ნონბლონი 5მგ #20ტ

ნონბლონი 5მგ #20ტ

ნონბლონი
(ნებივოლოლი)


                 
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ნებივოლოლი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე, შემოუგარსავი ტაბლეტები ჭდით;
შემადგენლობა:
1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს:
ნებივოლოლის ჰიდროქლორიდს, 5 მგ ნებივოლოლის ეკვივალენტურს.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ჰიპრომელოზა, პოლისორბატი 80, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

გამოშვების ფორმა:
შემოუგარსავი ტაბლეტები, 5 მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
III თაობის ბეტა1-ადრენობლოკატორი, ვაზოდილატაციური თვისებით.
ათქ-კოდი:  C07AB12.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ნებივოლოლი – მესამე თაობის კარდიოსელექტიური ბეტა-ბლოკატორია. გააჩნია ჰიპოტენზიური, ანტიანგინალური და ანტიარითმიული მოქმედება. ამცირებს გულის შეკუმშვათა სიხშირეს და არტერიულ წნევას მოსვენებისა და დატვირთვის მდგომარეობაში. ჰიპოტენზიური ეფექტი განპირობებულია გულის დარტყმითი მოცულობის, მოცირკულირე სისხლის მოცულობის, საერთო პერიფერიული სისხლძარღვოვანი წინააღმდეგობის შემცირებით, რენინის წარმოქმნის დაქვეითებით, ბარორეცეპტორების მგრძნობელობის ნაწილობრივი დაკარგვით. ამცირებს მარცხენა პარკუჭის საბოლოო დიასტოლურ წნევას, აუმჯობესებს გულის დიასტოლურ ფუნქციას, ზრდის განდევნის ფრაქციას, აქვეითებს მიოკარდიუმის მოთხოვნილებას ჟანგბადზე, ამცირებს სტენოკარდიული შეტევების რაოდენობას და სიმძიმეს, ზრდის ფიზიკური დატვირთვის ატანის უნარს.
ანტიარითმიული მოქმედება განპირობებულია გულის პათოლოგიური ავტომატიზმის დათრგუნვით (მათ შორის პათოლოგიის კერაში) და AV გამტარებლობის შენელებით. აქტიური ნივთიერება წარმოადგენს რაცემატს, რომელიც შედგება ორი ენანთიომერისგან: D-ნებივოლოლისა (SRRR-ნებივოლოლი) და L-ნებივოლოლისგან (RSSS-ნებივოლოლი), რომელთაგან თითოეულს გააჩნია განსაკუთრებული თვისებები.    
D-ნებივოლოლი არის β1-ადრენორეცეპტორების კონკურენტული და მაღალსელექტიური ბლოკატორი.
L-ნებივოლოლი ახდენს ვაზოდილატაციურ მოქმედებას რელაქსაციური ფაქტორის (NO) სისხლძარღვთა ენდოთელიუმისგან გამოთავისუფლების მოდულაციის ხარჯზე (L-არგინინის მონაწილეობით). აზოტის ოქსიდი არეგულირებს სისხლძარღვოვან ჰომეოსტაზს და ხელს უწყობს სისხლძარღვთა ნორმალური ბაზალური ტონუსის შენარჩუნებას, სისხლძარღვთა რეაქტიულობისა და არტერიული წნევის ნორმალიზებას.
პრეპარატი არ მოქმედებს ლიპიდურ ცვლაზე და სისხლის პლაზმაში გლუკოზის დონეზე.                                                 
გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს, სეკრეტირდება დედის რძეში.
ხანგრძლივი მკურნალობისას (3 წლის განმავლობაში) მიჩვევა პრეპარატზე არ განვითარებულა.

