დიპ რილიფი 50გ ჟელე

დიპ რილიფი 50გ ჟელე
დიპ რილიფი



პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება: დიპ რილიფი

წამლის ფორმა: გელი გარეგანი გამოყენებისათვის

აღწერა: გამჭვირვალე გელი მენთოლის სუნით.

შემადგენლობა
100 გ გელი შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:
იბუპროფენი                    5.00 გ
ლევომენთოლი (მენთოლი)        3.00 გ

დამხმარე ნივთიერებები:
გასუფთავებული წყალი            44.50
ეთანოლი დენატურირებული        33.00
პროპილენგლიკოლი            10.00 გ
დიიზოპროპანოლამინი            5.50 გ
კარბომერი                    2.00 გ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი

ათქ კოდი: MO2AA13

ფარმაკოლოგიური თვისებები
გელი დიპ რილიფი წარმოადგენს ორი აქტიური კომპონენტის იბუპროფენისა და მენთოლის კომბინაციას.

მენთოლს გააჩნია ადგილობრივად გამაღიზიანებელი მოქმედება, რაც განაპირობებს სწრაფი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის განვითარებას.

იბუპროფენს გააჩნია ადგილობრივი ანალგეტიკური, ანთების საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციური მოქმედება სახსრების, მყესების, იოგების, კუნთების სიმპტომატური მკურნალობისას. პრეპარატი დიპ რილიფი ამცირებს ტკივილსა და ანთებას, ეფექტურია სახსრების ტკივილისას მოძრაობისას და მოსვენებულ მდგომარეობაში, იწვევს დილით სახსრების შებოჭილობის შემცირებას.

გამოყენების ჩვენებები
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები (რევმატოიდული ართრიტი, მაანკილოზირებელი სპონდილოართრიტი, ოსტეოართროზი, ოსტეოქონდროზი, რადიკულიტი, ლუმბაგო, იშიასი), რბილი ქსოვილების რევმატული დაავადებები; რბილი ქსოვილებისა და სახსრების პოსტტრავმული ანთებები, მაგ. დაჭიმულობის, გადაჭიმულობის და დაზიანებების შედეგად; ზურგის ტკივილები, წელის ტკივილი.

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა იბუპროფენის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ, ბრონქული ასთმა, პროვოცირებული აცეტილსალიცილმჟავას ან სხვა არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებით, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, ბავშვთა ასაკი (14 წლამდე), კანის საფარის მთლიანობის დარღვევა.

გამოიყენება სიფრთხილით
ღვიძლის პორფირია (გამწვავება), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები, ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის მძიმე დარღვევები, გულის ქრონიკული უკმარისობა, ბრონქული ასთმა, ხანდაზმულობის ასაკი.

გამოყენების წესი და დოზები
გამოიყენება გარეგნულად. მოზრდილებისა და 14 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისათვის. ანთების კერის მიდამოზე არსებულ კანზე ხდება გელის მცირე რაოდენობის (3-5 სმ) თხელი ფენის წასმა დღე-ღამეში 4-ჯერ და მისი ოდნავ შეზელვა. დიპ რილიფის გამოყენების შემდეგ აუცილებელია ხელების დაბანვა, თუ ისინი არ წარმოადგენენ მკურნალობის ობიექტს. პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა ექიმის კონსულტაციის გარეშე არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს. უფრო ხანგრძლივი გამოყენების საჭიროებისას, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

გვერდითი მოქმედება
ადგილობრივი რეაქციები: ეგზემა, ფოტოსენსიბილიზაცია, კონტაქტური დერმატიტი (ქავილი, გაწითლება, კანის დამუშავებული უბნის შეშუპება, პაპულები, ვეზიკულები, აქერცვლა).

სისტემური რეაქციები: გენერალიზებული გამონაყარი კანზე, ალერგიული რეაქციები, ჭინჭრის გამონაყარი, ანგიონევროტული შეშუპება, ბრონქოსპასტური რეაქციები, ფოტოსენსიბილიზაცია.

ზედოზირება
აღწერილი არ არის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
პრეპარატმა შეიძლება გააძლიეროს ფოტოსენსიბილიზაციის გამომწვევი პრეპარატების მოქმედება. კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები სხვა პრეპარატებთან აღწერილი არ არის.

განსაკუთრებული მითითებები
დიპ რილიფი არ გამოიყენება 14 წლამდე ასაკის ბავშვებში ექიმის შესაბამისი რეკომენდაციის გარეშე. პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლების დაავადება. გელის წასმა უნდა მოხდეს მხოლოდ კანის დაუზიანებელ უბანზე, რათა თავიდან იქნას აცილებული მისი მოხვედრა ღია ჭრილობებზე. გელის წასმის შემდეგ არ შეიძლება ოკლუზიური (ჰაერგაუმტარი) სახვევის დადება.

დაუშვებელია პრეპარატის მოხვედრა თვალებსა და ლორწოვან გარსზე. პრეპარატის დიდი რაოდენობით ხანგრძლივი გამოყენებისას აღინიშნება სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი.

გამოშვების ფორმა
გელი გარეგანი გამოყენებისათვის.
15 გ, 30 გ, 50 გ ან 100 გ ალუმინის ტუბებში. ტუბი გამოყენების ინსტრუქციის ფურცელთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25ºC-ზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი
გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:
“მენტოლატუმ კომპანი ლიმიტედ”
The Mentholatum Company Limited
მისამართი: 1 რედვუდ ავენიუ, პიილ პარკ კამპუს, ისტ კილბრიდ გ74 5პე
შოტლანდია, დიდი ბრიტანეთი
1 Redwood Avenue, Peel Parl Campus, East Kilbride G74 5PE, Scotland, UK

მოსკოვში წარმომადგენლობის მისამართი:
105082, მოსკოვი, ბოლშაია პოჩტოვაიას ქ. 18/20
ტელ: 580 54 00, ფაქსი: 580 54 01