ცეფალგინი
250 მგ + 150 მგ + 50 მგ, ტაბლეტები
Cefalgin
(Paracetamolum + Propyphenazonum + Coffeinum)
250 მგ + 150 მგ + 50 მგ, ტაბლეტები
Cefalgin
(Paracetamolum + Propyphenazonum + Coffeinum)
მოქმედი ნივთიერებები
1 ტაბლეტი შეიცავს მოქმედ ნივთიერებებს:
პარაცეტამოლი 250 მგ,
პროპიფენაზონი 150 მგ
კოფეინი 50 მგ
აგრეთვე
დამხმარე ნივთიერებებს: კარტოფილის სახამებელი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, პოლივინილის სპირტი, ჟელატინი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი.
შეფუთვა: 10 ტაბლეტი.
პასუხისმგებელი სუბიექტი
სს “პაბიანიცეს ფარმაცევტული ქარხანა პოლფა”
მარშალ ი. პილსუდსკის ქ. 5, 95-200 პაბიანიცე
ფურცელ-ჩანართის შინაარსი
1. რას წარმოადგენს სამკურნალო პრეპარატი ცეფალგინი და რა მიზნით გამოიყენება
2. სამკურნალო პრეპარატის ცეფალგინის მიღებამდე
3. როგორ მიიღება სამკურნალო პრეპარატი ცეფალგინი
4. შესაძლო არასასურველი ეფექტები
5. სამკურნალო პრეპარატის ცეფალგინის შენახვა
6. დამატებითი ინფორმაცია
1. რას წარმოადგენს სამკურნალო პრეპარატი ცეფალგინი და რა მიზნით გამოიყენება
ცეფალგინი წარმოადგენს კომბინირებულ სამკურნალო პრეპარატს, რომლის შემადგენლობაში აქტიური ნივთიერებების სახით შედის პარაცეტამოლი და პროპიფენაზონი ანალგეზიური და სიცხის დამწევი მოქმედებით, აგრეთვე კოფეინი მცირე დოზით. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერებები აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას. კოფეინი აძლიერებს პარაცეტამოლის ანალგეზიურ მოქმედებას.
გამოყენების ჩვენებები
- სუსტი და ზომიერი ინტენსივობის ტკივილის სინდრომი: მიგრენი, კბილის ტკივილი, ალგოდისმენორეა, ნევრალგია.
- ციება.
2. სამკურნალო პრეპარატის ცეფალგინის მიღებამდე
სამკურნალო პრეპარატი ცეფალგინი არ გამოიყენება თუ აღინიშნება:
- მომატებული მგრძნობელობა პარაცეტამოლის, კოფეინის ან აცეტილსალიცილმჟავას ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ,
- პირაზოლონების ან ამ ნაერთების წარმოებულების (ფენაზონი, პროპიფენაზონი, ამინოფენაზონი, ფენილბუტაზონი, მეთამიზოლი, რომლებიც შედის სხვა პრეპარატების შემადგენლობაში) მიმართ მგრძნობელობა,
- ღვიძლის და/ან თირკმლების მძიმე უკმარისობა,
- პერიფერიული სისხლის ფორმულის ცვლილებები, როგორიცაა: ანემია, ლეიკოპენია (სისხლში სისხლის თეთრი სხეულების რაოდენობის შემცირება), აგრანულოციტოზი (გრანულოციტების არარსებობა),
- გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას თანდაყოლილი დეფიციტი,
- არტერიული ჰიპერტენზია,
- კუჭის და/ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება,
- ღვიძლის მწვავე პორფირია (დაავადება, რომლის დროსაც ღვიძლში ხდება პორფირინული პიგმენტების ჭარბი წარმოქმნა),
- ალკოჰოლური დაავადება.
სამკურნალო პრეპარატის ცეფალგინის გამოყენებისას გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე
ცეფალგინის მიღება ალკოჰოლთან ერთად არ შეიძლება.
ცეფალგინი შეიცავს პარაცეტამოლს. ზედოზირების რისკის გათვალისწინებით, ცეფალგინი არ გამოიყენება პარაცეტამოლის შემცველ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად.
პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია რეკომენდებულზე მეტი დროის განმავლობაში და დადგენილზე მეტი დოზებით, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს დარღვევები ღვიძლისა და თირკმლების მხრივ. ამ ორგანოების უკმარისობის განვითარებისას, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.
ცეფალგინი სიფრთხილით გამოიყენება (საჭიროა დოზის ან მიღების რაოდენობის შემცირება) იმ პირებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლების ან ღვიძლის უკმარისობა, გილბერტის სინდრომი (მსუბუქი ხარისხის სიყვითლე, გამოწვეული გლუკორონილტრანსფერაზას უკმარისობით) და ჰემოპოეზის დარღვევა (სისხლის უჯრედების წარმოქმნის პროცესი).
ღვიძლის დაზიანების განსაკუთრებით მაღალი რისკი არსებობს დასუსტებულ პირებში და ალკოჰოლური დაავადების მქონე პაციენტებში.
ცეფალგინი სიფრთხილით გამოიყენება ბრონქული ასთმის, ქრონიკული რინიტის და ჭინჭრის გამონაყარის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით სხვა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების, მაგალითად, აცეტილსალიცლმჟავას მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.
განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო პარაცეტამოლისა და ზიდოვუდინის ერთდროული გამოყენებისას.
აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია იმ შემთხვევაშიც კი, თუ აღნიშნულ მოვლენებს ადგილი ჰქონდა წარსულში.
ცეფალგინის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ცეფალგინი მიიღება ჭამის შემდეგ, მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით.
განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა პაციენტთა ზოგიერთ ჯგუფში, რომლებიც იღებენ მოცემულ სამკურნალო საშუალებას:
ცეფალგინის გამოყენება ბავშვებში
პრეპარატი არ გამოიყენება ბავშვებში.
ცეფალგინის გამოყენება ღვიძლის და (ან) თირკმლების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში:
ცეფალგიი არ გამოიყენება თირკმლების და (ან) ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.
ცეფალგინის გამოყენება ხანდაზმული ასაკის პაციენტებში:
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, კოფეინის შემცველობის გამო, პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით.
ორსულობა:
პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.
სამკურნალო პრეპარატი ცეფალგინი არ გამოიყენება ორსულობის პერიოდში.
ლაქტაცია:
პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.
სამკურნალო პრეპარატი ცეფალგინი არ გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების მომსახურეობა:
პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული დოზებით გავლენას არ ახდენს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების მართვის, მექანიზმების მომსახურეობის უნარზე და ფსიქოფიზიკურ შრომიუნარიანობაზე.
სხვა სამკურნალო პრეპარატების გამოყენება
პაციენტმა ექიმს უნდა აცნობოს ბოლო პერიოდში მიღებული ყველა სამკურნალო საშუალების შესახებ, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების შესახებ.
ალკოჰოლი ზრდის ღვიძლზე პარაცეტამოლის ტოქსიკურ ზემოქმედებას.
ცეფალგინთან ერთად მიღებულმა ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება გაზარდოს ღვიძლის (რიფამპიცინი, ქლორამფენიკოლი, ზოგიერთი საძილე საშუალება, კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატები – ბარბიტურატები, ფენიტოინი, კარბამაზეპინი) და თირკმლების (აცეტილსალიცილმჟავა, სალიცილატები და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები) დაზიანების რისკი. პარაცეტამოლმა შეიძლება გააძლიეროს ანტიკოაგულანტების (კუმარინის წარმოებულები) მოქმედება. მოწევა და ბარბიტურატების მიღება აჩქარებს კოფეინის მეტაბოლიზმს, ხოლო პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები, ციმეტიდინი და დისულფირამი ამცირებენ კოფეინის მეტაბოლიზმს. ცეფალგინთან ერთად სიფრთხილით გამოიყენება ზიდოვუდინი, სიმპატომიმეტიკები (მაგ. ეფედრინი), თიროქსინი, თეოფილინი, დამამშვიდებელი საშუალებები (ბარბიტურატები და ანტიჰისტამინური პრეპარატები).
3. როგორ მიიღება პრეპარატი ცეფალგინი
ეჭვის შემთხვევაში, კიდევ ერთხელ მიმართეთ ექიმს.
