რაუნატინი
(RAUNATIN)
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: რაუვოლფიას ალკალოიდები;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
მწვანე ფერის, მრგვალი ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე, შემოგარსული ტაბლეტები, ჭდით;
შემადგენლობა:
1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
რაუნატინს - 2 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, შემომგარსავი ნივთიერებების ნარევი Tabcoat TC-7013-გრეენ (ჰიპრომელოზა, პოლიეთილენგლიკოლი 6000, გასუფთავებული ტალკი, საღებავები: ტიტანის დიოქსიდი (Е 171), Brilliant Blue FCF (E 133), Quinoline Yellow (E 104)).
გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები, 2 მგ.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები. ადრენერგული ინერვაციის მასტიმულირებელი ზემოქმედების შემამცირებელი ცენტრალური მოქმედების პრეპარატები. რაუვოლფიას ალკალოიდების ჯამი. ათქ-კოდი: C02AA04.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
რაუნატინს გააჩნია ანტიჰიპერტენზიული და ანტიარითმული მოქმედება. იგი ასევე ხასიათდება დამამშვიდებელი გავლენით ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. სედატიური ეფექტი რეზერპინთან შედარებით უფრო ნაკლებადაა გამოხატული, მაგრამ ჰიპოტენზიური მოქმედებით იგი პრაქტიკულად არ ჩამორჩება რეზერპინს, ამასთან რიგ შემთხვევაში ხასიათდება უკეთესი ამტანობით.
რაუნატინის თერაპიული ეფექტი ვითარდება თანდათანობით პრეპარატის მიღებიდან მე-10-14 დღეს და აღინიშნება 2-3 თვის განმავლობაში.
ფარმაკოკინეტიკა:
რაუნატინი შეიცავს რაუვოლფიას ფესვების ალკალოიდების ჯამს, რომელთა შორის უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია რეზერპინს, სერპენტინს, აიმალინს.
პრეპარატის ალკალოიდები ერთმანეთისგან განსხვავდებიან შეწოვის სიჩქარით და ხარისხით. პრეპარატი განიცდის მეტაბოლიზმს ძირითადად ღვიძლში, გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით თირკმლების საშუალებით.
ჩვენება:
• მსუბუქი და საშუალო სიმძიმის არტერიული ჰიპერტენზია.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი ინიშნება მოზრდილებში პერორალურად, ჭამის შემდეგ.
მკურნალობას იწყებენ ღამით 1 ტაბლეტის მიღებით, მეორე დღეს – 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში, მესამე დღეს – 3 ტაბლეტი და დღიური დოზას თანდათანობით ზრდიან 4-6 ტაბლეტამდე. თერაპიული ეფექტის მიღწევის შემდეგ (10-14 დღეში) დოზას თანდათანობით ამცირებენ 1-2 ტაბლეტამდე დღეში. მკურნალობის კურსი შეადგენს 3-4 კვირას, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში რაუნატინი ინიშნება უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში შემანარჩუნებელი დოზით (1 ტაბლეტი დღეში).
გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია გამოვლინდეს გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, პირის სიმშრალე, ანორექსია, კარდიალგია, ბრადიკარდია, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, ოფლიანობა, საერთო სისუსტე, დეპრესია, ლიბიდოს დაქვეითება, გამონაყარი კანზე, ქავილი. გვერდითი მოვლენების მოხსნა შესაძლებელია პრეპარატის დოზის შემცირებისას ან მისი მიღების ხანმოკლე (1-3 დღე) შეწყვეტის შემდეგ.
მაღალი დოზით ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, კოშმარული სიზმრები, პარკინსონიზმის სიმპტომების განვითარება, სტენოკარდიის შეტევების გახშირება.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ; არტერიული ჰიპოტენზია; ბრადიკარდია; დეპრესია; კორონარული სისხლმიმოქცევის უკმარისობა; მიოკარდიუმის ორგანული დაზიანებები; აორტული მანკები; გამოხატული ცერებრული ათეროსკლეროზი; ეპილეფსია; პარკინსონიზმი; კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება; წყლულოვანი კოლიტი; სუნთქვის უკმარისობა; ფეოქრომოციტომა; ნაღვლკენჭოვანი დაავადება; გლაუკომა; ნეფროსკლეროზი; 18 წლამდე ასაკი.
ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
პრეპარატის მიღება შესაძლებებლია ერთდროულად ან თანმიმდევრობით სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებებთან (განგლიობლოკატორებთან, ჰიდროქლოროთიაზიდთან, ჰიდრალაზინთან და სხვა).
სიფრთხილით ინიშნება ქინიდინთან, გუანეტიდინთან, საგულე გლიკოზიდებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან ერთად (უარყოფითი ქრონო- და დრომოტროპული მოქმედების გაძლიერების რისკი).
რაუნატინი აძლიერებს ალკოჰოლის, ბარბიტურატების, ანტიდეპრესანტების ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დამთრგუნველ მოქმედებას.
ამცირებს პარკინსონიზმის საწინააღმდეგო საშუალებების და სიმპატომიმეტიკების ეფექტურობას.
რაუნატინის ჰიპოტენზიური ეფექტი ძლიერდება დიურეზულ საშუალებებთან კომბინაციის დროს.
ჰიპერდოზირება:
სიმპტომები: ოფლიანობა, საერთო სისუსტე, გამოხატული ჰიპოტენზია. მძიმე შემთხვევაში ეიფორიის მოკლე პერიოდის შემდეგ ვითარდება ძილიანობა, დეპრესია, ჰიპოდინამია, პარკინსონიზმის გამოხატული გამოვლინებები, ცნობიერების დაკარგვა, კომა.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის მიღება. ნაჩვენებია ფორსირებული დიურეზი. არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითების შემთხვევაში და კოლაფსის დროს ავადმყოფს აწვენენ ფეხების მაღალი მდებარეობით; აუცილობლობის შემთხვევაში ნაჩვენებია რეოპოლიგლუკინის ან მეზატონის ინტრავენური შეყვანა ანგიოტენზინამიდის ან ნორადრენალინის ჰიდროტარტრატის 2% ხსნარის დამატებით. ადრენომიმეტური საშუალებები ინიშნება განსაკუთრებული სიფრთხილით ფილტვების შეშუპების განვითარების რისკის გამო. კანქვეშ შეჰყავთ ნატრიუმის კოფეინ-ბენზოატის 10% ხსნარი. სუნთქვის მკვეთრი დათრგუნვის ან მისი შეფერხების შემთხვევაში აუცილებელია სასუნთქი გზებიდან ლორწოს ამოქაჩვა, ინტუბაცია და ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია, ოქსიგენოთერაპია. სპეციფიკური ანტიდოტები არ არსებობს.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისას და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია, რადგან ალკალოიდი რეზერპინი გადის პლაცენტურ ბარიერს და გადადის დედის რძეში. ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენების აუცილებლობისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატით მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. სტენოკარდიით შეპყრობილ ავადმყოფებში შესაძლებებლია ტკივილის გაძლიერება გულის არეში.
გეგმიური ოპერაციული ჩარევებისას პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს ოპერაციამდე რამოდენიმე დღით ადრე. ზოგადი ნარკოზით მიმდინარე ურგენტული ოპერაციის აუცილებლობის შემთხვევაში ავადმყოფებში, რომლებიც იყენებენ რაუნატინს, უნდა ჩატარდეს პრემედიკაცია ატროპინით.
პრეპარატი არ გამოიყენება ელექტროიმპულსური თერაპიის სეანსის წინ.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების პირველი ნიშნები აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან მე-3-4 დღეს.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
რაუნატინის გამოყენებისას საჭიროა თავის არიდება ისეთი ქმედებებისაგან, რომელიც მოითხოვს ყურადღებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციას.
შეფუთვა:
10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში, 10 კონტურული შეფუთვა მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ვარგისობის ვადა:
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა რეცეპტით.
მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი”.
მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.
www.aversi.ge