ფარმაკოკინეტიკა:
პერორალური მიღების შემდეგ ნებივოლოლის ორივე ენანთიომერი სწრაფად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი სისტემიდან. საკვების მიღება არ მოქმედებს პრეპარატის აბსორბციაზე. ბიოშეღწევადობა შეადგენს საშუალოდ 12%-ს სწრაფი მეტაბოლიზმის მქონე პირებში და თითქმის სრულია ნელი მეტაბოლიზმის მქონე პირებში. ორგანიზმში მეტაბოლიზდება აქტიური ჰიდროქსიმეტაბოლიტების წარმოქმნით. ნებივოლოლის მეტაბოლიზმი მიმდინარეობს ალიციკლური და არომატული ჰიდროქსილირების, N-დეალკილირებისა და გლუკურონირების გზით. პაციენტთა უმეტესობაში სისხლის პლაზმაში ნებივოლოლის წონასწორული კონცენტრაცია მიიღწევა 24 სთ-ის განმავლობაში, ხოლო ჰიდროქსიმეტაბოლიტების – რამოდენიმე დღის შემდეგ.
ორივე ენანთიომერი უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, უპირატესად ალბუმინს. პლაზმის ცილებთან შეკავშირება D-ნებივოლოლისთვის შეადგენს 98.1%-ს, ხოლო L-ნებივოლოლისთვის – 97.9%-ს. 
მიღებიდან ერთი კვირის შემდეგ დოზის 38% გამოიყოფა თირკმლების (უცვლელად დარჩენილი აქტიური ნივთიერების რაოდენობა 0.5%-ზე ნაკლებია), ხოლო 48% – ნაწლავების მიერ.
სწრაფი მეტაბოლიზმის მქონე პირებში  ნებივოლოლის ენანთიომერების ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს საშუალოდ 10 სთ-ს, ნელი მეტაბოლიზმის მქონე პირებში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 3-5-ჯერ მატულობს.
ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებს არ გააჩნიათ ასაკობრივი და სქესობრივი განსხვავებები.

ჩვენება:
• არტერიული ჰიპერტენზია.
• გულის იშემიური დაავადება.

მიღების წესი და დოზირება:
საშუალო სადღეღამისო დოზა მოზრდილთათვის შეადგენს 2.5-5 მგ-ს (1/2-1 ტაბლეტი დღეში ერთხელ). ტაბლეტის მიღება უნდა მოხდეს დღის განმავლობაში ერთსა და იმავე დროს, ჭამისგან დამოუკიდებლად, დაუღეჭავად და საკმარისი რაოდენობით წყლის მიყოლებით.
ოპტიმალური ჰიპოტენზიური ეფექტი მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან 1-2 კვირის შემდეგ, რიგ შემთხვევებში – მე-4 კვირისთვის.
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ან მონოთერაპიის, ან კომბინირებული ანტიჰიპერტენზიული თერაპიის შემადგენლობაში.
ჰიპოტენზიური მოქმედების გაძლიერება აღინიშნება 5 მგ ნონბლონის 12.5-25 მგ ჰიდროქლოროთიაზიდთან კომბინირებული გამოყენების დროს.
აუცილებლობის შემთხვევაში სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მგ-მდე (2 ტაბლეტი 1 მიღებაზე). აღსანიშნავია, რომ დოზის გაზრდა დღეში 5 მგ-ზე მეტად არ აძლიერებს ჰიპოტენზიურ ეფექტს, მაგრამ შეიძლება დადებითად იმოქმედოს ანტიანგინალური ეფექტის გაძლიერებაზე.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ-ს დღეში, საჭიროების დროს შესაძლებელია სადღეღამისო დოზის გაზრდა 5 მგ-მდე.
ასევე 65 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ-ს დღეში, საჭიროების დროს შესაძლებელია დოზის გაზრდა 5 მგ-მდე დღეში.
პრეპარატის გამოყენების გამოცდილება ბავშვებში არ არსებობს.
75 წელზე უფროსი ასაკის პირები მკურნალობის პერიოდში უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რადგან ამ ასაკობრივ კატეგორიაში პრაპარატის გამოყენების  გამოცდილება არასაკმარისია.                                        

გვერდითი მოვლენები:
ნონბლონის დოზირების რეკომენდებული რეჟიმის დაცვის შემთხვევაში არასასურველი ეფექტები აღინიშნება იშვიათად, მსუბუქი ან ზომიერი სახით.
ცნს-ის და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუ, დაღლილობის შეგრძნება, პარესთეზიები (1%-დან 10%-მდე), დეპრესია, ყურადღების კონცენტრირების უნარის დაქვეითება, ძილიანობა, უძილობა, იშვიათად – კოშმარული სიზმრები, ჰალუცინაციები;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ბრადიკარდია, ორთოსტატული ჰიპოტენზია, ქოშინი, შეშუპება, გულის უკმარისობა, AV ბლოკადა, გულის რითმის დარღვევა, რეინოს სინდრომი, კარდიალგია;
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ყაბზობა, დიარეა, პირის სიმშრალე, იშვიათად – დისპეფსია, მეტეორიზმი, ღებინება;
სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქოსპაზმი (მათ შორის ანამნეზში ფილტვების ობსტრუქციული დაავადების არარსებობის შემთხვევაშიც);
ალერგიული რეაქციები: ერითემატოზული გამონაყარი კანზე, ანგიონევროზული შეშუპება, ფსორიაზის გამწვავება;
სხვა: ფოტოდერმატოზი, ჰიპერჰიდროზი, რინიტი, მხედველობის დარღვევა, თვალის ლორწოვანი გარსის სიმშრალე.

