ენზალ D
(Enzal D)
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: კომბინირებული პრეპარატი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გაუმჭვირვალე ყვითელი ფერის მყარი ჟელატინის კაფსულები, შევსებული მუქი კრემისფერი ფხვნილით.
შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს:
პეპსინს (1:3000) – 10 მგ,
სოკოვან დიასტაზას (1:1200) – 50 მგ,
ნატრიუმის ტაუროგლიკოქოლატს – 60 მგ,
ნატრიუმის დიოქტილსულფოსუქცინატს – 100 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, სტეარინის მჟავა, ცელულოზის აცეტატფთალატი, მაგნიუმის სტეარატი, უწყლო კალციუმის ჰიდროფოსფატი.
გამოშვების ფორმა:
კაფსულები.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ფერმენტული პრეპარატი. ათქ-კოდი: A09AA01.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ენზალ D წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში საჭმლის მონელების პროცესის გაუმჯობესებას. პრეპარატის მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების თვისებებით.
პეპსინი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ერთ-ერთი ძირითადი პროტეოლიზური ფერმენტია, რომელიც მიეკუთვნება პეპტიდ-ჰიდროლაზების ჯგუფს. იგი გამომუშავდება კუჭის ლორწოვანი გარსის უჯრედებში არააქტიური ფორმით – პროფერმენტ პეპსინოგენის სახით, რომელიც კუჭის შიგთავსში მარილმჟავას ზემოქმედებით გარდაიქმნება აქტიურ ფერმენტ პეპსინად. პეპსინი იწვევს პეპტიდური ბმების ჰიდროლიზს და შლის პრაქტიკულად ყველა ბუნებრივ ცილას, პროტამინებისა და კერატინების გარდა. ფერმენტი აკატალიზებს ტრანსპეპტიდირების რეაქციას. პეპსინი ოპტიმალურ აქტივობას ავლენს pH 2.0-ზე. დაახლოებით pH 5.0-ზე გარდაქმნის კაზეინოგენს კაზეინად და იწვევს რძის შეხაჭოებას. pH-ის მომატების შემთხვევაში ფერმენტის აქტივობა მცირდება. იგი იშლება თორმეტგოჯა ნაწლავში პანკრეასის ფერმენტების ზემოქმედებით.
სოკოვანი დიასტაზა წარმოადგენს ფერმენტს, რომელიც მიიღება სოკო Aspergillus oryzae -ს კულტურისაგან. იგი შეიცავს ორი ტიპის ამილაზას: α-ამილაზასა და β-ამილაზას, რომლებიც იწვევს ნახშირწყლების (სახამებლის, გლიკოგენისა და მათი მეტაბოლიზმის პროდუქტების) დაშლას, პეპტიდური ბმებისა და მაღალმოლეკულური ცხიმოვანი მჟავების გლიცერინის ეთერების ჰიდროლიზს. ფერმენტი ხასიათდება ამილოლიზური აქტივობის ფართო სპექტრით. დიასტაზას პროტეო- და ლიპოლიზური აქტივობა ნაკლებადაა გამოხატული. სოკოვანი დიასტაზა, პანკრეასული ფერმენტებისაგან განსხვავებით, აქტიურია როგორც კუჭის მჟავე, ისე ნაწლავების ტუტე არეში (pH 3.5_7.0). ფერმენტი ოპტიმალურ აქტივობას ავლენს pH 5.0-ზე.
ნატრიუმის ტაუროგლიკოქოლატი კონიუგირებული ნაღვლის მჟავების მარილების – ნატრიუმის ტაუროქოლატისა და ნატრიუმის გლიკოქოლატის კომპლექსია. აღნიშნული მარილები წარმოადგენს ქოლის მჟავას ნატრიუმის მარილების კონიუგატებს ამინომჟავებთან – ტაურინთან და გლიცინთან. ნაღვლის მჟავების მარილები განაპირობებს ნაწლავებში ცხიმების ემულგირებას, რითაც აადვილებს მათ კონტაქტს საჭმლის მომნელებელი წვენის ფერმენტებთან; ააქტივებს ლიპაზას და ზრდის ცხიმების, ქოლესტერინისა და ცხიმში ხსნადი ვიტამინების აბსორბციას; წარმოქმნის კომპლექსებს ლეციტინთან და ქოლესტერინთან, აკავებს მათ ნაღველში შეწონილ მდგომარეობაში. ნაღვლის მჟავების მარილების სინთეზი ხდება ღვიძლში. დღე-ღამეში წარმოიქმნება 200–600 მგ-მდე მარილი. ნაღვლის მარილების ნაკლებობის შემთხვევაში ქოლესტერინი დაილექება ნაღვლის ბუშტში და წარმოქმნის ნაღვლის კენჭებს. ორგანიზმში მათი დამატებითი შეყვანა აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, იწვევს ნაღვლის კენჭების ლიზისს, ამცირებს ქოლესტერინის დონეს.
