. უცნობია, გამოიყოფა თუ არა დონეპეზილის ჰიდროქლორიდი და/ან მისი მეტაბოლიტები დიალიზით (ჰემოდიალიზი, პერიტონეალური დიალიზი, ჰემოფილტრაცია).
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 25°C -მდე ოთახის ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა:
შენახვის ვადა _ 2 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.
გამოშვების ფორმა:
მუყაოს კოლოფში მოთავსებულ ბლისტერებზე 14, 28 და 56 შემოგარსული ტაბლეტი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა რეცეპტით.
სხვა ფორმები:
დოენზა - სანოველი, 5მგ 14, 28, 56 შემოგარსული ტაბლეტი.
_ არ გამოიყენოთ ექიმის დანიშნულების გარეშე.
_ პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.
_ შეინახეთ ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
მწარმოებელი
სანოველ ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ ა.შ.
ქ. ჩანთა, კარტალტეპეს დასახლება, E-5 ავტოტრასა, სილივრი/სტამბული, თურქეთი