უკუჩვენება:
გულის ქრონიკული უკმარისობა დეკომპენსაციის სტადიაში; კარდიოგენური შოკი;  არტერიული ჰიპოტენზია; სინოატრიალური ბლოკადა; ანგიოსპასტიკური სტენოკარდია (პრინცმეტალის სტენოკარდია); ბრადიკარდია (გულის შეკუმშვათა სიხშირე 50 დარტყმაზე ნაკლები წთ-ში); სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი; II და III ხარისხის AV ბლოკადა; პერიფერიული სისხლძარღვების მაობლიტირებელი დაავადებები (გარდამავალი კოჭლობის სინდრომი); არანამკურნალები ფეოქრომოციტომა; ღვიძლის ფუნქციების მძიმე დარღვევა; ღვიძლის უკმარისობა; ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება; ბრონქული ასთმა; დეპრესია; მიასთენია, კუნთების სისუსტე; მეტაბოლური აციდოზი; ბავშვობის და მოზარდობის პერიოდი 18 წლამდე; მომატებული მგრძნობელობა ნებივოლოლის მიმართ.
 
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ბეტა-ადრენობლოკატორების კალციუმის არხების ბლოკატორებთან ერთად (ვერაპამილი ან დილთიაზემი) გამოყენებისას ძლიერდება უარყოფითი ზემოქმედება მიოკარდიუმის კუმშვადობაზე და AV  გამტარებლობაზე. ნონბლონით მკურნალობის პერიოდში ვენაში ვერაპამილის შეყვანა უკუნაჩვენებია.
ბეტა-ადრენობლოკატორების I კლასის ანტიარითმიულ პრეპარატებთან და ამიოდარონთან კომბინაციისას შესაძლოა გაძლიერდეს უარყოფითი ინოტროპული ეფექტი და ზემოქმედება აგზნების გატარებაზე.  ანტიარითმიული სამკურნალო საშუალებები ასევე ზრდიან ბრადიკარდიის, AV ბლოკადის, გულის გაჩერების და გულის უკმარისობის განვითარების რისკს.
ბეტა-ადრენობლოკატორების და საანესთეზიო საშუალებების ერთდროული გამოყენება, ფენიტოინის ი/ვ შეყვანა, ინჰალაციური ზოგადი ანესთეზიის დროს გამოსაყენებელი მედიკამენტები (ნახშირწყალბადების წარმოებულები – ციკლოპროპანი, ეთერი ან ტრიქლორეთილენი) ზრდიან კარდიოდეპრესიულ ზემოქმედებას. შეუძლიათ დათრგუნონ რეფლექტორული ტაქიკარდია და გაზარდონ არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკი. ვაგუსური რეაქციების აღმოცენების პროფილაქტიკისთვის შესაძლებელია პრემედიკაციისას ატროპინის გამოყენება. საჭიროა ანესთეზიოლოგის ინფორმირება, რომ პაციენტი იღებს ნონბლონს.
სათითურას პრეპარატებმა ბეტა-ადრენობლოკატორებთან ერთად გამოყენებისას შეიძლება შეანელონ AV გამტარებლობა.
პრეპარატის აქტიურობა შეიძლება დააქვეითონ სიმპათომიმეტურმა საშუალებებმა ერთდროულად დანიშვნის შემთხვევაში.
ჰიპოტენზიურ ეფექტს ასუსტებენ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, გლუკოკორტიკოსტეროიდები და ესტროგენები. საგულე გლიკოზიდებმა, მეთილდოფამ, რეზერპინმა, გუანფაცინმა, დიურეტიკებმა, კლონიდინმა,  ნიფედიპინმა, სიმპატოლიტიკებმა, ჰიდრალაზინმა და სხვა ჰიპოტენზიურმა სამკურნალო საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიონ არტერიული წნევის მნიშვნელოვანი შემცირება.
ნონბლონი არ ახდენს ინსულინის და სხვა პერორალური შაქრის დამწევი საშუალებების მოქმედების პოტენცირებას,  თუმცა შეიძლება შენიღბოს განვითარებული ჰიპოგლიკემიის ზოგიერთი სიმპტომი (მაგალითად, ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება).             
პრეპარატი აქვეითებს ლიდოკაინის და სხვა ქსანტინების (დიფილინის გარდა) კლირენსს და ზრდის მათ კონცენტრაციას პლაზმაში.
ალერგენები, რომლებიც იმუნოთერაპიისთვის გამოიყენება, ან ალერგენების ექსტრაქტები კანის სინჯებისთვის, ზრდიან მძიმე სისტემური ალერგიული რეაქციების ან ანაფილაქსიის განვითარების რისკს ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ ნებივოლოლს.  იოდის შემცველი რენტგენოკონტრასტული საშუალებები ი/ვ შეყვანისათვის ასევე ზრდიან ანაფილაქსიური რეაქციების განვითარების შესაძლებლობას.
ნონბლონი ახანგრძლივებს არადეპოლარიზებადი მიორელაქსანტების მოქმედებას და კუმარინების ატიკოაგულაციურ ეფექტს.
ტრი- და ტეტრაციკლური ანტიდეპრესანტები, ნეიროლეპტიკები, ეთანოლი, სედატიური და საძილე საშუალებები აძლიერებენ ცნს-ზე დამთრგუნველ მოქმედებას.
არ არის რეკომენდებული ნებივოლოლის მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენება, ჰიპოტენზიური ეფექტის მნიშვნელოვანი გაძლიერების გამო. შუალედი მაო-ს ინჰიბიტორებისა და ნონბლონის მიღებებს შორის უნდა შეადგენდეს არანაკლებ 14 დღეს.
მიკროსომური დაჟანგვის ინდუქტორები (რიფამპიცინი, ბარბიტურატები) აქვეითებენ, ხოლო ინჰიბიტორები (ციმეტიდინი) ზრდიან პლაზმაში ნებივოლოლის კონცენტრაციას (პრეპარატის ფარმაკოლოგიური აქტივობა ამ დროს არ იცვლება).
რანიტიდინის ერთდროული დანიშვნა არ მოქმედებს ნებივოლოლის ფარმაკოკინეტიკაზე. იმ პირობით, რომ ნებივოლოლს მიიღებენ ჭამის დროს, ხოლო ანტაციდურ საშუალებას – საკვების მიღებათა შორის პერიოდში, შესაძლებელია ორივე საშუალების ერთდროულად დანიშვნა.
ჭვავის რქის არაჰიდრირებული ალკალოიდები ზრდიან პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევის განვითარების რისკს.