ნატრიუმის დიოქტილსულფოსუქცინატი წარმოადგენს ნაწლავების შიგთავსის დამარბილებელ საფაღარათო საშუალებას, ანიონურ სურფაქტანტს. პრეპარატი ზრდის სითხის პენეტრაციას ფეკალურ მასებში, რაც იწვევს მათ დარბილებას და აადვილებს ევაკუაციას. საფაღარათო მოქმედება ვლინდება მიღებიდან საშუალოდ 6–12 სთ-ში.
ფარმაკოკინეტიკა:
პეპსინისა და სოკოვანი დიასტაზას ფარმაკოკინეტიკური კვლევის ჩატარების შესაძლებლობის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.
ნატრიუმის ტაუროგლიკოქოლატი პერორალური მიღებისას შეიწოვება ნაწლავებიდან და ღვიძლში მოხვედრის შემდეგ კვლავ გამოიყოფა ნაღველთან ერთად, ამრიგად, ერთვება იმავე ციკლურ პროცესში (ენტეროჰეპატური ცირკულაცია), რომელშიც მონაწილეობს ნაღვლის მჟავების ენდოგენური მარილები.
ნატრიუმის დიოქტილსულფოსუქცინატი არ აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, გამოიყოფა ორგანიზმიდან ნაწლავების საშუალებით.
ჩვენება:
ენზალ D გამოიყენება როგორც მონოთერაპიის, ისე კომპლექსური თერაპიის სახით მალაბსორბციის სინდრომის დროს, რომელიც აღინიშნება დაბალი მჟავიანობით (ჰიპოაციდური მდგომარეობა) მიმდინარე ქრონიკული გასტრიტის დროს, ნაღველ-კენჭოვანი დაავადებისა და სანაღვლე გზების დისკინეზიის, ქრონიკული პანკრეატიტის დროს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში. პრეპარატი დამხმარე თერაპიის სახით გამოიყენება არაწყლულოვანი ფუნქციური დისპეფსიის დროს, ასევე ჯანმრთელ პირებში არადიეტური და ჭარბი საკვების მიღებისას.
ენზალ D ეფექტურად ხსნის შეკრულობას და ინიშნება ზედმეტი დაძაბვის შესამცირებლად დეფეკაციის დროს, მაგ., ავადმყოფებში მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდეგ, პოსტოპერაციულ პერიოდში, ბუასილის, ანალური სფინქტერის ნახეთქების დროს, ხანდაზმულ პირებში, ასევე წოლითი რეჟიმის მქონე პაციენტებში.
მიღების წესი და დოზირება:
ენზალ D ინიშნება პერორალურად 1–2 კაფსულა 2-ჯერ დღეში ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით. პრეპარატი მიიღება კვების შემდეგ.
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის რეკომენდებული დოზით მიღებისას გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება.
იშვიათად მოსალოდნელია დისპეფსიური მოვლენები, ალერგიული რეაქციები –
კანის სიწითლე (განსაკუთრებით სახისა და კისრის არეში), გამონაყარი კანზე.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, ჰიპერაციდული გასტრიტი, კუჭის წყლულოვანი დაავადების გამწვავება, მწვავე პანკრეატიტი, ნაწლავების გაუვალობა, ჰემორაგიული პროქტიტი და კოლიტი, აპენდიციტი, სანაღვლე გზების გაუვალობა, ღვიძლის მწვავე უკმარისობა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა მწვავე დაავადებები, უცნობი ეტიოლოგიის აბდომინალური ტკივილი, მწვავე ცხელება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
პრეპარატის ეფექტი მცირდება ანტაციდებთან, მძიმე ლითონებთან, ტანინთან, ეთანოლთან ერთდროული გამოყენებისას. ნატრიუმის დიოქტილსულფოსუქცინატი, რომელიც შედის პრეპარატის შემადგენლობაში, აადვილებს სხვა სამკურნალო საშუალებების შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი აქტივობისა და სავარაუდოდ, ტოქსიკური მოქმედების გაზრდა. ერთდროული მიღებისას ენზალ D ზრდის აცეტილსალიცილის მჟავას გვერდით ეფექტებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ.
ჰიპერდოზირება:
პრეპარატის დოზის გადაჭარბების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
გამოყენების თავისებურებები:
პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული, რომ მდგომარეობის გაუარესების ან გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში საჭიროა მიმართოს ექიმს.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარსა და ყურადღების კონცენტრაციაზე.
შეფუთვა:
6 კაფსულა ალუმინის სტრიპში, 5 სტრიპი მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
1.5 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).
მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.
www.aversi.ge