დოზირება:
მოზრდილები: ერთჯერადად 1-2 ტაბლეტი.
აუცილებლობისას შეიძლება დღე-ღამეში დოზის 3-ჯერ მიღება.
ტაბლეტები მიიღება დიდი რაოდენობით წყლის მიყოლებით.
პრეპარატის მიღება შვიდ დღეზე მეტი დროის განმავლობაში არ შეიძლება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
თუ შენიშნავთ, რომ პრეპარატის მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ ექიმს.
რეკომენდებულზე მეტი დოზის მიღებისას:
პრეპარატით შემთხვევით ან განზრახ ზედოზირება რამდენიმე საათში ან რამდენიმე ათეულ საათში იწვევს ისეთი სიმპტომების განვითარებას, როგორიცაა გულისრევა, პირღებინება, მომატებული ოფლიანობა, ძილიანობა და ზოგადი სისუსტე. აღნიშნული სიმპტომები შეიძლება გაქრეს მომდევნო დღეს მიუხედავად იმისა, რომ იწყება ღვიძლის დაზიანების განვითარება, რაც ვლინდება მუცელში შებერილობის შეგრძნებით, გულისრევისა და კუჭის სიმპტომების განახლებით. პარაცეტამოლის ერთჯერადად 5 გ ან მეტი დოზის მიღებისას აუცილებელია ღებინების გამოწვევა (თუ მიღებიდან გასულია არა უმეტეს 1 საათი) და ექიმთან კონსულტაცია.
რეკომენდებულზე მეტი დოზის მიღებისას აუცილებელია დაუყოვნებლივ ექიმთან კონსულტაცია.
4. შესაძლო არასასურველი ეფექტები
როგორც ყველა პრეპარატმა, ცეფალგინმაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები
დარღვევები ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ:
ხანგრძლივი დროის განმავლობაში პრეპარატის მიღებისას შეიძლება აღინიშნოს ღვიძლის დაზიანება.
დარღვევები თირკმლებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ:
ხანგრძლივი დროის განმავლობაში პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლების ფუნქციის დარღვევა.
დარღვევები კანისა და კანქვეშა უჯრედისების მხრივ
კანის ცვლილებები ერითემის, გამონაყარის, ქავილის ან ჭინჭრის გამონაყარის სახით, რომლებიც წარმოადგენს მომატებული მგრძნობელობის რეაქციებს.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში, პირღებინება, გულძმარვა.
დარღვევები სისხლმბადი და ლიმფატური სისტემის მხრივ
იშვიათად აღინიშნება სისხლის პერიფერული სურათის ცვლილებები, როგორიცაა თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება), ლეიკოპენია (ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება), აგრანულოციტოზი (სისხლში გრანულოციტების არარსებობა), პანციტოპენია (სისხლის ყველა ფორმენული ელემენტის, როგორიცაა ერითროციტები, ლეიკოციტები და თრომბოციტები, რაოდენობის დაქვეითება), მეტჰემოგლობინემია (ჰემოგლობინის ჟანგვის შედეგად წარმოქმნილი მეტჰემოგლობინის რაოდენობის შემცირება).
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
ვაზომოტორული შეშუპება, ქოშინი, ასთმის შეტევები, რომლებიც წარმოადგენს მომატებული მგრძნობელობის რეაქციებს, ანაფილაქსური შოკი.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, კუნთების კანკალი.
ზოგიერთ პაციენტში პრეპარატით მკურნალობის პერიოდში შეიძლება აღინიშნოს სხვა გვერდითი ეფექტები.
სხვა ისეთი არასასურველი რეაქციების გამოვლენისას, რომლებიც აღწერილი არ არის მოცემულ ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს.
5. ცეფალგინის შენახვის წესი
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ინახება 25ºC-მდე ტემპერატურის პირობებში.
6. დამატებითი ინფორმაცია
დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ პასუხისმგებელი სუბიექტის წარმომადგენელს.
სს “პაბიანიცეს ფარმაცევტული ქარხანა პოლფა”
მარშალ ი. პილსუდსკის ქ. 5, 95-200 პაბიანიცე
ტელ: (042) 225-05-55