ჰიპერდოზირება:
დოზის გადაჭარბების შესაძლო სიმპტომებია: არტერიული ჰიპოტენზია, გულისრევა, ღებინება, ციანოზი, სინუსური ბრადიკარდია, AV  ბლოკადა, გულის უკმარისობა, კარდიოგენური შოკი, გულის გაჩერება, გონების დაკარგვა, კომა, ბრონქოსპაზმი.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის, საფაღარათო საშუალებების მიღება, შესაძლებელია ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია და ატროპინის (ბრადიკარდიის და მომატებული ვაგოტონიის დროს), პლაზმის ან პლაზმის შემცვლელების, აუცილებლობისას – კატექოლამინების შეყვანა. ბეტა-ადრენომაბლოკირებელი მოქმედების კუპირებისთვის გამოიყენება იზოპრენალინის ჰიდროქლორიდი (ნელა, ინტრავენურად, დასაწყისისთვის 5 მკგ/წთ-ში სასურველი ეფექტის მიღწევამდე), დობუტამინი (საწყისი დოზით 2.5 მკგ/წთ-ში), ეფექტის არარსებობისას – გლუკაგონი (ი/ვ 50-100 მკგ/კგ, განმეორებით 1 სთ-ის შემდეგ – 70 მკგ/კგ სთ-ში ინფუზურად). AV  ბლოკადის დროს ნაჩვენებია ტრანსვენოზური სტიმულაცია. ბრონქოსპაზმის დროს ნიშნავენ ბეტა2-ადრენორეცეპტორების სტიმულატორებს ი/ვ, პარკუჭოვანი ექსტრასისტოლიის დროს –  ლიდოკაინს (IA კლასის ანტიარითმიული პრეპარატები არ გამოიყენება), კრუნჩხვების დროს – დიაზეპამს ი/ვ.

