სეკნილი 500 მგ
(Secnil)
ზოგადი დახასიათება:
არაპატენტირებული საერთაშორისო დასახელება: სეკნიდაზოლი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
თეთრი ფერის, ორმხრივ ამოზნექილი ზედაპირის მქონე შემოგარსული მოგრძო ფორმის ტაბლეტები.
შემადგენლობა:
1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
სეკნიდაზოლს – 500 მგ ან 1000 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი (სეკნილი 1000 მგ), კოლოიდური სილიციუმის ორჟანგი, კროსპოვიდონი, გასუფთავებული ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, შემომგარსველი ნივთიერებების ნარევი.
გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები 500 მგ ან 1000 მგ.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიპროტოზოული საშუალება. P01 AB07.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
სეკნილი წარმოადგენს ნიტროიმიდაზოლის სინთეზურ წარმოებულს, რომელსაც გააჩნია ანტიპროტოზოული და ანტიბაქტერიული მოქმედება. სეკნილი ხასიათდება ბაქტერიციდული ეფექტით გრამდადებითი და გრამუარყოფითი ანაერობული ბაქტერიების მიმართ.
სეკნილი განსაკუთრებით აქტიურია Entamoeba histolytica, Giardia lamblia, Trichomona vaginalis და უმეტესობა ობლიგატური ანაერობული ბაქტერიების მიმართ. არ მოქმედებს აერობულ გამომწვევებზე, მაგ. ვაგინალური ლაქტობაცილები.
სეკნილი იწვევს დნმ-ის სპირალური კონფიგურაციის დარღვევას, ნუკლეინის მჟავების სინთეზის შეფერხებას და უჯრედის სიკვდილს.
ფარმაკოკინეტიკა:
პერორალურად მიღების შემდეგ სეკნილი სწრაფად და სრულად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მისი ბიოშეღწევადობა ქსოვილებში შეადგენს 80%-ს. მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში. 2 გ სეკნილის ერთჯერადი მიღების შემდეგ სისხლის პლაზმაში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 4 სთ-ში, ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 17-29 სთ-ს. პრეპარატის 16% გამოიყოფა ორგანიზმიდან 72 სთ-ის განმავლობაში თირკმელების საშუალებით.
ჩვენება:
• ნაწლავური და ღვიძლისმიერი ამებიაზი;
• ლამბლიოზი;
• ტრიქომონული ურეთრიტი და ვაგინიტი;
• ბაქტერიული ვაგინოზი.
მიღების წესი და დოზირება:
სეკნილი მიიღება პერორალურად უშუალოდ ჭამის წინ, მცირე რაოდენობით სითხესთან ან ნახევრად თხევად საკვებთან ერთად.
ნაწლავური ამებიაზი: მწვავე, კლინიკურად გამოხატული ნაწლავური ამებიაზის სამკურნალოდ მოზრდილებში ინიშნება 2 გ, ხოლო ბავშვებში - 30 მგ/კგ ერთჯერადად. უსიმპტომო ნაწლავური ამებიაზის დროს - მოზრდილებში 2 გ, ბავშვებში 30 მგ/კგ დღეში ერთხელ, 3 დღის განმავლობაში.
ღვიძლის ამებიაზი: ღვიძლის ამებიაზის სამკურნალოდ ინიშნება მოზრდილებში - 1.5 გ დღეში, ბავშვებში _ 30 მგ/კგ ერთ მიღებაზე 5 დღის განმავლობაში.
ლამბლიოზი (Giardia Lamblia), ტრიქომონული ურეთრიტი და ვაგინიტი, ბაქტერიული ვაგინოზი: ინიშნება 2 გ ერთჯერადად.
გვერდითი მოვლენები:
სეკნილი ხასიათდება კარგი ამტანობით, თუმცა იშვიათად შეიძლება აღინიშნოს მეტალის გემო პირის ღრუში, გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში, გლოსიტი, სტომატიტი, შექცევადი ლეიკოპენია. ძალზე იშვიათად სეკნილმა შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა, დაღლილობა და თავის ტკივილი, ალერგიული რეაქციები - ჭინჭრის ციება.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა იმიდაზოლის წარმოებულების მიმართ, ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაზიანება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ერთდროული გამოყენებისას სეკნილი აძლიერებს არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების მოქმედებას, ამიტომ მკურნალობის დროს საჭიროა პროთრომბინის დროის კონტროლი და აუცილებლობის შემთხვვევაში - ანტიკოაგულანტების დოზის შემცირება.
სეკნილით მკურნალობის დროს დისულფირამის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვოს პარანოიდული რეაქციები და ფსიქოზი. მკურნალობის პერიოდში ალკოჰოლის მიღება აკრძალულია, რადგან ამ დროს შესაძლებელია განვითარდეს გულისრევა, ღებინება და თავის ტკივილი.
ციმეტიდინი ახანგრძლივებს სეკნილის ნახევარგამოყოფის პერიოდს.
არ არის რეკომენდებული სეკნილის გამოყენება მიორელაქსანტებთან ერთად.
სეკნილი ზრდის ლითიუმის პრეპარატების კონცენტრაციას სისხლში.
ამოქსიცილინთან კომბნაციაში ძლიერდება პრეპარატის ეფექტურობა Helicobacter pylori-ს მიმართ.
ჰიპერდოზირება:
არ არსებობს სპეციფიური ანტიდოტი სეკნილის მიმართ, ამიტომ ჰიპერდოზირების შემთხვევაში ტარდება სიმპტომური მკურნალობა.
ორსულობა და ლაქტაცია:
დაუშვებელია სეკნილის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ვინაიდან პრეპარატი გადის პლაცენტურ ბარიერს და გამოიყოფა დედის რძესთან ერთად.
გამოყენების თავისებურებები:
არ შეიძლება სეკნილის გამოყენება სისხლის დაავადების დროს. პრეპარატით მკურნალობის პერიოდში შეიძლება განვითარდეს ზომიერი შექცევადი ნეიტროპენია. ლეიკოციტების რაოდენობის აღდგენა ხდება მკურნალობის დასრულებისთანავე.
სეკნილი სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლისა და ცნს-ის პათოლოგიების დროს.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
შეფუთვა:
6 ტაბლეტი ფლაკონში, თითო ფლაკონი მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა :
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა რეცეპტით.
მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).
მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.