ესლოტინი
Eslotin
საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება
დეზლორატადინი, Desloratadine
სამკურნალო ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები
აღწერილობა: მრგვალი თეთრი ფერის ტაბლეტები ცალ მხარეს გრავირებით “DLT 5” და გამყოფი ნაჭდევით.
შემადგენლობა
ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: დეზლორატადინი 5 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი
პრეპარატის ათქ კოდი: R06AX27
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სისტემური გამოყენების ანტიჰისტამინური საშუალებები.
H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ესლოტინს გააჩნია ანტიჰისტამინური, ანტიალერგიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, არ იწვევს ძილიანობას. შიგნით მიღებისას დეზლორატადინი (ლორატადინის პირველადი აქტიური მეტაბოლიტი) სელექციურად აბლოკირებს პერიფერიულ H1-ჰისტამინურ რეცეპტორებს. თრგუნავს ციტოსტატური რეაქციების კასკადს: პროანთებითი ციტოკინების, მათ შორის, ინტერლეიკინი-4 (ილ-4), ინტერლეიკინი-6 (ილ-6), ინტერლეიკინი-8 (ილ-8), ინტერლეიკინი-13 (ილ-13), აგრეთვე, RANTES ტიპის პროანთებითი ქემოკინების გამოყოფას, აქტივირებული პოლიმორფულბირთვული ნეიტროფილების მიერ სუპეროქსიდური ანიონების პროდუქციას, ეოზინოფილების ადჰეზიას და ქემოტაქსისს, ადჰეზიის მოლეკულების, მათ შორის, P-სელექტინის ექსპრესიას, D2 პროსტაგლანდინის და C4 ლეიკოტრიენის IgE–თი განპირობებულ ჰისტამინის გამოყოფას.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატი კარგად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 3 საათის შემდეგ. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 27 საათს. ბიოშეღწევადობა მიღებული დოზის პროპორციულია (5-დან 20 მგ-მდე დოზის დიაპაზონში). არ გადის ჰემატო-ენცეფალურ ბარიერს, გადალახავს პლაცენტარულ ბარიერს და გამოიყოფა დედის რძეში.
გამოყენების ჩვენებები
- სეზონური პოლინოზი და წლის განმავლობაში არსებული ალერგიული რინიტი (ცემინების, ცხვირიდან ლორწოს გამოყოფის, ცხვირის გაჭედვის და ქავილის, ცრემლდენის, თვალების ქავილის და სიწითლის მოხსნის ან შემსუბუქების მიზნით);
- ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება (კანის ქავილის და გამონაყარის შემცირების და გაქრობის მიზნით).
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
გვერდითი მოქმედება
მომატებული დაღლილობა, პირის სიმშრალე, თავის ტკივილი.
ძალიან იშვიათად – ტაქიკარდია, გულისცემის შეგრძნება, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება, ბილირუბინის კონცენტრაციის მომატება, ალერგიული რეაქციები, ანაფილაქსიის და გამონაყარის ჩათვლით.
მიღების წესი და დოზები
ესლოტინი მიიღება შიგნით, კვების რეჟიმის მიუხედავად, დოზით 5 მგ დღე-ღამეში 1-ჯერ.
ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, დაუღეჭავად, წყლის მიყოლებით.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: გვერდითი რეაქციების გამოვლენის გაძლიერება.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა აქტივირებული ნახშირის შემდგომი მიღებით, საჭიროებისამებრ – სიმპტომური თერაპია. ჰემოდიალიზი არაეფექტურია. პერიტონეალური დიალიზის ეფექტურობა არ არის დადგენილი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
კეტოკონაზოლთან, ერითრომიცინთან, აზითრომიცინთან, ფლუოქსეტინთან, ციმეტიდინთან დეზლორატადინის მრავალჯერადი ერთობლივი გამოყენების დროს წამლისმიერი ურთიერთქმედების შესწავლისას არ გამოვლენილა პლაზმაში დეზლორატადინის კონცენტრაციის კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები.
პრეპარატის საკვებთან ერთად მიღება გავლენას არ ახდენს ორგანიზმში დეზლორატადინის განაწილებაზე.
დეზლორატადინი არ აძლიერებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ალკოჰოლის მოქმედებას.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში.
პრეპარატის გამოყენება პედიატრიაში
გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით.
ზემოქმედება ავტომობილებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
ესლოტინი გავლენას არ ახდენს ავტომობილების მართვისა და ისეთი სამუშაოების შესრულების უნარზე, რომლებიც საჭიროებენ ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
გამოშვების ფორმა
10 შემოგარსული ტაბლეტი ბლისტერში.
1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში ინსტრუქციის ფურცელთან ერთად.
შენახვის წესი
ინახება არაუმეტეს 25ºC-ზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი
ესლოტინი წარმოადგენს შემდეგი კომპანიის სავაჭრო მარკას
კომპანია: “ვორლდ მედიცინი”, ინგლისი
მწარმოებელი: “ბეილი-კრეატის ლაბორატორია”, საფრანგეთი
(შმენ დე ნუიზმენ Z.I. დე 150 არპენი, 28500 ვერნუიე -
საფრანგეთი)
ლიცენზიით: “მედრაიკი”, ინგლისი