ორსულობა და ლაქტაცია:
დღეისათვის არ არის დამაჯერებელი კლინიკური საფუძველი ორსულობის პერიოდში პრეპარატის უსაფრთხო გამოყენებისთვის.
ბეტა-ადრენობლოკატორები აქვეითებენ პლაცენტის სისხლით მომარაგებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის საშვილოსნოსშიდა დაღუპვა და თვითნებური აბორტი ან ვადამდელი მშობიარობა. გარდა ამისა, შესაძლებელია სხვა ნეგატიური ეფექტების (ჰიპოგლიკემია და ბრადიკარდია) გამოვლინება ნაყოფში და ახალშობილში. არსებობს გართულებების აღმოცენების მომატებული რისკი ახალშობილებში გულის და ფილტვების მხრიდან, აქედან გამომდინარე, ნონბლონის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის პერიოდში.
ბეტა-ადრენობლოკატორების უმეტესობა, განსაკუთრებით კი ლიპოფილური სუბსტანციები აღწევენ დედის რძეში, ამიტომ ნონბლონის ლაქტაციის პერიოდში გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში დგება საკითხი ძუძუთი კვების შეწყვეტის თაობაზე.
ექსპერიმენტულ კვლევებში არ გამოვლენილა პრეპარატის ტერატოგენული ან ემბრიოტოქსიკური მოქმედება.

გამოყენების თავისებურებები:
პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს ნარკოზით მიმდინარე ქირურგიულ ჩარევამდე (მათ შორის ქირურგიული სტომატოლოგია) 24 სთ-ით ადრე, ან შეირჩეს ყველაზე ნაკლები უარყოფითი ინოტროპული მოქმედების მქონე საანესთეზიო საშუალება. აუცილებლად უნდა შევატყობინოთ ანესთეზიოლოგს, რომ პაციენტი იღებს ბეტა-ადრენობლოკატორს.
პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ თირკმლის უკმარისობით, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციით (შესაძლოა მოხსნას ტაქიკარდია), ალერგიული დაავადებებით, ფსორიაზით, შაქრიანი დიაბეტით (შესაძლებელია მოახდინოს ჰიპოგლიკემიის სიმპტომების შენიღბვა) დაავადებულ პაციენტებს და 65 წელზე მეტი ასაკის პირებს.
ბეტა-ადრენობლოკატორებით მკურნალობის შეწყვეტა უნდა მოხდეს თანდათანობით, დოზის ნელ-ნელა შემცირებით 10 დღის განმავლობაში (2 კვირის განმავლობაში გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში).
არტერიული წნევის და გულის შეკუმშვათა სიხშირის კონტროლი პრეპარატით მკურნალობის დასაწყისში უნდა იყოს ყოველდღიური.
ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკატორებმა შეიძლება გამოიწვიონ ბრადიკარდია. თუ გულის შეკუმშვის სიხშირე მოსვენების მდგომარეობაში ქვეითდება 50-55 დარტყმამდე წთ-ში, პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს. დაძაბვის სტენოკარდიის დროს შერჩეული დოზა უნდა უზრუნველყოფდეს გულის შეკუმშვის სიხშირეს მოსვენების მდგომარეობაში წუთში 55-60 დარტყმის ფარგლებში, ხოლო დატვირთვისას – არა უმეტეს 110 დარტყმისა წთ-ში.
სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გამოხატული დარღვევის მქონე პაციენტებში (რეინოს დაავადება, გარდამავალი კოჭლობა), რადგან პრეპარატმა შეიძლება გააძლიეროს პერიფერიული არტერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევის სურათი.
გულის შეგუბებითი უკმარისობით დაავადებულ პაციენტებს ნებივოლოლის დანიშვნამდე უნდა ჩაუტარდეთ შესაბამისი მკურნალობა მდგომარეობის სრულ კომპენსაციამდე.
მწეველებში ბეტა-ადრენობლოკატორების ეფექტურობა უფრო დაბალია, ვიდრე არამწეველებში.
ანამნეზში ფსორიაზის მქონე პაციენტებს ბეტა-ადრენობლოკატორები ენიშნებათ მხოლოდ შესაძლო რისკის და სავარაუდო დადებითი შედეგის საფუძვლიანი შეფასების შემდეგ.
ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკატორებმა შეიძლება გააძლიერონ მგრძნობელობა ალერგენებისადმი და გაზარდონ ანაფილაქსიური რეაქციების გამოხატულება.
პაციენტებმა, რომლებიც ატარებენ კონტაქტურ ლინზებს, უნდა გაითვალისწინონ, რომ ამ პრეპარატით მკურნალობის ფონზე შესაძლებელია ცრემლის პროდუქციის შემცირება.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
ნონბლონი არ მოქმედებს ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეზე, თუმცა პრეპარატის მიღებამ ზოგ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს თავბრუ და დაღლილობის შეგრძნება, ამიტომ პაციენტებმა, რომლებიც იღებენ ნონბლონს, საჭიროა თავი შეიკავონ პოტენციურად სახიფათო მოქმედებების შესრულებისგან.

შეფუთვა:
10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში, 2 კონტურული შეფუთვა მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:                                                                                          
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა რეცეპტით.

მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი: 
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.
www.aversi.ge